Sunday, September 23, 2012

ანა კარენინა

ჩემი აზრით, ტოლსტოის საუკეთესო ნაწარმოები სულაც არ არის "ანა კარენინა". 50 წიგნში "აღდგომას" ან "ომი და მშვიდობას" მაინც ველოდებოდი, თუმცა კარენინა შემრჩა.

არ ვიცი, რატომ აქვთ მშობლებს საკუთარი შვილებისათვის ღრმა ბავშვობაში წასაკითხი წიგნების სია გამზადებული. 10-12 წლამდე აუცილებლად გადასაკითხი ნაწარმოებების ნუსხაში "დონ კიხოტეს", "გმირთა ვარამს", "მთვარის მოტაცებას", "ომი და მშვიდობას" თუ "გულივერის მოგზაურობას" შეხვდებით. არადა, ეს წიგნები სულაც არ არის საბავშვო.

ბევრისგან გამიგია, რომ "ანა კარენინა" ათი-თერთმეტი წლისებმა წაიკითხეს. პრინციპში, თუ შინაარსობრივად განვიხილავთ, არც კარენინა და არც ზემოთ ჩამოთვილი წიგნები, ასაკის გამო, გვერდით გადასადები არ არის,  თუმცა მთავარი არც ერთ ნაწარმოებში არ არის ზედაპირული შინაარსი . ამიტომ, ერთი შეხედვით მარტივი ნაწარმოებების წაკითხვა, ადრეულ ასაკში სისულელედ მიმაჩნია.

ტოლსტოის პირველი სერიოზული ნაწარმოები (მოთხრობებს თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ), "ანა კარენინა" წავიკითხე. მართალია, ეს ძალიან ადრეულ ასაკში არ მოხდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოვიხიბლე. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შემდეგ სხვა, უფრო ღრმა ნაწარმოებებსაც გავეცანი.

ანა კარენინა, ჩემს თვალში, საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შეწირული ქალია, რომლის ამბავიც ბევრს გულს უჩუყებს. მასზე გადაღებულია უამრავი ფილმი, სერიალი.. ცუდ ტონად მიიჩნევა, თუ წაკითხული არ გაქვს და ა.შ. არადა, ჩემი აზრით, დიდი ვერაფერი. მით უმეტეს, "აღდგომისა" და "ომი და მშვიდობის" გვერდით, ძალიან უსუსური ჩანს.

სამწუხაროა, რომ დღეს, 50 წიგნში ტოლსტოის სწორედ ეს ნაწარმოები შევიდა. არადა, "ომი და მშვიდობა" თუ "აღდგომა", კარენინასაგან განსხვავებით, რთული საშოვნელია.

Tuesday, September 11, 2012

წაგება, რომელიც მოგებას უდრის

ესპანეთის დიდი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა როგორ შეიძლება, ფეხბურთი გიყვარდეს და რამდენიმე მეტრში მყოფი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა არ მოგინდეს?

გუშინ, პრესკონფერენციაზე, პირადი მიზეზების გამო, ამის შანსი ვერ გამოვიყენე, ვერც ბილეთის ყიდვა შევძელი და დავრჩი ეკრანის ამარა.

ზოგადად, არ მესმის, რაც არ უნდა გადარეული ფანი იყო (ჯერ ერთი, რომელიღაცა ქვეყნის გუნდს რატომ უნდა გულშემატკივრობდე, მაგრამ საკუთარი რომ არ გვყავს, მაგას რა ვუთხარი), არ მესმის მორალური მხარე, თუ როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო გუნდს, რომელიც შენი ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს?! ვისაც 2006 წელს იტალიის ნაკრებთან თამაში გახსოვთ, მაყურებლებს შორის აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ, აძურას ფორმაში გადაცმული მატრაკვეცა გოგჩოები. ასეთივე მოლოდინი იყო საქართველო-ესპანეთის მატჩზეც, სადაც მაყურებელთა ნაწილი მესის თამაშის სანახავად მიდიოდა, თუმცა, არ გამართლებულა.

მაყურებელი იყო თითქმის იდეალური ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან კარი მშრალად 85 წუთის მანძლზე შევინახეთ - შედეგით, რომელსაც, მაყურებლის არ იყოს, ალბათ, არც ესპანელები ელოდნენ;

ამაყი ვარ ჩვენი ნაკრების თითოეული წევრისა და მთავარი მწვრთნელის გამო;

ამაყი ვარ იმიტომ, რომ თამაშიდან თამაშამდე ვხედავ ჩვენი გუნდის პროგრესს.

დღევანდელი შედეგი იმის ბრალი იყო, რომ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. მჭედლიძე ლამის ფორთხვით გავიდა, მეკარემ სასწაულები აკეთა (ლორიას დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის და, იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ იქნება) და რომ არ შეცვლილიყო, დიდი შანსია, ესპანელები უკან ერთი ქულით გაგვეშვა.

მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან სათამაშოდ, რომლებიც, ალბათ, ნაკრების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა წევრებისათვის არიან კერპები, ბიჭები ფსიქოლოგიურად ძაალიან კარგად იყვნენ დამუშავებულები და სასწაულების მოსახდენადაც იყვნენ მზად. შეიძლება, ეს სასწაული კიდეც მომხდარიყო, ცოტა რომ გაგვმართლებოდა და ის საგოლე მომენტები კარგად წაგვსვლოდა.

მატჩის ყურებისას მივხვდი, რომ ძალიან მაგარია ერთ ადგილას პეროგათხრილ საზოგადოების ნაწილს აჩვენო, რომ გულიანად თამაშისა და მონდომებისათვის უცხოელი მწვრთნელი საჭირო არ არის და ამას ქართველიც ახერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ არა ქეცბაია, ჩვენი ნაკრები ვერ ითამაშებდა დღეს ისე, როგორც ითამაშეს და უნდა ვაღიარო, რომ ეს 0-1 წაგებული მატჩი, ჩემთვის მოგების ტოლფასია. იმიტომ, რომ მე დღეს მოედანზე დავინახე გუნდი, რომელმაც სამომავლოდ იმედი მომცა. იმის იმედი, რომ ოდესმე, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებზე, დიდ ეკრანებთან, ლუდითა და ჩიპსებით შეკრებილები, ესპანეთს, იტალიას, ბრაზილიასა თუ არგენტინას კი არა, საქართველოს ვუგულშემატკივრებთ.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი მაყურებელი სტადიონზე, გარკვეულწილად, ქეცბაიას დამსახურებაცაა და ამიტომ, კიდევ ერთი მადლობა მას. მადლობა იმისათვის, რომ არსებობს, მადლობა იმისთვის, რომ აკეთებს გუნდს, რომელსაც თავაწეულები ვგულშემატკივრობთ.




 
Powered by Blogger