Saturday, April 28, 2012

საუკეთესო მეგობრის ქორწილი

თავის დროზე, ერთმა ჩვენგან თავმოყვარეობაშელახულმა მოხუცმა გვითხრა, გავა რამდენიმე წელი და თქვენ ერთად ვეღარ იქნებითო.

ჩვენ ვუთხარით.. არა, არაფერი გვითქვამს. ირონიულად ჩავიცინეთ.

ჩვენ სამს ერთად ძალიან ბევრი დრო გვაქვს გატარებული. ლუდი, ლობიანი, იდეები, საქმეები, ემოციები, გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ საკუთარ და სხვის თავზე გადახტომას ნიშნავდა და ნდობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს და რომელმაც პირველად მაგრძნობინა რომ მე ნამდვილი მეგობრები მყავს.

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. გვაქვს საქმეები, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვეღარ ვნახულობთ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობთ, როდის გვჭირდება კონტაქტი.

ფაქტია, რომ რაღაცა არსებობს ჩვენ შორის.
რაღაც, რომელსაც სხვები ვერასოდეს მიხვდებიან და არც ახსნას აქვს აზრი;
რაღაც, რამაც დღეს ერთმანეთს ჩახუტებულები კიბეებთან სამივე დებილებივით გვატირა;
რაღაც, რამაც დღევანდელი პირობები მიგვაცემინა ერთმანეთისათვის;
რაღაც, რამაც ტრადიციული ცერემონიების დაწყებამდე მისთვის ხელის დავლებისა და ჯანდაბაში გაქცევის სურვილი გამიჩინა;
რაღაც, რამაც ამ ემოციების გააზრებისას კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ ჩვენი ურთიერთობა არც ჩვეულებრივია და არც ნამდვილი. ჩვენი ურთიერთობა სხვა განზომილებაა, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

მე დღეიდან გათხოვილი კი არა, ოჯახიანი მეგობარი მყავს.

Friday, April 27, 2012

უმანკოების მუზეუმი

კარგი, ორჰან ფამუქი წერს რთულად და დახლართულად;
გრძნობებისა და ემოციების აღწერაში არის საშინლად გადამღლელი (მაგრამ ეს გადამღლელობაა სწორედ, ნაწარმოებში ბოლომდე რომ შეჰყავხარ);
ორჰან ფამუქი არის მწერალი, რომელიც ქალაქური ტიპის რომანებს წერს.

ჰო, დიდი ვერაფერი, მაგრამ ისე წერს, რომ იმ ქალაქის ქუჩებში ხეტიალს მოგანდომებს, ადრე რომ არასოდეს გიზიდავდა, ახლა კი, თითქმის, ოცნების ქალაქად ქცეულა.

ბევრისგან გამიგია, რომ ფამუქი არ უყვართ. არ უყვართ იმ სიმძიმის გამო, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიცავს მისი ნაწარმოებები;

 არ უყვართ თურქეთში გასაგები მიზეზების გამო (ხშირ შემთხვევაში ვერ იტანენ და, უმჯობესია, თურქეთში თურქებთან მისი სახელის ხსენებას, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც მოვერიდოთ), მაგრამ  მე იცით რატომ მომწონს? ფამუქი ყველა თავის უზარმაზარ რომანში, თურქეთზე წერს და 70-იანი წლების თურქეთის პრობლემები ისეთი ახლობელია 2011 წლის საქართველოსთვის, რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო.

 "უმანკოების მუზეუმი" ბოლოს წინა რომანია (ბოლო 2010-ში გამოვიდა), 70-იანი წლების თურქულ საზოგადოებასა და პრობლემებს აღწერს (ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირსა და მაშინდელ თურქეთს შორის, დიდი განსხვავება არ ყოფილა, თუ იქ წელიწადში სამჯერ მომხდარ რევოლუციებს არად ჩვაგდებთ). რომანში ერთი სიყვარულის ისტორიაა (ჭკუიდან შემშლელი და ავადმყოფური, პრინციპში, რომელიც მე ჯერ არ მესმის) და რომანს მთავარ ლაიტმოტივად ქალიშვილობის თემა გასდევს.

ფამუქის ვერც ერთ ნაწარმოებში იგებ, რეალურია მისი ამბები თუ გამოგონილი. ყველგან არის ორჰან ბეი, რომელიც მთავარ გმირს შემოჰყავს.

არ ვიცი, მართალია თუ არა ქემალისა და ფუსუნის სიყვარული ისტორია, მართლა მოუყვა თუ არა ქემალი ფამუქს ამ ავადმყოფური სიყვარულის ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, ჩუქურჯუმას ქუჩაზე, სტამბულიში, იქ, სადაც ფუსუნი ცხოვრობდა, უმანკოების მუზეუმი იხსნება. მუზეუმი, სადაც ყველა იმ ნივთს გამოფენენ, რომელიც ქემალისა და ფუსუნის სიყვარულის ისტორიას ასახავს.

ნივთები ორჰან ფამუქმა საკუთარი ხელით შეაგროვა. როგორც, ვიცი, რომანს რამდენიმე წელი წერდა, იდეა, ათი წლით ადრე მოუვიდა.

რას არ მივცემდი, რომ ახლა ჩუქურჯუმაზე, იმ ვარდისფერი შენობის წინ ვიდგე, სადაც რამდენიმე საათში ის მუზეუმი გაიხსნება, რომლის მონახულებაც ჩემს უახლოეს ოცნებას წარმოადგენს.
ვაღიარებ, რომ ძალიან მშურს "დიოგენეს" მესვეურებისა ("დიოგენე", როგორც გამომცემელი, რომელმაც ეს წიგნი პირველად გამოსცა, ისეა მიწვეული) და იმ ქართველი ჟურნალისტების, რომლებიც გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. ვეჭვიანობ, რომ შეიძლება მათ არც კი იცოდნენ, რამხელა რაღაცაა ფამუქის ნაწარმოებები.

პრინციპში, ბილეთი მაქვს. რუკაც, რომელიც წიგნის ბოლოსაა დახატული. სტამბულში ჩასვლისას გზა არ დამებნევა და, იმედი მაქვს, მუზეუმში ჩემი ბილეთით მისულს, გიდად ორჰან ბეი დამხვდება.


ეჰ...
მანამდე წავალ, "სტამბულს" წავიკითხავ და ჩემს საყვარელ მწერალს საქართველოში დაველოდები.

Monday, April 23, 2012

ორი ამბავი ჩემი ბავშვობიდან


ორი ამბავი მინდა მოგიყვეთ:

  • ეს იყო ჩაბნელებულ საქართველოში. 
ბუნდოვნად მახსოვს, რომ გაზი ჯერ არ იყო გათიშული და არ გვციოდა, თუმცა ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენს სახლშიც ქაოსი სუფევდა.

იყო ასეთი წიგნი, რომელსაც "ახალი საუნჯე" ერქვა. რამდენიმე ტომი არსებობდა, სადაც  სხვადასხვა პერიოდის ქართველი მწერლების ნაწარმოებები იყო შეტანილი. ჩვენ ორი ტომი გვქონდა. ერთი ლურჯი, მეორე - ჭაობისფერი. მეც და ჩემს ძმასაც ძალიან გვიყვარდა და სანამ კითხვას ვისწავლიდით, ოჯახის წევრებს ვბურღავდით, წაეკითხათ.

დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება "შვლის ნუკრის ნაამბობი". დედაჩემის რეკომენდაციით პირველად მამაჩემმა წაგვიკითხა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეც და ჩემს ძმასაც რაღაც მაზოხისტური გვჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვის პროცესში ცრემლებად ვიღვრებოდით, მამას გამუდმებით ვთხოვდით თავიდან წაკითხვას. რომ დაიწყებდა და, სადღაც, შუაში მივიდოდა, აბღავლებულები ვეხვეწებოდით, რომ გაჩერებულიყო, ბოროტი მამაჩემი კიდევ, სანამ ბოლომდე არ ჩავიდოდა, არ ჩერდებოდა.
არასოდეს მიკითხავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ორ ხმაში ტირილი სიამოვნებდა. :)

სხვათაშორის, შვლის ნუკრის ნაამბობის გადაკითხვას სულ ვერიდები. ბავშვობის ემოციას მახსენებს, გული რომ მიკვდებოდა ხოლმე (გული ისედაც ხშირად მიკვდება რაღაცებზე და დამატებითი ფაქტორის შემოყვანა არ მინდა).


  • აღსანიშნავია, რომ "ახალი საუნჯე",  "რუსული ზღაპრები" და კიდევ სხვა ბევრი წიგნი, რომელიც მეტ-ნაკლებად საბავშვო იყო და დღემდე ძალიან მიყვარს, ყველაფერი იყო დედაჩემის (მამაჩემის ბიბლიოთეკაში საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოვქექე ოე, აკუტაგავა, პო, ჰიუგო, პრუსტი და ა.შ.). მე კიდევ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი წიგნი.
ეს იყო დიდი, ფერადი ნახატებით გაფორმებული სამი ზღაპარი. მახსოვს, ბაზარზე ვიყავით და, დედაჩემმა მკითხა, სათამაშო გინდა თუ წიგნიო. 
არც დავფიქრებულვარ.
ერთი ჩემხელა კი იყო, მაგრამ ხელი არ გამიშვია, ბედნიერი სახით წამოვაცუნცულე. ერთ-ერთი ზღაპარი იყო "ბულბულის იუბილე." 

ბავშვის გონება ყველამ იცით: ბევრს ფანტაზიორობს, აქვს თავისებური ასოციაციები, სინამდვილეს და წარმოსახვას ურევს ერთმანეთში. ჰოდა, ტყე და მისი ბინადრები, დაბადების დღე, სიმღერები.. "ბულბულის იუბილეს" ყოველი წაკითხვისას, ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. ვოცნებობდი, მეც მოვხვედრილიყავი მათთან ერთად და მახსოვს, როგორ დაინგრა ჩემი წარმოდგენა ტყის ცხოვრებაზე, როცა მკაცრად მომახალეს, რომ ცხოველები არ ლაპარაკობენ, არც ადამიანებივით ჭამენ და, საერთოდ, ეს ზღაპარიაო.

მე მგონი, ამ დროს პირველად მივიღე ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე აბა მე ახალი რა უნდა ვთქვა?! ამ ადამიანის ხსენებისას თვალწინ ყოველთვის დედაჩემი წარმომიდგება. დედა იყო პირველი, ვინც ვაჟას შემოქმედება გამაცნო, ვინც მეუბნებოდა, რატომ არის უნიკალური მისი ნაწარმოებები, ვინც მომიყვა, როგორ გარდაიცვალა ვაჟა, გულში მთის ბალახებჩაკრული (აქაც კარგად ვაღვარღვარე ცრემლები) და ა.შ..

გავიდა დრო, გავიზარდე. გავიგე, რომ ვაჟას ჩემი ბავშვობის ნაწარმოებების გარდა, ბევრი საინტერესო ნაშრომი ჰქონია. მოგვიანებით, გავეცანი კიდეც რაღაცებს, თუმცა ვაჟა ყოველთვის ჩემი ბავშვობის მწერლად დარჩება. მწერლად, რომელმაც  "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ბულბულის იუბილე", "სათაგური", "როგორ გაჩდნენ ბუები ქვეყანაზე", "წიფელი", "მთანი მაღალნი" და მათთან ერთად უამრავი სითბო, ბავშვური სევდა, განცდები, ემოცია თუ ცრემლი მაჩუქა. 

მოგვიანებით, გოდერძი ჩოხელთანაც იგივე რაღაცები ვიპოვე, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და, იმედი მაქვს, თქვენთვის მისი მოყოლის საშუალებაც მექნება. დღეს კი, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის" ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ნაწარმებობების კრებული გამოვიდა. 



Friday, April 20, 2012

მიშიზმი დამანახე, შალვა!

პოსტის წაკითხვამდე იხილეთ ვიდეო:


მიყვარს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც რაღაც სფეროში კარგად ერკვევიან. თუმცა საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ კომენტარი და თავი ყველაფრის ექსპერტად მოაქვთ.
მე კიდევ, არ მჯერა მათი კომპეტენტურობის. მეტიც: დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ზედაპირულ ცოდნაში არიან ექსპერტები.

ბლოგერობა ჩემი პროფესია არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ბლოგი მაცხოვრებს. უბრალოდ, აქაურობა ჩემი ჰობია და, საბედნიეროდ, ისეთი სამსახურიც მაქვს, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას არც სამუშაო პროცესში მიშლის და არც ბლოგზე.

მაინტერესებს, რას პოსტებს კითხულობს შალიკო, რა ბლოგებს ეცნობა რომ ასეთი დასკვნები გამოაქვს და იარლიყებს აქეთ-იქით ისე არიგებს, როგორც "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე" ფულებს?

პრინციპში, თუ ადამიანის ფსიქიკას გავითვალისწინებთ, რომელიც მუდმივად საკუთარი ნერვული სისტემის გამაღიზიანებელს ეძებს, ალბათ, შალვა რამიშვილი, შესაბამისი გამოცემების შესაბამის ბლოგპოსტებს არის ჩასაფრებული და გულმოდგინედ კითხულობს (ან არ კითხულობს და მხოლოდ  გადმოცემით იცის მათ შესახებ).

ჩემს ბლოგზე პოლიტიკური პოსტებიც მაქვს, არაპოლიტიკურიც, პირადიც და, საერთოდ, დომხალი მაქვს. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, გონებაში თვალი გადავავლე ჩემს პოსტებს და მიშისტური ვერაფერი აღმოვაჩინე. თუმცა, იმასაც ამბობენ, ადამიანს საკუთარი თავის კრიტიკული თვალით დანახვა უჭირსო.

ექსპერტების მოსაზრება ამ ქვეყანაში უცხოური უნივერსიტეტის დიპლომივით ჭრის. ამიტომ, გადახედე ჩემს ბლოგს და მიშიზმი დამანახე, შალვა!

P.S. ისე, იარლიყის უსაფუძვლოდ მიწებების უნარსაც თავისებური თავხედობა უნდა.



Wednesday, April 11, 2012

დიაგნოზი "C"

პირველი ჰეპატიტი, რომლის შესახებაც გავიგე, B იყო. ერთხელ, მე და დედას ქუჩაში ნაცნობი შეგვხვდა. საუბარში აღმოჩნდა, რომ მისი შვილი ჯარში B ჰეპატიტის გამო "დაბრაკეს".

A, B, C, D... როგორც ვიტამინები, ასევე ჰეპატიტებიც არსებობს. A ბოტკინია, რომელთანაც ჩემი თაობის უმეტესობას ბავშვობაში ახლო ნაცნობობა ჰქონდა (ერთი პერიოდი პატარებში ეპიდემიასავით მოედო). D არ ვიცი რა ტიპია, აი, C კი იმდენად საშიშია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სისხლით გადადის, ხანდახან ვფიქრობ, სუნთქვითაც არ მომხვდეს სისხლში.

დიახ, მეგობრებო! C ჰეპატიტი ის "ალერსიანი მკვლელია", რომელიც, შესაძლოა, ორგანიზმში 10-15-25 წელი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და, რომელიც, შესაძლოა, უმარტივესად შეგეყაროს: სისხლით, სექსით, ასე განსაჯეთ, მშობიარობითაც კი.

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში გარემო ზედმეტად დაუცველია. ალბათ, ყველას გახსოვთ ტელევიზიით გაშუქებული რამდენიმე ამბავი, რომელიც პატიოსან მოქალაქეებზე გვიყვებოდა. მათი დანაშაული ის იყო, რომ მოულოდნელად სამედიცინო მომსახურება და სისხლი დასჭირდათ ან სისხლის ჩაბარების პუნქტს სხვათა დახმარების კეთილშობილური მიზნით მიაკითხეს, თუმცა გამოჯანმრთელების მაგივრად, სხვადასხვა არასასურველი ვირუსი აიკიდეს.

სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის გაუქმება, საქართველოში ერთიორად ზრდის რისკს, რომ სტომატოლოგთან, მანიკურისა თუ სვირინგის გასაკეთებლად ჯანმრთელად მისულები, C ჰეპატიტით "სისხლდამშვენებულები" გამოვიდეთ. სწორედ ამიტომ, არანორმალურად მეშინია სისხლთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურის (მანიკურზე მხოლოდ ერთხელ გავბედე მისვლა და, მას შემდეგ, მე მგონი, კარგად არ მძინავს).

სტატისტიკური მონაცემებით, C ჰეპატიტით, მსოფლიოში, 180 მლნ. ადამიანია ინფიცირებული. სავარაუდოდ, მათი მონაცემები, ყოველწლიურად, 4 მლნ-ით იზრდება. ჩვენთან ჩატარებული კვლევების თანახმად, ინფიცირებულები მოსახლეობის 6.7%-ს შეადგენს, რაც, 200 000 ადამიანზე მეტია. აღსანიშნავია, რომ C ჰეპტიტის, ისევე, როგორც შიდსით დაავადების დიდი შანსი, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებშია და ის 70%-ს შეადგენს.

რეალობას რომ შევხედოთ, შიდსზე ადვილად შესაყრელი C გახლავთ. ადამიანი ვირუსს ორგანიზმში მოხვედრიდან მთელი ცხოვრება ატარებს. რაც ყველაზე საინტერესოა, სექსით მისი გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალი - 4%-ია, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პრეზერვატივი ტყუილად არ მოუგონია მამაზეციერს.

