Thursday, August 2, 2012

წყვეტს თუ არა სახელმწიფო ვინ წავა ოლიმპიადაზე?!

ტენდენციას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოს ოლიმპიური ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე პეკინში", ჯერჯერობით, ვერ მართლდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი, ლაშა შავდათუაშვილის მოგებული ოქრო გვაქვს.

წააგო ლიპარელიანმა, ჟორჟოლიანმა.. თუმცა, ეს ამბები მთავარმა სკანდალმა გადაფარა: დღეს "ქართული ოცნების" პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ბეთქილ შუკვანი, ქართული დელეგაციის მთვრალ წევრებს ფანჯრიდან გადმოხტომით გამოექცა. როგორც თქვეს, შუკვანი გამარჯვებას კოალიციას უძღვნიდა და ამიტომ, დელეგაციის წევრებმა, მაქსიმალურად შეუშალეს ხელი გამარჯვებაში. შუკვანი ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და, როცა დამარცხების შემდეგ, გამოსარჩლებისთვის ქართულ მხარეს მიმართა, არავინ დაეხმარა.

აქ რამდენიმე კითხვა მაქვს:


  • როგორც ვიცით, შუკვანი ტრავმით ასპარეზობდა. ამბობს, რომ ხელი მანქანაში მოჰყვა.მაინტერესებს, ქართული დელეგაციის რომელმა წევრმა ქნა ეს ამბავი, ვარძელაშვილმა თუ უდესიანმა?
  • მეორე მატჩი, ტრავმის გამო, წააგო. ხუთი წამი ვერ გაძლო და იპონით დამარცხდა. მაინტერესებს, ქართულმა დელეგაციამ ჩააწყო ეს გდება?
  • რა გარანტია ჰქონდა, რომ ოქროს მოიგებდა? და თუ იმდენად თავდაჯერებული და მომზდებული იყო, ქართული დელეგაციის ბრალია, რომ დაუდევრობის გამო, ხელი მოიყოლა მანქანაში? არა, ხომ შეიძლება, რომ ჩაუწყვეს?
  • ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ, შუკვანის პოლიტიკური დევნის განმამტკიცებელ საბუთად ისიც მოიყვანა, რომ ძიუდოისტის ბრძოლა, სსმ-მ არ აჩვენა. იქნება, ვინმე კვალიფიციურ ადამიანს ეთქვა, რომ ტრანსლირებისას ტელევიზია ვერ წყვეტს, რა თამაშს აჩვენებს. ამას თვითონ ის კომპანია წყვეტს, ვისგანაც სიგნალს ყიდულობს. სხვათაშორის, მსგავსი შემთხვევა მე, 2004 წელს მახსოვს, როცა, თუ არ ვცდები, ლაშა გუჯეჯიანის ჭიდაობა ვერ გვაჩვენეს ამ მიზეზის გამო. 

რაც შეეხება მეორე მხარეს:

განცხადება, რომელიც ვარძელაშვილის მხრიდან გაკეთდა სპორტსმენის ქურდობის თაობაზე, ძალიან არადიპლომატიური ნაბიჯი იყო (თუმცა, მინისტრს ბევრ ნუ მოვთხოვთ, ამას ეპატიება). ქურდობაში დადანაშაულებასთან ერთად, მინისტრმა განაცხადა, რომ შუკვანთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია. ასე რომ ყოფილიყო, სპორტსმენი ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებოდაო.

ზოგადად, ძალიან დიდი ხანია საუბრობენ კლანების არსებობის შესახებ ქართულ სპორტსა და, განსაკუთრებით, ძიუდოში. ჭორებს ვერ დავეყრდნობით, ნამდვილად, თუმცა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ, მაშინ ტოტიკაშვილის მოხსნა ჩემთვის იყო სრული შოკი, რადგან ერთი კვირა ვესწრებოდი ძიუოდოისტების ვარჯიშს ბაკურიანში და, ძალიან კარგად დაგეგმილი და გაწერილი დღის რეჟიმი ჰქონდათ.

ისევ დღევანდელს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ, მინისტრის ეს განცხადება, თავიდან ბოლომდე უნდა მივიჩნიოთ აღიარებად, რომ მართლაც, სამინისტრო წყვეტს, ვინ წავა ოლიმპიადაზე და ვინ ვერა.მე მგონი, შუკვანის სკანდალი, მარტო ამ აღიარებად ღირდა.

ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, დარწმუნებით  ვიტყოდი, რომ ვარძელაშვილს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ამ განცხადების განმარტება მოუწევდა, თუმცა ახლა მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ერთი პრესკონფერენცია აუცილებლად ჩატარდება, სადაც ბატონი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თავის განცხადებაში გაგვარკვევს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ ძალიან დიდი ფინანსები იხარჯება სპორტსმენთა სათანადო მომზადებაზე, რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჯილდო აქვს დაწესებული (რაც შემდეგ აქ უარჰყვეს), სარეზერვო ფონდიც, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, სპორტსმენთა წახალისებაზე დაიხარჯა.. არ ვიცი, რეალურად რა გვიჭირს, როცა ძალიან ცუდ შედეგს და, ასეთ სკანდალებს ვიღებთ.

P.S. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ, ვიფიქრე, ოლიმპიურ კომიტეტს მივაკითხავ, ვინმე იქნება და, კომენტარს მომცემს-მეთქი. გადავედი მეზობლად და, დამხვდა მდივანი, რომელმაც მითხრა, რომ მთელი კომიტეტი, დაახლოებით, 15 კაცი, ლონდონშია წასული და, თამაშების დამთავრებამდე არ ჩამოვლენო. რომ ვიკითხე, იყო თუ არა ადგილზე დარჩენილი ვინმე, მიპასუხეს, რომ კანცელარია მარტო და ვიდეოკომენტარს ვერ მოგცემსო.



1 comments:

tabunia said...

ყოჩაღ, ვასასი. ობიექტური და ორმხრივად გაშუქებული კრიტიკაა!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger