Monday, December 31, 2012

სურვილები 2013 წლისათვის

იმდენი ხანია, ახალი პოსტის ფანჯარა არ გამიხსნია, რომ უცებ, შემეშინდა. :) და რადგან არც შემაჯამებელი პოსტი დამიწერია, ბარემ ყველაფერს ჩავატევ აქ.

მოკლედ, თუ ზამთარს არ ჩავთვლით, რომელიც კოშმარულად ცივი იყო და ასეთადაც დამამახსოვრდა, გასული წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, სიურპრიზებით დატვირთული და საინტერესო.

ჩემი კარლსონი  ყოველი დღის ბოლოს კითხულობს, თუ რით იყო გამორჩეული ის დღე. თუ ვინმე გასულ წელზე მკითხავს, ერთ-ერთი აუცილებლად გამახსენდება ათთვიანი პროგრამა გერმანიაში, რომელშიც ჯერ მოვხვდი და მერე ვეღარ, თუმცა მომავალ წელს იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად გამიმართლებს. საზღვარგარეთ სწავლა ჩემი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ მუღამით ვთქვი უარი ძალიან ბევრ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლებოდა, ჩემს თავს დატეხილიყო.

ამ კუთხით, წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როცა ჩემს თავს რაღაც არ ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საშინელი იმედგაცრუება არ განვიცადო. როცა ამას დავუკვირდი, იმასაც მივხვდი, რომ იღბლიანიც ვყოფილვარ. :)

2012 წელს ყველაზე სიურპრიზებით აღსავსე მაინც დეკემბერი აღმოჩნდა. ამ თვეს მოულოდნელად ვისკუპე საკმაოდ დიდი ნაბიჯით წინ და თან რამდენიმე ფლანგზე ერთდროულად.

შარშან, შარშანწინ, წელს.. გამორჩეულად ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ის პერიოდი მაქვს, როცა ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრების საუკეთესო ეტაპს გავდივარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2013 წლევანდელზე ნაყოფიერი იქნება, თან ჩემი წელია. :)

რაც შეეხება სურვილებს:

1. ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. წელსაც დავრწმუნდი ამაში და, მინდა, რომ ეს მქონდეს. ეს თუ მექნება, მერე ყველაფერი თავისით მოვა. :)

2. მინდა, რომ თავი მოვაბა და წელს მაინც წავიდე სადმე ჯანდაბაში: ევროპასა თუ აზიაში;

3. მანქანის ყიდვა მინდა (თუ მანამდე ვინმემ არ მაჩუქა);

4. პროფესიული კუთხით მინდა, განვვითარდე და ფინანსურადაც რომ უფრო ისა;

5. შარშანდელი სურვილის მიუხედავად, ინგლისური სრულყოფილად არ ვიცი, სამაგიეროდ, სრულყოფილად ვკითხულობ უკვე, ლექსიკონის გარეშე. მინდა, მომავალი წლისთვის საშუალოზე ცოტა კარგად მაინც ვლაპარაკობდე;

6. მინდა, რომ ჩემი ადამიანები კარგად იყვნენ;

7. 2014 წელს მინდა, სხვა ქვეყანაში შევხვდე ახალ წელს და ეს, ალბათ, ყველაზე მნიშნველოვანი სურვილია, რაც ამ ეტაპზე მაქვს.


ექვსსაათ-ნახევრით ადრე, ყველას გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, მიგეღოთ ის, რასაც იმსახურებთ. არც მეტი და არც ნაკლები. :)




Saturday, December 22, 2012

ვასასობა 2012

წელი იწურება. უდროობისა და მკითხველ-ავტორისაგან მიტოვებული ბლოგის მიუხედავად, არ მინდა, ტრადიცია დავარღვიო. ტრადიცია, რომელიც თავში პირველად იმ წლის ბოლოს მომივიდა, როცა ეს ბლოგი დაარსდა.

ჩემი ნაცნობების/მეგობრების/კოლეგების უმეტესობა, ინტერნეტ-სივრციდან მყავს. რაც მართალია, მართალია, ბლოგმა და ბლოგერებს შორის ურთიერთობებმა, დროსთან ერთად, მუღამი დაკარგა. იმიტომ, რომ კატის კნუტზე წერის მაგივრად, "პროფილზე", "ოდნოკლასნიკზე", პოლიტიკასა თუ საზოგადოების სენზე დავიწყეთ საუბარი და, მეტ-ნაკლებად, აკადემიურები გავხდით. ჩვენს ბლოგებს მოაკლდა ცხელი ჩაი ზამთარში, მყუდრო გარემო, ერთი დღის შემაჯამებელი ამბები და ერთმანეთისთვის დატოვებული საყვარლობა კომენტარები.

ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ, რომ დაკავებულები გავხდით. ახლაც, საშინელი ცაიტნოტის მიუხედავად, მაინც ვაპირებ, ტრადიცია არ დავარღვიო და წლის აღსანიშნავი ადამიანები თუ მოვლენები შევაჯამო. ჰხოდა, იმედი მაქვს, რომ ერთხელ, 6423423 წელს, მსოფლიოს პერო და ფეშენებელურ ვილაში შევიკრიბებით და ყველა ერთად აღვნიშნავთ ვასასობა 6423423-ს.

წლევანდელი, ანუ, 2012 წლის ვასასობა, ისევე, როგორც წინა შემთხვევები, ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნომინაციების წარდგენა, მეორე კი დაჯილდოვებაა. ჰხოდა, სანამ მეორე ნაწილზე გადავალთ, პირველს გამოვაცხადებ გახსნილად. მაშ ასე:


#1 წლის ვიდეო

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს ძალიან გავუზრდელდი, იმდენად, რომ სამი-ოთხი ღირებული პოსტიც კი არ დამიწერია (პრინციპში, რომც დამეწერა, მკითხველმა ისე დამივიწყა, რომ არც კი შემოვიდოდნენ), ვიდეოებზე გადავედი. წლის ვიდეოდ ნამდვილად არის ვიდეო, რომელმაც უამრავი გაზიარება დაიმსახურა და აქ მოყვანილი გამონათქვამიც ფრთიან ფრაზად იქცა.

წლის ვიდეო - დაგმე მიშა!. 

P.S. რადგან აღნიშნული სასულიერო პირისათვის წითელი ფურცლის გადაცემა ანათემის ტოლფასი იქნება ჩემთვის, ამიტომ, სიგელი გადაეცემა ვიდეოს მეორე მთავარ მოქმედ გმირს.

წლის ვიდეოგმირი - ბექა გაბადაძე.



#2 წლის აღმოჩენა

ამ ადამიანს დიდი ხანია, არავირტუალური სივრციდან ვიცნობდი და, რატომღაც, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბლოგერი იქნებოდა. მახსოვს, თავის ბლოგზე რომ მომიყვა, ძალიან გავოცდი, თუმცა ვეცადე, არ შემემჩნია, მერე შინაარსი კარგად დავიმახსოვრე და სახლში რომ მოვედი, ჩავუჯექი. პრინციპში, ის არც არის ბლოგერი, რადგან სპეციფიკური გვერდი აქვს, სადაც საკუთარ შთაბეჭდილებებს წერს. შთაბეჭდილებებს წიგნებზე.

წლის აღმოჩენა - მკითხველის ბლოგი.



#3 წლის ბლოგერი

პოსტის დასაწყისში ვყვებოდი ძველ ბლოგერებსა და პერიოდზე, როცა ყველა საკუთარი კატის კნუტზე წერდა, როცა ბლოგის ქონა თბილისის ფორუმიდან ინტერნეტსივრცეში გათვიცნობიერების უფრო მაღალ დონეზე გადასვლას ნიშნავდა, როცა ყველა პოსტი საყვარელი და ფუმფულა იყო.. მერე ყველა შევიცვალეთ, თუმცა მახსენდება ერთი მაშინდელი ბლოგი, რომელსაც ცვლილება არ განუცდია, რომელიც კვლავ ძველებურად ინტენსიურია და სადაც სიმყუდროვისა და სიმშვიდის განსაცდელად შევდივარ.

წლის ბლოგერი - სოფი გოლდენი.




# 4 წლის წამქეზებელი

ვცდილობდი, თუმცა ვერაფრით გავიხსენე მომენტი, როცა ამ ადამიანს პირველად შევხვდი. სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ხშირად ვერ ვხვდები, თუმცა, რატომღაც, ისეთ პერიოდში მიწევს ხოლმე მასთან ურთიერთობა, როცა საქმესთან მიმართებით, მოტივაცია დაქვეითებული მაქვს და მონოტონურ რეჟიმში ვარსებობ. ჰოდა, როცა ვუყურებ მის მონდომებას, შემართებას, საქმისადმი დამოკიდებულებას და ა.შ, მეც სტიმული მიჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ, თავისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ რამეს მიაღწევს და სულ, სულ, სულ ვგულშემატკივრობ.
P.S. ჰო, და კიდევ ის ვიცი, რომ ჩემი ერთი ფრაზა სიკვდილამდე ემახსოვრება.. :D

წლის წამქეზებელი - გიორგი გოგუა.


#5 წლის ტრენერი

ადამიანს, რომლის წარდგენასაც ამ ნომინაციაში ვაპირებ, თავისუფლად შემიძლია ვუწოდო ადამიანი პოზიტივი. არსებობს მოსაზრება, რომ მეგობრები ატარებენ იმ თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვინდა, გვახასიათებდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც რაღაც სიცარიელეს ამოგვივსებენ. ეს არის ადამიანი, რომელთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის დღესასწაულივითაა, აქვს ზეიუმორი და არის ძალიან მაგარი ტიპი მაშინაც კი, როცა მტუქსავს და მეკაიფება. ეს კი ჩვენი შეხვედრის ყოველ ჯერზე ხდება. მისი დარიგებები, რჩევები, დატუქსვა, გამხნევება, ყოველთვის არის დროული, სწორი და ზუსტი. ამ ადამიანის აურაც თითქმის ისევე მოქმედებს, როგორც წინა ნომინანტის შემთხვევაში.

წლის ტრენერი - ლიკა ჯოკო.



#6 წლის ჩორვენი

მე მისთვის ბორშიჭამია ვარ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბორში. სულ მეუბნება, რომ არაჩვეულებრივად აკეთებს ჩემს საყვარელ წვნიანს, თუმცა არასოდეს გამისინჯავს მისი დამზადებული. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ახასიათებს სიყვარულის კლასიკური ფორმით გამოხატვა, თუმცა ვიცი, რომ ვუყვარვარ და მეც ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს.

წლის ჩორვენი - მარიამ ბლანკი.


#7 წლის სექტანტი

ალბათ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ, ბევრი რამე რომ გაოცებს ნორმალურია, თუმცა ამ ადამიანის ფენომენი ვერაფრით ამოვხსენი. ქალი თარჯიმანი, ქალი იურისტი, ქალი მოქალაქე ჟურნალისტი, ქალი რეჟისორი, მოკლედ, თამუნა მირიანაშვილი.  

წლის სექტანტი - ლიტერატორი.


ასე და ამგვარად, 2012 წლის ვასასობის ოფიციალურ ნაწილს დასრულებულად ვაცხადებ.  რაც შეეხება არაოფიციალურ ნაწილს:


  • დაჯილდოვება გაიმართება ხუთშაბათს, 27 დეკემბერს, 19:00-ზე Beer Time-ში. ვინც არ იცის, ეს არის რუსთაველზე, ბილაინის ოფისთან ასახვევია და იქ. 
თუ ვინმეს მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პმ  მომწერეთ, რათა დამსახურებული ატრიბუტები ახალ წლამდე გადმოგცეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტოვებთ თქვენთვის საგულდაგულოდ შერჩეულ სუვენირებსა და სექტანტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. :) 

Monday, December 3, 2012

ემილ ზოლას " ხაფანგი"



როდესაც 50 წიგნის პროექტი დაიწყო, თავიდანვე აქტიურად ვუჭერდი  მხარს, რომ ამ პროექტში ემილ ზოლას "ხაფანგი" შესულიყო.    კითხვისას აღმოჩენებს ხშირად ვაკეთებთ, ვაკვირდებით გმირებს, მის ხასიათს და, ამის ფონზე, ავტორის ფსიქოლოგიასთნ ერთად, მაშინდელი საზოგადოების ყოფის შესახებაც ვიგებთ ინფორმაციებს.

ალბათ, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც მიიჩნევს. რომ ფრნგული მწერლობა წამყვანია ლიტერატურის დარგში. ასე იყო და გრძელდება დღესაც. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო, შემოქმედებითი თვალსაზრისით, კრიზისს განიცდის, არსებობენ უელბეკი, ბრეგბედერი, შმიტი.. ადამიანები, რომლებიც რეალობაზე რეალურად წერენ, მწერლები, რომლებიც აშიშვლებენ ყოველდღიურობას და შეულამაზებლად მოაქვთ ჩვენამდე. შესაძლოა, ბეგბედერისა თუ უელბეკის ნაწარმოებმა ესთეტიკური სიამოვნება ვერ მოგანიჭოს და, პირიქით, აღშფოთდე კიდეც ასეთი შიშიშვლით, თუმცა უნდა გამოვტყდეთ, რომ ეს მწერლები გულგრილად არავის ტოვებენ. თითოეულ ჩვენგანს, უელბეკის ხსენებისას წარმოგვიდგება არა ადამიანთა პირდი ცხოვრების დეტალები, არამედ, ღრმა დეპრესიული ფონი, ემოციებისაგან დაცლილი და უბედური ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ყოფამ რობოტებად აქცია.

ეს რეალიზმია. თანამედროვე ფრანგული რელიზმი, თუმცა ამ ჟანრის ფუძემდებლად, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ემილ ზოლ მიიჩნევა. ავტორი, რომელიც შელამაზების გარეშე გვიყვებოდა მაშინდელი ფრანგული საზოგადოების ყოფას, გვიყვებოდა რიგით ადამიანებზე, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ისტორიებს, რომლებიც არ მთავრდებოდა, თუმცა ზოლას ნაწარმოებების კითხვისას მე პირველად გადავაწყდი შემთხვევას, როცა ვერ აღმოვაჩინე, თუნდაც, ერთი დადებითი გმირი.

"ხაფანგი" რიგითი ფრანგების რიგით ცხოვრებას გვისახავს. გვიყვება მიტოვებულ ქალზე,  მის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე, მეოე ქმარზე, მეზობლებზე, შრომაზე, რუტინასა და ყოველდღიურ ურთიერთობებზე. არასოდეს დამავიწყდება შოკი, რომელიც ამ წიგნის დახურვისას მქონდა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემს ლიტერატურულ გემპვმებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამ წიგნმა გამზარდა როგორც მკითხველი და, მინდა აღვნიშნო. რომ მსგავსი ტიპის გარდატეხა ჩემში, არც ერთ სხვა ნაწარმოებს არ გამოუწვევია.

ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანებს. ეს არის წიგნი, რომელიც მართლა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ ცოცხალი ხართ და დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მისი 8 ლარად შეძენის საშუალება გაქვთ.


 
Powered by Blogger