ბუნებრივია, პრევენციისათვის სტერილიზაცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია, თუმცა როცა პრევენციაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს როლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს: მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში, ვიღაცის პატიოსან სიტყვაზე ნდობა ძნელია, ქვეყანაში  ზედამხედველობის სამსახური გაუქმებულია.

აივისგან განსხვავებით, C იკურნება, მაგრამ შეუმჩნევლობის გამო, შესაძლოა ისე გვიან გამოჩნდეს, რომ მკურნალობას აზრი არ ჰქონდეს. დროული აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მკურნალობა 12 000 ევრომდე ჯდება, თუმცა ამ თანხის გადახდის საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. სახელმწიფოში, ამ მიმართულებით, პროგრამა არ მოქმედებს. დაავადებულებს არც სადაზღვევო კომპანია ემსახურება. რეალურად გამოდის, რომ დაავადების შემთხვევაში, ადამიანი საკუთარი თავის იმედად რჩება, რაც, ხშირად, სიკვდილთან შეგუებას ნიშნავს.

საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც ასეთი "საჩოთირო" დაავადებებით ინფიცირებული ადამიანები, შინაგანის გარდა, გარედანაც განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს. მიუხედავად იმისა, რომ უბრალო შეხებით და ინფიცირებულის ყურებით დაავადება არ გადადის, ბევრისთვის ამ ადამიანებთან კონტაქტი რთულია.

ინფორმირებულ ქვეყნებში ეს, სავარაუდოა, შიშიდან გამოდიოდეს, ჩვენთან კი არცოდნიდან. ინფორმირებულობის დონე საქართველოში იმდენად დაბალია, რომ, შესაძლოა, სტომატოლოგს, მანიკურშას  თუ სვირინგის სპეციალისტსაც არ ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვით ვინმეს ახირებას კი არ ასრულებენ, ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებიან.

ყველა ადამიანს აქვს პირადი ინფორმაციის შენახვის უფლება, მაგრამ რიგ შემთხვევებში ინფიცირებულები თავადაც რიყავენ თავს. მალავენ დაავადებას, ყურადღებას არ აქცევენ, რადგან იციან, რომ 90% მათთან ურთიერთობისგან თავს შეიკავებს.

შირდის მკურნალობა უფასოა, თუმცა არ იკურნება. C ჰეპატიტისგან თავს დაიხსნით, მაგრამ უზარმაზარ თანხად. ფაქტია, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ჰეპატიტი ჩვენ წინაშე მდგარ ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ისიც ფაქტია, რომ სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის არარსებობა, რისკს ზრდის.

ეს პოსტი ჩვენს ინფორმირებულობასა და ჩაგონებას ემსახურება: მართალია, სტომატოლოგს ვერ შევცვლით, მაგრამ ოჯახში, კუსტარულად დამზადებული ფრჩხილები, სუფთა კანი და ჯანმრთელი ღვიძლი, ყველაფერს სჯობს.



Thursday, April 5, 2012

რასთან გაქვს სექსი?


ინტერნეტით ვიდეომასალას იშვიათად ვნახულობ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ვიდეომასალას წავაწყდი. თემა ლიტერატურას ეხებოდა და ცდუნებას ვერ გავუძელი.

ვიდეო, სახელწოდებით: „რომელ პერსონაჟთან გექნებოდათ სექსი?“ სხვა არაფერს ასახავდა, თუ არა გამოკითხული ადამიანების საყვარელ გმირებს და პირველად დავიფიქრდი, რომ შესაძლოა, ყველა იმ სიტყვამ, რომელიც ნებისმიერი ტიპის სიყვარულს თუ სიმპათიას გამოხატავს, დღეს სახე იცვალა და ერთ სიტყვა - სექსში გაერთიანდა.

ბოლო პერიოდში სექსი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ძალიან აქტუალური გახდა, რასაც გარემო პირობებიც უწყობს ხელს. რაც უფრო უკომპლექსოდ და თამამად წარმოვსთქვამთ, მით უფრო კარგი ტიპები ვჩანვართ და ჩვენც ცდას არ ვაკლებთ.

სექსი ახალი სიტყვაა, რომელიც, თითქოს აკრძალულ ხილთან ასოცირდება და თუ სადმე, განსაკუთრებით, სათაურში ჩააკვეხე, განურჩევლად იმისა, რა შინაარსის იქნება, იცი, რომ კონტენტს უამრავი ნახვა გარანტირებული აქვს. მაგალითად ისევ ზემოაღნიშნულ ვიდეოს მოვიყვან: ავტორს რომ მასალა სხვანაირად შეეფუთა, ისეთი პოპულარული არ იქნებოდა.

გამოდის, რომ ტიპმა, ჩვეულებრივად, მოატყუა მაყურებელი, თუმცა, აქ ერთი პრობლემა გვაქვს: როდესაც მსგავსი შემთხვევა ერთხელ და ორჯერ ხდება, შემდეგ კი პერმანენტულ ხასიათს იღებს, ინტერესიც იკარგება და ავტორისადმი ნდობაც.

ზოგადად, სიტყვები, ურთიერთობები, ადამიანები და სხვადასხვა სახის მატერიები მით უფრო ხუნდება და კარგავს თავის მნიშვნელობას, რაც უფრო ხშირად ვიყენებთ. მე მაინც მგონია, რომ პერედოზირება უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ხანდახან კი იმასაც ვფიქრობ, რომ „სექსის“ ასეთი პოპულარობა „აზაბოჩენობის“ ბრალია. ადამიანები ხომ მოწოდებით ასეთები არიან?! J

P.S. თქვენ გაგჩენიათ ოდესმე, რომელიმე წიგნის პერსონაჟთან სექსის სურვილი? 

Monday, April 2, 2012

აკრძალული წიგნი

ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ. რაც უფრო მეტს უკრძალავ, მით უფრო მეტად ძვრებიან დაკეტილ სივრცეში.

ასე დამემართა ოდესღაც, როცა სახლში, ზემო თაროსთან სკამი მივიდგი და სქელტანიანი წიგნების გადათვალიერება დავიწყე. ერთი აღმოვაჩინე, არ ვიცი, რატომ დამაინტერესა, ჩამოვიღე და კითხვას შევუდექი.

საინტერესოდ დაიწყო. ისე, როგორც კონკია იწყება: დაჩაგრული ობოლი, განებივრებული ბიძაშვილები, ბავშვთა თავშესაფარი, იქ მიმდინარე ბრძოლა გადარჩენისათვის...

ერთ მშვენიერ დღეს, მამიდაჩემმა დაინახა, რომ "ჯეინ ეარს" ვეჭიდებოდი. მთელი ამბებით წამართვა და დამალა: საშენო არ არისო. მეწყინა არ ჰქვია იმ გრძნობას, რაც მაშინ განვიცადე. ძალიან ბევრი ვეძებე, თუმცა დამალულ კანფეტს ვერ მივაგენი. დავივიწყე და სხვა წიგნის კითხვა დავიწყე.

ერთი-ორი წლის შემდეგ, საწოლის ქვეშ დამალულს კი მივაგენი, თავიდანაც დავიწყე კითხვა, თუმცა ბოლოში არ გავსულვარ. ისიც არ ვიცი, როგორ მთავრდება საბრალო ჯეინის თავგადასავალი. სიმართლე რომ ვთქვა, არც მაინტერესებს. ალბათ, როცა დავიწყე, მაშინ უნდა დამემთავრებინა. არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა მამიდაჩემმა, რომ ის საჩემო წიგნი არ იყო. ნახტომებით კი მაქვს წაკითხული, თუმცა რამე განსაკუთრებული უხამსობა არ მახსენდება. მით უმეტეს, ძალიან პატარაც არ ვიყავი, რამე რომ ვერ გამეგო (ნუ, უელბეკზე კი მივიღებდი შოკს).

ჰხოდა, ასე, მეგობრებო. მამიდაჩემის წყალობით, "ჯეინ ეარი" ჩემი შავი სიის ერთ-ერთი წიგნია (ვიცი, რომ ცხოვრებაში არ წავიკითხავ "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს"), თუმცა, ძალიან ბევრი აქებს და, მეც შემიძლიათ გითხრათ, ფრიად საინტერესოდ იწყება. ასე რომ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, დღეიდან საშუალება გაქვთ, 50 წიგნის ფარგლებში, სულ რაღაც, რვა ლარად შეიძინოთ ჯეინ ეარიანი "კვირის პალიტრა" და სულმოუთქმენლად შთანთქოთ შარლოტა ბრონტეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანი.
 
Powered by Blogger