Monday, July 2, 2012

რატომ მინდოდა გამომძიებლობა

ბავშვობაში მინდოდა, იურისტი გავმხდარიყავი. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ გავხსნიდი ჩახლართულ მკვლელობას, როგორ გავიჭრებოდი პირველი შეიარაღებული ბოროტმოქმედის ასაყვანად... ნოკლედ, ერთი შეხედვითვე მეტყობოდა, რომ დეტექტივები მიყვარდა. 

ამბობენ, დეტექტივი ყველაზე მარტივი ჟანრიაო. სიმართლე გითხრათ, ამაზე საკუთარი აზრი არ გამაჩნია. ახლა დეტექტივების წაკითხვის სურვილი არ მაქვს, თუმცა მახსოვს, რა სიამოვნებით ვკითულობდი დაბალი ხარისხის მქონედ შერაცხულ ქართულ ნაწარმოებებს.

გაგითენებიათ წიგნის კითხვაში ღამე? მე ორჯერ დამემართა. ერთხელ, როულინგის გენიალურმა "ჰარი პოტერმა" ჩამითრია, მეორედ, კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსმა".

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამომძიებლის სახელი ადრეული ასაკიდან მესმოდა, ასევე, ფილმებიც მქონდა ნანახი, მოგვიანებით, ასე 14-15 წლის ასაკში წავიკთხე. რატომღაც მეგონა, სახლში კონან დოილის წიგნი არ გვექნებოდა და სრულიად გაოცებული დავრჩი, როცა "ბასკერვილების ძაღლი" აღმოვაჩინე. სახლის ბიბლიოთეკის შთანთქმის შემდეგ, მეზობლებს, კლასელებს და ბიბლიოთეკას მივაკითხე და სულით ხორცამდე შერლოკ ჰოლმსით შეშლილი გავხდი:

ჩემს წარმოსახვაში მასთან ერთად ვიძიებდი საქმეებს, მისი დამხმარე ხელი ვიყავი (რაის ექიმი ვატსონი?!), იმდენად ჩამითრია, რომ ვყიდულობდი ყველა გაზეთს, სადაც შერლოკ ჰოლმსსა და ართურ კონან დოილზე რამე ეწერა. 

მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შერლოკ ჰოლმსმა სხვა დონე აღმომაჩენინა ლიტერატურაში. ის ერთგვარი გარდამტეხი აღმოჩნდა საბავშვო და სერიოზულ ლიტერატურას შორის. როდესაც შერლოკის თავგადასავლებს ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ იი ჩემთვის საინტერესო, კარგი ენით დაწერილი მოთხრობები, მაღალი კლასის ლიტერატურა იყო. 

მე მგონი, მას შემდეგ შემიყვარდა ლონდონი.

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ჰოლმსის თუნდაც ერთი, პატარა თავგადასავალი არ აქვს წაკითხული. ისევე, როგორც არ მეგულება ტიპი, ვისაც "ბითლზის" რომელიმე სიმღერა, თუნდაც, შემთხვევით არ გაუგონია. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი სავალდებულო წასაკითხ კლასიკად რჩება და ძალიან მიხარია, რომ დღეს, "კვირის პალიტრას" 50 საუკეთესო წიგნს შორის,  "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი" გამოვიდა.

 
Powered by Blogger