Tuesday, May 22, 2012

"ზნეობა ჩვენი არსობისა"

მიყვარს პლენარული სხდომები. არასოდეს გამიშუქებია, თუმცა ყოველთვის საინტერესო რაღაცები ხდება: ჩხუბი, ფურცლების ფრიალი, სამთავრობო საათები, დადებული მარგალიტები თუ საინტერესო ინიციატივები..

იშვიათად, რომ ზემოჩამოთვლილი სანახაობები ერთბაშად მოხდეს და პლენარული სხდომის მაგივრად, არნახული შოუ ვიხილოთ, თუმცა როცა ხდება, მოვლენა დაუვიწყარ ხასიათს იღებს:

"ქრისტიან-დემოკრატიულმა" პარტიამ პატრიარქის აღდგომის ეპისტოლეს შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა და 22 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. მთავარი თემა წმინდა ადგილებთან გასართობი ცენტრებისა და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვა გახლდათ.

პარლამენტში გადაწყდა, რომ ქდმ-ების ინიციატივა არ განიხილება.

ბოლო პერიოდი ლგბტ კუთხით, ძალიან ცხელი აღმოჩნდა. რაშიც, უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი წვლილი მმკ-ს და სხვა ზნეობის დამცველებს მიუძღვით. ფაქტია, რომ გეი აღლუმად შერაცხული ერთეული ადამიანების მცირემარშრუტიანი მსვლელობა, ვერ მიიქცევდა ესოდენ დიდ ყურადღებას, რომ არა მათ წინააღმდეგ ზნეობის დამცველთა თავგადაკლული კვეთება. კვეთება - პირდაპირი მნიშვნელობით.

რა თქმა უნდა, უმცირესობების (არამხოლოდ სექსუალურის) პრობლემები ისევე დგას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ნებისმიერგან, თუმცა სასიცოცხლოდ აქტუალური არ არის. ქდმ-ს ინიციატივა, ცალსქესიანი ქორწინების აკრძალვაზე კი, მოცემულ სიტუაციაში, ზედმეტად არაადეკვატურია, რადგან, ვფიქრობ, ჩვენთან ეს თემა საააააერთოდ არ დგას დღის წესრიგში თვით ლგბტ საზოგადოებაშიც კი. პარლამენტს კიდეც რომ დაეშვა ქდმ-ს წინადადების განხილვის შესაძლებლობა, რამდენიმე ფრიადი კითხვა მაინც დამებადებოდა:

  • რა ფორმით უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში მათი ინიციატივა;
  • მსგავსი ცვლილების შემდეგ, რამდენად შესაძლებელია, რომ დასავლეთთან ინტეგრაციაზე ვიფიქროთ;
  • რა სახით განისაზღვრება, თუ რა ქმედებები შევა მორალურ და ამორალურ კატეგორიებში. რეფერენდუმით მოხდება გამოკითხვა თუ ფეისბუქის ლაიქებით?
  • როცა ამბობენ, რომ კანონში უნდა მოხდეს ქრისტიანული სულისკვეთების გაჟღერება, მაინტერესებს, რას პასუხობს, მართლმადიდებლებისთვის საამაყო, რელიგიური ტოლერანტობით გამორჩეული ერი იმ მოსახლეობას, რომელიც სხვა აღმსარებლობის მატარებელია.
ქდმ, ისევე როგორც ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ ხალხის მოთხოვნებიდან გამოდის, თუმცა ფაქტია, რომ მათი მხრიდან, საკონსტიტუციო ცვლილებათა ეს პაკეტი, უფრო პოპულისტურ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თან დღე-დღეზე წინასაარჩევნო კამპანიაც აიღებს სტარტს.

საერთო ფონიდან გამომდინარე, ახალი კითხვა დამებადა: ხომ არ არის ეს კიდევ ერთი თემა, რომელიც უმცირესობის პირით იქნა გაჟღერებული, სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადასატანად?!

რა ვიცი, ასეთი პრაქტიკა, არ დავკონკრეტდები და, კი გვაქვს.  

 
Powered by Blogger