Monday, February 13, 2012

საყვარელო ტელეარხებო

მე ძალიან კარგად მესმის კვირა დღის ფენომენი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. უქმე დღეს იმდენად არაფერი ხდება, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანის სიკვდილი, საინფორმაციო ეთერს მხსნელად მოევლინება ხოლმე.

არ ჩავიდგამ თქვენს ცოდვაში ფეხს და არ დაგწამებთ, რომ ყოველ კვირას ვინმეს სიკვდილს ნატრობთ. თქვენ ეს არც გჭირდებათ. მკვლელობები და გამომძიებელთა გამჭრიახობის ჩვენება ხომ თქვენი ყოველდღიური ეთერის ძირითადი თემებია. უბრალოდ, უიტნი ჰიუსტონის სამწუხარო ამბების გაშუქებამ ისეთი მნიშვნელოვანი თემები მომაგონა, როგორიცაა ობამა-სააკაშვილის შეხვედრისას მარჯვენა-მარცხენა ფეხის ფენომენი, ვლადიმერ პუტინის წელსზემოთ შიშველი სხეული, ან, თუნდაც ივანიშვილის პინგვინსა და მერცხლის ამბავი - ანუ თემები, რომლებიც არ ძველდება. ან, თუ ძველდება, მხოლოდდამხოლოდ, კონიაკივით.

სწორედ ამიტომ, თქვენივე საინფორმაციოს წყობიდან გამომდინარე, ერთ პატარა რჩევას მოგცემდით:

როცა მსოფლიო დონის ამბავს რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშუქებთ, გარდა ახალი დეტალებისა, მომხდარის ანალიზითაც უნდა გავაჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა კორესპონდენტებმა მოახერხეს და ჩაწერეს სასტუმროს დამლაგებელი, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ამბავს, ცოტა ზედაპირულად შეგიფასებდით.

სიუჟეტებში არ იყო ექსკლუზიური ინტერვიუ პათანატომთან. არც გარდაცვლილის მსხვილი ხედი გიჩვენებიათ ნეკროფილი ქართველებისათვის, არც შოკში ჩავარდნილ ობოლთან მისულხართ, პირში არ ჩაგითხრიათ მიკროფონი და არ გიკითხავთ, თუ რას გრძნობს ახლა.

ამიტომ მაშინ, როდესაც ისეთ უბერებელ თემას, როგორიც ჰიუსტონის გარდაცვალებაა, რამდენჯერმე ვუბრუნდებით, მეტი კონკრეტიკა, სიმძაფრე და სკანდალური კადრებია საჭირო.

თუმცა, სკანდალის დიდოსტატებს ჩემგან რა გესწავლებათ?!
 
Powered by Blogger