Monday, February 6, 2012

იქ, ბრაზილიაში

ბრაზილიაში წავიდოდი.

რიოში.

აეროპორტიდანვე, პლაჟთან ახლოს, კორპუსში ვიქირავებდი მზიან და ნათელ ბინას: თეთრი ავეჯით, ღია სტაფილოსფერი კედლებით, დიდი ფანჯრებითა და ჰაეროვანი ფარდებით;

დილით ერთ ჭიქა რძისა და ბანანის კოქტეილს დავლევდი, მსუბუქი, ბრაზილიური საპნის ოპერის, კონტექსტიდან ამოვარდნილ, 563534534-ე სერიას ვნახავდი;

მერე კოპაკაბანაზე ვიტანტალებდი, ცისფერ და სუფთა ოკეანეში ჩავიხრჩობოდი;

წამოსვლისას, ქუჩაში გამყიდველისგან ნაყიდ ანანასსა და ბანანს შევჭამდი, მზით და ხალისით ავივსებოდი;

მერე გავივლიდი რიოს ქუჩებში, ადგილობრივი მოსახლეობის სახეზე წინაპრების ნაკვთების მოძებნას დავიწყებდი და გამიხარდებოდა, ათიდან ერთში თუ აღმოვაჩენდი ინდიელის გარეგნობას;

საღამოს რამე გემრიელ კლუბში წავიდოდი და თავზე დავიმხობდი;

დილით გაზგამოცლილ მინერალურ წყალს დავლევდი და ბანანისა და რძის კოქტეილს მივაყოლებდი;

ტურისტული მარშრუტით წავიდოდი ჯუნგლებში, დავიხუთებოდი ნესტით და სიბნელით, გადავურჩებოდი პითონებს და ვნახავდი ულამაზეს გამოქვაბულებს;

ერთ დღეს ღარიბთა კვარტალშიც გავივლიდი. ფეხბურთს ვითამაშებდი ბავშვებთან, მუხლებს გადავიტყავებდი. მერე რომელიმე კეთილი ქალი, რომლის გამოხედვაშიც გადაშენებულ ინდიელს აღმოვაჩენდი,  ღვეზელზე დამპატიჟებდა;

ჩამოვჯდებოდი, კარზე ინდიელების ნაქსოვი ჭილობი იქნებოდა ჩამოფარებული, ძველ ტელევიზორში პოლიტიკური ტოქ--შოუს ნაწყვეტს ვნახავდი და მორიდებით გადავიღებდი კიდევ ერთ, უგემრიელეს ღვეზელს;

მადლობას ღიმილით გადავუხდიდი - ენაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ესმით;

სახლში დავბრუნდებოდი სითბოთი, მზით და რიოს ღარიბი კვარტლით სავსე, ბოლოჯერ გავივლიდი კოპაკაბანაზე, სახლში დაბრუნებული კი ბარგის ჩალაგებას უხალისოდ შევუდგებოდი;

ტრაპიდან უკან მოვიხედავდი, მაგრამ ჩემს ბრაზილიას ვეღარ დავინახავდი;

მერე ჩამოვიდოდი ძალიან ბედნიერი. აი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი.

ნეტა, ოდესმე თუ შევძლებ ჩემი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას?!


როგორ ბაზრობენ ამაოებას

ჩემი სირცხვილი უნდა ვთქვა: კარგა ხანს, თეკერეი და ფოლკნერი ერთმანეთში მერეოდა. რა თქმა უნდა, მათი შემოქმედება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. მე ერთმანეთში მათი გვარები მერეოდა. საკმაოდ ადრეულ ასაკში წაკითხული "ხმაური და მძვინვარების" შემდეგ კი, ფოლკნერს დღემდე თავაზიანი ღიმილით ვუვლი გვერდს. აი, შარშან კი გავბედე და "ამაოების ბაზარს" დავავლე ხელი.

ალბათ, ჩემი ბლოგისა და პოსტების ამ სერიის აქტიურმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ემილ ზოლას რომანებზე ვგიჟდები. ვერ ვიტყვი, რომ "ამაოების ბაზარმა" "ხაფანგზე" ნაკლები დამმართა.

ეს არის წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის საზოგადოებაზე და, მინდა ვთქვა, რომ არამხოლოდ ინგლისის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა, მაშინ განვითარებული ქვეყნების საზოგადოებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

აკვანში დანიშვნა, ღალატი, გათხოვებაზე ფიქრი და ოცნება, დაბალი ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალის წარმატებული მცდელობა, იმ ერთადერთი იარაღის წყალობით, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ, შეიქმნას უზრუნველი მომავალი. შტერი და მიამიტი მდიდარი გოგო, საქმრო, რომელიც საცოლის საუკეთესო მეგობართან აბამს რომანს, მამა, რომელიც შვილს საცოლეზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ აიძულებს, რომ მამამისი გაკოტრდა, ხოლო როცა შვილი არ დაუჯერებს, მკვდარსაც კი არ პატიობს დანაშაულს.

გქონიათ შემთხვევა, როცა ნაწარმოების მთავარი გმირის სიშტერის გამო, მისი კარგად გატყეპვა მოგდომებიათ? აი, მთელი ნაწარმოების კითხვისას, მხოლოდ ეგ ერთადერთი სურვილი მიტრიალებდა თავში ემილიას გამო. ასეთი შტერი როცა ხარ, მართლა ყველაფერს იმსახურებ. <3

მოკლედ, ადამიანური ურთიერთობების გარდა, რომელიც ზერელედ მიმოვიხილე, წიგნში საინტერესო ისტორიული ეპოქაც არის მიმოხილული. გარდა ამისა, "ამაოების ბაზარი", ერთგვარად, ქალაქური ტიპის რომანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ აღწერილია მეცხრამეტე საუკუნის ლონდონის ყოველდღიურობა, კლუბები, ხალხის ინტერესები, დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ინდოეთის ფაქტორი, რაც, ცოტა ეგზოტიკურია და, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ ავტორი კალკუტაში გახლავთ დაბადებული.

მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ და არც წიგნი მოგეპოვებათ, მინდა გაცნობოთ, რომ დღეს კვირის პალიტრასთან ერთად, უკვე კლასიკად ქცეული სერიის ფარგლებში, უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზრის" პირველი ტომი გამოვიდა.
 
Powered by Blogger