Sunday, June 24, 2012

ვიქნებით თუნდაც მშივრები

შობის ღამეს თოვლის ბაბუა სომალის თავზე გადაიფრენს. ბავშვები დაინახავენ და, გახარებულები, ხელს უქნევენ:
- ბაბუ, ბაბუ, საჩუქრები ჩამოგვიყარე.
თოვლის ბაბუა მკაცრად გადმოხედავს და:
- ვინც არ ჭამს, საჩუქარს ვერ მიიღებს.

ამ ანეკდოტის ყოველი მოყოლისას, უცნობები მორიდებით იღიმიან, ღმერთმა გვაშოროსო. არადა, თუ სურსათის საკითხებში გამოცდილ ადამიანებს დავუჯერებთ, რამდენიმე ათეულ წელში, ეს შავი იუმორი რეალობის სახეს მიიღებს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სასურსათო კრიზისი ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებს დაარტყამს.


მახსოვს, ექვსი წლის წინ, გორიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი ლობიანი 60 თეთრი ღირდა. წელს, იმავე საცხობში, 1.30 ღირს. საღეჭ რეზინს, 50-ის ნაცვლად, უკვე 70 თეთრად ვყდულობ, შოკოლადიც 30-40 თეთრით გაძვირდა და ა.შ.


ბოლო დროს, ჩემმა ხელფასმა გაქრობა თითქმის გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ 3/4 ჭამაში მეხარჯება. მეგონა, მიზეზი გარეთ კვება იყო, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ბაზარში წასვლა მარტოს მომიწია და ელდა მეცა: აღმოვაჩინე, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე, ფასები გაორმაგებულა.  


უფროსებისგან ხშირად გამიგია, რომ საბჭოთა პერიოდში ფული ჰქონდათ, მაგრამ სურსათი და სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი იყო. ახლა ყველაფერია, თუმცა საყიდელი ფინანსები არ არსებობს. ის, რომ მაღაზიები თუ ბაზრები სურსათით სავსეა, სულაც არ ნიშნავს მათ ხელმისაწვდომობას.ზოგჯერ ფასის გამო პროდუქტის ნაწილი არ იყიდება, მერე ფუჭდება და ყრიან, რაც დამატებით ზარალს და ერთგვარ კრიზისსაც იწვევს: მალფუჭებად პროდუქტებზე ფასის დაკლება, ზოგჯერ, ზედმეტად გვიანია ხოლმე. 


ბოლო წლებში, პროდუქტზე ფასი ხშირად იცვლება. სამწუხაროდ, მხოლოდ იმატებს. ზრდის მიზეზად, შესაძლოა, არასაკმარისი მოსავალი ვივარაუდოთ, მაგრამ ხშირად გამიგია, რომ ახალციხეში კარტოფილის დიდი მოსავალი გაუფუჭდათ, მარნეულში კიტრი, გორში ვაშლი... ამის პარალელურად, ბაზარზე დეფიციტი, უცხოეთიდან შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი და კატასტროფული ფასებია. მაგალითად, მახსოვს, დედაჩემი ერთ კონა ოხრახუშს 10-20 თეთრად ყიდულობდა. მე კი 50 თეთრი გადავიხადე.


ლოგიკურია, რომ გლეხი, რომელიც წელიწადის სამ სეზონს შრომობს, ბანკის ვალს იღებს და წელზე ფეხს იდგამს, შემდეგ ვიღაც მოდის და ჩადებული შრომის ნახევარსაც არ სთავაზობს, საქმეზე გულს იცრუებს. ჩვენ კი, ადგილობრივი მეურნეობის განვითარების ნაცვლად, პროდუქტი უცხოეთიდან შემოგვაქვს. სამწუხარო კიდევ ისაა, რომ ქართული პროდუქცია პერო მაღაზიებში, ფაქტობრივად, არ არის. მე არ მახსენდება დიდი მაღაზიები, რომლებშიც ადგილობრივი წარმოების ხილბოსტნეული იყიდება და ეს ტენდენციაა. 


სოფლის მეურნეობის პროგრამა და მეტ მოსავალზე ზრუნვა, სულაც არ არის ზარ-ზეიმით შემოტანილი და შემდეგ ჩაწოლილი ჰიბრიდული სიმინდი, რომლის გამოც ბევრმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა (რამდენიმე დღის წინ, კახეთში ბანკმა ერთი გლეხი გამოასახლა, რომელმაც ჰიბრიდული სიმინდისათვის აღებული კრედიტი ვერ დაფარა). უნდა არსებობდეს გაწერილი პროგრამა, როგორ მოხდება გლეხების დახმარება, როგორ უნდა მოგვარდეს სახელმწიფოების მიერ სასურსათო კრიზისის პრობლემა და ამაში მთავრობებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ოქსფამიც  ეხმარება.


ეს ინგლისური ორგანიზაცია 70 წლის წინ, პოლ მაკარტნის დაბადების წელს (აბა, გამოიცანით) ჩამოყალიბდა და სურსათის კრიზისის მოგვარებაზე, 80-ზე მეტ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოშიც მუშაობს. მას აქვს ახალი კამპანია GROW, რომელიც შარშან 65 ქვეყანაში დაიწყო და მიზანი, სასურსათო საკითხებში გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებაა. 


ზოგადად, არასამთავრობოების მუშაობის პრინციპი ასეთია: წერენ დასკვნას, აძლევენ მთავრობას რეკომენდაციას, ხშირ შემთხვევაში, პროგრამასაც ადგენენ. დანარჩენი, უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომლის მთავარ მიზანსაც, მშიერი მოსახლეობის გამოკვება უნდა წარმოადგენდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი რაოდენობა დიდია.  


როდესაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი სოფლის განვითარებაზე დგას. მართალია, სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მაგრამ ადგილობრივ პროდუქციას სხვა ვერაფერი იმიტომ ვერ ედრება, რომ სოფლად მოყვანილ რაღაცებს, გემო მაინც აქვს. 


ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში ყოველი მერვე ადამიანი შიმშილობს. განვითარებული ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი აფრიკაზე კეთდება, მართალია, სტივ ჯობსი თუ "მთელი დედამიწის კატალოგი" გვიქადაგებს, იყავით მშივრები და თავზე ხელაღებულებიო, მაგრამ იმედია, ქვეყნები ამ ფრაზას, ზემოთ ნახსენები აფორიზმისა არ იყოს, სომალის თავზე მფრინავი სანტა კლაუსივით არ გამოიყენებენ.

სანამ პოსტის წერას შევუდგებოდი, ქვემოთ ჩავირბინე. კიტრის ყიდვა მინდოდა. რამდენიმე წლის წინ 20-30 თეთრად რომ იყიდებოდა, ახლა ისეთ კიტრში 1 ლარი გადავიხადე. ყველაფერთან ერთად, ლიფტის ფულიც სახლში დამრჩა. ჰოდა, გამწარებული კიბეებზე რომ ამოვდიოდი, საბჭოთა კავშირის მოტივებზე, ახალი ხუმრობა მოვიგონე: შევარდნაძის დროს პური 25 თეთრი ღირდა, 1 კგ კარტოფილი 30 თეთრი, კარგ ატამს 50 თეთრად იყიდიდი. აფსუს, რა ქვეყანა დაანგრიეს!...
 
Powered by Blogger