Friday, June 22, 2012

კომფორტის სრული პაკეტი 15 ლარად


როგორც იქნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკრედიტაციების გაკეთება გადაწყვიტეს. აქამდე თუ ჟურნალისტებს ბრიფინგზე შესვლა პირადობით ან კანცელარიისა და პარლამენტის საშვით შეეძლოთ, ახლა იმავეს, შესაბამისი ბართით მოახერხებენ.

აკრედიტაციით ორივე მხარისთვის ბევრი რამ გვარდება: სამმეტრიანი სიების შედგენა ყოველ ჯერზე არ გახდება საჭირო, კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუსის გასაშუქებლად, რეზიდენციაში ჟურნალისტებიც ზედმეტი რიგებისა და წვალების გარეშე შევლენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბარათების დამზადების ფინანსური უზრუნველყოფა, მისი მომავალი მფლობელების პრეროგატივაა.

მაშინ, როცა ერთი პლასტიკურის დამზადება ბევრგან 5 ლარზე მეტი არ ჯდება, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშვისთვის, არც მეტი, არც ნაკლები - 15 ლარი უნდა გადავიხადოთ.

ლოგიკა მარტივია: არ გაქვს საშვი - ამბის გასაშუქებლად ვერ შეხვალ და ეს უკვე შენი პრობლემაა, მაგრამ როდესაც ასეთ პირობებს სახელმწიფო სტრუქტურა მე, როგორც ჟურნალისტს მიყენებს, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. შეიძლება, დიდი ტელევიზიებისათვის 15 ლარი არაფერია (პრინციპში, თუ გადავითვლით ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჩართვის ტიპებს, ჯამში სოლიდურ თანახას მივიღებთ), მაგრამ პატარა მედიაორგანიზაციებისათვის დამატებითი ხარჯი, სასიამოვნო არ არის.

მცირედი დაკვირების შედეგად დავასკვენი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დაყოფა საინტერესოდ ხდება. მაგალითად, პარლამენტში საშვებს უფასოდ ამზადებენ, კანცელარიაში ეს სიამოვნება ხუთი ლარი ჯდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი თანხა სამმაგდება.

ისე, საინტერესოა, რა გაუხდა კანცელარიას ან ადმინისტრაციას საშვების დამზადება?!. დასაჯერებლად, ცოტა არ იყოს, რთულია, რომ მათ არასაკმარისი ფინანსური რესურსი აქვთ.

სხვათაშორის, ამბავსაც გააჩნია და ამბავსაც: მანჯგალაძის ბრიფინგზე ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდე, საშუალოდ, 30 წთ-დან 1,5 სთ-მდე ელოდო, მერე ხუთი წუთის განმავლობაში ისეთი უმნიშვნელოვანესი ამბები უნდა შეიტყო, როგორიც პრეზიდენტის მიერ ახალი საავადმყოფოების გახსნა, დასაქმების პროგრამების ამოქოქვა თუ განათლების რეფორმის სასაწაულებრივი წარმატებაა. შენ მიერ დასმულ კითხვებზე კი ისეთ ამომწურავ პასუხს მიიღებ, როგორიც არის: ამის შესახებ გუშინ სხვა ბრიფინგზე უკვე ისაუბრეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ/არ ვუჭერთ ზიმბამბვეში გარეული ჩიტების ხოცვას, ანდაც, განცხადებაში პრეზიდენტმა ზუსტად ის იგულისხმა, რასაც აღნიშნული სიტყვები ნიშნავს.  

ფიქრის შემდეგ ვივარაუდე, რომ 15 ლარიან საშვში, მომსახურებისა და განტვირთვის სრული პაკეტი უნდა შევიდეს: ლოდინით გადაღლილ და გულგაწვრილებულ ჟურნალისტებს ადგილზე ცხელი და ცივი შხაპი, მანიკური და პედიკური, ასევე სხვადასხვა ტიპის მასაჟი, ტრენაჟორები, შამპანური და დელიკატესები დახვდებათ. ბუნებრივია, სასიამოვნო განტვირთვის შემდეგ, მათ  კითხვების დასმისა და ზემოთხსენებული ამომწურავი პასუხების მიღების სურვილი აღარ ექნებათ და პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ბრიფინგზეც, დღევანდელისგან განსხვავებით, რეალობასთან ახლოს მდგომი მითები ივლის.

მიუხედავად ამისა, ერთი პატარა პრობლემა ჩნდება: ხომ შეიძლება, კონტროლის პალატამ მომსახურების აღნიშნული პაკეტი, ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნიოს? მაგრამ სადაც ადმინისტრაციის მიერ გაცემული ღვინის სასაჩუქრე შეფუთვები მხოლოდ კეთილი ჟესტია, იქ ეს პაკეტი რა მოსატანია? მით  უმეტეს მაშინ, როცა ამაში ჟურნალისტებს ფული ექნებათ გადახდილი.

P.S. ისე, კარგი იქნებოდა, პარლამენტში, კანცელარიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი საშვი მოქმედებდეს, ტყუილად არც საფულეებს დავამძიმებდით და, იქნებ, 15 ლარის გადახდაც არ გაგვეპროტესტებინა.

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger