Saturday, July 14, 2012

სანდროს და სხვათა პოსტერების ისტორია

ჩემს ოთახში რემონტი დიდი ხანია, გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ლაპარაკი მიდიოდა, აღვნიშნავდი, რომ ჩრდილოეთის წმინდა კედელს ჩემ გარეშე არ უნდა შეხებოდნენ.

ერთი კვირის წინ მოულოდნელად გადაწყვიტეს გაკეთება და მაინცდამაინც პოსტერების კუთხეს მიადგნენ. დედაჩემი მისულა და ჩამოუხსნია. მერე მამიდაჩემს დაუნახავს და შემინახა (ჩემი საყვარელი მამიდა), თორემ ნინიკო გადაყრას აპირებდა თურმე.

ჰოდა, დღეს ვნახე ჩემი პლაკატები. დაუდევრად ჩამოხსნილი, უფრო ჩამოხეული. დავახარისხე, რომ შემენახა და, რომ ვათვალიერებდი, სულ თვალწინ წარმომიდგა, როგორ რუდუნებით ვაგროვებდი და მერე როგორ მოწიწებით ვაკრავდი კედელზე. ვნახე  ნესტას გადაკეცილი და გახეული პლაკატი, რომელიც სპეციალურად დავაბარე პოსტერების გამყიდველ კაცს და სანამ ჩამომიტანა, ნორმალურად არ მეძინა ღამე. მერე "მილანის" გვერდით მივაკარი. ვნახე კალაძის დაკუჭული ფოტო, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, თბილისში იყო გადაღებული და გამახსენდა, რომ ჟურნალი, რომელშიც იყო დაბეჭდილი, ჩუმად, ნაყინისთვის მოცემული ფულით ვიყიდე. ვნახე სანდროს დაკუჭული, პრაქტიკულად, გადასაგდები პლაკატი, რომელიც "თბილისელებში" ამოვიდა. ესეც ჩუმად ვიყიდე, სათუთად ამოვჭერი და ისე გავაკარი.
კიდევ ერთი ფოტო ვნახე სანდროსი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ტელეფონის ეკრანზე მაქვს დაყენებული. დაკუჭულია და დახეული. თავი აღარ აქვს. :( ეს ფოტო ძალიან ბევრჯერ ვეძებე ინტერნეტში, მაგრამ ვერ ვიპოვე.

კიდევ, იბრას პლაკატები ვნახე, იუვეში რომ თამაშობდა, მაშინდელი, მალდინი, რინიო, შევა, ჯიჯი, ნედვედი...

ავდექი და დავახარისხე. რომ ვათვალიერებდი, სულ გული მეწურებოდა. ახლა აღარ ვარ ისეთი გადარეული ფანი, როგორც 6-7 წლის წინ, მაგრამ თითოეული პოსტერი ჩემი ბავშვობის გარკვეულ ეტაპს მახსენებდა. ბოლომდე რომ დავახარისხე, პარკში ჩავდე და ავიღე, რომ შემენახა, ისე მსუბუქი იყო და ისე საცოდავად ჩაეტია ერთ პატარა პარკში, რომ ვერ მოვითმინე და ღრიალი ამოვუშვი.

ჩემი ოთახის რემონტი ცოტა ხნით, ოჯახის წევრთა უდროობის გამო გადაიდო. ახლა რომ შევდივარ და ვუყურებ ჩრდილოეთის ცარიელ კედელს, გული მეწურება და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში, ცანცარობის ეტაპი. იმიტომ, რომ რემონტამდე და რემონტის შემდეგაც, უკვე, ჩემი ოთახი დიდი გოგოს ბანალურ ოთახს დაემსგავსება და ეს ისე მაშინებს, როგორც არაფერი ამქვეყნად.


2 comments:

teennewson said...

მშვენიერი ბლოგი გაქვს.. მომეწონა, თანაც ახლა აღმოვაჩინე, რომ შენც გორელი ხარ... ^^

vasasi said...

დიდი მადლობა. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger