Sunday, May 20, 2012

Placebo - არეული სულის მუსიკა

მახსოვს, ერთ-ერთი უჩვეულოდ დატვირთული დღე, როცა გადაღებებიდან ისე გვიან მოვედით, რომ  სამსახურში არავინ დაგვხვდა. მახსოვს, უკვე გასვლას ვაპირებდით, როცა სანდრომ youtube ჩართო და სულ ძალით მომასმენინა რაღაც სიმღერა. სიმღერას კლიპიც ჰქონდა, რომლის შინაარსს და ტექნიკურ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვიგებდი, სანდრო მაინც გულმოდგინედ მიხსნიდა.

მერე, ამას მოჰყვა მეორე სიმღერა, რომლის კლიპიც, ფერებით და უცნაური სასიყვარულო სცენით დამამახსოვრდა იმიტომ, რომ მსგავს იდეას პირველად წავაწყდი და, რა დასამალია, რომ მომეწონა.

ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ყველა ტიპის სიახლისადმი ფობია მაქვს. იქნება ეს ახალი ადამიანები, ახალი მუსიკა, ცხოვრების ახალი სტილი თუ ახალი ტანსაცმელი...
იმ მომენტში ორივე სიმღერა მესიამოვნა, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რომელიმე მათგანს თუნდაც განმეორებით მოვუსმენდი.

ორი-სამი დღის შემდეგ, ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლდა. სახლში ჩემთვის მოვძებნე ორივე სიმღერა და ipod-ში განვათავსე. კარგა ხნის მანძილზე, მხოლოდ Pure Morning-ითა Special Needs-ით ვტკბებოდი. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც Placebo-ს სხვა სიმღერების მოსმენაც გავბედე და, თითქმის ყველა სიმღერა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

უნდა გამოვტყდე, რომ ამ ჯგუფის შესახებ არაფერი ვიცოდი და, მეგონა, მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე უსმენდა (პრეტენზიული, ინტელექტუალი და, ე.წ. პერო მსმენელები), თუმცა პირველივე სიმღერის დაშეარებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარდა, ამ ჯგუფს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყოლია (ვიეჭვიანე, კი).

Rammstein-ისგან განსხვავებით, რომელიც უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში მეხმარება, Placebo არის ენერგეტიკული ვამპირი, რომელსაც ჩემგან მიაქვს დადებითი და უარყოფითი ენერგია, ემოცია, მუხტი, განწყობა.. ყველა ადამიანური გრძნობა, რაც კი გამაჩნია. ნარკოტიკი არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ მგონია, რომ ის Placebo-ზე მეტ კაიფს ვერ მომიტანს.

ისა და...
ძალიან მესიმპათიურება ჯგუფის ლიდერი ბრაიან მოლკო.


(აქ ბავშვიანია, მაგრამ ასეთი ვარცხნილობით მარტო ეს ფოტო ვიპოვე. მოკლე თმებში და უმაკიაჟოდ, ჩემი აზრით, გაცილებით სიმპათიურია. ).

ამ ადამიანს როცა ვუყურებ (ფოტოს და ვიდეოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), თავიდან ბოლომდე მესმის გამოთქმის, "შიში შეიქმს სიყვარულსაო". არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია მოლკოსი. ფოტოსაც კი როცა ვუყურებ, გული საგულედან ამოხტომას მაქვს. იმის მაგივრად, რომ გვერდი ჩავკეცო ან გამოვრთო, მინდა, გავიქცე და დავემალო. :)

რაც შეეხება პოსტის სათაურს..

არეული სულის მუსიკა იმიტომ, რომ ჩემმა ერთ-ერთმა ფეისბუქის მეგობარმა მომწერა, Placebo არეული სულის მუსიკაა და დიდი ინტენსივობით მის მოსმენას არ გირჩევო.

სიმართლე რომ ვთქვა, საგნის ასეთი სწორი განსაზღვრება, მე მგონი, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე. იმასაც მივხვდი, რომ ფრენდმა სწორად მირჩია, თუმცა Placebo-ს სმენას კვლავ განვაგრძობ, კვლავ დიდი ინტენსივობით და, ქუჩაში სიარულის დროს, ისევ მგონია, რომ გადღაბნილ სამყაროში ვარ, სადაც არც ტკივილია,  არც შეხება, არც რაიმე ფიზიკური თუ სულიერი გრძნობა. არის მხოლოდ უწონადობა, რაც ტვინს გირევს, ამასთან, უცნაური ტიპის, ხანმოკლე და ჯანმრთელობისათვის საზიანო ბედნიერებას განიჭებს, თუმცა ისეთი კაიფი მოაქვს, რომ ვერ ეშვები.

P.S. დიდი მადლობა სანდროს, რომ ეს ჯგუფი აღმომაჩენინა. :)
 
Powered by Blogger