Friday, August 17, 2012

"Pussy Riot"-ის წევრთა ვნებანი

17 აგვისტოს, ქალთა რუსული პანკ-ჯგუფის, "Pyssy Riot"-ის სამი წევრის სასამართლო პროცესი შედგა. ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს და ორწლიან პატიმრობაში გაუშვეს. 

ალბათ, ყველამ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ ამ ისტორიას: მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ჯგუფის წევრები მოსკოვის საკათედრო ტაძარში შეიჭრნენ და მარიამ ღვთისმშობელს სიმღერით "პუტინის განდევნა" სთხოვეს. ისინი მარტში დააკავეს და განაჩენს დღემდე ელოდებოდნენ.

თუ რა აჟიოტაჟი გამოიწვია მთელ მსოფლიოში ამ ფაქტმა, რამდენი საპროტესტო აქცია გაიმართა და ა.შ. ესეც ყველას გეცოდინებათ. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ისტორიის მონაწილე არც ერთი მხარე არაა მართალი.

დავიწყოთ იმით, რომ  "Pussy Riot"-ის ეს ნაბიჯი აბსოლუტურად პოპულისტური იყო. მათ სურდათ, გამხდარიყვნენ პოპულარულები და ამისათვის ერთდროულად თამამ და იაფფასიან მეთოდს მიმართეს. თამამს იმიტომ, რომ როგორი ათეისტიც არ უნდა იყო, მაინც დიდი გამბედაობა სჭირდება მთავარი საკათედრო ტაძრის საკურთხეველში შევარდნას, იაფფასიანს კი იმიტომ, რომ მორწმუნე ქვეყნებში ყველაზე ადვილი სწორედ სარწმუნოებით მანიპულირებაა და რუსეთი სწორედ ამ კატეგორიის სახელმწიფოთა შორის გადის.

თუ ამ ადამიანთა დანაშაულზე ვისაუბრებთ, დიახ, მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც უფრო მორალურ ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, მიუხედავად მიზნისა, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება, სხვისი რელიგიური გრძნობების შებღალვა, უბრალოდ, ამორალური საქციელია. მიმაჩნია, რომ მათ პასუხი უნდა ეგოთ. ყოფილიყო  ეს, თუნდაც, ძალიან მაღალი, ადმინისტრაციული ჯარიმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გასამართლება და პატიმრობა.

რაც შეეხება მეორე მხარეს.. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამომრჩეველთა ხმის მოპოვების მიზნით, გოგონების დაპატიმრება მომგებიანი ნაბიჯი იყო, თუმცა დღევანდელ სასამართლოზე იმდენად გაუგებარი რაღაცები ხდებოდა, მოსამართლე, ცოტა არ იყოს, შემეცოდა.

ფაქტია, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც, სწორედ,  "Pussy Riot"-ის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ გოგონებმა მიაღწიეს იმ მიზანს, რაც თავიდანვე გათვლილი ჰქონდათ: მათ მოიცვეს ორივე მხარე: მათი საქციელის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც. ისინი გაიყვანეს ქუჩაში და მათი სახელი აძახებინეს. როგორც პიარში ამბობენ, ასეთ დროს კონტექსტს მნიშვნელობა არ აქვს.

 ალბათ, ამ წუთებში თითოეული მათგანი ძალიან ამაყია ყველა იმ აქციით, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, ისინი ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე მისაღები, ყველაზე "წამებული" და ყველაზე მაგარი ტიპები არ აღმოჩნდებიან. ტიპები, რომლებიც "სახელმწიფო მონსტრსა" და "ეკლესია მონსტრს" დაუპირისპირდნენ და არ შეეშინდათ.

სიმართლე გითხრათ, ასეთი ქმედებები ჩემში სოლიდარობას ნაკლებად იწვევს. არც გაპროტესტების სურვილი მიჩნდება, რადგან არ მიყვარს, როცა საკუთარი მიზნებისთვის მიყენებენ (მით უმეტეს, თუ პროტესტს ერთგვარი მატრაბაზულ-მიმბაძველობითი ხასიათის იერი დაჰკრავს). გასაპროტესტებლად მხოლოდ გოგონებისათვის შეფარდებული არაადეკვატური სასჯელი მიმაჩნია, რომელსაც შესაბამისი რეაქციები უკვე მოჰყვა.

ატეხილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, ეს პოსტი რომ არ დამეწერა, ნამდვილად არ შემეძლო. ჰოდა, ასე:  "Pussy Riot"-მა მეც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილივით, საკუთარი მიზნებისთვის გამომიყენა.


3 comments:

ნინო said...

ძაან მიყვარს ეს ბლოგი,დიდი ხანია ვკითხულობ,ცუდა რომ იშვიათად დაიწყე წერა:))

vasasi said...

მადლობა, ნინო. :)

ჰო, რაღაც, ბოლო დროს მოვუკელი, მაგრამ გავაქტიურდები, პირობას ვდებ. :*

ბუშკა said...

ყველაფერში გეთანხმები ვასასი და + არ ვიცი რამდენი ხნით შეუფარდებენ პატიმრობას, მაგრამ თუ ვადა არაადეკვატური არ იქნა, არც დაპატიმრება მიმაჩნია ამ შემთხვევაში ზედმეტად. (რა თქმა უნდა, წლები არ უნდა მისცენ). სწორედ ამიტომ, ერთხელაც არ ამომიღია ხმა მათ შესახებ და ესეც პირველი კომენტარია, რაც გავაკეთე. ძალიან ამოვიდა ყელში ეს იაფფასიანი მეთოდები

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger