Monday, June 4, 2012

რუსული კონცერტი

აგვისტოს ომის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, სახლში დაბრუნებულმა კომპიუტერში მუსიკის ფოლდერებს დავუარე. წავშალე ყველა რუსული მუსიკა: "კინოდან" დაწყებული ზემფირათი დამთავრებული.

მათ შორის მოჰყვა DDT-ც.

შემდეგ, რუსოფობიამ გამიარა (მთლად ბოლომდე ვერა, რუსულად გახსნილ google-სა თუ youtube-ზე ახლაც მემართება კრუნჩხვები). პირველი და, ჯერჯერობით, უკანასკნელი საყვარელი რუსი შემსრულებელი, რომელიც ჩემს კომპიუტერსა და მპ3-ში დაბრუნდა, DDT აღმოჩნდა.

ალბათ, მე მელომანი არ ვარ. როცა ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს ვუყურებ/ვუსმენ, რამდენი რამე იციან ძველსა თუ ახალზე, ჩემი დილეტანტობის მრცხვენია და კუთხეში ვჯდები.

"ბითლზის" გარდა, სხვა შემსრულებლის თავგადაკლული ფანი არ ვყოფილვარ (გამონაკლისად შეიძლება, Placebo მივიჩნიოთ, თუმცა ის ჩემს ოთხეულთან ახლოს ვერ მოვა). ყველა "პერო" შემოქმედისგან მე ვიცი ის სიმღერები, რომლებიც ჰიტია და კიდევ რამდენიმე, რომელიც შეიძლება, შემთხვევით მოვისმინე და ძალიან მომწონს.

DDT პირველად ჩემმა ძმამ მომასმენინა. ერთი რუსული მუსიკალური არხი გვქონდა, იჯდა და осень-ს ელოდებოდა. მეც ნელ-ნელა შემეჩვია ყური, მაგრამ დიდი ვერაფერი. მერე это все მოვისმინე და.. სხვათაშორის, რომ მივწერე, იურას მოსასმენად მივდივარ და ნეტა შენც აქ იყო-მეთქი, მიპასუხა: ხომ იცი, ეგეთი პონტები არ მევასებაო (სიტუაცია იგულისხმა) და გული დამწყდა.

ბევრზე არ ვყოფილვარ, მაგრამ გუშინდელის შემდეგ, აქამდე ნანახი და მოსმენილი ყველა ლაივი დამავიწყდა. მერე ვფიქრობდი, რამ მოიყვანა ამდენი ხალხი DDT-ს მოსასმენად და რატომ არ დადიან ტიმატის ან სხვების კონცერტებზე და მივხვდი, რომ, ალბათ:

  • DDT ის მუსიკაა, რომელსაც ყველაზე უკეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში იგებენ;
  •  DDT ნოსტალგიაა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულ თაობებს ესმით, რომელიც იმ პერიოდის სხვა რუსული ჯგუფების მიერ შექმნილ როკთან ერთად, მართლაც ათავისუფლებს;
  • DDT მუსიკაა, რომლის მოსმენისასაც ვიჯერებთ იმას, რაც ძალიან გვინდა: მითს, ორი რუსეთის არსებობის შესახებ;
  • DDT შევჩუკია, რომელიც თავისი სიმღერებით გვაჯერებს, რომ მისნაირი ადამიანების არსებობის შემთხვევაში, ოდესმე რუსეთი "სხვა" გახდება.
გუშინდელი ემოციების აღწერა არც ღირს. მეგობრებო, ნუ იქნებით ორგანიზატორების უკმაყოფილოები. რადგან თითოეულმა ჩვენგანმა კონერტიდან ის ემოცია მიიღო, რომლის შიგნით დატოვებაც შეუძლებელია. ამიტომ, ფეხით იმ გზის ჩამოვლას და ხმის ჩახლეჩვამდე სიმღერასაც თავისი მუღამი ჰქონდა. 

სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე ვერც კი გავიაზრე, სად ვიყავი გუშინ, მაგრამ როცა დღეს ვიდეოები ვნახე, მივხვდი, რომ მე, იმ მდელოზე შეკრებილ მსმენელთან ერთად, კარგი კი არა, გენიალური ლაივის მოსმენის პატივი მერგო წილად, რუსული ლაივის მოსმენის პატივი.
 

2 comments:

Anonymous said...

http://infokutaisi.com/index.php?option=com_content&view=article&id=436

facteur said...

DDT შევჩუკია, რომელიც თავისი სიმღერებით გვაჯერებს, რომ მისნაირი ადამიანების არსებობის შემთხვევაში, ოდესმე რუსეთი "სხვა" გახდება...

ჰო...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger