Sunday, May 13, 2012

მშვიდობით, ფეხბურთო!

ბავშვობაში ყოველთვის ხათოს ვბაძავდი. იგივე ტანსაცმელი მომწონდა, იგივე წიგნები, იგივე ქცევებს ვითვისებდი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთი არ მიყვარდა.
არც რეალი.
არც მაკმანამანი.
არც იტალიის ნაკრები.
არც ფრანჩესკო ტოტი და, ასე განსაჯეთ, თვით მალდინიც კი.

10 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთი პირველად ვნახე. ვნახე და მაშინვე დავიჭირე ის რაღაც, რაც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს ფეხბურთდამოკიდებულს ხდის.

მეც ფეხბურთდამოკიდებული გავხდი.

2000 წელს ევროპის ჩემპიონატი იყო. ალბათ, ყველას გახსოვთ მაშინდელი ფინალი და ტრეზეგეს ოქროს გოლი. მას შემდეგ იტალია, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპის ჩემპიონობასთან.
თორმეტი წლის წინანდელი სკუადრა აძურადან ტოტი,  ძამბროტა, დელვეკიო, მალდინი და კანავარო მახსოვს, თუმცა ისინი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელები არასოდეს ყოფილან.

არ მახსოვს, როდის გავიგე ალესანდრო ნესტას არსებობის შესახებ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ერთ-ერთი მატჩის ყურებისას როგორ გადავწყვიტე, რომ ნუნუ გომეში ქალს ჰგავდა. სამაგიეროდ, ის იტალიელი ფეხბურთელი, დახვეწილი ნაკვთებითა და თამაშის საინტერესო სტილით, სულ სხვა იყო: ყოველთვის თამაშობდა თავაწეული, გამართული, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
რაც მთავარია, უშეცდომოდ.

და შემიყვარდა ნესტა, რომელსაც, იმ დროისთვის, "ლაციოს" გამო თავი უკვე გაეწირა და ცამეტნომრიანი მაისურით უკვე "მილანში"  მოღვაწეობდა. ნესტას ფაქტორიც რომ არა, როგორ შეიძლებოდა არ მეგულშემატკივრა კლუბისთვის, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა?!

და მეც "მილანი" შემიყვარდა.

მახსოვს პირველი მატჩი, სერია ა-ს ფინალი: მილანი-რომა, სადაც ჩემპიონი რომა გახდა.

მაშინ "იმედი" სერია ა-ს სრულად აჩვენებდა. მთელი წლის მანძილზე შაბათ-კვირას ველოდებოდი, რომ ნესტა მენახა. ნესტა და "მილანი".
თანდათანობით სხვა ფეხბურთელებიც გავიცანი:

გატუზო - ის ყველა მატჩს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აღიქვამდა და მისი ადამინური განცდები, მოედანზე ცალკე სპექტაკლი გახლდათ. სწორედ ამიტომაც შეარქვეს ზედმეტსახელად რინიო, რაც ქართულად ნაგაზს ნიშნავს;
მალდინი - იტალიური ფეხბურთის ლეგენდა. კაპიტანი, რომელიც მოედანზე ყოველთვის მზრუნველი მამის იმიჯს ირგებდა და ყველაფერს აკონტროლებდა რინიოს გარდა - როგორ შეიძლება, რინიოს აკონტროლებდე, ეს ხომ მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ?! :))));
კლარენს ზეედორფი - მუდმივად სტაბილური, წყნარი ფეხბურთელი;
ფილიპო ინძაგი - საჭირო დროს საჭირო ადგილას მყოფი სუპერპიპო;
კახა კალაძე - ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი;
სტამი, დიდა, კაფუ, შევჩენკო, სერჟინიო, ამბროზინი, კაკა და კარლო ანჩელოტი...

2003-2009 წლის მილანი იყო კლუბი, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა.
მახსოვს ნერვიულობაში გატარებული ყოველი 90 წუთი, მახსოვს ის ენით აღუწერელი სიხარული, რომელიც "მილანის" გამარჯვებებს მოჰქონდა, ის ცრემლები და სირცხვილიც მახსოვს, წაგების შემთხვევაში რომ განვიცდიდი.
მახსოვს ორი ჩემპიონთა ლიგა, ლეგენდარული ნახევარფინალი პსვ-ეინდჰოვენთან და, იმავე წელს, არანაკლებ ლეგენდარული ფინალი "ლივერპულთან."
ერთი მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო-იტალიის ორი მატჩი და გამოუყენებელი, ერთადერთი შესაძლებლობა, ცოცხლად, რამდენიმე მეტრში მენახა ჩემი კუმირი - ალესანდრო ნესტა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მე გავიზარდე და ფეხბურთის სიყვარულმა, მეტ-ნაკლებად, გამიარა. "მილანიდან" ბევრი ფეხბურთელი წავიდა. ზოგი თავისით, ზოგი აიძულეს, ზოგი, ფული გამო, წიხლისკვრით გააგდეს..

დარჩა 4-5 კაცი, რომელთა თამაშის ნახვისას ძველი ნოსტალგია მიპყრობდა. სწორედ ამ ნოსტალგიით ვნახე ბოლო მატჩი. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი: მილანი-ბარსა.

გუშინწინ რაღაც მოხდა და, "მილანი" ამ ადამიანებმაც დატოვეს. ნესტამ, პიპომ, ზეემ და რინიომ ერთ დღეს გააკეთეს განცხადება კლუბიდან წასვლის შესახებ.

დღეს ბოლო მატჩია. გულისამაჩუყებელი და გამოსამშვიდობებელი.
მეც გამოვემშვიდობები ფეხბურთს. იმიტომ, რომ მე მილანი მიყვარდა. ის მილანი, რომელშიც დიდა, რინიო, ნესტა,  მალდინი, კალა, შევა, კაკა და სხვები თამაშობდნენ. ახალი ფეხბურთელებით სავსე მილანი ახალი მილანია. სხვა კლუბი, რომელიც ჩემში ვერასოდეს გამოიწვევს იმ ემოციას, რაც ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნახვისას მქონდა.

ვზივარ ასე და, ვერ წარმომიდგენია, რომ როცა სანდრო მომენატრება, სერია ა-ს ვერ დაველოდები და ვერ ვნახავ. ვერც იმას დავაკვირდები, რა შეიცვალა მასში, როგორც ფეხბურთელში, კვირიდან კვირამდე.

ამბობენ, როცა ადამიანი შინაგანად რაღაცას ძალიან განიცდის, ვერასოდეს გამოხატავსო. მე მგონი, ეს მჭირს. "მილანსა" და უკვე ძველ ფეხბურთელებთან დაკავშირებული ემოციები იმდენად არის ჩემს ბავშვობასა და საუკეთესო მოგონებებთან კავშირში, რომ მინდა, მაგრამ არ შემიძლია გადმოვცე.

დღეს ეპოქა სრულდება. ლეგენდების ეპოქა.

P.S. ორი კვირის წინ სიუჟეტს ვაკეთებდი "ცენტრ-პოინტზე". გმირი მინდოდა მეპოვა და, დაზარალებული მენაშენეების აქციაზე გავემართე. რამდენიმე ადამიანს ვკითხე, იქნებოდნენ თუ არა ჩემი სიუჟეტის გმირები. ზოგმა უარი მითხრა, ერთ-ერთმა ქალბატონმა კი სკამზე ჩამომჯდარი, სათნო მოხუცისკენ მიმითითა: ეს ადამიანი ჩაწერე, თან მწერალია და კარგად გესაუბრებათო. მერე მეკითხება, ჯემალ ქირია გაგიგია, ეგ არისო. მოულოდნელობისაგან სუნთქვა შემეკრა. ჰმ, გამიგია თუ არა.. ჯემალ ქირია ხომ ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ზღაპრის, "ბაციკუკუს" ავტორია?! წლები ვეძებდი ამ ადამიანს. არც სახეზე ვიცნობდი, არც რამე ხელჩასაჭიდი მქონდა და ასე უცბად მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ბავშვობის გამრავალფეროვნებისათვის მადლობა გადამეხადა. :)
მე და ბატონმა ჯემალმა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვუთხარი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დაგროვილი მქონდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოვიტანე, რომ შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, მე სულ სხვაგან სხვა განზომილებაში ვმუშაობდე და, ვინ იცის, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ასევე მოულოდნელად მომეცეს ჩემი ბავშვობის უდიდეს კუმირთან გასაუბრებისა და იმის მოყოლის შანსი, თუ როგორ მიყვარდა წლების მანძილზე და, 12-17 წლის ასაკში, როგორ ველოდებოდი ყოველ შაბათ-კვირას, რათა ეკრანთან ცხვირმიდებულს მოედანზე მისი, მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ცენტრალური მცველის თამაში მენახა.

ვინ იცის....



2 comments:

Anonymous said...

ზუსტად ანალოგიური მჭირდა დელ პიეროზე ევრო 2000-ის შემდეგ. დღეს იუვეში ბოლო თამაში ითამაშა... გული მწყდება საშინლად

kejeradze said...

ეჰ :( ფეხბურთი ის აღარ არის, რაც 10 წლის წინ იყო... დღეიდან აღარც "მილანია" ის გუნდი...იმედია, კიდევ არაერთი სკუდეტო და ლიგის თასი იქნება, მაგრამ უკვე პაოლოს, პიპოს, სანდროს, შევას, ზეეს, რინიოს, კაკას, დიდას და სხვა ლეგენდების გარეშე... :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger