Monday, April 23, 2012

ორი ამბავი ჩემი ბავშვობიდან


ორი ამბავი მინდა მოგიყვეთ:

  • ეს იყო ჩაბნელებულ საქართველოში. 
ბუნდოვნად მახსოვს, რომ გაზი ჯერ არ იყო გათიშული და არ გვციოდა, თუმცა ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენს სახლშიც ქაოსი სუფევდა.

იყო ასეთი წიგნი, რომელსაც "ახალი საუნჯე" ერქვა. რამდენიმე ტომი არსებობდა, სადაც  სხვადასხვა პერიოდის ქართველი მწერლების ნაწარმოებები იყო შეტანილი. ჩვენ ორი ტომი გვქონდა. ერთი ლურჯი, მეორე - ჭაობისფერი. მეც და ჩემს ძმასაც ძალიან გვიყვარდა და სანამ კითხვას ვისწავლიდით, ოჯახის წევრებს ვბურღავდით, წაეკითხათ.

დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება "შვლის ნუკრის ნაამბობი". დედაჩემის რეკომენდაციით პირველად მამაჩემმა წაგვიკითხა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეც და ჩემს ძმასაც რაღაც მაზოხისტური გვჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვის პროცესში ცრემლებად ვიღვრებოდით, მამას გამუდმებით ვთხოვდით თავიდან წაკითხვას. რომ დაიწყებდა და, სადღაც, შუაში მივიდოდა, აბღავლებულები ვეხვეწებოდით, რომ გაჩერებულიყო, ბოროტი მამაჩემი კიდევ, სანამ ბოლომდე არ ჩავიდოდა, არ ჩერდებოდა.
არასოდეს მიკითხავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ორ ხმაში ტირილი სიამოვნებდა. :)

სხვათაშორის, შვლის ნუკრის ნაამბობის გადაკითხვას სულ ვერიდები. ბავშვობის ემოციას მახსენებს, გული რომ მიკვდებოდა ხოლმე (გული ისედაც ხშირად მიკვდება რაღაცებზე და დამატებითი ფაქტორის შემოყვანა არ მინდა).


  • აღსანიშნავია, რომ "ახალი საუნჯე",  "რუსული ზღაპრები" და კიდევ სხვა ბევრი წიგნი, რომელიც მეტ-ნაკლებად საბავშვო იყო და დღემდე ძალიან მიყვარს, ყველაფერი იყო დედაჩემის (მამაჩემის ბიბლიოთეკაში საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოვქექე ოე, აკუტაგავა, პო, ჰიუგო, პრუსტი და ა.შ.). მე კიდევ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი წიგნი.
ეს იყო დიდი, ფერადი ნახატებით გაფორმებული სამი ზღაპარი. მახსოვს, ბაზარზე ვიყავით და, დედაჩემმა მკითხა, სათამაშო გინდა თუ წიგნიო. 
არც დავფიქრებულვარ.
ერთი ჩემხელა კი იყო, მაგრამ ხელი არ გამიშვია, ბედნიერი სახით წამოვაცუნცულე. ერთ-ერთი ზღაპარი იყო "ბულბულის იუბილე." 

ბავშვის გონება ყველამ იცით: ბევრს ფანტაზიორობს, აქვს თავისებური ასოციაციები, სინამდვილეს და წარმოსახვას ურევს ერთმანეთში. ჰოდა, ტყე და მისი ბინადრები, დაბადების დღე, სიმღერები.. "ბულბულის იუბილეს" ყოველი წაკითხვისას, ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. ვოცნებობდი, მეც მოვხვედრილიყავი მათთან ერთად და მახსოვს, როგორ დაინგრა ჩემი წარმოდგენა ტყის ცხოვრებაზე, როცა მკაცრად მომახალეს, რომ ცხოველები არ ლაპარაკობენ, არც ადამიანებივით ჭამენ და, საერთოდ, ეს ზღაპარიაო.

მე მგონი, ამ დროს პირველად მივიღე ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე აბა მე ახალი რა უნდა ვთქვა?! ამ ადამიანის ხსენებისას თვალწინ ყოველთვის დედაჩემი წარმომიდგება. დედა იყო პირველი, ვინც ვაჟას შემოქმედება გამაცნო, ვინც მეუბნებოდა, რატომ არის უნიკალური მისი ნაწარმოებები, ვინც მომიყვა, როგორ გარდაიცვალა ვაჟა, გულში მთის ბალახებჩაკრული (აქაც კარგად ვაღვარღვარე ცრემლები) და ა.შ..

გავიდა დრო, გავიზარდე. გავიგე, რომ ვაჟას ჩემი ბავშვობის ნაწარმოებების გარდა, ბევრი საინტერესო ნაშრომი ჰქონია. მოგვიანებით, გავეცანი კიდეც რაღაცებს, თუმცა ვაჟა ყოველთვის ჩემი ბავშვობის მწერლად დარჩება. მწერლად, რომელმაც  "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ბულბულის იუბილე", "სათაგური", "როგორ გაჩდნენ ბუები ქვეყანაზე", "წიფელი", "მთანი მაღალნი" და მათთან ერთად უამრავი სითბო, ბავშვური სევდა, განცდები, ემოცია თუ ცრემლი მაჩუქა. 

მოგვიანებით, გოდერძი ჩოხელთანაც იგივე რაღაცები ვიპოვე, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და, იმედი მაქვს, თქვენთვის მისი მოყოლის საშუალებაც მექნება. დღეს კი, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის" ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ნაწარმებობების კრებული გამოვიდა. 



2 comments:

mkitxveli said...

მე კიდევ საერთოდ წიგნთან დაკავშირებული ემოციები საერთოდ არ მახსოვს საიდან დაიწყო. იმდენად სულ ჩემთან არის წიგნი და სულ ვკითხულობ, არც მახსოვს პირველი ემოციური რომელი იყო.

ქართველ მწერლების მიმართ კიდევ სკოლიდან არც თუ ისე კარგი შეგრძნებები გამომყვა. სულ მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ რომ არასწორი მიდგომით მასწავლიდნენ და პროტესტის ნიშნად ჩემებურად სხვანაირად ვსწავლობდი.

ჰოდა კიდევ, ვაჟა იმდენად არ მიყვარს, რომ ეროვნულ გამოცდებს როცა ვაბარებდი, ისე გავედი არც ერთი ნაწარმოები არ ვიცოდი ნორმალურად, ერთხელ მქონდა ვალდებულებისთვის გადაკითხული.

სულ ტუჩებს მიბზუებენ ხოლმე როგორ არ გიყვარს და რაღაც იდიოტურ ფრაზებს მეუბნებიან. მე კიდევ ვფიქრობ ის უფრო საკვირველი იქნებოდა ჩემი ხასიათის, გემოვნების, ინტერესების და ფსიქოლოგიის ადამიანს ვაჟა რომ მიყვარდეს უფრო არალოგიკური იქნებოდა

vasasi said...

მე დეპრესიაში მაგდებს, თუმცა ბავშვობის ემოციები მახსენდება ხოლმე და.. :))

ისე, იშვიათად ვკითხულობ ვაჟას - მასევდიანებს..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger