Tuesday, November 20, 2012

კათეტერები მოერევა თუ არტილერია?

შარშან, „ნანუკას შოუზემომხდარმა ინციდენტმა, საზოგადოებას კარგა ხნით მისცა სალაპარაკო. მართლაც, ძნელია, გულგრილად ჩაუარო, პოპულარული ქალების ხელჩართულ ჩხუბს, თუმცა მოროშკინა-ფხაკაძეს შორის ინციდენტის პარალელურად, ინტერნეტში კიდევ ერთი ვირუსული ვიდეო გაჩნდა. ვიდეო, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ინციდენტზე საუბრისას დამაჯერებელი სახით ამბობს, „ლალი რომ მთვრალი არ ყოფილიყო, შეიძლება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ჩანგალს არტილერიაში არ ჩაარტყამდაო“.

მაშინ ჟორჟოლიანის ამ გამონათქვამს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარტო იმიტომ რომ ეს სიტყვა ნანუკამ თქვა - ფრთიან ფრაზად იქნა ატაცებული. მოგვიანებით, ქილიკის ადრესატმა თავი ასე იმართლა, მთელი ღამის უძინარი და განერვიულებული ვიყავი, თორემ არტერიასა და არტილერიას შორის განსხვავება ძალიან კარგად ვიციო.

ჩემი მწირი ინფორმაციით, განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტებს სამუშაო სფეროები აქვთ დანაწილებული. მაგალითად, ეკონომიკა, იურისპუდენცია, პოლიტიკური საკითხები.. თუმცა ჩვენთვის მსგავსი კომფორტი არ არსებობს. ამიტომ, ყველა საკითხში გვიწევს ექსპერტობა. ვექსპერტობთ და ხშირად გვეშლება კიდეც - ფიზიკურად ვერ ვასწრებთ ინტერვიუმდე თემატური მასალის წაკითხვას. ვექსპერტობთ და, იქიდან გამომდინარე, რომ თემა არ გვესმის, მასალა ზედაპირული გამოგვდის.

სწორედ არაკომპეტენტურობა და ზედაპირულობაა ძირითადი კრიტიკის ქარცეცხლი, ჟურნალისტებს რომ ატყდება თავს. სამართლიანადაც, თუმცა ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვსო. ასე, შესაძლოა, ბენდუქიძესთან ეთერში უცოდინარობა რიგით ჟურნალისტს აპატიო, მაგრამ არა საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელს, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტად მიიჩნევა. ასეც მოხდა. თუმცა მღელვარება რამდენიმე კვირაში ჩაცხრა. ალბათ, ნელ-ნელა დავიწყებასაც მიეცემოდა, რომ არა მისი ხელახლა, უნებურად წამოტივტივება.

ვიდეობლოგმა, რომელიც ორი დღის წინ, მაესტროს ეთერში გამოჩნდა. შორენა შავერდაშვილი ბენდუქიძესთან ეთერს იხსენებდა. ამბობდა, რომ თვითონ გულგრილია ყოველგვარი კრიტიკის მიმართ, სამაგიეროდ, მისი მშობლები განიცდიან და მაგალითად, media.ge-ზე ამას წინათ გამოქვეყნებულ ანა გურულის პოსტი მოიყვანა. ანამ ჟურნალისტიკის ხუთ მონსტრზე დაწერა, სადაც, ერთ-ერთის განსამტკიცებლად, ელემენტარული გეომეტრია ჰქონდა მოტანილი. ის, მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი, ჰიპოტენუზის კვადრატების ჯამის ტოლია. პრინციპში, ვიდეოპოსტში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა კათეტების კათეტერებად მოხსენიება და თანაც ორჯერ.

ბენდუქიძესთან ეთერის შემდეგ, ბევრ ადამიანს მიეცა თავიდან ქილიკის საბაბი, თუმცა როგორც ვიდეოპოსტის ავტორისაგან განმარტებად მივიღეთ, კათეტების კათეტერებად მოხსენიება ინგლისური განათლების ბრალი ყოფილა. ასეთი ბევრ ჩვენგანს მიღებული არ აქვს და, შესაძლოა, მყარ არგუმენტადაც გამოდგეს,  მაგრამ არც იმისგან ვართ დაზღვეულები, რომ ვიღაც ინტრიგანს გუგლი გაახსენდეს და აღმოაჩინოს, რომ პითაგორას ინგლისურენოვან ვარიანტში კათეტის და კათეტერის ხსენებაც არ არის (Pythagorean Theorem - a² + b² = c² where c is the hypotenuse while a and b are the legs of the triangle.).

წეღან აღვნიშნე, რომ ჩვენ, ჟურნალიტებს ყველა თემაზე გვიწევს მუშაობა და, შესაბამისად, კომპეტენციაც გვაკლია. მიუხედავად ამისა, არის თემები, რომლებშიც სხვებზე ცუდად ვერკვევით და, ხშირად, მათზე მუშაობასაც ვარიდებთ თავს. მე მგონი, არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი. შესაძლოა, ამან გარკვეულწილად, საზოგადოებაში პატივისცემაც გამოიწვიოს. ყოველშემთხვევაში, უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნება ვიდრე "დემაგოგიის მონსტრთან" დებატები.

ასეთ რაღაცას იმიტომ ვწერ, რომ ვფიქრობ, აქსიომებზე ( ესეც მათემატიკური, კერძოდ, გეომეტრიული ტერმინია, სხვათაშორის)  მსჯელობა არაფრისმომცემია. თუ ადამიანი კარგი ტიპია, კარგად წერს, კარგი მენეჯერია, საუკეთესოა დონორებთან ურთიერთობაში და .. სულაც არაა ტრაგედია, თუ ეკონომიკურ საკითხებში ვერ ერკვევა. მთავარია, ზუსტად გაავლოს კომპეტენციის ზღვარი და არ დაიწყოს იმის მტკიცება, რაც არ იცის ან რაზეც ზედაპირული წარმოდგენა აქვს. ჯერ ერთი, ეს საზოგადოებაზე გამაღიზიანებლად მოქმედებს, მეორეც, საკუთარ თავს იგდებს ცუდ მდგომარეობაში. იმიჯი კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეგვიძლია საკუთარ თავს შევუქმნათ.

P.S.
დასასრულ, მინდოდა მეპროვოკატორა და ტანგესსა და კოტანგესზე დამეწერს რამე, მაგრამ მომერიდა: უხერხული იქნება, ვინმემ პასუხის გაცემა რომ მოინდომოს და ნებით თუ უნებლიეთ, ტრიგონომეტრიის ამ ელემენტებს პიკანტური ჟღერადობა შესძინოს.


2 comments:

Anonymous said...

ასეთ რაღაცას იმიტომ ვწერ, რომ ვფიქრობ, აქსიომებზე ( ესეც მათემატიკური, კერძოდ, გეომეტრიული ტერმინია, სხვათაშორის)

რატომ ვითომ გეომეტრიული? :) "ალგებრული" არ არის? :)

vasasi said...

აქსიომა, თეორემა და ჰიპოთეზა მათემატიკური ტერმინებია, რომლებიც,ძირითდად, გეომეტრიაში გამოიყენება. თუ ჩემი არ გჯერა, დაგუგლე, მაინცდამაინ შორენას ნუ ენდობი :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger