Wednesday, May 9, 2012

67 წლით დაძველებული ამბავი


მეორე მსოფლიო ომში ჩემი ბაბუები არ ყოფილან. ერთი ფრონტისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო, მეორე კი მაშინდელ მილიციაში მუშაობდა და დატოვეს.

გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, 67 წელი გავიდა. ბუნებრივია, რომ დროსთან ერთად მოვლენებით გამოწვეული ემოცია ხუნდება. ჩემთვის და ჩემი თანატოლებისათვის 9 მაისი ერთი ჩვეულებრივი, დასვენების დღეა.
ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ისტორიას კარგად ვსწავლობდი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის თარიღების ცოდნა, რატომღაც, იმდენად ორგანული მეგონა, რომ ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემ თანატოლებში ჩატარებული პატარა გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე, რა აღინიშნება ცხრა მაისს, მხოლოდ ერთმა გამცა სწორი პასუხი.

სოციალურ ქსელებში, ამ დღესთან დაკავშირებით, ცინიკურ კომენტარებს მრავლად წავაწყდი. ადამიანთა უმეტესობა ფაშიზმზე გამარჯვებას რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დღესასწაულად მიიჩნევს, თუმცა ავიწყდებათ ფრონტზე წასული 700 000 ქართველი - ისტორიკოსების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მთელი  გენოფონდი, რომელთაგან, თითქმის, ნახევარი, უკან აღარ დაბრუნებულა.

თარიღი, რომელიც ჩვენთვის, მესამე-მეოთხე თაობისათვის, რიგითი დღეა, მთელი დღესასწაულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის. ისინი წლიდან წლამდე ვაკის პარკსა თუ რეგიონულ ცენტრებში, საკუთარი გამარჯვების დღის აღსანიშნავად გულმოდგინედ ემზადებიან. ხვდებიან ერთმანეთს, იხსენებენ წარსულს, ფრონტის ხაზზე გატარებულ დღეებს და მილოცვებს ელოდებიან..

ხშირად ვფიქრობ,  ჩემი რომელიმე ბაბუა სამამულო ომის ვეტერანი რომ ყოფილიყო და დღესაც  ჩემ გვერდით ეცხოვრა, ყველანაირად ვეცდებოდი, მათთვის ეს დღე დღესასწაულად მექცია.

ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს კი, დღევანდელი დღე, ხელისუფლებიდან მხოლოდ თბილისის მერის მოადგილემ მიულოცა. საღამოს, პარლამენტში, დაახლოებით, 50 მათგანს  უმასპინძლეს. მათ ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხეს და ფურშეტზე მიიპატიჟეს.

ისინი ასაკოვნები არიან. მათ, ყურადღების, სითბოსა და დაფასების მეტი, არაფერი სჭირდებათ. უნდათ, იგრძნონ, რომ ფრონტის ხაზზე გატარებული ხუთი წელი, და  სიკვდილთან გამუდმებული თამაში, 67 წლის შემდეგაც სათანადოდ არის დაფასებული.
რამდენიმე ათასი ვეტერანისათვის 9 მაისის მილოცვა ერთგვარი პატივისცემაა, რომლის გამოხატვაც, თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც, მოვალეობის მოხდის მიზნით გვმართებს.

ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ მომინდა, რომ დღეს დილით, სამსახურისკენ მიმავალმა, გაჩერებაზე ფორმაში საგულდაგულოდ გამოწყობილი, მედლებითა და ორდენებით დამშვენებული, თვალებგაბრწყინებული ბაბუა შევნიშნე. ალბათ, ვაკის პარკში მიიჩქაროდა. რატომღაც, ძალიან მომინდა მივსულიყავი, რამდენიმე თბილი სიტყვა მეთქვა და ჩავხუტებოდი, მაგრამ არ გავაკეთე - საკუთარი თავის შემრცხვა. იმიტომ, იქ, შუა ქუჩაში, რომ აუცილებლად ავტირდებოდი.

1 comments:

tamara said...

ძალიან კარგი პოსტია, თამო, ძალიან კარგი!
ზოგადად, მე ისიც ძალიან მაღიზიანებს, ნებისმიერ დღესასწაულზე რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ნუ წაგვლეკეთო მავანნი... მაგრამ ეს დღე, შენი არ იყოს, მეც განსაკუთრებული მგონია! ბოლოს და ბოლოს ის უამრავი დაღუპული თუ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი რომ არა, დღეს შეიძლებოდა, მსოფლიო სულ სხვანაირი ყოფილიყო. და მათგან ძალიან ცოტაა ახლა ცოცხალი, რატომ არ შეიძლება, დავუტოვოთ ეს ერთი დღე?.

მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა მხოლოდ "დიდი სამამულო ომი" და ვისაც ეს არ ესმის, იმის ღირებულებებში ეჭვი მეპარება, ცოტა არ იყოს. მართალია, ეს ერთადერთი კრიტერიუმი არაა, მაგრამ აგდებულ დამოკიდებულებას მართლა ვერ ვიტან...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger