Monday, January 23, 2012

იაპონელი პო

პო ამერიკელია.
იაპონელებს არ სჭირდებათ პო, მათ ხომ იმდენი კარგი მწერალი ჰყავთ, თამამად შეუძლიათ, თავაწეულებმა იარონ.

მაგალითად, შეშლილი იუკიო მისიმა, რომელიც ჩემ თვალში ლეგენდაა, ქინძაბურო ოე, რომლის ნაწარმოებებიც ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევა, "დაგვიანებული ახალგაზრდობა" კი ძალიან მაგონებს "ციცინათელების სასაფლაოს". როკენროლის მოყვარული ჰარუკი მურაკამი, იაპონური ტრადიციების მოყვარული იასუნარი კავაბატა და, რა თქმა უნდა, რიუნოსკე აკუტაგავა - იაპონელი ედგარ ალან პო.არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული, ვისაც მისი, თუნდაც, ერთი მოთხრობა არ წაუკითხავს.

ამბობენ, თუ გენიოსი ხარ, შეშლილი უნდა იყოო. აკუტაგავა შეშლილი იყო. მთელი ცხოვრება აწუხებდა დედისგან გენეტიკურად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემები. ბავშვობიდან მოყოლებული იტანჯებოდა უძილობით და ჰალუცინაციებით, ამასთან, ძალიან ნიჭიერი იყო: ადვილად სწავლობდა უცხო ენებს და საკმაოდ ადრე მოიხვეჭა პოპულარობა.

მისი ნაწარმოებების უმეტესობა ფსიქოლოგიურია. ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ თავის თავზე წერს, რადგან, მისი ბიოგრაფია რომც არ იცოდე, გამორიცხულია, მოთხრობის მიხედვით არ მიხვდე, რა აწუხებდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის წერილი, ავტორის სულის სარკეა და კარგად აჩვენებს მასში მიმდინარე არამატერიალურ პროცესებს, თუმცა ხშირად მგონია,რომ აკუტაგავა თავის თავზე წერდა და იმდენად ეგოისტი იყო, რომ ნაწარმოებშიც არ უშვებდა შანსს, რომ სხვისთვის ეთქვა, თუ რაოდენ უბედურია.

35 წლის ასაკში, აკუტაგავამ თავი მოიკლა. მართალია, ჩვენგან განსხვავებით, იაპონელებისათვის თვითმკვლელობა ცოდვად კი არა, სხვებზე ერთგვარ ამაღლებად მიიჩნევა და არაერთ გენიოსს მიუმართავს ამ ხერხისთვის, მაგრამ იგივე, იუკიო მისიმასგან განსხვავებით, აკუტაგავას ზეაღმატებული იდეები არ აწუხებდა. მისი თვითმკვლელობა არ იყო ისეთივე პომპეზური, როგორიც მისიმასი. პირიქით, სეკუკუს ნაცვლად, ვერონალის გადაჭარბებული დოზა აირჩია და მშვიდად გაერიდა სამყაროს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მისიმა გაცილებით მამაცი აღმოჩნდა: ყველა ვერ გაბედავს სეკუკუს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აკუტაგავამ "ცხოვრება იდიოტისა" დაწერა. მოთხრობა ბიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ აღიარებით ჩვენებას წარმოადგენს.

თუ ეს მოთხრობა გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ დღევანდელი, 23 იანვრის "კვირის პალიტრა", ვინაიდან, სულ რაღაც რვა ლარად, თქვენ აკუტაგავას შესანიშნავი მოთხრობების ყიდვის საშუალბა გაქვთ. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა გრძელდება. აირჩიეთ თქვენი წიგნი.

P.S. სხვათაშორის, არავის გეგონოთ, რომ ოსკაროსანი ფილმი "ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე"  ორიგინალურ სცენარზეა აგებული. თუ არ გჯერათ, აკუტაგავას "წყლის კაცების ქვეყანაში" წაიკითხეთ.
 
Powered by Blogger