Friday, November 2, 2012

ომბუდსმენომანია

მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სახალხო დამცველის ძირითადი საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი,  გაიხსენეს მისი ანგარიშების მსმენელი პარლამენტარების რაოდენობა, საზოგადოების ნაწილმა ომბუდსმენის ფენომენს სხვა თვალით შეხედა. გიორგი ტუღუშის მიერ, პრეზიდენტის შეთავაზებული თანამდებობის მიღების შემდეგ კი, სახალხო დამცველის გარეშე დავრჩით.

საზოგადოების ინტერესი კანდიდატთა საკმაოდ ჭრელ სპექტრში პარლამენტის გადაწყვეტილების მიმართ იმდენად დიდია, შეიძლება ითქვას, საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატიის სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწევს.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ისეთი ხმაურიანი გამოდგა, როგორც არასდროს ამ აპარატის ისტორიაში. სახელდება უამრავი კანდიდატი, რიგი ორგანიზაციები კონსენსუსამდე მიდიან და ერთზე ჯერდებიან, ზოგი წარმოდგენილს არ ეთანხმება და საკუთარს ასახელებს და ა.შ.

ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენით დაკავებულია ყველა: NGO სექტორი, პოლიტიკოსთა ნაწილი, ცეკვის ანსამბლი და, ასე განსაჯეთ, სასჯელაღსრულების მინისტრიც კი (!!!). არსებულ კანდიდატებს შორის, რამდენიმე მართლაც გამორჩეულია. ზოგიერთი ყურადღებას წარმდგენებით იპყრობს, ზოგი კი - საკუთარი თავის წარმოჩენას ემსახურება. რა დასამალია და, ამ პროცესებში ძველი ვიდეოებიც უწყობთ ხელს.

დიდი ხანი არ არის, რაც ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატს, სოციალურ ქსელბში, დაახლოებით, ხუთი წლის წინანდელი ვიდეო გაუხსენეს. ეს არის დებატები პარლამენტში გიორგი ტუღუშსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის, სადაც ეს უკანასკნელი პირდაპირ გამოდის ჰომოფობიური განცხადებებით.


ლორთქიფანიძის მრავალგზის უარყოფის მიუხედავად, განცხადებებში ალაგ-ალაგ მაინც ურთავს ჰომოფობიის ნიშნებს. ეს არის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დასჯადი უნდა იყოს. ბევრისთვის მისი ეს მოსაზრება შოკისმომგვრელია, თუმცა, ამ და მსგავსი სენსიტიური თემებით, მასებზე კარგად მანიპულირებს.

ამას გარდა, მოსახლეობაზე მუშაობს მისი განცხადებები პატიმრებთან დაკავშირებითაც, ჩართულობა გლდანის სკანდალის დროს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ცნობიერებაში სახალხო დამცველის საქმიანობა პენიტენციალურ სისტემასთან მჭიდროდ დაკავშირდა, ლორთქიფანიძე კი ამ მხრივ საკმაოდ აქტიური იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ხალხის მხარდაჭერა აქვს. პოზიციებს ისიც უმყარებს, რომ ხალხი მას, სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ცნობს.  სახალხო დამცველისათვის შუეფერებელი აზრებისა და  განცხადებების მიუხედავად, ლორთქიფანიძეს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს.

ომბუდსმენობის მეორე კანდიდატი თამარ გურჩიანია. ადამიანი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი უჭერს მხარს. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ის აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც სახალხო დამცველს სჭირდება, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს მას და მის საქმიანობას. გულახდილად რომ ვთქვათ, ხალხმა არჩევამდე წინა ომბუდსმენების შესახებაც არაფერი იცოდა, თუმცა, უკვე ვთქვით, რომ დღეს ეს პოსტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ამ მხრივ კი, გურჩიანი, წამგებიან პოზიციაში იმყოფება.

სხვა კანდიდატებს შორის არიან ლია მუხაშავრია გელა ნიკოლაიშვილი და სხვები. მათ შესახებ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი იმიტომ რომ მიმაჩნია, ძირითადი პაექრობა მაინც ლორთქიფანიძესა და გურჩიანს შორის მიდის.

ომბუდსმენის წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ გაიწელა. იდეაში, პარლამენტს ის ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს უნდა აერჩია. თემა იმდენად აქტუალური და სენსიტიურია, პროცესში იმდენი ადეკვატური თუ არაადეკვატური ორგანიზაცია/ადამიანია ჩართული, რომ ჩემი ერთ-ერთი ფეისბუქელი მეგობრისა არ იყოს, თუ ომბუდსმენის არჩევა დროზე არ მოხდა, მალე კანდიდატებისაგან ვიქნებით დასაცავები.

ვფიქრობ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ომბუდსმენის არჩევნები ახალი მთავრობის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. მორიგი სახალხო დამცველის ვინაობა, მკაფიოდ გვაჩვენებს, რას უნდა ველოდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.



 
Powered by Blogger