Monday, March 19, 2012

სანდრო, ანუ ჩემი პირველი შეყვარებული

პირველად ივნისში ვნახე. მახსოვს, ცხელოდა, ღამე იყო და მეძინებოდა, მაგრამ ჯიუტად ვიდექი ფეხზე. თავიდან ვერც კი შევამჩნიე (იშვიათად ვამჩნევ ადამიანებს), ვერც მეორედ, აი, მესამედ....

არასოდეს არაფერს მეუბნებოდა, მიუხედავად ამისა, გაფაციცებული  მივჩერებოდი და ვცდილობდი, მისი არც ერთი მოძრაობა, მიმიკა არ გამომპარვოდა, მინდოდა, უსიტვოდ გამეგო მისი და საშინლად ვეჭვიანობდი, როცა არ ჩანდა.

მერე იყო წყვეტა ჩვენს ურთიერთბაში. წელი, ან რამდენიმე წელი. მერე ის დაბრუნდა (თუ მე გადავწყვიტე მოძებნა). უფრო მეტად მივეჯაჭვე. მისი ნახვის საშუალება კვირაში ერთხელ მქონდა და დანარჩენ დღეებს ლოდინში ვატარებდი. კუჭის ტკივილს გემო პირველად მაშინ გავუგე.

მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჯიუტად მიყვარდა. არ ვიცოდი არაფერი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ბევრი წელი. თითქმის, ათი. ხოლო როცა ინტერნეტთან წვდომის საშუალება მომეცა, პირველი, რაც ვცადე, ველში მისი სახელი და გვარი ჩავწერე, ელემენტარული მაინც რომ გამეგო.

გულიც დამწყდა.
ძალიან.
კუჭიც მტკიოდა.
რამდენიმე კვირა.

ამასობაში დრო გავიდა. მეც გამიარა. მოვლენები, რომლებიც გარკვეული პერიოდი სუნთქვას მიკრავდა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს. დაიკარგა ჩემი პირველი შეყვარებულიც (ჩემთვის), რამდენი ხანია, აღარ მინახავს. ამას წინათ შემთხვევით მოვკარი თვალი - გამელოტებულა და ასაკიც შესტყობია. ვუყურებდი და მახსენდებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც მისი წყალობით მრავალფეროვანიც კი იყო.

სანდრო, ვიცი, რომ არც ამ და არც დანარჩენ პოსტებს წაიკითხავ, რომლებიც ამ ბლოგზე მოგეძღვნა, მაგრამ ეს არ მამართლებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შენნაირი ბიჭები არასოდეს მომწონდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რა ასპექტში ვგიჟდებოდი შენზე. ცუდი გოგო ვარ, რადგან დღეს მე შენი დაბადების დღე დამავიწყდა, დღე, რომელსაც 29 მაისივით ველოდებოდი და ჩუმად, გულში ვზეიმობდი.

36-ე დაბადების დღეს გილოცავ და მოედანზე მალე დაბრუნებას გისურვებ. შენი სამუშაო ადგილის ცენტრში ყველაზე მაგარი კაცი ხარ. მე შენ მოგესწარი. მიხარია, რომ სხვებივით შევჩენკოს, რონალდინიოს, ზეედორფის, აბრამოვიჩის, ზიდანისა თუ ბექჰემის კი არა, შენი ფანი ვიყავი და, იმ სხვებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცოდი, რატომაც.

უფრო სწორად, არ ვიცოდი.
არც ახლა ვიცი.

და ახლა, როდესაც შემთხვევით მოვკრავ ყურს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს, ან,  სერია ა-ში, შაბათ-კვირის ტრადიციულ შეხვედრებზე რაღაცები ხდება და ჩემი ძმა ტოტალიზატორში მორიგ ერთ ლარს აგებს, სულ შენ მახსენდები და ნაღვლიანად მეღიმება ხოლმე.
მართლა ყველაფერი როგორი წარმავალი ყოფილა! დღეს ნატას რომ არ დაეწერა, მართლა არ გამახსედებოდა.

P.S. მართალია, საათი 12-ს უკვე გადასცდა, მაგრამ იტალიაში ჯერ ათის ოცი წუთია. ამიტომ, თამამად ვაქვეყნებ ჩემს მონანიებას და აღსარებასაც. იქნებ, ოდესმე შენც წაიკითხო. :)



6 comments:

Anonymous said...

:)

რუსა said...

რა მაგარია..."მერე იყო წყვეტა ჩვენს ურთიერთბაში. წელი, ან რამდენიმე წელი. მერე ის დაბრუნდა (თუ მე გადავწყვიტე მოძებნა). უფრო მეტად მივეჯაჭვე."

ბაჩო said...

შენ და გვანცა დელპიეროს ფანები ხართ :)
ორივენი ტოლები ხართ ;)

vasasi said...

ვინ გვანცა?
მე სანდროს ფანი ვარ.. <3 :))

გურამი said...

ვინაა ეს კაცი?

vasasi said...

სანდრო. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger