Wednesday, June 6, 2012

ჩემი თვალით დანახული "დიქტატორი"


დიდი რეკლამის, საინტერესო თრეილერისა და კანის კინოფესტივალზე ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და "დიქტატორი" არ ნახო.

ვერც მე გავუძელი.

ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ, ან ზედმეტად ნაგავი იყო: ერთი რიგითი ჰოლივუდური ნაწარმია, თუმცა ამერიკული პროპაგანდით ზედმეტად გაჯერებული.

მთავარი მოქმედი გმირი, დიქტატორი ალადინია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ყველა ცნობილი ლიდერის კრებითი სახეა. მაგალითად, ჰყავს ქალების დაცვა, რომლებიც სექსუალურ მომსახურებაზე არ ეუბნებიან უარს, უყვარს სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობა, სადაც მხოლოდ თვითონ იმარჯვებს, იხდის უამრავ ფულს სექსში ცნობილ ადამიანებთან (ეს, რაღაც, ბერლუსკინიზე "ავად" მენიშნა) ვინც არ მოსწონს, სიკვდილით სჯის, ჰყავს ორეულები და ა.შ.

გარდა ახლო აღმოსავლეთისა, ფილმში შტატების მოქალაქეებიც კარგად არიან გაშარჟებულები. მაგალითად, გოგო, რომელიც შემდეგ ალადინის ცოლი გახდება, გაცნობისას თავს წარადგენს როგორც ფემინისტი, ლესბოსელი, სამოქალაქო აქტივისტი და ა.შ. არანაკლები სარკაზმი დევს ბინ ლადენისა და ამერიკელების "ურთიერთდამოკიდებულებაზე," როცა მისი სახელის შემთხვევით გაგებაზეც, ეგრევე 911-ზე რეკავენ.

სარკასტულია გაეროს სხდომა ფილმში და იქ დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მაგალითად, ჩინელი კოლეგა იმდენად სექსისტია, რომ საკუთარ ცოლს არ ინდობს და ინგლისურის არცოდნის გამო დასცინის.

მოკლედ, ეს ფილმი არის ერთი დიდი სარკაზმი, რომელშიც არავინ და არაფერია დანდობილი და არის ძალიან პოლიტიკური. შესაძლოა, მე ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ნეიტრალური ვიყო, თუმცა მომეჩვენა, რომ ფილმი, რაღაც მომენტში, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბოლო დიქტატორების რეჟიმი გამოიარა და ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად შეძლო მათგან თავის დაღწევა.

ჯამში, მინდა გითხრათ, რომ თრეილერში მართლაც საუკეთესო მომენტებია შეკრებილი. ეს არის მსუბუქად სანახავი ფილმი, რომელზეც იკაიფებთ (მე ვერ შევძელი, რატომღაც), გაერთობით და კიდევ ერთხელ გაიგებთ, რომ პატარ-პატარა ნაკლის მიუხედავად, ამერიკა ყველაზე მაგარია.

მე მგონი, ჰოლივუდის ყველა ფილმის მთავარი მესიჯიც ეს არის.
 
Powered by Blogger