Friday, April 27, 2012

უმანკოების მუზეუმი

კარგი, ორჰან ფამუქი წერს რთულად და დახლართულად;
გრძნობებისა და ემოციების აღწერაში არის საშინლად გადამღლელი (მაგრამ ეს გადამღლელობაა სწორედ, ნაწარმოებში ბოლომდე რომ შეჰყავხარ);
ორჰან ფამუქი არის მწერალი, რომელიც ქალაქური ტიპის რომანებს წერს.

ჰო, დიდი ვერაფერი, მაგრამ ისე წერს, რომ იმ ქალაქის ქუჩებში ხეტიალს მოგანდომებს, ადრე რომ არასოდეს გიზიდავდა, ახლა კი, თითქმის, ოცნების ქალაქად ქცეულა.

ბევრისგან გამიგია, რომ ფამუქი არ უყვართ. არ უყვართ იმ სიმძიმის გამო, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიცავს მისი ნაწარმოებები;

 არ უყვართ თურქეთში გასაგები მიზეზების გამო (ხშირ შემთხვევაში ვერ იტანენ და, უმჯობესია, თურქეთში თურქებთან მისი სახელის ხსენებას, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც მოვერიდოთ), მაგრამ  მე იცით რატომ მომწონს? ფამუქი ყველა თავის უზარმაზარ რომანში, თურქეთზე წერს და 70-იანი წლების თურქეთის პრობლემები ისეთი ახლობელია 2011 წლის საქართველოსთვის, რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო.

 "უმანკოების მუზეუმი" ბოლოს წინა რომანია (ბოლო 2010-ში გამოვიდა), 70-იანი წლების თურქულ საზოგადოებასა და პრობლემებს აღწერს (ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირსა და მაშინდელ თურქეთს შორის, დიდი განსხვავება არ ყოფილა, თუ იქ წელიწადში სამჯერ მომხდარ რევოლუციებს არად ჩვაგდებთ). რომანში ერთი სიყვარულის ისტორიაა (ჭკუიდან შემშლელი და ავადმყოფური, პრინციპში, რომელიც მე ჯერ არ მესმის) და რომანს მთავარ ლაიტმოტივად ქალიშვილობის თემა გასდევს.

ფამუქის ვერც ერთ ნაწარმოებში იგებ, რეალურია მისი ამბები თუ გამოგონილი. ყველგან არის ორჰან ბეი, რომელიც მთავარ გმირს შემოჰყავს.

არ ვიცი, მართალია თუ არა ქემალისა და ფუსუნის სიყვარული ისტორია, მართლა მოუყვა თუ არა ქემალი ფამუქს ამ ავადმყოფური სიყვარულის ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, ჩუქურჯუმას ქუჩაზე, სტამბულიში, იქ, სადაც ფუსუნი ცხოვრობდა, უმანკოების მუზეუმი იხსნება. მუზეუმი, სადაც ყველა იმ ნივთს გამოფენენ, რომელიც ქემალისა და ფუსუნის სიყვარულის ისტორიას ასახავს.

ნივთები ორჰან ფამუქმა საკუთარი ხელით შეაგროვა. როგორც, ვიცი, რომანს რამდენიმე წელი წერდა, იდეა, ათი წლით ადრე მოუვიდა.

რას არ მივცემდი, რომ ახლა ჩუქურჯუმაზე, იმ ვარდისფერი შენობის წინ ვიდგე, სადაც რამდენიმე საათში ის მუზეუმი გაიხსნება, რომლის მონახულებაც ჩემს უახლოეს ოცნებას წარმოადგენს.
ვაღიარებ, რომ ძალიან მშურს "დიოგენეს" მესვეურებისა ("დიოგენე", როგორც გამომცემელი, რომელმაც ეს წიგნი პირველად გამოსცა, ისეა მიწვეული) და იმ ქართველი ჟურნალისტების, რომლებიც გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. ვეჭვიანობ, რომ შეიძლება მათ არც კი იცოდნენ, რამხელა რაღაცაა ფამუქის ნაწარმოებები.

პრინციპში, ბილეთი მაქვს. რუკაც, რომელიც წიგნის ბოლოსაა დახატული. სტამბულში ჩასვლისას გზა არ დამებნევა და, იმედი მაქვს, მუზეუმში ჩემი ბილეთით მისულს, გიდად ორჰან ბეი დამხვდება.


ეჰ...
მანამდე წავალ, "სტამბულს" წავიკითხავ და ჩემს საყვარელ მწერალს საქართველოში დაველოდები.

8 comments:

glexisbichi said...

აგვისტოში მაქვს გეგმაში სტამბულის მონახულება. მანამდე იმედია, ფამუქს წავიკითხავ.
(აი, რამდენი მეკარგება უსამსახურობით :( :დ)

fiqro said...

სტამბულიდან ახალი ცამოსული ვიყავი მუზეუმი რომ წავიკითხე.. რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები, ზალიან ახლობელია ყველა პრობლემა საქართველოსთვის.

tamunam said...

ამ წიგნის კითხვა დღეს დავასრული და კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ერთი სული მაქვს როდის წავალ სტამბულში და მხოლოდ ამ მუზეუმს დავათვალიერებ და იმ ქუჩებში ვივლი რომელიც ამ წიგნშია ჩამოთვლილი. იმედი მაქვს ეს ისტორია რეალურია და არა გამოგონილი, თუმცა ისე რეალურად არის ღწერილი მნიშვნელობა არ აქვს. ეს წიგნი ჩემს ცნობიერებაში სამუდამოდ დარჩება. ვგიჟდები ამ მწერალზე და ძალიანაც ცდებიან თურქები თუ არ უყვართ.

vasasi said...

ჰო,. თამუნა. ეგ ეფექტი მოაქვს "უმანკოების მუზეუმს."

თურქებს იმიტომ არ უყვართ, რომ ცოტა პროვოკაციულ რაღაცებს ამბობს ხოლმე ინტერვიუებში, თურქულ საზოგადოებას და ზოგჯერ ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და, ყველაზე მთავარი: 1915 წელს თურქეთში დატრიალებულ ამბებზე ღიად თქვა, რომ ეს თურქების მიერ სომეხთა გენოციდი იყო..

მთელი ამბები მოჰყვა მის ამ განცხადებას და სერიოზული პრობლემები შეექმნა. სასამართლოებით და მთელი ამბებით..

ამიტომ არ უყვართ დიდად.

Anonymous said...

მომწონს, ფანტასტიურად შეუძლია იმ ემოციების გადმოცემა, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად მოდის ადამიანში. ვისაც ეს საკუტარ თავზე გამოუცდია და "უმანკოების მუზეუმს" წაიკითხავს, საკუთარი თავი შეიძლება წარმოდიგინოს ხშირ შემთხვევაში. ძალიან, ძალიან მომეწონა, თუმცა "მე წითელი მქვია" გაცილებით უფრო ღრმა და ფილოსოფიურია.

Anonymous said...

მე არ მომეწონა!ძალიან მინდოდა სხვისი აზრიც გამეგო,რაიმე კრიტიკული წერილიც წამეკითხა, თანაც ქართველი მკითხველისაგან. ქემალის სიყვარული ჩემამდე მხოლოდ ფუსუნის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა,რაც მანამდე წავიკითხე აკვიატება და ავადმყოფური სურვილი მგონია,თან ნერვებს მაწყვეტდა. ქალიშვილობის თემა თან არის,თან არ არის,მაგრამ დიდ პრობლემას რომ არ წარმოადგენს საზოგადოების ამ ფენისთვის,ამიტომ მის სიმწვავეს და რეალურად რასაც წარმოადგენს ქვეყანაში მაგას ვერ ვხვდები. ფამუქისგან სხვას ველოდი... "მე წითელი მქვია" მომეწონა და დამაინტერესა რა იქნებოდა ამ ნაწარმოებში,მოლოდინი გამიცრუა. ძალიან მწყინს,რომ ქართველ მწერლებს არ ჰქონდათ საკმარისი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ნობელის პრემიის მოსაპოვებლად!!!!

vasasi said...

მხარდაჭერაში რას გულისხმობ, ანონიმო?. არამგონია, ფამუქს რამე მხარდაჭერა ან ჩაწყობა ჰქონოდა, ნობელი რომ მიიღო.

დაიმსახურა!.

სხვათაშორის, ამბობენ, რომ თურქული მწერლობა სუსტია. მე რამდენიმე თურქი მწერლის ნაწარმოები მაქვს წაკითხული და დიდი ვერაფერი მართლა..

წითელი მე დიდად არ მომეწონა. არც თოვლზე გადავრეულვარ. ყველაზე მეტად "შავი წიგნი" მომწონს.
"მდუმარე სახლი" ჯერ არ წამიკითხავს, თაროზე მიდევს და ჩემს ტრადიციას ვასრულებ. :))


P.S. 27 აპრილს მივდივარ სტამბულში და... <3

Anonymous said...

მეც ვიყავი მა წელს, ყველას ვურჩევ ეწვიოს მუზეუმს, ძალიან საინტერესო ადგილია. ორჰან ფამუქი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოღვაწეა. დიდი სურვილი მაქვს ქართველ მოღვაწეებსაც მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამხდარიყვნენ ნობელის პრემიის ლაურიატები...ვისწავლოთ ქართული კულტური დაფასება. ჩემი აზრით საქართველო ამ განძით საკმაოდ არის დატვირთული, მაგრამ იმდენად ყოფიერი პრობლემები აწუხებს ჩვენ მოსახლეობას, რომ ადამიანის კულტურული განვითარება დავიწყებას მიეცა. ამასთან, აღვნიშნავ, რომ უნდა შეიქმნად ვებ-გვერდი, გამოიცეს გაზეთი ან ჟურნალი, რომელიც მხოლოდ საქართველოში არსებულ კულტურ ღონისძიებებს გააშუქებს. ხალხი უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. გამოდის ჟურნალ-გაზეთი "Tbilis guide", შესანიშნავია, მაგრამ რატომღაც შეძენის საშუალება გვეძლევა მაშინ, როდესაც ბევრი საინტერესო წარმოდგენა უკვე დასრულებულია. სხვათაშორირ "Tbilisi guide" იყიდება ჩვეულებრის "კიოსკებში" და მისი ღირებულებაა 1 ლარი...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger