Sunday, June 17, 2012

70 წლის ახალგაზრდა

ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს. ზოგმა 30 წლის ასაკში მთელი მაშინდელი მსოფლიო დაიპყრო, ზოგმა რამდენიმე საუკუნით გაუსწრო მოვლენებს და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა, ზოგმაც ტელესკოპი გამოიგონა, ზოგმა გიტარა. ზოგიერთმა კი - მუსიკა.

მსოფლიო ისტორია მათაც შეცვალეს - ოთხივემ ერთად.

შეცვალეს მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმა, ადამიანური ურთიერთობები. მათ შექმნეს მუსიკა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ნამდვილ კლასიკად იქცა. მუსიკა, რომლითაც, 60-იანებიდან მოყოლებული, თანამედროვე მუსიკალური სამყარო, დღემდე საზრდოობს.

"მგონია, რომ "ბითლზი" ახლა ჩვენგან, ოთხივესგან დამოუკიდებლად არსებობს და ის ჩვენ გარეშეც მუდამ გააგრძელებს არსებობას", - თქვა ჯორჯ ჰარისონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და ძნელია, არ დაეთანხმო.

იმაზე, თუ ვინ იყო ჯგუფში პირველი, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ბოლოს მაინც შევთანხმდებით, რომ მაკარტნი და ლენონი ერთად იყვნენ გადასარევები.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ "The Beatles" დიდი ნაწილი, ერთი ადამიანის დამსახურებაა. მან ჯგუფის არსებობის ბოლო წლებში, მის შესანარჩუნებლად და დანარჩენი წევრების ღრმა დეპრესიიდან გამოსაყვანად, ძალიან ბევრი გააკეთა. გამოვიდა ალბომები, სადაც სიმღერათა უმეტესობა მხოლოდ მისი დაწერილია, წამოიწყო "Magical mistery tour", ცდილობდა ასტრალში გასული მეგობრის საქმისკენ შემოტრიალებას..

მე მგონია, რომ მაკარტნის ეშინოდა. ამ ოთხმა ადამიანმა ერთად იმდენი დრო გაატარა, იმდენად ერთ ტყავში გრძნობდნენ თავს, რომ ვფიქრობ, პოლს ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება ჯონის, ჯორჯისა და რინგოს გარეშე (პ.ს. იოკო ონო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: როცა ჯონთან ერთად პირველი ღამე გავატარე, დილას გაღვიძებულმა პირველი რაც დავინახე, სამი წყვილი თვალი იყო, რომელიც თავზე მადგა და უტიფრად მომშტერებოდაო).

თუმცა, მერე იყო 1970 წლის 10 აპრილი. მერე ყელში ამოსვლები და სამარცხვინო სასამართლო პროცესები. მერე ჩავარდნები, მერე - ახალი ალბომები, ტურნეები, გრემი, პოპულარობა, ახალი ჰიტები და ამასობაში, 70 წელი გავიდა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ პოლ მაკარტნის, ბითლზის გარეთ, ფაქტობრივად არ დაუწერია მეორე "yesterday", არც "Eleanor rigby" და არც "All my loving". ლენონისაგან განსხვავებით, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ის დიდად ვეღარ/აღარ განვითარდა. მაშინ, როცა ჯონმა რამდენიმე წელიწადში "Imagine", "Working klass hero" თუ "War is over" შექმნა, მაკარტნის რამდენიმე თვის წინ დაწერილი "My Valentine" ისევ ბითლზი, ისევ 60-იანებია.

ერთხელ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, სულ მგონია, ხალხი მაკარტნის კონცერტზე ბითლზის ნოსტალგიის გამო დადისო. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, მართლაც ასეა. იმიტომ, რომ მაკარტნი დღეს ბითლზის ერთადერთი ცოცხალი ნაშთია. ცოცხალი და ქმედითი. ადამიანი, რომელსაც ბითლზის ჰიტების უმეტესობა აქვს შექმნილი, იმ მცირე კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც სიცოცხლეშივე ლეგენდებად იქცნენ.


პოლ მაკარტნი ლეგენდაა. თანამედროვე და წარსული მუსიკის ლეგენდა. ადამიანი, რომელიც, ტემპერას თქმისა არ იყოს, არასოდეს ბერდება და ამას თუნდაც, მისი სასცენო გამოსვლები მოწმობს.

ცოტა ხნის წინ, Open Air-ის ფარგლებში DDT ჩამოვიდა, შუა კონცერტისას, როცა ეგზალტირებული მასა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი, უცებ, შევჩუკის ნაცვლად სცენაზე პოლ მაკარტნის წარმოდგენა ვცადე:

აი, მე იგივე გადასარევ ადგილზე, ფანზონაში ვდგავარ, შესაბამისი მაისური მაცვია, ხმის ჩახლეჩვამდე ვმღერი და, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ჩემგან რამდენიმე მეტრში მსოფლიო მუსიკალური სამყაროს უდიდესი ლეგენდა და ჩემი კუმირი დგას.

მერე მაკარტნი ისევ შევჩუკად გადაიქცა და...  

რომ ამბობენ, ძნელია სიტყვებით სიყვარულის გამოხატვა საყვარელი ადამიანებისადმიო, მართალი ყოფილა. ამდენი ვიბოდიალე და, არ ვიცი, რა დავწერო, როგორ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება.

ალბათ, პეტრეს ეკლესიის ეზოში შეხვედრა ის სასწაული იყო, რომელიც სამყაროში მხოლოდ ერთხელ ხდება. როგორ გინდა ახსნა, რომ ორმა ჩამოძონძილმა, ცინგლიანმა ბიჭმა, რომლებსაც მუსიკალური განათლება არასოდეს მიეღოთ და თუნდაც მერე, ვარსკვლავობისას, ინსტრუმენტებით, ფიზიკურად შეუძლებელ კომბინაციებსა და ტონალობებს ითხოვდნენ, შეძლო იმის გაკეთება, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით..

არ ვიცი, როცა ამაზე ვფიქრობ, ბურძგლებს მაყრის. :)

სერ პოლ, ალბათ, მადლობა უნდა გადაგიხადო ყველა იმ უკვდავი ჰიტისთვის, რომლის მოსმენაც ამ 50 წლის მანძილზე, უამრავ ადამიანს ანიჭებს ბედნიერებას. რადგან თაობების ცვლის მიუხედავად, კომპიუტერულ, ციფრულ და ელექტრონულ სამყაროში დაბადებულ ახალგაზრდებსაც ისევე მოგვწონს ქვის ხანის 60-იანები და "ბითლზი", ეს იმას ნიშნავს, რაც ჩემ გარეშეც ძალიან კარგად იცი.

მიუხედავად უამრავი ტურნესი, შეგუებული ვარ აზრს, რომ მე შენს კონცერტზე ვერასოდეს მოვხვდები. ვერასოდეს მოგისმენ ცოცხლად. ვერასოდეს დაგინახავ ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იმიტომ, რომ "Back the USSR"-ის მიუხედავად, შენ არასოდეს ჩამოხვალ საქართველოში, მე კი შენამდე მოსაღწევი ფული არ გამაჩნია.

ცუდია, რომ დროში მოგზაურობის მანქანა ჯერ არ გამოუგონებიათ. ამიტომ, უბრალოდ გილოცავ დაბადების დღეს, სერ პოლ და მინდა, კიდევ ერთხელ გაგიმეორო ის, რაც შენი და ბითლზის მოსმენის პირველ დღესვე გავიფიქრე: მე რომ "The Beatles"-ის ეპოქაში დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი პოლ მაკარტნის ფანი!.


4 comments:

Beka Shonia said...

ვულოცავ პოლს :)

მეც რომ "The Beatles"-ის ეპოქაში დავბადებულიყავი, მეც აუცილებლად ვიქნებოდი პოლ მაკარტნის ფანი!. თუმც, არც ახლა ვაკლებ

Dreamer said...

ბოლოსკენ უკვე,კონცერტზე წასვლა ვერ წასვლა დავსევდიანდი :( გილოცავ პოლ!და ჯობია აქ გავჩუმდე,რადგან საკმარის სიტყვებეს შენდამი ვერასდროს ვპოულობ.

პ.ს შეიძლება მეორე "yesterday" არ დაუწერია,მაგრამ ბითლზის შემდეგ პოლმა უინგზსთან ერთად ბევრი არაჩვეულებრივი სიმღერა დაწერა :)

imaginepepperland said...

ვულოცავ სერ პოლს! :)
სადღაც წავიკითხე, "სამყაროს დასასრული მაშინ დადგება, როცა ბოლო ცოცხალი "ხოჭო" მოკვდებაო"
პოლის შემხედვარეს მიხარია, რომ ეს დრო ჯერ კიდევ შორსაა :)
პ.ს. საოცრად თბილი და ბითლომანური პოსტია :)

ERM0NIA said...

მშვენიერი პოსტია! :)
პოლის რამდენიმე არაბითლზური ფავორიტი სიმღერა ნამდვილად მაქვს. მათ შორისაა, მისი სულ ახალი გენიალური სიმღერაც: http://www.youtube.com/watch?v=f4dzzv81X9w

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger