Friday, June 8, 2012

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

მე იმ თაობის წარმომადგნელი ვარ, რომელმაც, ერთიანი ეროვნული გამოცდების დანიშვნის შემდეგ, პირველად იფიქრა, რომ რევოლუციის შემდეგ შეიძლებოდა, რაღაც კარგი მომხდარიყო.

ამ გამოცდების გამო, ვიღაცების შიმშილობასაც მოვესწარი, მინისტრის გადადგომის მოთხოვნასაც და მის ლანძღვასაც. მე კიდევ, ლომაიას მხარს ვუჭერდი. ეროვნულები რომ არ ყოფილიყო, იმ კორუფციის ფონზე, არათუ უფასოზე, საერთოდ, უნივერსიტეტში მოხვედრაზეც ვერ ვიოცნებებდი. ჰო, მამაჩემს გამომცდელებისათვის ჩასაკუჭი თუ ქეისით მისატანი ფული არ ჰქონდა.

სექტემბერში, მაშინ, როცა "შუშანიკის წამება" გადავშალე და გამოცდისთვის პირველი თავის კითხვას შევუდექი, პირველად გავიაზრე, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს მოვატყუებდი. თუ რამის მიღწევა მინდოდა, ჩემი შესაძლებლობებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე, ყველაფერი მე თვითონ უნდა გამეკეთებინა.

მე თვითონ.

ვფიქრობ, რომ თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, შუა რეფორმირების პროცესში, კახა ლომაიას მოხსნა იყო. მას შემდეგ ყველაფერი აირია და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. სკოლა პატარა ციხედ იქცა თავისი ზედამხედველებით, ჩამშვებებით, დამბეზღებლებით, "ჩმორებითა" თუ მოძალადეებით.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით, როგორ უნდა აღზარდოს მასწავლებელმა მოსწავლე? როგორ უნდა ჩაუნერგოს დამოუკიდებელი აზროვნების, თავისუფლებისა და   პრინციპების ერთგულება მაშინ, როცა თავად, სამსახურის დაკარგვის შიშით, სახლშიც ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს და ქრონიკულად "მიშა მაგარიას" იმეორებს?

თქვენ დაშნებული და დაბეჩავებული მომავალი თაობა გინდათ, ბატონო პრეზიდენტო და, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკით, მიზანს კიდევაც მიაღწევთ.

ვერაფერს ვიტყვი, ბავშვების "სკოლაში დაბრუნების" ინიციატივა საინტერესოა, გამოცდების ახალი მოდელიც, თუმცა გიფიქრიათ, იმაზე, როცა სკოლას მაღალ დონეზე აყენებთ, იქ არსებული მდგომარეობა როგორია? იზრუნეთ, მაღალკვალიფიცირებული მასწავლებლების ყოლაზე? რა გააკეთეთ მათი პროფესიონალიზმისთვის? საფუძვლიანად გადაამზადეთ? შეუქმენით სწავლისა თუ ტრენინგის პროცესში მაღალი კლასის მიღების საშუალება? იქნებ, ერთი-ორი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ტრენინგი გგონიათ საკმარისი მასწავლებლების გადამზადებისთვის, ბატონო პრეზიდენტო?!

განათლების პროგრამის არარსებობა! - აი, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს განათლების სისტემაში. ყველაფერი, რაც ხდება, გაუაზრებლად კეთდება. ყოველ წელს იცვლება და ძვირდება სახელმძღვანელოები, ტარდება ათასი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი, რეფორმირების პროცესში, ბუნებრივია, თუმცა ჩვენთან რომ უმიზნოდ მიმდინარეობს?!. რა რეფორმას ვატარებთ, რომელ მოდელს ვქმნით, ესტონური მოდელის დასამარების შემდეგ, შეგიძლიათ, გვითხრათ, ბატონო პრეზიდენტო?!

რა თქმა უნდა, მოსწავლის ცოდნის საერთო დონის შესამოწმებლად, ბევრი გამოცდა საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, თქვენი აზრით, რამდენად მართებულია ვინმეს მოსთხოვო ის, რაც არ მიგიცია?! ვინ იზრუნა მოსწავლეებისათვის კარგი განათლების მიცემაზე? ნუთუ თქვენ და თქვენს სისტემას ამის პრეტენზია გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო?!

მე მესმის, რომ შურისძიება ყველაზე გემრიელი ხილია და, თავს უფლებას მივცემ ვივიარაუდო, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებით, მაია მიმინოშვილის კიდევ ერთხელ დასჯა გინდოდათ. აბა რა, როგორი მტკივნეული უნდა იყოს, როცა ვიღაც ერთ დღეში ანგრევს შენ  მიერ წლობით ნაწვალებსა და შექმნილს, თუმცა, რატომ არ ფიქრობთ იმ მომავალ თაობებზე, ვის ხარჯზეც ეგოისტურად იკმაყოფილებთ შურისძიების წყურვილს?!

სახლში, ჩემი სულსწრაფობისა და მეოცნებეობის გამო მეუბნებიან, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. მეც იმავეს გირჩევთ ახლა, ბატონო პრეზიდენტო.


3 comments:

Anonymous said...

maladec mec eg taoba var da zustad igives vpikrob da ganvicdi ... momwons sheni postebi dzalian:)

vasasi said...

მადლობა, ანონიმო. :)

ონისე said...

ძალიან ძალიან კარგი პოსტია, თან თამამი განცხადებებით აღსავსე ^^

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger