Saturday, June 30, 2012

უმანკოება ნიუ-იორკში

შარშანდელისაგან განსხვავებით, წიგნის ფესტივალზე ვერ წავედი. არც საათები მითვლია სანუკვარი წიგნის მოლოდინში. მარტივი მიზეზის გამო: უკვე წავიკითხე. უბრალოდ, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ქართულ ენაზე გამოსულ ფამუქის ყველა წიგნს ვიყიდიდი.

ფული კი არ მქონდა, მაგრამ მაღაზიაში მაინც შევედი. მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურებოდა ქართულად ნათარგმნი "სტამბული". კონსულტანტმა ერთი თაროსკენ მიმითითა, სადაც ინკუპატორის წიწილებივით ერთნაირი წიგნები იყო ჩამწკრივებული. მეთქი, აბა "სტამბული"? ჰხოდა, გადმომიღო და მაჩვენა, ახალი სერია გვაქვს დაწყებული, "დიოგენეს ბიბლიოთეკა" და მის ფარგლებში გამოვიდაო.

ძალიან სადა დიზაინი ჰქონდა. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დავრჩი. მეგონა, ყდაზე, სულ მცირე, აია სოფია მაინც იქნებოდა გამოსახული. თუმცა მერე დანარჩენ წიგნებსაც გადავხედე და... ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი",  ვუდჰაუზის "დაიკიდე, ჯივზ", პოლ ოსტერის "მისნის ღამე" (ეს ავტორი კი ვერ დავამუღამე, რატომღაც), ფოლკნერი, ეკო, ედიტ უორტონი...
მეთქი, მნიამ... 

ნიუ-იორკის ხსენებისას თავში პირველად, თავისუფლების ქანდაკება, ცხოვრების გადარეული რიტმი და სრული თავისუფლება მოგვივა. არც ერთი ჩვენგანი იფიქრებს, თუ როგორი იყო მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისში ცხოვრება ასი წლის წინ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკელებს ოჯახის კულტი აქვთ. ამდენი ემიგრანტის ფონზე, ეს მეგაპოლისებში არ ჩანს, თუმცა, აქ, ან პატარა ქალაქებში თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ ნამდვილ ამერიკელებს. ადამიანებს, რომლებისათვისაც ოჯახი ყველაფერზე წინ დგას.

თქვენი აზრით, როგორ ცხოვრობდნენ ასი წლის წინანდელი მდიდარი ადამიანები ნიუ-იორკში? ესენი იყვნენ მეტ-ნაკლებად გაზულუქებული ხალხი, რომლებიც საზოგადოებრივი ჩარჩოებითა და ევროპის კომპლექსით იტანჯებოდნენ.


ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები დროს ერთმანეთის ჭორვაში, მაღალფასეულობებზე საუბარსა და ფუჭ საქმიანობაში ატარებდნენ. აქ ოჯახის დანგრევა ან საქმეში წარუმატებლობა საზოგადოებიდან გარიყვას ნიშნავდა, სამაგიეროდ, ცოლსაც და ქმარსაც, ვითომ დამალულად, შესაძლოა, პარტნიორები ჰყოლოდათ.

ასი წლის წინანდელი ნიუ იორკული ელიტის ცხოვრებაზე წერს ედიტ უორტონი თავის "უმანკოების ხანაში". წიგნს სათაური ისეთი აქვს, რატომღაც, ფამუქი და მისი "უმანკოების მუზეუმი" წამოგიტივტივდება თავში, თუმცა ერთს მეორესთან, გამომცემლის გარდა, საერთო არაფერი აქვს.

ნიუ იორკში ცხოვრება დუნეა, კულტურისა და დასვენების ერთადერთ პარკში პატარა მუზეუმი დგას. მისი მონახულებისას ერთ-ერთი გმირი იტყვის, გავა დრო და, შეიძლება, ეს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმად იქცესო. 


აქ ერთადერთ გასართობს ბალებზე სიარული, ფრანგული ოპერების მოსმენა და ჭორაობა წარმოადგენს. საზოგადოება ბოლომდეა ჩაფლული ეტიკეტის ჩარჩოებში და, თამამად შეიძლება ითქვას, მთელ ცხოვრებას სიყალბეში ატარებს. ისინი აქილიკებენ ადამიანებს, რომლებმაც მდაბიური წარმოშობის მიუხედავად, მათი ტოლი მდგომარეობა მოიპოვეს, თუმცა მისი სამეჯლისო დარბაზის კარის გაღებისთანავე, ყველა თავპირისმტვრევით გარბის.

ერთ მშვენიერ დღეს, ნიუ იორკელთა ერთფეროვან ცხოვრებაში, წარმოშობით ამერიკელი, ელენ ოლენსკა გამოჩნდება. მან მთელი ცხოვრება ევროპაში გაატარა. ქალს პირადი პრობლემები აქვს ევროპელ ქმართან და თავშესაფარსა და სულიერ სიმშვიდეს სამშობლოში ეძებს.

ძალიან საინტერესო ფენომენია, თუ როგორ ხვდება ადგილობრივი საზოგადოება მას. უარჰყოფენ მანამ, სანამ ყველაზე გავლენიანი არ მიიღებს საკუთარ ოჯახში.

წიგნის მთავარ გმირს ნიულენდ არჩერი ჰქვია. საქმე იმაშია, რომ არჩერი დანიშნულია, თუმცა ელენი შეუყვარდება. გრძნობა ორმხრივია. კითხვის პროცესში სულ ელოდები, რომ აი, რაღაც მოხდება, თუმცა არა. მიუხედავად იმისა, რომ არჩერი გულის სიღრმეში ფიქრობს, ქალებს საზოგადოებაში საკუთარი შეხედულებები, უფლებები და მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ, ცხადად ვერაფერს ამბობს და თავისი წრის დინებას მიჰყვება. საბოლოოდ, ისეთი გაუბედავი აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგ, პარიზში ჩასულმა, მადამ ოლენსკას ნახვა ვერ გაბედა.

ორიოდე სიტყვით, ავტორსაც შევეხები: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ედიტ უორტონი თავის გარემოცვას დასცინის. ის სწორედ ამ პერიოდის ამერიკაში ცხოვრობდა. დაიბადა მდიდარ ოჯახში, მიიღო საუკეთესო განათლება. წიგნში აღწერილი ცხოვრების ტიპიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია, ერთ-ერთ მეამბოხედ მივიჩნიოთ. პირადად მე, მისი სხვა არაფერი მაქვს წაკითხული, ვერც იმას ვიტყვი, რომ "უმანკოების ხანაში" აღწერილი სიტუაციების კითხვა მხიბლავს, თუმცა ეს ერთი შეხედვით მონოტონური ნაწარმოები, სავსებით ამართლებს ჰემინგუეის აფორიზმს, ნამდვილ ნაწარმოები აიზბერგს ჰგავს, ზედაპირზე მხოლოდ მისი ერთი მესამედი ჩანსო, რომ ამბობდა.


იმ ორი მესამედის სანახავად კი ყველანარი წიგნის წაკითხვა ღირს.


Sunday, June 24, 2012

ვიქნებით თუნდაც მშივრები

შობის ღამეს თოვლის ბაბუა სომალის თავზე გადაიფრენს. ბავშვები დაინახავენ და, გახარებულები, ხელს უქნევენ:
- ბაბუ, ბაბუ, საჩუქრები ჩამოგვიყარე.
თოვლის ბაბუა მკაცრად გადმოხედავს და:
- ვინც არ ჭამს, საჩუქარს ვერ მიიღებს.

ამ ანეკდოტის ყოველი მოყოლისას, უცნობები მორიდებით იღიმიან, ღმერთმა გვაშოროსო. არადა, თუ სურსათის საკითხებში გამოცდილ ადამიანებს დავუჯერებთ, რამდენიმე ათეულ წელში, ეს შავი იუმორი რეალობის სახეს მიიღებს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სასურსათო კრიზისი ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებს დაარტყამს.


მახსოვს, ექვსი წლის წინ, გორიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი ლობიანი 60 თეთრი ღირდა. წელს, იმავე საცხობში, 1.30 ღირს. საღეჭ რეზინს, 50-ის ნაცვლად, უკვე 70 თეთრად ვყდულობ, შოკოლადიც 30-40 თეთრით გაძვირდა და ა.შ.


ბოლო დროს, ჩემმა ხელფასმა გაქრობა თითქმის გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ 3/4 ჭამაში მეხარჯება. მეგონა, მიზეზი გარეთ კვება იყო, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ბაზარში წასვლა მარტოს მომიწია და ელდა მეცა: აღმოვაჩინე, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე, ფასები გაორმაგებულა.  


უფროსებისგან ხშირად გამიგია, რომ საბჭოთა პერიოდში ფული ჰქონდათ, მაგრამ სურსათი და სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი იყო. ახლა ყველაფერია, თუმცა საყიდელი ფინანსები არ არსებობს. ის, რომ მაღაზიები თუ ბაზრები სურსათით სავსეა, სულაც არ ნიშნავს მათ ხელმისაწვდომობას.ზოგჯერ ფასის გამო პროდუქტის ნაწილი არ იყიდება, მერე ფუჭდება და ყრიან, რაც დამატებით ზარალს და ერთგვარ კრიზისსაც იწვევს: მალფუჭებად პროდუქტებზე ფასის დაკლება, ზოგჯერ, ზედმეტად გვიანია ხოლმე. 


ბოლო წლებში, პროდუქტზე ფასი ხშირად იცვლება. სამწუხაროდ, მხოლოდ იმატებს. ზრდის მიზეზად, შესაძლოა, არასაკმარისი მოსავალი ვივარაუდოთ, მაგრამ ხშირად გამიგია, რომ ახალციხეში კარტოფილის დიდი მოსავალი გაუფუჭდათ, მარნეულში კიტრი, გორში ვაშლი... ამის პარალელურად, ბაზარზე დეფიციტი, უცხოეთიდან შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი და კატასტროფული ფასებია. მაგალითად, მახსოვს, დედაჩემი ერთ კონა ოხრახუშს 10-20 თეთრად ყიდულობდა. მე კი 50 თეთრი გადავიხადე.


ლოგიკურია, რომ გლეხი, რომელიც წელიწადის სამ სეზონს შრომობს, ბანკის ვალს იღებს და წელზე ფეხს იდგამს, შემდეგ ვიღაც მოდის და ჩადებული შრომის ნახევარსაც არ სთავაზობს, საქმეზე გულს იცრუებს. ჩვენ კი, ადგილობრივი მეურნეობის განვითარების ნაცვლად, პროდუქტი უცხოეთიდან შემოგვაქვს. სამწუხარო კიდევ ისაა, რომ ქართული პროდუქცია პერო მაღაზიებში, ფაქტობრივად, არ არის. მე არ მახსენდება დიდი მაღაზიები, რომლებშიც ადგილობრივი წარმოების ხილბოსტნეული იყიდება და ეს ტენდენციაა. 


სოფლის მეურნეობის პროგრამა და მეტ მოსავალზე ზრუნვა, სულაც არ არის ზარ-ზეიმით შემოტანილი და შემდეგ ჩაწოლილი ჰიბრიდული სიმინდი, რომლის გამოც ბევრმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა (რამდენიმე დღის წინ, კახეთში ბანკმა ერთი გლეხი გამოასახლა, რომელმაც ჰიბრიდული სიმინდისათვის აღებული კრედიტი ვერ დაფარა). უნდა არსებობდეს გაწერილი პროგრამა, როგორ მოხდება გლეხების დახმარება, როგორ უნდა მოგვარდეს სახელმწიფოების მიერ სასურსათო კრიზისის პრობლემა და ამაში მთავრობებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ოქსფამიც  ეხმარება.


ეს ინგლისური ორგანიზაცია 70 წლის წინ, პოლ მაკარტნის დაბადების წელს (აბა, გამოიცანით) ჩამოყალიბდა და სურსათის კრიზისის მოგვარებაზე, 80-ზე მეტ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოშიც მუშაობს. მას აქვს ახალი კამპანია GROW, რომელიც შარშან 65 ქვეყანაში დაიწყო და მიზანი, სასურსათო საკითხებში გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებაა. 


ზოგადად, არასამთავრობოების მუშაობის პრინციპი ასეთია: წერენ დასკვნას, აძლევენ მთავრობას რეკომენდაციას, ხშირ შემთხვევაში, პროგრამასაც ადგენენ. დანარჩენი, უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომლის მთავარ მიზანსაც, მშიერი მოსახლეობის გამოკვება უნდა წარმოადგენდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი რაოდენობა დიდია.  


როდესაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი სოფლის განვითარებაზე დგას. მართალია, სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მაგრამ ადგილობრივ პროდუქციას სხვა ვერაფერი იმიტომ ვერ ედრება, რომ სოფლად მოყვანილ რაღაცებს, გემო მაინც აქვს. 


ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში ყოველი მერვე ადამიანი შიმშილობს. განვითარებული ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი აფრიკაზე კეთდება, მართალია, სტივ ჯობსი თუ "მთელი დედამიწის კატალოგი" გვიქადაგებს, იყავით მშივრები და თავზე ხელაღებულებიო, მაგრამ იმედია, ქვეყნები ამ ფრაზას, ზემოთ ნახსენები აფორიზმისა არ იყოს, სომალის თავზე მფრინავი სანტა კლაუსივით არ გამოიყენებენ.

სანამ პოსტის წერას შევუდგებოდი, ქვემოთ ჩავირბინე. კიტრის ყიდვა მინდოდა. რამდენიმე წლის წინ 20-30 თეთრად რომ იყიდებოდა, ახლა ისეთ კიტრში 1 ლარი გადავიხადე. ყველაფერთან ერთად, ლიფტის ფულიც სახლში დამრჩა. ჰოდა, გამწარებული კიბეებზე რომ ამოვდიოდი, საბჭოთა კავშირის მოტივებზე, ახალი ხუმრობა მოვიგონე: შევარდნაძის დროს პური 25 თეთრი ღირდა, 1 კგ კარტოფილი 30 თეთრი, კარგ ატამს 50 თეთრად იყიდიდი. აფსუს, რა ქვეყანა დაანგრიეს!...

Friday, June 22, 2012

კომფორტის სრული პაკეტი 15 ლარად


როგორც იქნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკრედიტაციების გაკეთება გადაწყვიტეს. აქამდე თუ ჟურნალისტებს ბრიფინგზე შესვლა პირადობით ან კანცელარიისა და პარლამენტის საშვით შეეძლოთ, ახლა იმავეს, შესაბამისი ბართით მოახერხებენ.

აკრედიტაციით ორივე მხარისთვის ბევრი რამ გვარდება: სამმეტრიანი სიების შედგენა ყოველ ჯერზე არ გახდება საჭირო, კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუსის გასაშუქებლად, რეზიდენციაში ჟურნალისტებიც ზედმეტი რიგებისა და წვალების გარეშე შევლენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბარათების დამზადების ფინანსური უზრუნველყოფა, მისი მომავალი მფლობელების პრეროგატივაა.

მაშინ, როცა ერთი პლასტიკურის დამზადება ბევრგან 5 ლარზე მეტი არ ჯდება, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშვისთვის, არც მეტი, არც ნაკლები - 15 ლარი უნდა გადავიხადოთ.

ლოგიკა მარტივია: არ გაქვს საშვი - ამბის გასაშუქებლად ვერ შეხვალ და ეს უკვე შენი პრობლემაა, მაგრამ როდესაც ასეთ პირობებს სახელმწიფო სტრუქტურა მე, როგორც ჟურნალისტს მიყენებს, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. შეიძლება, დიდი ტელევიზიებისათვის 15 ლარი არაფერია (პრინციპში, თუ გადავითვლით ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჩართვის ტიპებს, ჯამში სოლიდურ თანახას მივიღებთ), მაგრამ პატარა მედიაორგანიზაციებისათვის დამატებითი ხარჯი, სასიამოვნო არ არის.

მცირედი დაკვირების შედეგად დავასკვენი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დაყოფა საინტერესოდ ხდება. მაგალითად, პარლამენტში საშვებს უფასოდ ამზადებენ, კანცელარიაში ეს სიამოვნება ხუთი ლარი ჯდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი თანხა სამმაგდება.

ისე, საინტერესოა, რა გაუხდა კანცელარიას ან ადმინისტრაციას საშვების დამზადება?!. დასაჯერებლად, ცოტა არ იყოს, რთულია, რომ მათ არასაკმარისი ფინანსური რესურსი აქვთ.

სხვათაშორის, ამბავსაც გააჩნია და ამბავსაც: მანჯგალაძის ბრიფინგზე ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდე, საშუალოდ, 30 წთ-დან 1,5 სთ-მდე ელოდო, მერე ხუთი წუთის განმავლობაში ისეთი უმნიშვნელოვანესი ამბები უნდა შეიტყო, როგორიც პრეზიდენტის მიერ ახალი საავადმყოფოების გახსნა, დასაქმების პროგრამების ამოქოქვა თუ განათლების რეფორმის სასაწაულებრივი წარმატებაა. შენ მიერ დასმულ კითხვებზე კი ისეთ ამომწურავ პასუხს მიიღებ, როგორიც არის: ამის შესახებ გუშინ სხვა ბრიფინგზე უკვე ისაუბრეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ/არ ვუჭერთ ზიმბამბვეში გარეული ჩიტების ხოცვას, ანდაც, განცხადებაში პრეზიდენტმა ზუსტად ის იგულისხმა, რასაც აღნიშნული სიტყვები ნიშნავს.  

ფიქრის შემდეგ ვივარაუდე, რომ 15 ლარიან საშვში, მომსახურებისა და განტვირთვის სრული პაკეტი უნდა შევიდეს: ლოდინით გადაღლილ და გულგაწვრილებულ ჟურნალისტებს ადგილზე ცხელი და ცივი შხაპი, მანიკური და პედიკური, ასევე სხვადასხვა ტიპის მასაჟი, ტრენაჟორები, შამპანური და დელიკატესები დახვდებათ. ბუნებრივია, სასიამოვნო განტვირთვის შემდეგ, მათ  კითხვების დასმისა და ზემოთხსენებული ამომწურავი პასუხების მიღების სურვილი აღარ ექნებათ და პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ბრიფინგზეც, დღევანდელისგან განსხვავებით, რეალობასთან ახლოს მდგომი მითები ივლის.

მიუხედავად ამისა, ერთი პატარა პრობლემა ჩნდება: ხომ შეიძლება, კონტროლის პალატამ მომსახურების აღნიშნული პაკეტი, ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნიოს? მაგრამ სადაც ადმინისტრაციის მიერ გაცემული ღვინის სასაჩუქრე შეფუთვები მხოლოდ კეთილი ჟესტია, იქ ეს პაკეტი რა მოსატანია? მით  უმეტეს მაშინ, როცა ამაში ჟურნალისტებს ფული ექნებათ გადახდილი.

P.S. ისე, კარგი იქნებოდა, პარლამენტში, კანცელარიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი საშვი მოქმედებდეს, ტყუილად არც საფულეებს დავამძიმებდით და, იქნებ, 15 ლარის გადახდაც არ გაგვეპროტესტებინა.

Tuesday, June 19, 2012

ახალგაზრდული ბოდვანი

გოეთე გერმანელებისათვის ისეთივე წმინდანია, როგორც ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე. მართალია, ამ უკანასკნელივით მას ერის წინამძღოლობაზე არ დაუდია თავი, მაგრამ გერმანულ ლიტერატურაში ის განცალკევებულ ადგილზე დგას.

გერმანიის რომელიღაც მიყრუებული სოფლის სკოლაში, თუ სადმე ქართულს ასწავლიან, ბავშვს პირველად ქართულ ლიტერატურას გააცნობენ და აუცილებლად წააკითხებენ ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანს?!" თუ "ოთარაანთ ქვრივს". ჰოდა, აბა, გორში ჩემი სკოლა რა (ფაქტობრივად) ერთადერთი გერმანულენოვანი სკოლა იქნებოდა, გამარჯობის ნაცვლად, ქალბატონი რუსუდანი გოეთეს ლექსებით რომ არ შემოგვგებებოდა.

გოეთე, შილერი, ლესინგი, ჰაინე.. გერმანული "ერქლერუნგის", იგივე განმანათლებლობის წარმომადგენლები, ჩემი სკოლის პერიოდთან მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი. მათ შორის, განსაკუთრებით, ჰაინე და მისი "Die Lorelei " მიყვარდა (მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენის გამოთქმაზე 24/7-ზე კაიფობთ, ვისაც ეს ლექსი მოსმენილი გაქვთ, შინაარსის გაუგებრადაც იგრძნობთ იმ მელოდიურობას, რომელმაც, ვინ იცის, იქნებ, გალაკტიონიც კი გაგახსენოთ), ყოველთვის ვჩუყდებოდი შილერის უსამართლო სიკვდილზე და გოეთე არ მიყვარდა, რადგან ისეთი რთული ლექსები ჰქონდა, ვერ ვერეოდი. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა,"ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" ორიგინალში წამეკითხა და რომ ვერ ვიშოვე, წლების შემდეგ, იძულებული გავხდი, მშობლიურ თარგმანს დავჯერებოდი.

ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. შეიძლება იმიტომაც, რომ გამოცდისათვის ერთ დღეში მომიწია წაკითხვამ. მიუხედავად იმისა, რომ მე და ვერტერი თითქმის, ერთი ასაკის ვიყავით, მეც მქონდა მსგავსი სულიერი ბრძოლები, ჩვენი აზროვნებები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებოდა და ამ განსხვავებაში მარტო სამსაუკუნოვან სხვაობას არ ვგულისხმობ.

სიყვარული, რომელიც აღგვაფრთოვანებს და წარუმატებლობის შემთხვევაში, თვითმკვლელობამდეც მიგვიყვანს, მეგობარი, რომელსაც მხოლოდ ეგოისტურად, საკუთარი თავის შეხსენებისათვის ვწერთ, ცოტა არ იყოს, მეხამუშება, თუმცა ვიცი, რომ თანამედროვე სამყაროშიც არსებობენ გამოუსწორებელი გოგო-ბიჭები, რომლებიც სიყვარულისთვის თვითმკვლელობაზეც მიდიან.

მიუხედავად იმისა, რომ "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანს" სიყვარული ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს, ნაწარმოების ძირითადი არსი, მაინც საკუთარ თავთან ბრძოლაა. ის, რაც თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი თავისთვის ფრიად მნიშვნელოვანი კითხვის: ვინ ვარ მეს? დასმის შემდეგ გამოგვივლია. როცა უამრავი რაღაცის გაკეთება გვინდა და ვგრძნობთ, რომ ძალიან პატარები ვართ, რომ არ შეგვწევს ფიზიკური ძალა და არც დრო გვყოფნის, რათა ყველაფერი მოვასწროთ.

ალბათ, არამარტო მე მიმაჩნია, რომ გოეთეს შემოქმედების მწვერვალი "ფაუსტია". ნაწარმოები, რომელშიც უამრავი რამ არის თავმოყრილი და რომელიც სავსეა პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობებით. თითოეულ ჩვენგანს გაგვიგია სამეცნიერო ჯგუფების შესახებ, რომლებიც იკვლევენ, ამა თუ იმ ნაწარმოებში, რა იგულისხმა ავტორმა რომელიღაც წინადადების მიღმა, ან რა ფარული კოდი ჩადო ნახატში. რაც მეტი დრო გადის, სულ მგონია, რომ ასეთ მეცნიერებს სამუშაო არ გამოელევათ, რადგან ათასი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. არ ვიცი, არსებობს თუ არა ფაუსტოლოგია, მაგრამ ვფიქრობ, გოეთეს ეს ნაწარმოები, ნამდვილად იმსახურებს ახალ პროფესია - ფაუსტოლოგს.

ჰოდა, პოსტი რაღაც, გრძელი გამომივიდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ კვირაში 50 წიგნთან ერთად,  გოეთეს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" და "შერჩევითი ნათესაობა" გამოვა.
სხვათაშორის, ეს უკანასკნელი წაკითხული არ მაქვს და დიდი ინტერესითაც ველოდები.




Sunday, June 17, 2012

70 წლის ახალგაზრდა

ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს. ზოგმა 30 წლის ასაკში მთელი მაშინდელი მსოფლიო დაიპყრო, ზოგმა რამდენიმე საუკუნით გაუსწრო მოვლენებს და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა, ზოგმაც ტელესკოპი გამოიგონა, ზოგმა გიტარა. ზოგიერთმა კი - მუსიკა.

მსოფლიო ისტორია მათაც შეცვალეს - ოთხივემ ერთად.

შეცვალეს მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმა, ადამიანური ურთიერთობები. მათ შექმნეს მუსიკა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ნამდვილ კლასიკად იქცა. მუსიკა, რომლითაც, 60-იანებიდან მოყოლებული, თანამედროვე მუსიკალური სამყარო, დღემდე საზრდოობს.

"მგონია, რომ "ბითლზი" ახლა ჩვენგან, ოთხივესგან დამოუკიდებლად არსებობს და ის ჩვენ გარეშეც მუდამ გააგრძელებს არსებობას", - თქვა ჯორჯ ჰარისონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და ძნელია, არ დაეთანხმო.

იმაზე, თუ ვინ იყო ჯგუფში პირველი, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ბოლოს მაინც შევთანხმდებით, რომ მაკარტნი და ლენონი ერთად იყვნენ გადასარევები.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ "The Beatles" დიდი ნაწილი, ერთი ადამიანის დამსახურებაა. მან ჯგუფის არსებობის ბოლო წლებში, მის შესანარჩუნებლად და დანარჩენი წევრების ღრმა დეპრესიიდან გამოსაყვანად, ძალიან ბევრი გააკეთა. გამოვიდა ალბომები, სადაც სიმღერათა უმეტესობა მხოლოდ მისი დაწერილია, წამოიწყო "Magical mistery tour", ცდილობდა ასტრალში გასული მეგობრის საქმისკენ შემოტრიალებას..

მე მგონია, რომ მაკარტნის ეშინოდა. ამ ოთხმა ადამიანმა ერთად იმდენი დრო გაატარა, იმდენად ერთ ტყავში გრძნობდნენ თავს, რომ ვფიქრობ, პოლს ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება ჯონის, ჯორჯისა და რინგოს გარეშე (პ.ს. იოკო ონო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: როცა ჯონთან ერთად პირველი ღამე გავატარე, დილას გაღვიძებულმა პირველი რაც დავინახე, სამი წყვილი თვალი იყო, რომელიც თავზე მადგა და უტიფრად მომშტერებოდაო).

თუმცა, მერე იყო 1970 წლის 10 აპრილი. მერე ყელში ამოსვლები და სამარცხვინო სასამართლო პროცესები. მერე ჩავარდნები, მერე - ახალი ალბომები, ტურნეები, გრემი, პოპულარობა, ახალი ჰიტები და ამასობაში, 70 წელი გავიდა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ პოლ მაკარტნის, ბითლზის გარეთ, ფაქტობრივად არ დაუწერია მეორე "yesterday", არც "Eleanor rigby" და არც "All my loving". ლენონისაგან განსხვავებით, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ის დიდად ვეღარ/აღარ განვითარდა. მაშინ, როცა ჯონმა რამდენიმე წელიწადში "Imagine", "Working klass hero" თუ "War is over" შექმნა, მაკარტნის რამდენიმე თვის წინ დაწერილი "My Valentine" ისევ ბითლზი, ისევ 60-იანებია.

ერთხელ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, სულ მგონია, ხალხი მაკარტნის კონცერტზე ბითლზის ნოსტალგიის გამო დადისო. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, მართლაც ასეა. იმიტომ, რომ მაკარტნი დღეს ბითლზის ერთადერთი ცოცხალი ნაშთია. ცოცხალი და ქმედითი. ადამიანი, რომელსაც ბითლზის ჰიტების უმეტესობა აქვს შექმნილი, იმ მცირე კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც სიცოცხლეშივე ლეგენდებად იქცნენ.


პოლ მაკარტნი ლეგენდაა. თანამედროვე და წარსული მუსიკის ლეგენდა. ადამიანი, რომელიც, ტემპერას თქმისა არ იყოს, არასოდეს ბერდება და ამას თუნდაც, მისი სასცენო გამოსვლები მოწმობს.

ცოტა ხნის წინ, Open Air-ის ფარგლებში DDT ჩამოვიდა, შუა კონცერტისას, როცა ეგზალტირებული მასა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი, უცებ, შევჩუკის ნაცვლად სცენაზე პოლ მაკარტნის წარმოდგენა ვცადე:

აი, მე იგივე გადასარევ ადგილზე, ფანზონაში ვდგავარ, შესაბამისი მაისური მაცვია, ხმის ჩახლეჩვამდე ვმღერი და, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ჩემგან რამდენიმე მეტრში მსოფლიო მუსიკალური სამყაროს უდიდესი ლეგენდა და ჩემი კუმირი დგას.

მერე მაკარტნი ისევ შევჩუკად გადაიქცა და...  

რომ ამბობენ, ძნელია სიტყვებით სიყვარულის გამოხატვა საყვარელი ადამიანებისადმიო, მართალი ყოფილა. ამდენი ვიბოდიალე და, არ ვიცი, რა დავწერო, როგორ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება.

ალბათ, პეტრეს ეკლესიის ეზოში შეხვედრა ის სასწაული იყო, რომელიც სამყაროში მხოლოდ ერთხელ ხდება. როგორ გინდა ახსნა, რომ ორმა ჩამოძონძილმა, ცინგლიანმა ბიჭმა, რომლებსაც მუსიკალური განათლება არასოდეს მიეღოთ და თუნდაც მერე, ვარსკვლავობისას, ინსტრუმენტებით, ფიზიკურად შეუძლებელ კომბინაციებსა და ტონალობებს ითხოვდნენ, შეძლო იმის გაკეთება, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით..

არ ვიცი, როცა ამაზე ვფიქრობ, ბურძგლებს მაყრის. :)

სერ პოლ, ალბათ, მადლობა უნდა გადაგიხადო ყველა იმ უკვდავი ჰიტისთვის, რომლის მოსმენაც ამ 50 წლის მანძილზე, უამრავ ადამიანს ანიჭებს ბედნიერებას. რადგან თაობების ცვლის მიუხედავად, კომპიუტერულ, ციფრულ და ელექტრონულ სამყაროში დაბადებულ ახალგაზრდებსაც ისევე მოგვწონს ქვის ხანის 60-იანები და "ბითლზი", ეს იმას ნიშნავს, რაც ჩემ გარეშეც ძალიან კარგად იცი.

მიუხედავად უამრავი ტურნესი, შეგუებული ვარ აზრს, რომ მე შენს კონცერტზე ვერასოდეს მოვხვდები. ვერასოდეს მოგისმენ ცოცხლად. ვერასოდეს დაგინახავ ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იმიტომ, რომ "Back the USSR"-ის მიუხედავად, შენ არასოდეს ჩამოხვალ საქართველოში, მე კი შენამდე მოსაღწევი ფული არ გამაჩნია.

ცუდია, რომ დროში მოგზაურობის მანქანა ჯერ არ გამოუგონებიათ. ამიტომ, უბრალოდ გილოცავ დაბადების დღეს, სერ პოლ და მინდა, კიდევ ერთხელ გაგიმეორო ის, რაც შენი და ბითლზის მოსმენის პირველ დღესვე გავიფიქრე: მე რომ "The Beatles"-ის ეპოქაში დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი პოლ მაკარტნის ფანი!.


Friday, June 8, 2012

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

მე იმ თაობის წარმომადგნელი ვარ, რომელმაც, ერთიანი ეროვნული გამოცდების დანიშვნის შემდეგ, პირველად იფიქრა, რომ რევოლუციის შემდეგ შეიძლებოდა, რაღაც კარგი მომხდარიყო.

ამ გამოცდების გამო, ვიღაცების შიმშილობასაც მოვესწარი, მინისტრის გადადგომის მოთხოვნასაც და მის ლანძღვასაც. მე კიდევ, ლომაიას მხარს ვუჭერდი. ეროვნულები რომ არ ყოფილიყო, იმ კორუფციის ფონზე, არათუ უფასოზე, საერთოდ, უნივერსიტეტში მოხვედრაზეც ვერ ვიოცნებებდი. ჰო, მამაჩემს გამომცდელებისათვის ჩასაკუჭი თუ ქეისით მისატანი ფული არ ჰქონდა.

სექტემბერში, მაშინ, როცა "შუშანიკის წამება" გადავშალე და გამოცდისთვის პირველი თავის კითხვას შევუდექი, პირველად გავიაზრე, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს მოვატყუებდი. თუ რამის მიღწევა მინდოდა, ჩემი შესაძლებლობებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე, ყველაფერი მე თვითონ უნდა გამეკეთებინა.

მე თვითონ.

ვფიქრობ, რომ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, შუა რეფორმირების პროცესში, კახა ლომაიას მოხსნა იყო. მას შემდეგ ყველაფერი აირია და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. სკოლა პატარა ციხედ იქცა თავისი ზედამხედველებით, ჩამშვებებით, დამბეზღებლებით, "ჩმორებითა" თუ მოძალადეებით.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით, როგორ უნდა აღზარდოს მასწავლებელმა მოსწავლე? როგორ უნდა ჩაუნერგოს დამოუკიდებელი აზროვნების, თავისუფლებისა და   პრინციპების ერთგულება მაშინ, როცა თავად, სამსახურის დაკარგვის შიშით, სახლშიც ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს და ქრონიკულად "მიშა მაგარიას" იმეორებს?

თქვენ დაშნებული და დაბეჩავებული მომავალი თაობა გინდათ, ბატონო პრეზიდენტო და, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკით, მიზანს კიდევაც მიაღწევთ.

ვერაფერს ვიტყვი, ბავშვების "სკოლაში დაბრუნების" ინიციატივა საინტერესოა, გამოცდების ახალი მოდელიც, თუმცა გიფიქრიათ, იმაზე, როცა სკოლას მაღალ დონეზე აყენებთ, იქ არსებული მდგომარეობა როგორია? იზრუნეთ, მაღალკვალიფიცირებული მასწავლებლების ყოლაზე? რა გააკეთეთ მათი პროფესიონალიზმისთვის? საფუძვლიანად გადაამზადეთ? შეუქმენით სწავლისა თუ ტრენინგის პროცესში მაღალი კლასის მიღების საშუალება? იქნებ, ერთი-ორი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ტრენინგი გგონიათ საკმარისი მასწავლებლების გადამზადებისთვის, ბატონო პრეზიდენტო?!

განათლების პროგრამის არარსებობა! - აი, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს განათლების სისტემაში. ყველაფერი, რაც ხდება, გაუაზრებლად კეთდება. ყოველ წელს იცვლება და ძვირდება სახელმძღვანელოები, ტარდება ათასი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი, რეფორმირების პროცესში, ბუნებრივია, თუმცა ჩვენთან რომ უმიზნოდ მიმდინარეობს?!. რა რეფორმას ვატარებთ, რომელ მოდელს ვქმნით, ესტონური მოდელის დასამარების შემდეგ, შეგიძლიათ, გვითხრათ, ბატონო პრეზიდენტო?!

რა თქმა უნდა, მოსწავლის ცოდნის საერთო დონის შესამოწმებლად, ბევრი გამოცდა საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, თქვენი აზრით, რამდენად მართებულია ვინმეს მოსთხოვო ის, რაც არ მიგიცია?! ვინ იზრუნა მოსწავლეებისათვის კარგი განათლების მიცემაზე? ნუთუ თქვენ და თქვენს სისტემას ამის პრეტენზია გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო?!

მე მესმის, რომ შურისძიება ყველაზე გემრიელი ხილია და, თავს უფლებას მივცემ ვივიარაუდო, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებით, მაია მიმინოშვილის კიდევ ერთხელ დასჯა გინდოდათ. აბა რა, როგორი მტკივნეული უნდა იყოს, როცა ვიღაც ერთ დღეში ანგრევს შენ  მიერ წლობით ნაწვალებსა და შექმნილს, თუმცა, რატომ არ ფიქრობთ იმ მომავალ თაობებზე, ვის ხარჯზეც ეგოისტურად იკმაყოფილებთ შურისძიების წყურვილს?!

სახლში, ჩემი სულსწრაფობისა და მეოცნებეობის გამო მეუბნებიან, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. მეც იმავეს გირჩევთ ახლა, ბატონო პრეზიდენტო.


Wednesday, June 6, 2012

ჩემი თვალით დანახული "დიქტატორი"


დიდი რეკლამის, საინტერესო თრეილერისა და კანის კინოფესტივალზე ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და "დიქტატორი" არ ნახო.

ვერც მე გავუძელი.

ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ, ან ზედმეტად ნაგავი იყო: ერთი რიგითი ჰოლივუდური ნაწარმია, თუმცა ამერიკული პროპაგანდით ზედმეტად გაჯერებული.

მთავარი მოქმედი გმირი, დიქტატორი ალადინია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ყველა ცნობილი ლიდერის კრებითი სახეა. მაგალითად, ჰყავს ქალების დაცვა, რომლებიც სექსუალურ მომსახურებაზე არ ეუბნებიან უარს, უყვარს სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობა, სადაც მხოლოდ თვითონ იმარჯვებს, იხდის უამრავ ფულს სექსში ცნობილ ადამიანებთან (ეს, რაღაც, ბერლუსკინიზე "ავად" მენიშნა) ვინც არ მოსწონს, სიკვდილით სჯის, ჰყავს ორეულები და ა.შ.

გარდა ახლო აღმოსავლეთისა, ფილმში შტატების მოქალაქეებიც კარგად არიან გაშარჟებულები. მაგალითად, გოგო, რომელიც შემდეგ ალადინის ცოლი გახდება, გაცნობისას თავს წარადგენს როგორც ფემინისტი, ლესბოსელი, სამოქალაქო აქტივისტი და ა.შ. არანაკლები სარკაზმი დევს ბინ ლადენისა და ამერიკელების "ურთიერთდამოკიდებულებაზე," როცა მისი სახელის შემთხვევით გაგებაზეც, ეგრევე 911-ზე რეკავენ.

სარკასტულია გაეროს სხდომა ფილმში და იქ დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მაგალითად, ჩინელი კოლეგა იმდენად სექსისტია, რომ საკუთარ ცოლს არ ინდობს და ინგლისურის არცოდნის გამო დასცინის.

მოკლედ, ეს ფილმი არის ერთი დიდი სარკაზმი, რომელშიც არავინ და არაფერია დანდობილი და არის ძალიან პოლიტიკური. შესაძლოა, მე ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ნეიტრალური ვიყო, თუმცა მომეჩვენა, რომ ფილმი, რაღაც მომენტში, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბოლო დიქტატორების რეჟიმი გამოიარა და ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად შეძლო მათგან თავის დაღწევა.

ჯამში, მინდა გითხრათ, რომ თრეილერში მართლაც საუკეთესო მომენტებია შეკრებილი. ეს არის მსუბუქად სანახავი ფილმი, რომელზეც იკაიფებთ (მე ვერ შევძელი, რატომღაც), გაერთობით და კიდევ ერთხელ გაიგებთ, რომ პატარ-პატარა ნაკლის მიუხედავად, ამერიკა ყველაზე მაგარია.

მე მგონი, ჰოლივუდის ყველა ფილმის მთავარი მესიჯიც ეს არის.

Monday, June 4, 2012

რუსული კონცერტი

აგვისტოს ომის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, სახლში დაბრუნებულმა კომპიუტერში მუსიკის ფოლდერებს დავუარე. წავშალე ყველა რუსული მუსიკა: "კინოდან" დაწყებული ზემფირათი დამთავრებული.

მათ შორის მოჰყვა DDT-ც.

შემდეგ, რუსოფობიამ გამიარა (მთლად ბოლომდე ვერა, რუსულად გახსნილ google-სა თუ youtube-ზე ახლაც მემართება კრუნჩხვები). პირველი და, ჯერჯერობით, უკანასკნელი საყვარელი რუსი შემსრულებელი, რომელიც ჩემს კომპიუტერსა და მპ3-ში დაბრუნდა, DDT აღმოჩნდა.

ალბათ, მე მელომანი არ ვარ. როცა ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს ვუყურებ/ვუსმენ, რამდენი რამე იციან ძველსა თუ ახალზე, ჩემი დილეტანტობის მრცხვენია და კუთხეში ვჯდები.

"ბითლზის" გარდა, სხვა შემსრულებლის თავგადაკლული ფანი არ ვყოფილვარ (გამონაკლისად შეიძლება, Placebo მივიჩნიოთ, თუმცა ის ჩემს ოთხეულთან ახლოს ვერ მოვა). ყველა "პერო" შემოქმედისგან მე ვიცი ის სიმღერები, რომლებიც ჰიტია და კიდევ რამდენიმე, რომელიც შეიძლება, შემთხვევით მოვისმინე და ძალიან მომწონს.

DDT პირველად ჩემმა ძმამ მომასმენინა. ერთი რუსული მუსიკალური არხი გვქონდა, იჯდა და осень-ს ელოდებოდა. მეც ნელ-ნელა შემეჩვია ყური, მაგრამ დიდი ვერაფერი. მერე это все მოვისმინე და.. სხვათაშორის, რომ მივწერე, იურას მოსასმენად მივდივარ და ნეტა შენც აქ იყო-მეთქი, მიპასუხა: ხომ იცი, ეგეთი პონტები არ მევასებაო (სიტუაცია იგულისხმა) და გული დამწყდა.

ბევრზე არ ვყოფილვარ, მაგრამ გუშინდელის შემდეგ, აქამდე ნანახი და მოსმენილი ყველა ლაივი დამავიწყდა. მერე ვფიქრობდი, რამ მოიყვანა ამდენი ხალხი DDT-ს მოსასმენად და რატომ არ დადიან ტიმატის ან სხვების კონცერტებზე და მივხვდი, რომ, ალბათ:

  • DDT ის მუსიკაა, რომელსაც ყველაზე უკეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში იგებენ;
  •  DDT ნოსტალგიაა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულ თაობებს ესმით, რომელიც იმ პერიოდის სხვა რუსული ჯგუფების მიერ შექმნილ როკთან ერთად, მართლაც ათავისუფლებს;
  • DDT მუსიკაა, რომლის მოსმენისასაც ვიჯერებთ იმას, რაც ძალიან გვინდა: მითს, ორი რუსეთის არსებობის შესახებ;
  • DDT შევჩუკია, რომელიც თავისი სიმღერებით გვაჯერებს, რომ მისნაირი ადამიანების არსებობის შემთხვევაში, ოდესმე რუსეთი "სხვა" გახდება.
გუშინდელი ემოციების აღწერა არც ღირს. მეგობრებო, ნუ იქნებით ორგანიზატორების უკმაყოფილოები. რადგან თითოეულმა ჩვენგანმა კონერტიდან ის ემოცია მიიღო, რომლის შიგნით დატოვებაც შეუძლებელია. ამიტომ, ფეხით იმ გზის ჩამოვლას და ხმის ჩახლეჩვამდე სიმღერასაც თავისი მუღამი ჰქონდა. 

სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე ვერც კი გავიაზრე, სად ვიყავი გუშინ, მაგრამ როცა დღეს ვიდეოები ვნახე, მივხვდი, რომ მე, იმ მდელოზე შეკრებილ მსმენელთან ერთად, კარგი კი არა, გენიალური ლაივის მოსმენის პატივი მერგო წილად, რუსული ლაივის მოსმენის პატივი.
 

შტატები ჩვენი მღელვარებისა

ამერიკულ ლიტერატურას, შინაარსობრიობის მიხედვით, ორ ნაწილად დავყოფდი: ძველ და თანამედროვე ნაწარმოებებად.

თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის თავიდან ბოლომდე პაპსა თემებით არის გაჯერებული, რაც ან ზედმეტი უზრუნველობით არის გამოწვეული, ანდაც, მკითხველის გათვალისწინებით: სამსახურიდან მოსულ ადამიანს დასვენება სჭირდება და თუ ამ დროს წიგნს მიაშურა, ის უნდა იყოს არა რთული ფსიქოლოგიური წიაღსვლებით დატვირთული. არამედ, მზესუმზირასავით საკითხავი.

სამაგიეროდ, ერთი საუკუნის წინანდელი ლიტერატურის გაცნობა სავსებით საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ როგორ შეიქმნა აშშ - თანამედროვე მსოფლიოს #1 ქვეყანა. დუქნები, კოვბოები, ყოველდღიური ცხოვრება, ჭაობი, რომელზეც გამოუსწორებელი მეოცნებეც ვერ იფიქრებს, რომ ის ოდესმე ჩიკაგოდ იქცევა და ამერიკული ოცნება, რომელიც მართლა ხდება.

ფოლკნერი, დრაიზერი, ფიცჯერალდი, ო'ჰენრი თუ ჯონ სტაინბეკი, სწორედ ამერიკულ ოცნებაზე წერდნენ.

წერის სტილში ცოტა ფოლკნერს ვერ გავუგე, თუმცა დანარჩენები ძალიან მიყვარს. მათ შორის, სტაინბეკის რომანიც, რომლის შემოქმედებიდან  მხოლოდ "ტორტილა ფლეტი" მაქვს წაკითხული. იქ აღწერილი ურთიერთობა, რომელსაც ძნელია მეგობრობა დავარქვათ, ნათლად აჩვენებს ადამიანურ ღირებულებებს და ტენდენტიებს, რომლებმაც მოგვიანებით ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო.

სტაინბეკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი, რომ საქართველოშიც არის ნამყოფი და არის 1962 წლის ნობელის ლაურეატი. თუ არ ვცდები, მისი ცოტა რომანია ქართულად ნათარგმნი, მათ შორის არის "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა" და ძალიან მიხარია, რომ  დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, "50 წიგნის" ფარგლებში, სწორედ ეს ნაწარმოები გამოვიდა.
 
Powered by Blogger