Monday, May 28, 2012

23

ბავშვობაში, როცა საბანს თავზე გადავიფარებდი და ძილს დავაპირებდი, ყოველთვის მეგონა, რომ პირველი გარდამტეხი მომენტი ყველას ცხოვრებაში 23 წლის ასაკში უნდა დამდგარიყო.

ალბათ, 17 წლამდე ჯიუტად მჯეროდა, რომ 23 წლისა რადიკალურად შევიცვლიდი ცხოვრების სტილს. ვიქნებოდი უფრო მშვიდი, წყნარი, თავდაჯერებული და ყველაზე მთავარი: თავს დაცულად ვიგრძნობდი.

მერე 18 წლის გავხდი და ვიგრძენი, რომ დიდი გოგო ვარ.
მერე 20-ის და, რატომღაც, ეტაპი დამთავრდა.
მერე..

აი, ახლა, სულ რამდენიმე წუთში 23 წლის გავხდები, თუმცა ვერ ვგრძნობ, რომ ბავშვობის წინათგრძნობა გამიმართლდება. პირიქით: თავი ისევ პატარა მგონია. გარდამტეხი მომენტი კი 30 წლამდე გადავიტანე.

მიუხედავად ამისა, ახლაც, ისევე, როგორც სხვა დაბადების დღეებს, გულისფანცქალით ველი და მგონია, რომ ამ ღამეს სასწაული მოხდება.

ყოველთვის ვცდილობ, ეს დღე საკუთარ თავს მაქსიმალურად ვაჩუქო და მინდა, სხვებიც ასევე იქცეოდნენ: 29 მაისს მჩუქნიდნენ. :)

ჩემთვის სამყაროს ათვლა 29 მაისიდან იწყება. ეს დღე უპრეცედენტო მოვლენას ჰგავს, რადგან ეს არის დღე, რომლიდანაც მე დედამიწაზე არსებობა დავიწყე.

დაბადების დღეს გილოცავ, ვასასიკო. იცოდე, რომ ის სასწაული, მთელი ცხოვრება რომ ელი, ერთხელ აუცილებლად მოხდება.

Thursday, May 24, 2012

სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ლუდი

ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა ინტერნეტში მეილ-ბოქსების შემოწმებისას, ერთ-ერთი წერილი დამხვდა. კომპანია ჯეპრა ლუდ "EFES"-ის ფართიზე მეპატიჟებოდა.

ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ჩვეულებრივი ფართი, ლუდით, კარაოკეთი და ა.შ, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიურპრიზებიც გველოდა.

როგორც იქნა, მივიტანე სული დანიშნულ დღემდე. სამსახურიდან გამოსულმა რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი გადავდგი და ჩავირბინე studio5-ში, სადაც ფართი იმართებოდა.

შესვლისთანავე დაგვხვდა ჩვენთვის განკუთვნილი მაისურები შესაბამისი წარწერით, ლუდი და ბანერი, სადაც პოზირება შეგვეძლო.. :)



მერე ვნახეთ "EFES"-ის კლიპი, ცოტა ლუდი დავლიეთ, სახალისო ვიქტორინები ვითამაშეთ და ხმის ჩახლეჩვამდე ვიმღერეთ. მე ცოტა ადრე წამოვედი, თუმცა ივენთის ორგანიზატორებმა თითოეულ ბლოგერს დამატებით, ექვსი ბოთლი ლუდი გამოგვატანეს. <3





სიმართლე გითხრათ, "EFES" პირველად ივენთზე დავაგემოვნე. ბევრი სახეობის ლუდი არ მაქვს გასინჯული, თუმცა რაც დამიტესტავს, მათ შორის "EFES" უკვე ერთ-ერთი ფავორიტია. რბილი გემო აქვს და სასიამოვნო დასალევია. სხვათაშორის, ის თურქული ბრენდია და ქართული კომპანია "ნატახტარი" (რომლის ლუდიც, თქვენი არ ვიცი და, მე ძალიან მესიმპათიურება), მისი შვილობილი კომპანიაა.

ესეც მე, მეგობრებთან ერთად:






P.S. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ, რომ შენთვის სპეციალურად აკეთებენ რაღაცას. თითქოს არაფერი, მაგრამ სპეციალურად ვასასისთვის ჩამოსხმულ ლუდს, რატომღაც, ძალიან ვუფრთხილდები. რატომღაც მგონია, რომ განსაკუთრებული გემო ექნება - ვასასისნაირი. ოღონდ, ხასიათზე უნდა დავუმუღამო - შეიძლება, 15 წუთში შეეცვალოს გემო. ისევე, როგორც მე მეცვლება ხასიათი. 



Tuesday, May 22, 2012

"ზნეობა ჩვენი არსობისა"

მიყვარს პლენარული სხდომები. არასოდეს გამიშუქებია, თუმცა ყოველთვის საინტერესო რაღაცები ხდება: ჩხუბი, ფურცლების ფრიალი, სამთავრობო საათები, დადებული მარგალიტები თუ საინტერესო ინიციატივები..

იშვიათად, რომ ზემოჩამოთვლილი სანახაობები ერთბაშად მოხდეს და პლენარული სხდომის მაგივრად, არნახული შოუ ვიხილოთ, თუმცა როცა ხდება, მოვლენა დაუვიწყარ ხასიათს იღებს:

"ქრისტიან-დემოკრატიულმა" პარტიამ პატრიარქის აღდგომის ეპისტოლეს შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა და 22 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. მთავარი თემა წმინდა ადგილებთან გასართობი ცენტრებისა და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვა გახლდათ.

პარლამენტში გადაწყდა, რომ ქდმ-ების ინიციატივა არ განიხილება.

ბოლო პერიოდი ლგბტ კუთხით, ძალიან ცხელი აღმოჩნდა. რაშიც, უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი წვლილი მმკ-ს და სხვა ზნეობის დამცველებს მიუძღვით. ფაქტია, რომ გეი აღლუმად შერაცხული ერთეული ადამიანების მცირემარშრუტიანი მსვლელობა, ვერ მიიქცევდა ესოდენ დიდ ყურადღებას, რომ არა მათ წინააღმდეგ ზნეობის დამცველთა თავგადაკლული კვეთება. კვეთება - პირდაპირი მნიშვნელობით.

რა თქმა უნდა, უმცირესობების (არამხოლოდ სექსუალურის) პრობლემები ისევე დგას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ნებისმიერგან, თუმცა სასიცოცხლოდ აქტუალური არ არის. ქდმ-ს ინიციატივა, ცალსქესიანი ქორწინების აკრძალვაზე კი, მოცემულ სიტუაციაში, ზედმეტად არაადეკვატურია, რადგან, ვფიქრობ, ჩვენთან ეს თემა საააააერთოდ არ დგას დღის წესრიგში თვით ლგბტ საზოგადოებაშიც კი. პარლამენტს კიდეც რომ დაეშვა ქდმ-ს წინადადების განხილვის შესაძლებლობა, რამდენიმე ფრიადი კითხვა მაინც დამებადებოდა:

  • რა ფორმით უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში მათი ინიციატივა;
  • მსგავსი ცვლილების შემდეგ, რამდენად შესაძლებელია, რომ დასავლეთთან ინტეგრაციაზე ვიფიქროთ;
  • რა სახით განისაზღვრება, თუ რა ქმედებები შევა მორალურ და ამორალურ კატეგორიებში. რეფერენდუმით მოხდება გამოკითხვა თუ ფეისბუქის ლაიქებით?
  • როცა ამბობენ, რომ კანონში უნდა მოხდეს ქრისტიანული სულისკვეთების გაჟღერება, მაინტერესებს, რას პასუხობს, მართლმადიდებლებისთვის საამაყო, რელიგიური ტოლერანტობით გამორჩეული ერი იმ მოსახლეობას, რომელიც სხვა აღმსარებლობის მატარებელია.
ქდმ, ისევე როგორც ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ ხალხის მოთხოვნებიდან გამოდის, თუმცა ფაქტია, რომ მათი მხრიდან, საკონსტიტუციო ცვლილებათა ეს პაკეტი, უფრო პოპულისტურ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თან დღე-დღეზე წინასაარჩევნო კამპანიაც აიღებს სტარტს.

საერთო ფონიდან გამომდინარე, ახალი კითხვა დამებადა: ხომ არ არის ეს კიდევ ერთი თემა, რომელიც უმცირესობის პირით იქნა გაჟღერებული, სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადასატანად?!

რა ვიცი, ასეთი პრაქტიკა, არ დავკონკრეტდები და, კი გვაქვს.  

Sunday, May 20, 2012

Placebo - არეული სულის მუსიკა

მახსოვს, ერთ-ერთი უჩვეულოდ დატვირთული დღე, როცა გადაღებებიდან ისე გვიან მოვედით, რომ  სამსახურში არავინ დაგვხვდა. მახსოვს, უკვე გასვლას ვაპირებდით, როცა სანდრომ youtube ჩართო და სულ ძალით მომასმენინა რაღაც სიმღერა. სიმღერას კლიპიც ჰქონდა, რომლის შინაარსს და ტექნიკურ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვიგებდი, სანდრო მაინც გულმოდგინედ მიხსნიდა.

მერე, ამას მოჰყვა მეორე სიმღერა, რომლის კლიპიც, ფერებით და უცნაური სასიყვარულო სცენით დამამახსოვრდა იმიტომ, რომ მსგავს იდეას პირველად წავაწყდი და, რა დასამალია, რომ მომეწონა.

ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ყველა ტიპის სიახლისადმი ფობია მაქვს. იქნება ეს ახალი ადამიანები, ახალი მუსიკა, ცხოვრების ახალი სტილი თუ ახალი ტანსაცმელი...
იმ მომენტში ორივე სიმღერა მესიამოვნა, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რომელიმე მათგანს თუნდაც განმეორებით მოვუსმენდი.

ორი-სამი დღის შემდეგ, ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლდა. სახლში ჩემთვის მოვძებნე ორივე სიმღერა და ipod-ში განვათავსე. კარგა ხნის მანძილზე, მხოლოდ Pure Morning-ითა Special Needs-ით ვტკბებოდი. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც Placebo-ს სხვა სიმღერების მოსმენაც გავბედე და, თითქმის ყველა სიმღერა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

უნდა გამოვტყდე, რომ ამ ჯგუფის შესახებ არაფერი ვიცოდი და, მეგონა, მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე უსმენდა (პრეტენზიული, ინტელექტუალი და, ე.წ. პერო მსმენელები), თუმცა პირველივე სიმღერის დაშეარებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარდა, ამ ჯგუფს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყოლია (ვიეჭვიანე, კი).

Rammstein-ისგან განსხვავებით, რომელიც უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში მეხმარება, Placebo არის ენერგეტიკული ვამპირი, რომელსაც ჩემგან მიაქვს დადებითი და უარყოფითი ენერგია, ემოცია, მუხტი, განწყობა.. ყველა ადამიანური გრძნობა, რაც კი გამაჩნია. ნარკოტიკი არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ მგონია, რომ ის Placebo-ზე მეტ კაიფს ვერ მომიტანს.

ისა და...
ძალიან მესიმპათიურება ჯგუფის ლიდერი ბრაიან მოლკო.


(აქ ბავშვიანია, მაგრამ ასეთი ვარცხნილობით მარტო ეს ფოტო ვიპოვე. მოკლე თმებში და უმაკიაჟოდ, ჩემი აზრით, გაცილებით სიმპათიურია. ).

ამ ადამიანს როცა ვუყურებ (ფოტოს და ვიდეოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), თავიდან ბოლომდე მესმის გამოთქმის, "შიში შეიქმს სიყვარულსაო". არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია მოლკოსი. ფოტოსაც კი როცა ვუყურებ, გული საგულედან ამოხტომას მაქვს. იმის მაგივრად, რომ გვერდი ჩავკეცო ან გამოვრთო, მინდა, გავიქცე და დავემალო. :)

რაც შეეხება პოსტის სათაურს..

არეული სულის მუსიკა იმიტომ, რომ ჩემმა ერთ-ერთმა ფეისბუქის მეგობარმა მომწერა, Placebo არეული სულის მუსიკაა და დიდი ინტენსივობით მის მოსმენას არ გირჩევო.

სიმართლე რომ ვთქვა, საგნის ასეთი სწორი განსაზღვრება, მე მგონი, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე. იმასაც მივხვდი, რომ ფრენდმა სწორად მირჩია, თუმცა Placebo-ს სმენას კვლავ განვაგრძობ, კვლავ დიდი ინტენსივობით და, ქუჩაში სიარულის დროს, ისევ მგონია, რომ გადღაბნილ სამყაროში ვარ, სადაც არც ტკივილია,  არც შეხება, არც რაიმე ფიზიკური თუ სულიერი გრძნობა. არის მხოლოდ უწონადობა, რაც ტვინს გირევს, ამასთან, უცნაური ტიპის, ხანმოკლე და ჯანმრთელობისათვის საზიანო ბედნიერებას განიჭებს, თუმცა ისეთი კაიფი მოაქვს, რომ ვერ ეშვები.

P.S. დიდი მადლობა სანდროს, რომ ეს ჯგუფი აღმომაჩენინა. :)

Sunday, May 13, 2012

მშვიდობით, ფეხბურთო!

ბავშვობაში ყოველთვის ხათოს ვბაძავდი. იგივე ტანსაცმელი მომწონდა, იგივე წიგნები, იგივე ქცევებს ვითვისებდი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთი არ მიყვარდა.
არც რეალი.
არც მაკმანამანი.
არც იტალიის ნაკრები.
არც ფრანჩესკო ტოტი და, ასე განსაჯეთ, თვით მალდინიც კი.

10 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთი პირველად ვნახე. ვნახე და მაშინვე დავიჭირე ის რაღაც, რაც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს ფეხბურთდამოკიდებულს ხდის.

მეც ფეხბურთდამოკიდებული გავხდი.

2000 წელს ევროპის ჩემპიონატი იყო. ალბათ, ყველას გახსოვთ მაშინდელი ფინალი და ტრეზეგეს ოქროს გოლი. მას შემდეგ იტალია, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპის ჩემპიონობასთან.
თორმეტი წლის წინანდელი სკუადრა აძურადან ტოტი,  ძამბროტა, დელვეკიო, მალდინი და კანავარო მახსოვს, თუმცა ისინი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელები არასოდეს ყოფილან.

არ მახსოვს, როდის გავიგე ალესანდრო ნესტას არსებობის შესახებ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ერთ-ერთი მატჩის ყურებისას როგორ გადავწყვიტე, რომ ნუნუ გომეში ქალს ჰგავდა. სამაგიეროდ, ის იტალიელი ფეხბურთელი, დახვეწილი ნაკვთებითა და თამაშის საინტერესო სტილით, სულ სხვა იყო: ყოველთვის თამაშობდა თავაწეული, გამართული, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
რაც მთავარია, უშეცდომოდ.

და შემიყვარდა ნესტა, რომელსაც, იმ დროისთვის, "ლაციოს" გამო თავი უკვე გაეწირა და ცამეტნომრიანი მაისურით უკვე "მილანში"  მოღვაწეობდა. ნესტას ფაქტორიც რომ არა, როგორ შეიძლებოდა არ მეგულშემატკივრა კლუბისთვის, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა?!

და მეც "მილანი" შემიყვარდა.

მახსოვს პირველი მატჩი, სერია ა-ს ფინალი: მილანი-რომა, სადაც ჩემპიონი რომა გახდა.

მაშინ "იმედი" სერია ა-ს სრულად აჩვენებდა. მთელი წლის მანძილზე შაბათ-კვირას ველოდებოდი, რომ ნესტა მენახა. ნესტა და "მილანი".
თანდათანობით სხვა ფეხბურთელებიც გავიცანი:

გატუზო - ის ყველა მატჩს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აღიქვამდა და მისი ადამინური განცდები, მოედანზე ცალკე სპექტაკლი გახლდათ. სწორედ ამიტომაც შეარქვეს ზედმეტსახელად რინიო, რაც ქართულად ნაგაზს ნიშნავს;
მალდინი - იტალიური ფეხბურთის ლეგენდა. კაპიტანი, რომელიც მოედანზე ყოველთვის მზრუნველი მამის იმიჯს ირგებდა და ყველაფერს აკონტროლებდა რინიოს გარდა - როგორ შეიძლება, რინიოს აკონტროლებდე, ეს ხომ მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ?! :))));
კლარენს ზეედორფი - მუდმივად სტაბილური, წყნარი ფეხბურთელი;
ფილიპო ინძაგი - საჭირო დროს საჭირო ადგილას მყოფი სუპერპიპო;
კახა კალაძე - ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი;
სტამი, დიდა, კაფუ, შევჩენკო, სერჟინიო, ამბროზინი, კაკა და კარლო ანჩელოტი...

2003-2009 წლის მილანი იყო კლუბი, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა.
მახსოვს ნერვიულობაში გატარებული ყოველი 90 წუთი, მახსოვს ის ენით აღუწერელი სიხარული, რომელიც "მილანის" გამარჯვებებს მოჰქონდა, ის ცრემლები და სირცხვილიც მახსოვს, წაგების შემთხვევაში რომ განვიცდიდი.
მახსოვს ორი ჩემპიონთა ლიგა, ლეგენდარული ნახევარფინალი პსვ-ეინდჰოვენთან და, იმავე წელს, არანაკლებ ლეგენდარული ფინალი "ლივერპულთან."
ერთი მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო-იტალიის ორი მატჩი და გამოუყენებელი, ერთადერთი შესაძლებლობა, ცოცხლად, რამდენიმე მეტრში მენახა ჩემი კუმირი - ალესანდრო ნესტა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მე გავიზარდე და ფეხბურთის სიყვარულმა, მეტ-ნაკლებად, გამიარა. "მილანიდან" ბევრი ფეხბურთელი წავიდა. ზოგი თავისით, ზოგი აიძულეს, ზოგი, ფული გამო, წიხლისკვრით გააგდეს..

დარჩა 4-5 კაცი, რომელთა თამაშის ნახვისას ძველი ნოსტალგია მიპყრობდა. სწორედ ამ ნოსტალგიით ვნახე ბოლო მატჩი. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი: მილანი-ბარსა.

გუშინწინ რაღაც მოხდა და, "მილანი" ამ ადამიანებმაც დატოვეს. ნესტამ, პიპომ, ზეემ და რინიომ ერთ დღეს გააკეთეს განცხადება კლუბიდან წასვლის შესახებ.

დღეს ბოლო მატჩია. გულისამაჩუყებელი და გამოსამშვიდობებელი.
მეც გამოვემშვიდობები ფეხბურთს. იმიტომ, რომ მე მილანი მიყვარდა. ის მილანი, რომელშიც დიდა, რინიო, ნესტა,  მალდინი, კალა, შევა, კაკა და სხვები თამაშობდნენ. ახალი ფეხბურთელებით სავსე მილანი ახალი მილანია. სხვა კლუბი, რომელიც ჩემში ვერასოდეს გამოიწვევს იმ ემოციას, რაც ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნახვისას მქონდა.

ვზივარ ასე და, ვერ წარმომიდგენია, რომ როცა სანდრო მომენატრება, სერია ა-ს ვერ დაველოდები და ვერ ვნახავ. ვერც იმას დავაკვირდები, რა შეიცვალა მასში, როგორც ფეხბურთელში, კვირიდან კვირამდე.

ამბობენ, როცა ადამიანი შინაგანად რაღაცას ძალიან განიცდის, ვერასოდეს გამოხატავსო. მე მგონი, ეს მჭირს. "მილანსა" და უკვე ძველ ფეხბურთელებთან დაკავშირებული ემოციები იმდენად არის ჩემს ბავშვობასა და საუკეთესო მოგონებებთან კავშირში, რომ მინდა, მაგრამ არ შემიძლია გადმოვცე.

დღეს ეპოქა სრულდება. ლეგენდების ეპოქა.

P.S. ორი კვირის წინ სიუჟეტს ვაკეთებდი "ცენტრ-პოინტზე". გმირი მინდოდა მეპოვა და, დაზარალებული მენაშენეების აქციაზე გავემართე. რამდენიმე ადამიანს ვკითხე, იქნებოდნენ თუ არა ჩემი სიუჟეტის გმირები. ზოგმა უარი მითხრა, ერთ-ერთმა ქალბატონმა კი სკამზე ჩამომჯდარი, სათნო მოხუცისკენ მიმითითა: ეს ადამიანი ჩაწერე, თან მწერალია და კარგად გესაუბრებათო. მერე მეკითხება, ჯემალ ქირია გაგიგია, ეგ არისო. მოულოდნელობისაგან სუნთქვა შემეკრა. ჰმ, გამიგია თუ არა.. ჯემალ ქირია ხომ ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ზღაპრის, "ბაციკუკუს" ავტორია?! წლები ვეძებდი ამ ადამიანს. არც სახეზე ვიცნობდი, არც რამე ხელჩასაჭიდი მქონდა და ასე უცბად მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ბავშვობის გამრავალფეროვნებისათვის მადლობა გადამეხადა. :)
მე და ბატონმა ჯემალმა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვუთხარი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დაგროვილი მქონდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოვიტანე, რომ შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, მე სულ სხვაგან სხვა განზომილებაში ვმუშაობდე და, ვინ იცის, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ასევე მოულოდნელად მომეცეს ჩემი ბავშვობის უდიდეს კუმირთან გასაუბრებისა და იმის მოყოლის შანსი, თუ როგორ მიყვარდა წლების მანძილზე და, 12-17 წლის ასაკში, როგორ ველოდებოდი ყოველ შაბათ-კვირას, რათა ეკრანთან ცხვირმიდებულს მოედანზე მისი, მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ცენტრალური მცველის თამაში მენახა.

ვინ იცის....



Friday, May 11, 2012

სანდრო მიდის

ყოველთვის მეგონა, რომ  თუ მისი წასვლის შესახებ გავიგებდი, მიმართულება მხოლოდ ერთი იქნებოდა - მშობლიური, თბილი და ტკბილი.

თუმცა, შევცდი.

სანდრომ გადაწყვიტა, პერო გაირჭოს და უფრო ფული მოხვეტოს (რაც, ისედაც არ აკლია). ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიდის, თუმცა სად, ჯერჯერობით, უცნობია. მარტო სურვილი გამოთქვა, რომ ოკეანის მიღმა უჭირავს თვალი.

არა, არაფერში ვამტყუნებ.
ამ ბლოგზე სანდროს არაერთი პოსტი მიძღვნია და ახლაც მინდა, იგივე დავაფიქსირო. ის ჩემი კუმირია და მისი კარიერული გადაწვეტილებები, პრინციპულობა თუ მოტივაცია ყოველთვის დამატებითი სიმპათიებით განმაწყობდა მის მიმართ.

დატოვა ლაციო იმიტომ, რომ კლუბი გაკოტრებას გადაერჩინა (ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და მასში აღებულმა მილიონებმა ლაციოს სულზე მოუსწრო);
მილანში არაჩვეულებრივი10 წელი გაატარა;
ჰქონდა უამრავი ტრავმა, მათ შორის, ისეთებიც, სხვა ფეხბურთელებისათვის რომ კარიერის დასასრული იქნებოდა, თუმცა სანდრო ყველა ჯერზე გამოძვრა.
უმძიმესი ტრავმებიდან მოედანზე დაბრუნებული ყოველთვის ის ნესტა იყო, რომლის დაცვის გარღვევაც, დღემდე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რაც მის შესახებ ვიცი, ინტერვიუები წამიკითხავს და ა.შ, საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა,  ვერაფრით გავშიფრე, რამ გადააწყვეტინა იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, ამერიკაში კარიერის გაგრძელება?

სანდრო მიდის.
ჩემი სანდრო.

Wednesday, May 9, 2012

67 წლით დაძველებული ამბავი


მეორე მსოფლიო ომში ჩემი ბაბუები არ ყოფილან. ერთი ფრონტისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო, მეორე კი მაშინდელ მილიციაში მუშაობდა და დატოვეს.

გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, 67 წელი გავიდა. ბუნებრივია, რომ დროსთან ერთად მოვლენებით გამოწვეული ემოცია ხუნდება. ჩემთვის და ჩემი თანატოლებისათვის 9 მაისი ერთი ჩვეულებრივი, დასვენების დღეა.
ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ისტორიას კარგად ვსწავლობდი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის თარიღების ცოდნა, რატომღაც, იმდენად ორგანული მეგონა, რომ ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემ თანატოლებში ჩატარებული პატარა გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე, რა აღინიშნება ცხრა მაისს, მხოლოდ ერთმა გამცა სწორი პასუხი.

სოციალურ ქსელებში, ამ დღესთან დაკავშირებით, ცინიკურ კომენტარებს მრავლად წავაწყდი. ადამიანთა უმეტესობა ფაშიზმზე გამარჯვებას რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დღესასწაულად მიიჩნევს, თუმცა ავიწყდებათ ფრონტზე წასული 700 000 ქართველი - ისტორიკოსების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მთელი  გენოფონდი, რომელთაგან, თითქმის, ნახევარი, უკან აღარ დაბრუნებულა.

თარიღი, რომელიც ჩვენთვის, მესამე-მეოთხე თაობისათვის, რიგითი დღეა, მთელი დღესასწაულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის. ისინი წლიდან წლამდე ვაკის პარკსა თუ რეგიონულ ცენტრებში, საკუთარი გამარჯვების დღის აღსანიშნავად გულმოდგინედ ემზადებიან. ხვდებიან ერთმანეთს, იხსენებენ წარსულს, ფრონტის ხაზზე გატარებულ დღეებს და მილოცვებს ელოდებიან..

ხშირად ვფიქრობ,  ჩემი რომელიმე ბაბუა სამამულო ომის ვეტერანი რომ ყოფილიყო და დღესაც  ჩემ გვერდით ეცხოვრა, ყველანაირად ვეცდებოდი, მათთვის ეს დღე დღესასწაულად მექცია.

ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს კი, დღევანდელი დღე, ხელისუფლებიდან მხოლოდ თბილისის მერის მოადგილემ მიულოცა. საღამოს, პარლამენტში, დაახლოებით, 50 მათგანს  უმასპინძლეს. მათ ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხეს და ფურშეტზე მიიპატიჟეს.

ისინი ასაკოვნები არიან. მათ, ყურადღების, სითბოსა და დაფასების მეტი, არაფერი სჭირდებათ. უნდათ, იგრძნონ, რომ ფრონტის ხაზზე გატარებული ხუთი წელი, და  სიკვდილთან გამუდმებული თამაში, 67 წლის შემდეგაც სათანადოდ არის დაფასებული.
რამდენიმე ათასი ვეტერანისათვის 9 მაისის მილოცვა ერთგვარი პატივისცემაა, რომლის გამოხატვაც, თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც, მოვალეობის მოხდის მიზნით გვმართებს.

ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ მომინდა, რომ დღეს დილით, სამსახურისკენ მიმავალმა, გაჩერებაზე ფორმაში საგულდაგულოდ გამოწყობილი, მედლებითა და ორდენებით დამშვენებული, თვალებგაბრწყინებული ბაბუა შევნიშნე. ალბათ, ვაკის პარკში მიიჩქაროდა. რატომღაც, ძალიან მომინდა მივსულიყავი, რამდენიმე თბილი სიტყვა მეთქვა და ჩავხუტებოდი, მაგრამ არ გავაკეთე - საკუთარი თავის შემრცხვა. იმიტომ, იქ, შუა ქუჩაში, რომ აუცილებლად ავტირდებოდი.

Monday, May 7, 2012

წიგნი, რომელსაც არასოდეს წავიკითხავ

ბავშვობაში წიგნის იმ ადგილების კითხვა მიყვარდა, სადაც სიკვდილს ან წამებას დაწვრილებით აღწერდნენ. არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული "გიორგი სააკაძეში" ქეთევან დედოფლის წამების აბზაცი, უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილისა თუ ბიძია თომას მეგობარი ევას გარდაცვალების ადგილი. დღემდე არ ვიცი ეს რა ფენომენია, თუმცა დროსთან ერთად გამიარა.

ქეთევან დედოფლის გარდა, ჩემი საყვარელი ადგილი ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც" იყო. ეს არის ბოლო ორი ფურცელი, სადაც ესმერალდას სიკვდილის და შემდეგ უცნაური ჩონჩხის აღმოჩენის ამბავია მოთხრობილი. ეს მონაკვეთი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, მიუხედავად ამისა, თვითონ რომანს სრულად არასოდეს გავცნობივარ და, ვფიქრობ, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ის ნაწარმოებია, რომელსაც არასოდეს წავიკითხავ.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ასევე ის ერთ-ერთი წიგნია, რომელიც ჩვენს სახლში ქვედა თაროზე იდო და ბავშვობიდანვე თავისუფლად ვწვდებოდი, თუმცა ვიქტორ ჰიუგოს წიგნი, რომლის წაკითხვაზეც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვოცნებობდი, "საბრალონი" გახლდათ.

ჩემს ბავშვობაში (რა უცნაურად ჟღერს, ღმერთო ჩემო) ეკრანზე ხშირად გადიოდა ამ რომანის ეკრანიზაცია. წლების მანძილზე წიგნს ვერ ვშოულობდი, ბოლოს, ნათლიაჩემის სახლში აღმოვაჩინე. :)

ვერ ვიტყვი, რომ ჰიუგოს ნაწარმოებები არ მიყვარს. რაღაც, დიკენსისეულს მაგონებს. ვიცი, რომ მთელი ჩახლართულობის მიუხედავად, ფინალი დადებითი იქნება და ამ განწყობით აღვსილი ჩავარაკრაკებ ხოლმე. მას შემდეგ, რაც ჩემი წიგნის უკან აღმოვაჩინე, რომ 50 წიგნის ფარგლებში ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის" გამოდიოდა, ვიხსენებდი, მქონდა თუ არა წაკითხული და, მე მგონი, არ მაქვს. ამიტომ, სულმოუთქმელად ველი, როდის მომიტანს ჩემი ბიჭი პირველ ნაწილს.

მე მგონი, კანფეტი გველის. ასე რომ, არ გამოტოვოთ დღევანდელი "პალიტრა" წიგნითურთ.
 
Powered by Blogger