Friday, April 20, 2012

მიშიზმი დამანახე, შალვა!

პოსტის წაკითხვამდე იხილეთ ვიდეო:


მიყვარს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც რაღაც სფეროში კარგად ერკვევიან. თუმცა საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ კომენტარი და თავი ყველაფრის ექსპერტად მოაქვთ.
მე კიდევ, არ მჯერა მათი კომპეტენტურობის. მეტიც: დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ზედაპირულ ცოდნაში არიან ექსპერტები.

ბლოგერობა ჩემი პროფესია არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ბლოგი მაცხოვრებს. უბრალოდ, აქაურობა ჩემი ჰობია და, საბედნიეროდ, ისეთი სამსახურიც მაქვს, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას არც სამუშაო პროცესში მიშლის და არც ბლოგზე.

მაინტერესებს, რას პოსტებს კითხულობს შალიკო, რა ბლოგებს ეცნობა რომ ასეთი დასკვნები გამოაქვს და იარლიყებს აქეთ-იქით ისე არიგებს, როგორც "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე" ფულებს?

პრინციპში, თუ ადამიანის ფსიქიკას გავითვალისწინებთ, რომელიც მუდმივად საკუთარი ნერვული სისტემის გამაღიზიანებელს ეძებს, ალბათ, შალვა რამიშვილი, შესაბამისი გამოცემების შესაბამის ბლოგპოსტებს არის ჩასაფრებული და გულმოდგინედ კითხულობს (ან არ კითხულობს და მხოლოდ  გადმოცემით იცის მათ შესახებ).

ჩემს ბლოგზე პოლიტიკური პოსტებიც მაქვს, არაპოლიტიკურიც, პირადიც და, საერთოდ, დომხალი მაქვს. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, გონებაში თვალი გადავავლე ჩემს პოსტებს და მიშისტური ვერაფერი აღმოვაჩინე. თუმცა, იმასაც ამბობენ, ადამიანს საკუთარი თავის კრიტიკული თვალით დანახვა უჭირსო.

ექსპერტების მოსაზრება ამ ქვეყანაში უცხოური უნივერსიტეტის დიპლომივით ჭრის. ამიტომ, გადახედე ჩემს ბლოგს და მიშიზმი დამანახე, შალვა!

P.S. ისე, იარლიყის უსაფუძვლოდ მიწებების უნარსაც თავისებური თავხედობა უნდა.



4 comments:

ანნა said...

ნეტავი თქვენ

geoaria said...

იუმორისტობიდან ექსპერტობამდე ერთი ნაბიჯია.
ვიცი მე ამან ვისი პოზიციაც იცის მაგ საკითხზე,მაგრამ სანამ თავის ექსპერტულ აზრს ასე დამაჯერებლად გამოთქვამდა იქნებ ერთი ორი ბლოგი წაეკითხა და მარტო პირადი საუბრებიდან არ გამოეტანა დასკვნა.

vasasi said...

ჩემი პმს ეს არის, ანნა. :)

ERM0NIA said...

ისე, ფეისბუქის მომხმარებლებზე უფრო გამიგია: მიშისტები არიანო. :D თუმცა ერთიც უნდა ითქვას – ბლოგერების მიპატიჟება სხვადასხვა მსხვილ მოხელეებთან კაბინეტებში, და მათი ჯგუფ-ჯგუფად სიარული მინისტრებთან თუ სხვა ჩინოვნიკებთან (მიუხედავად ბლოგერთა ჯანმრთელი ცნობისმოყვარეობისა) ბევრს აღუძრავს ამ ეჭვს. :))

P.S. მე განსაკუთრებული მიშისტი ვარ! :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger