Sunday, July 29, 2012

ოქროები ოლიმპიადებიდან

პირველად ძიუდოს 2004-ში ვუყურე. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეც კი არ ვიცოდი ვინ იყო, ზურაბ ზვიადაურს ძალიან ვგულშემატკივრობდი. არამარტო მე, ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს ახლაც ახსოვს ემოცია, რაც მისმა გამარჯვებამ მოგვიტანა. იმიტომ, რომ ზვიადაურის ოქრო პირველი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მერე იყო 2008 წელს, პეკინი. თუმცა, მაშინ ძიუდოსთვის ვის ეცალა? არადა, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ცირეკიძე იმასიზამდა. :)


2010-ში ბაკურიანში ვიყავით ერთი კვირით და აღმოჩნდა, რომ იმავე სასტუმროში, მსოფლიო ჩემპიონატისათვის ძიუდოისტთა ნაკრები ემზადებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა ერთად ხედავ ადამიანებს, რომლებიც, პერიოდულად, შენი გმირები ხდებიან. მათთან ერთად კი ხვდები ადამიანს, რომელმაც იმავე 2004-ში, 19 წლისამ მოიპოვა ოქროს მედალი. ოღონდ, საბერძნეთის სახელით. 

ძიუდოში ისეთივე "სპეციალისტი" არ ვარ, როგორც ფეხბურთში, მაგრამ საკმაოდ კარგად ვერკვევი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ქართველ სპოტრსმენებს ეხებათ. არ ვიცი, რამდენი უყურებდით დღევანდელ ფინალს, ან რამდენმა ნახეთ 20 წლის სპორტსმენის მედლამდე მიმავალი გზა, თუმცა, იშვიათია შემთხვევა, როცა ტიპი ყველა შეხვედრას (ნუ, ფინალში არ გამოუვიდა) იპონით, ანუ, სუფთა გდებით იგებს.



ჰოდა, კვარცხლბეკზე რომ იდგა, მართლა მთელი ოჯახი ვუყურებდით ამ ბიჭს და ვფიქრობდი, რამდენჯერ შემხვედრია გორში, სპორტსკოლასთან გარეთ თუ შიგნით, რამდენჯერ უვარჯიშია, ზამთარ-ზაფხულ, ჯერ კიდევ განუახლებელ, ფანჯრებჩავარდნილ და დახეულლეიბიან დარბაზში, მერე, წარმოვიდგინე, რა ხდებოდა იმ წუთს კარალეთში (ჰო, არ არის ეს ბიჭი შიგ გორელი) და, უცებ, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. ყოველაფერი ძალიან მარტივი მომეჩვენა: ალბათ, ამ ბიჭს, "ოდნო" აქვს და მობილურში რუსული პოპიც უწერია. ანუ, ისეთია, როგორც უმრავლესობა. ე.ი. ყველაფერი რიგზეა. 

ყოველთვის მიხარია, როცა ახალგაზრდა ადამიანები აღწევენ წარმატებებს. იმიტომ, რომ მეც სტიმული მეძლევა და თავი ყოვლად უვარგისი აღარ მგონია. :)

P.S. ველოდები დანარჩენ ოქროებსაც. იმედი მაქვს, ჩემი ფავორიტი, ვარლამ ლიპარტელიანიც აიღებს. ამ ოლიმპიადაზე მასზე ვარ ჩაციკლული. :)

P.P.S. იმის იმედიც მაქვს, რომ ლაშა შავდათუაშვილი, წინამორბედების მსგავსად, სპორტს არ დაიკიდებს და იმ ბიჭივით გააგრძელებს, ათენის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში გამარჯვების შემდეგ, ყველა ტიტული რომ მოიგო.

Thursday, July 26, 2012

კახა კალაძე - მაფიოზი

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თითოეული ადამიანი, რომელმაც საქართველოსა და მისი პოპულარიზაციისათვის რამე გააკეთა, ამ ქვეყნის იმიჯია და მას პატივისცემა სჭირდება.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, ასეთებიც თითზე ჩამოსათვლელები გვყავს. ისინი ან საოპერო მომღერლები არიან, ან სპორტსმენები. უმეტესწილად, ფეხბურთელები. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ოპერისაგან განსხვავებით, ფეხბურთი "პაპსაა". არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი მოქმედი ფეხბურთელის დასახელება არ შეუძლია. თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ კახა კალაძეს მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციის მხრივ, ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.

პერიოდი, როცა კახა კალაძეს, როგორც ქვეყნის სიამაყესა და სასახელო ადამიანს, ოვაციებით ხვდებოდნენ, წარსულს ჩაბარდა. ბოლო დროს, მის მიმართ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულების გამო, მრცხვენია, თუმცა დღეს ეს გრძნობა განსაკუთრებით მაქვს გამძაფრებული. გაოგნებისგან ვერც კი ვიცინი მიზეზზე, რის გამოც, კალაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურას ეჭვი ჰქონია, რომ ის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა.

არა, კალაძეს კი ბევრი ფული აქვს, მაგრამ მისი წარმომავლობის დადგენა, რიგითი მოქალაქისთვისაც კი, არამგონია, ძნელი საქმე იყოს. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ქონების დაყადაღების მიზეზად, ის ავადსახსენებელი ავტოგოლები დაესახელებინათ, 24/7-ზე ისე რომ უხსენებენ, თითქოს,  მაგათ გარდა, სხვა არაფერი გაეკეთებინოს.


სამარცხვინოა, კახა კალაძეს, რომლის სახელსაც ცოტა ხნის წინ ყველა პატივისცემით წარმოთქვამდა, ახლა ქვებს უშენენ, ქონებას ართმევენ, მოღალატეობაში სდებენ  ბრალს (ჰო, ჯერ ერთი, სხვადასხვა გუნდში რატომ ითამაშა, მეორე, რუს ფეხბურთელ შევჩენკოსთან რატომ მეგობრობს და, მესამეც, თუ რუსეთის მოსყიდული არ იყო, იტალიასთან ორი ავტოგოლი რატომ გაიტანა?!). 


ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, მე მგონი, გირგვლიანის თემა ბევრ ადამიანს დღესაც სკეპტიკურად განაწყობს და კახა კალაძე პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილს, პირდაპირ ეთერში, ამ თემაზე კითხვა დაუსვა.


მე, როგორც ფეხბურთელს, ძალიან დიდ პატივს ვცემ კალაძეს. მისი სახელი ჩემს საყვარელ კლუბს უკავშირდება. გარდა ამისა, რაც არ უნდა ვიხსენოთ ძველი თაობის ფეხბურთელები და მათ გენიაზე ვისაუბროთ, ფაქტია, რომ კახა კალაძე, ამ სფეროში, ერთადერთი ქართველია, რომელმაც რეალურად, მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწია. 


სხვა საქმეა კალაძე, როგორც პოლიტიკოსი და ამ ფენომენზე ჩემი მოსაზრება მაქვს, თუმცა ის, რაც დღეს მის მიმართ ხდება, სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, საქართველოსადმი, აუცილებლად სკეპტიკურად განვეწყობოდი.

P.S. ბონუსად ფოტო. აქ კახა კალაძეს "მილანის" კაპიტნის სამკლაური უკეთია.



Saturday, July 14, 2012

სანდროს და სხვათა პოსტერების ისტორია

ჩემს ოთახში რემონტი დიდი ხანია, გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ლაპარაკი მიდიოდა, აღვნიშნავდი, რომ ჩრდილოეთის წმინდა კედელს ჩემ გარეშე არ უნდა შეხებოდნენ.

ერთი კვირის წინ მოულოდნელად გადაწყვიტეს გაკეთება და მაინცდამაინც პოსტერების კუთხეს მიადგნენ. დედაჩემი მისულა და ჩამოუხსნია. მერე მამიდაჩემს დაუნახავს და შემინახა (ჩემი საყვარელი მამიდა), თორემ ნინიკო გადაყრას აპირებდა თურმე.

ჰოდა, დღეს ვნახე ჩემი პლაკატები. დაუდევრად ჩამოხსნილი, უფრო ჩამოხეული. დავახარისხე, რომ შემენახა და, რომ ვათვალიერებდი, სულ თვალწინ წარმომიდგა, როგორ რუდუნებით ვაგროვებდი და მერე როგორ მოწიწებით ვაკრავდი კედელზე. ვნახე  ნესტას გადაკეცილი და გახეული პლაკატი, რომელიც სპეციალურად დავაბარე პოსტერების გამყიდველ კაცს და სანამ ჩამომიტანა, ნორმალურად არ მეძინა ღამე. მერე "მილანის" გვერდით მივაკარი. ვნახე კალაძის დაკუჭული ფოტო, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, თბილისში იყო გადაღებული და გამახსენდა, რომ ჟურნალი, რომელშიც იყო დაბეჭდილი, ჩუმად, ნაყინისთვის მოცემული ფულით ვიყიდე. ვნახე სანდროს დაკუჭული, პრაქტიკულად, გადასაგდები პლაკატი, რომელიც "თბილისელებში" ამოვიდა. ესეც ჩუმად ვიყიდე, სათუთად ამოვჭერი და ისე გავაკარი.
კიდევ ერთი ფოტო ვნახე სანდროსი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ტელეფონის ეკრანზე მაქვს დაყენებული. დაკუჭულია და დახეული. თავი აღარ აქვს. :( ეს ფოტო ძალიან ბევრჯერ ვეძებე ინტერნეტში, მაგრამ ვერ ვიპოვე.

კიდევ, იბრას პლაკატები ვნახე, იუვეში რომ თამაშობდა, მაშინდელი, მალდინი, რინიო, შევა, ჯიჯი, ნედვედი...

ავდექი და დავახარისხე. რომ ვათვალიერებდი, სულ გული მეწურებოდა. ახლა აღარ ვარ ისეთი გადარეული ფანი, როგორც 6-7 წლის წინ, მაგრამ თითოეული პოსტერი ჩემი ბავშვობის გარკვეულ ეტაპს მახსენებდა. ბოლომდე რომ დავახარისხე, პარკში ჩავდე და ავიღე, რომ შემენახა, ისე მსუბუქი იყო და ისე საცოდავად ჩაეტია ერთ პატარა პარკში, რომ ვერ მოვითმინე და ღრიალი ამოვუშვი.

ჩემი ოთახის რემონტი ცოტა ხნით, ოჯახის წევრთა უდროობის გამო გადაიდო. ახლა რომ შევდივარ და ვუყურებ ჩრდილოეთის ცარიელ კედელს, გული მეწურება და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში, ცანცარობის ეტაპი. იმიტომ, რომ რემონტამდე და რემონტის შემდეგაც, უკვე, ჩემი ოთახი დიდი გოგოს ბანალურ ოთახს დაემსგავსება და ეს ისე მაშინებს, როგორც არაფერი ამქვეყნად.


Tuesday, July 3, 2012

მეტი კომფორტი, მეტი სარგებელი

არ ვიცი, უნდა უმადლოდეს თუ არა საქართველოს მთავრობა კოკა სეფერთელაძეს იმ ფრთიან ფრაზას, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი ამოცანა, შექმნან კომფორტი, ყველამ აიტაცა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეიძლება ითქვას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია გახსნა. სახელწოდებით: მეტი სარგებელი ხალხს.

მას შემდეგ, რაც მათი მთავარი ამოცანა, რომ შეუქმნან მეტი სარგებელი ხალხს, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტარებმა თუ მთავრობის წევრებმა, ყველა ბრუნვაში იხმარეს, სინქრონებს გადავხედე და აი, რა შედეგი მივიღე:

მთავრობის ახალი ამოცანა: "მეტი სარგებელი ხალხს".

მართლა არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. 

Monday, July 2, 2012

რატომ მინდოდა გამომძიებლობა

ბავშვობაში მინდოდა, იურისტი გავმხდარიყავი. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ გავხსნიდი ჩახლართულ მკვლელობას, როგორ გავიჭრებოდი პირველი შეიარაღებული ბოროტმოქმედის ასაყვანად... ნოკლედ, ერთი შეხედვითვე მეტყობოდა, რომ დეტექტივები მიყვარდა. 

ამბობენ, დეტექტივი ყველაზე მარტივი ჟანრიაო. სიმართლე გითხრათ, ამაზე საკუთარი აზრი არ გამაჩნია. ახლა დეტექტივების წაკითხვის სურვილი არ მაქვს, თუმცა მახსოვს, რა სიამოვნებით ვკითულობდი დაბალი ხარისხის მქონედ შერაცხულ ქართულ ნაწარმოებებს.

გაგითენებიათ წიგნის კითხვაში ღამე? მე ორჯერ დამემართა. ერთხელ, როულინგის გენიალურმა "ჰარი პოტერმა" ჩამითრია, მეორედ, კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსმა".

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამომძიებლის სახელი ადრეული ასაკიდან მესმოდა, ასევე, ფილმებიც მქონდა ნანახი, მოგვიანებით, ასე 14-15 წლის ასაკში წავიკთხე. რატომღაც მეგონა, სახლში კონან დოილის წიგნი არ გვექნებოდა და სრულიად გაოცებული დავრჩი, როცა "ბასკერვილების ძაღლი" აღმოვაჩინე. სახლის ბიბლიოთეკის შთანთქმის შემდეგ, მეზობლებს, კლასელებს და ბიბლიოთეკას მივაკითხე და სულით ხორცამდე შერლოკ ჰოლმსით შეშლილი გავხდი:

ჩემს წარმოსახვაში მასთან ერთად ვიძიებდი საქმეებს, მისი დამხმარე ხელი ვიყავი (რაის ექიმი ვატსონი?!), იმდენად ჩამითრია, რომ ვყიდულობდი ყველა გაზეთს, სადაც შერლოკ ჰოლმსსა და ართურ კონან დოილზე რამე ეწერა. 

მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შერლოკ ჰოლმსმა სხვა დონე აღმომაჩენინა ლიტერატურაში. ის ერთგვარი გარდამტეხი აღმოჩნდა საბავშვო და სერიოზულ ლიტერატურას შორის. როდესაც შერლოკის თავგადასავლებს ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ იი ჩემთვის საინტერესო, კარგი ენით დაწერილი მოთხრობები, მაღალი კლასის ლიტერატურა იყო. 

მე მგონი, მას შემდეგ შემიყვარდა ლონდონი.

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ჰოლმსის თუნდაც ერთი, პატარა თავგადასავალი არ აქვს წაკითხული. ისევე, როგორც არ მეგულება ტიპი, ვისაც "ბითლზის" რომელიმე სიმღერა, თუნდაც, შემთხვევით არ გაუგონია. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი სავალდებულო წასაკითხ კლასიკად რჩება და ძალიან მიხარია, რომ დღეს, "კვირის პალიტრას" 50 საუკეთესო წიგნს შორის,  "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი" გამოვიდა.

 
Powered by Blogger