Sunday, September 23, 2012

ანა კარენინა

ჩემი აზრით, ტოლსტოის საუკეთესო ნაწარმოები სულაც არ არის "ანა კარენინა". 50 წიგნში "აღდგომას" ან "ომი და მშვიდობას" მაინც ველოდებოდი, თუმცა კარენინა შემრჩა.

არ ვიცი, რატომ აქვთ მშობლებს საკუთარი შვილებისათვის ღრმა ბავშვობაში წასაკითხი წიგნების სია გამზადებული. 10-12 წლამდე აუცილებლად გადასაკითხი ნაწარმოებების ნუსხაში "დონ კიხოტეს", "გმირთა ვარამს", "მთვარის მოტაცებას", "ომი და მშვიდობას" თუ "გულივერის მოგზაურობას" შეხვდებით. არადა, ეს წიგნები სულაც არ არის საბავშვო.

ბევრისგან გამიგია, რომ "ანა კარენინა" ათი-თერთმეტი წლისებმა წაიკითხეს. პრინციპში, თუ შინაარსობრივად განვიხილავთ, არც კარენინა და არც ზემოთ ჩამოთვილი წიგნები, ასაკის გამო, გვერდით გადასადები არ არის,  თუმცა მთავარი არც ერთ ნაწარმოებში არ არის ზედაპირული შინაარსი . ამიტომ, ერთი შეხედვით მარტივი ნაწარმოებების წაკითხვა, ადრეულ ასაკში სისულელედ მიმაჩნია.

ტოლსტოის პირველი სერიოზული ნაწარმოები (მოთხრობებს თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ), "ანა კარენინა" წავიკითხე. მართალია, ეს ძალიან ადრეულ ასაკში არ მოხდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოვიხიბლე. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შემდეგ სხვა, უფრო ღრმა ნაწარმოებებსაც გავეცანი.

ანა კარენინა, ჩემს თვალში, საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შეწირული ქალია, რომლის ამბავიც ბევრს გულს უჩუყებს. მასზე გადაღებულია უამრავი ფილმი, სერიალი.. ცუდ ტონად მიიჩნევა, თუ წაკითხული არ გაქვს და ა.შ. არადა, ჩემი აზრით, დიდი ვერაფერი. მით უმეტეს, "აღდგომისა" და "ომი და მშვიდობის" გვერდით, ძალიან უსუსური ჩანს.

სამწუხაროა, რომ დღეს, 50 წიგნში ტოლსტოის სწორედ ეს ნაწარმოები შევიდა. არადა, "ომი და მშვიდობა" თუ "აღდგომა", კარენინასაგან განსხვავებით, რთული საშოვნელია.
 
Powered by Blogger