Monday, March 19, 2012

სანდრო, ანუ ჩემი პირველი შეყვარებული

პირველად ივნისში ვნახე. მახსოვს, ცხელოდა, ღამე იყო და მეძინებოდა, მაგრამ ჯიუტად ვიდექი ფეხზე. თავიდან ვერც კი შევამჩნიე (იშვიათად ვამჩნევ ადამიანებს), ვერც მეორედ, აი, მესამედ....

არასოდეს არაფერს მეუბნებოდა, მიუხედავად ამისა, გაფაციცებული  მივჩერებოდი და ვცდილობდი, მისი არც ერთი მოძრაობა, მიმიკა არ გამომპარვოდა, მინდოდა, უსიტვოდ გამეგო მისი და საშინლად ვეჭვიანობდი, როცა არ ჩანდა.

მერე იყო წყვეტა ჩვენს ურთიერთბაში. წელი, ან რამდენიმე წელი. მერე ის დაბრუნდა (თუ მე გადავწყვიტე მოძებნა). უფრო მეტად მივეჯაჭვე. მისი ნახვის საშუალება კვირაში ერთხელ მქონდა და დანარჩენ დღეებს ლოდინში ვატარებდი. კუჭის ტკივილს გემო პირველად მაშინ გავუგე.

მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჯიუტად მიყვარდა. არ ვიცოდი არაფერი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ბევრი წელი. თითქმის, ათი. ხოლო როცა ინტერნეტთან წვდომის საშუალება მომეცა, პირველი, რაც ვცადე, ველში მისი სახელი და გვარი ჩავწერე, ელემენტარული მაინც რომ გამეგო.

გულიც დამწყდა.
ძალიან.
კუჭიც მტკიოდა.
რამდენიმე კვირა.

ამასობაში დრო გავიდა. მეც გამიარა. მოვლენები, რომლებიც გარკვეული პერიოდი სუნთქვას მიკრავდა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს. დაიკარგა ჩემი პირველი შეყვარებულიც (ჩემთვის), რამდენი ხანია, აღარ მინახავს. ამას წინათ შემთხვევით მოვკარი თვალი - გამელოტებულა და ასაკიც შესტყობია. ვუყურებდი და მახსენდებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც მისი წყალობით მრავალფეროვანიც კი იყო.

სანდრო, ვიცი, რომ არც ამ და არც დანარჩენ პოსტებს წაიკითხავ, რომლებიც ამ ბლოგზე მოგეძღვნა, მაგრამ ეს არ მამართლებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შენნაირი ბიჭები არასოდეს მომწონდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რა ასპექტში ვგიჟდებოდი შენზე. ცუდი გოგო ვარ, რადგან დღეს მე შენი დაბადების დღე დამავიწყდა, დღე, რომელსაც 29 მაისივით ველოდებოდი და ჩუმად, გულში ვზეიმობდი.

36-ე დაბადების დღეს გილოცავ და მოედანზე მალე დაბრუნებას გისურვებ. შენი სამუშაო ადგილის ცენტრში ყველაზე მაგარი კაცი ხარ. მე შენ მოგესწარი. მიხარია, რომ სხვებივით შევჩენკოს, რონალდინიოს, ზეედორფის, აბრამოვიჩის, ზიდანისა თუ ბექჰემის კი არა, შენი ფანი ვიყავი და, იმ სხვებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცოდი, რატომაც.

უფრო სწორად, არ ვიცოდი.
არც ახლა ვიცი.

და ახლა, როდესაც შემთხვევით მოვკრავ ყურს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს, ან,  სერია ა-ში, შაბათ-კვირის ტრადიციულ შეხვედრებზე რაღაცები ხდება და ჩემი ძმა ტოტალიზატორში მორიგ ერთ ლარს აგებს, სულ შენ მახსენდები და ნაღვლიანად მეღიმება ხოლმე.
მართლა ყველაფერი როგორი წარმავალი ყოფილა! დღეს ნატას რომ არ დაეწერა, მართლა არ გამახსედებოდა.

P.S. მართალია, საათი 12-ს უკვე გადასცდა, მაგრამ იტალიაში ჯერ ათის ოცი წუთია. ამიტომ, თამამად ვაქვეყნებ ჩემს მონანიებას და აღსარებასაც. იქნებ, ოდესმე შენც წაიკითხო. :)



ღვთაებრივი კომედია

პოეზიისა და პიესების კითხვა იშვიათად, რომ სიამოვნებას მანიჭებდეს. განსაკუთრებით, რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ნაწარმოებების წაკითხვა მიჭირს: ენა, რომლითაც მაშინ სათქმელს გადმოსცემდნენ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ კი ვბლატაობთ "ვეფხისტყაოსნით", მაგრამ იმ ეპოქაში რუსთაველი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც რაღაცების გააზრება და თქმა გაბედა. შუასაუკუნეების რომაული ეკლესიის მხრიდან საშინელი ტერორის პირობებში შეიქმნა "დეკამერონი", რომელში გამოთქმული პრობლემატიკაც კონიაკივით ძველდება და აქტუალობას არ კარგავს.

მე არ წამიკითხავს ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" და არ დავმალავ, რომ სურვილიც არასოდეს გამჩენია. ვიცი, რომ თემატიკა ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას ეხება და ჯოჯოხეთისა და სამოთხის შრეების აღწერას შეადგენს.

"ღვთაებრივი კომედია" ისეთი ტიპის ქმნილებას განეკუთვნება, რომელში ჩაქსოვილი ფარული აზრისა და სიღრმის გამოკვლევით, და ვინჩის შემთხვევისა არ იყოს, ადამიანები არასოდეს იღლებიან. პრინციპში პოპულარობის კუთხით, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ჩემთვის უფრო ახლობელი მაგალითი რომ მოვიყვანო, ბითლზის ყველა სიმღერას ადამიანები სხვადასხვაგვარად იკვლევდნენ და დაშიფრულ ტექსტს ეძებდნენ. ამ დროს, "Lucy in the sky with Diamonds", ლენონს აზრად მაშინ მოუვიდა, როცა შვილმა, ჯულიანმა ნახატი აჩვენა, სადაც მისი თანაკლასელი, ლუსი ჰყავდა გამოსახული, "I'm the Walrous" კი ტელევიზორის ყურებისას ალაგ-ალაგ მოსმენილი და ამოკრეფილი სიტყვებით არის შედგენილი და არანაირ შინაარსს არ ატარებს, მაგრამ მტკიცების მიუხედავად, ავტორებისა არავის არასოდეს სჯეროდა და კვლევა ისევ მიმდინარეობს..

მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ინტელექტის შედეგია, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, რადგან ის იდუმალება ინტერესს სძენს. მგონია, რომ და ვინჩის "მონა-ლიზა", არ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი, ამდენი კითხვა რომ არ იყოს მის გარშემო, რუსთაველის ვეფხისტყაოსანის კვლვას ამდენი საუკუნის მანძილზე უამრავი ადამიანი არ შეალევდა ძალას, იმ კაცს რომ ყველაფერი ცხადად ეთქვა და ა.შ.

დღეს დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" გამოვიდა და იმდენი ვწერე, რომ წაკითხვის სურვილი გამიჩნდა.
 
Powered by Blogger