Saturday, March 24, 2012

ქალი, რომელმაც სენტიმენტები გამოიწვია

ადამიანები სენტიმენტალურები ვართ. ეს ტენდენცია იყო, არის და იქნება. მოცემულობაში  ძალიან ადვილად დავრწმუნდებით, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს. რამდენი გმირია მსოფლიო ისტორიაში, რომლებიც თავის დროზე დიდ პრობლემებს ქმნიდნენ, მაგრამ აი, ჩაიგდო ზემდგომმა ხელში, სიკვდილით დასაჯა და მორჩა, ჩვენ წამებულად ვრაცხავთ და დითირამბებს ვუმღერით.

ზუსტად ასეთ გმირს განეკუთვნება მარიამ სტიუარტი. ქალს, რომელსაც, ისტორიაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯლებთ, მონარქისათვის დამახასიათებელი თვისებები ნაკლებად ჰქონდა, თუმცა საფრანგეთისა და ინგლისის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. იყო შეთქმულებები, თუმცა ჩაიშალა. ელიზაბეთ პირველმა კი არც აცია და არც აცხელა, დაიჭირა, გარკვეული პერიოდი შინაპატიმრობაში ამყოფა და შემდეგ თავი მოჰკვეთა.

მას შემდეგ 400 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მარიამ სტიუარტის პერსონა საზოგადოების ნაწილში აღფრთოვანებას იწვევს. მას უძღვნიან რომანებს, ფილმებს, პიესებს..

ერთ-ერთი ასეთი პიესა რუსთაველის თეატრში დაიდგა, რომლის პრემიერაზეც ამოვყავი თავი. ფილმებისაგან განსხვავებით, სპექტაკლები ძალიან მიყვარს და ცდუნებას, თითქმის, ვერასოდეს ვუძლებ. მითხრეს, რომ წარმოდგენა საინტერესო იქნებოდა და მეც წავედი. წავედი წინასწარი განწყობით - ველოდებოდი, რომ, ტრადიციულად, ელისაბედის ლანძღვა და სტიუარტის ქება-დიდება იქნებოდა.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი, დაახლოებით, სამ საათს გრძელდება. სიუჟეტი მარიამის შინაპატიმრობიდან მის დასჯამდე ვითარდება. მომეჩვენა, რომ ძირითადი აქცენტი ელისაბედის პირად გრძნობებზეა აღებული (ქალი, რომელსაც არ უნდოდა ნათესავის სიკვდილით დასჯა და აიძულეს და ბლა ბლა). სპექტაკლში, განსაკუთრებით, მეორე მოქმედებაში, არის ბევრი მომენტი, როცა ზედმეტად შედიხარ როლში და ძალიან შთამბეჭდავია ეს ყველაფერი.

არ მომეწონა მუსიკალური გაფორმება. გორან ბრეგოვიჩის "იავნანა", ჩემი აზრით, ძალიან ხელოვნურად ზის ალაგ-ალაგ. მელოდია კი სენტიმენტალურია, მაგრამ ეპიზოდი და მოქმედება ჩემი აზრით, სხვა ტიპის მუსიკას მოითხოვს.

რაც შეეხება მსახიობებს, მარინა კახიანის სილამაზე და ფორმაში ყოფნა მთელი ცხოვრება აღმაფრთოვანებს და სულ მინდა, მის ასაკში ეგეთი ვიყო. ვფიქრობ, როლისთვის ზედგამოჭრილია. ასევე, ნანუკა ხუსკივაძე, რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს ელისაბედის როლს, თუმცა ჩემი ფავორიტი ნანული სარაჯიშვილის გმირი - ინფანტა მარია. ამ უსიტყვო როლში იმდენი გამომსახველობაა, რომ სიტყვები არ მყოფნის აღსაწერად. ასევე, მოხუცი ელისაბედის როლს, ზედმეტად კარგად თამაშობს მარი ჯანაშია. ზოგადად, ამ პერსონაჟის შემოყვანა სპექტაკლში, საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, სპექტაკლი გაწელილი მეჩვენა, რაღაც სცენების ამოღება/შემოკლება შეიძლებოდა, თუმცა ერთხელ სანახავად ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მარიამ სტიუარტის პერსონა აღაფრთოვანებს.

სპექტაკლის შემდეგი ჩვენება აპრილში გაიმართება. :))
 
Powered by Blogger