Monday, May 7, 2012

წიგნი, რომელსაც არასოდეს წავიკითხავ

ბავშვობაში წიგნის იმ ადგილების კითხვა მიყვარდა, სადაც სიკვდილს ან წამებას დაწვრილებით აღწერდნენ. არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული "გიორგი სააკაძეში" ქეთევან დედოფლის წამების აბზაცი, უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილისა თუ ბიძია თომას მეგობარი ევას გარდაცვალების ადგილი. დღემდე არ ვიცი ეს რა ფენომენია, თუმცა დროსთან ერთად გამიარა.

ქეთევან დედოფლის გარდა, ჩემი საყვარელი ადგილი ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც" იყო. ეს არის ბოლო ორი ფურცელი, სადაც ესმერალდას სიკვდილის და შემდეგ უცნაური ჩონჩხის აღმოჩენის ამბავია მოთხრობილი. ეს მონაკვეთი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, მიუხედავად ამისა, თვითონ რომანს სრულად არასოდეს გავცნობივარ და, ვფიქრობ, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ის ნაწარმოებია, რომელსაც არასოდეს წავიკითხავ.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ასევე ის ერთ-ერთი წიგნია, რომელიც ჩვენს სახლში ქვედა თაროზე იდო და ბავშვობიდანვე თავისუფლად ვწვდებოდი, თუმცა ვიქტორ ჰიუგოს წიგნი, რომლის წაკითხვაზეც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვოცნებობდი, "საბრალონი" გახლდათ.

ჩემს ბავშვობაში (რა უცნაურად ჟღერს, ღმერთო ჩემო) ეკრანზე ხშირად გადიოდა ამ რომანის ეკრანიზაცია. წლების მანძილზე წიგნს ვერ ვშოულობდი, ბოლოს, ნათლიაჩემის სახლში აღმოვაჩინე. :)

ვერ ვიტყვი, რომ ჰიუგოს ნაწარმოებები არ მიყვარს. რაღაც, დიკენსისეულს მაგონებს. ვიცი, რომ მთელი ჩახლართულობის მიუხედავად, ფინალი დადებითი იქნება და ამ განწყობით აღვსილი ჩავარაკრაკებ ხოლმე. მას შემდეგ, რაც ჩემი წიგნის უკან აღმოვაჩინე, რომ 50 წიგნის ფარგლებში ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის" გამოდიოდა, ვიხსენებდი, მქონდა თუ არა წაკითხული და, მე მგონი, არ მაქვს. ამიტომ, სულმოუთქმელად ველი, როდის მომიტანს ჩემი ბიჭი პირველ ნაწილს.

მე მგონი, კანფეტი გველის. ასე რომ, არ გამოტოვოთ დღევანდელი "პალიტრა" წიგნითურთ.
 
Powered by Blogger