Monday, November 19, 2012

ფორსაიტების საგა

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მე და ჩემი მეგობარი ღრმააზროვან საკითხებზე ვმსჯელობდით, ასეთი კითხვა გაგვიჩნდა: რატომ ვკითხულობთ წიგნებს ან რატომ ვუყურებთ ფილმებს? დავასკვენით, რომ ადამიანს სხვისი  ცხოვრების თვალიერება იმდენად უყვარს, რომ რომ ამ სურვილის დასაკმაყოფლებლად, წიგნებსა და ფილმებს აქტიურად იყენებს. აქ ხომ როგითი ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიები, ემოციები თუ ინტიმური დეტალები უხერულობის გარეშე არის აღწერილი.

მახსოვს, პირველად, მსგავსი აზრი თავში შტეფან ცვაიგის მოთხრობების კითხვისას მომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთიმეორეს ჰგავდა, მივხვდი, რომ კითხვა სიამოვნებას იმიტომ მანიჭებდა, რომ ძალიან პირადული ამბების მომსწრე ვხდებოდი..

უფრო მეტად მომხიბლავი ადამიანებისათვის ცნობილი, ძალაუფლებისა და გავლენების მქონე ადამიანებისა და ოჯახების ისტორიებია. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რეალურია თუ გამოგონილი. ბუდენბროკები, ფორსაიტები და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი საგა დაწერილა (ისე, ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია "ბინდს" საგა), თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით, ეს ორი სარგებლობს.

ფორსაიტების საგაზე პირველად ინფორმაცია სერიალით მივიღე. მაშინ ის პერიოდი იყო, როცა შუქის მოსვლა გაუცხოების შეგრძნებას იწვევდა, როცა კვირაში რამდენიმე დღით და ისიც გვიან ღამით, იმ დროს  მოდიოდა, როცა პრაქტიკულად, არ გჭირდებოდა. ერთ-ერთ ასეთ დღეს ჯერ არ მეძინა და ტელევიზორი ჩავრთე, რომელიც მაშინ მხოლოდ პირველ არხს აჩვენებდა. თითქმის, ყველა სერია ვნახე და ძალიან მომეწონა. ჩამითრია ფორსაიტების ინტრიგებმა და აირონის ამბებმა, ხან რომ გაკიცხვა მოგინდებოდა, ხან კი მის მხარეს რომ იყავი.

ტიტრების მიხედვით გავიგე, რომ სერიალი წიგნის მიხედვით ყოფილა გადაღებული. მას შემდეგ, გორის თითქმის ყველა ბიბლიოთეკა მოვიარე, თუმცა წიგნს ვერსად გადავაწყდი. მოგვიანებით, სტუდენტობის დროს, ბუკინისტებთან გადავაწყდი ერთ ტომს და დაუფიქრებლად ვიყიდე. მაშინ "ბუდენბროკები" ახალი წაკითხული მქონდა და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და, მასთან შედარებით, საკმაოდ სუსტი მეჩვენა, თუმცა როცა მეორე ტომის ძევნა დავიწყე, არც ბუკინისტებში და არც ბიბლიოთეკებში არ აღმოჩნდა. როცა საჯაროშიც ვერ მივაგენი, სადაც, ფაქტობრივად, ყველა წიგნი აქვთ, რაც ნათარგმნია ქართულად, ვიფიქრე, რომ მეორე ტომი არ იყო გადმოქართულებული (ამის მწარე გამოხდილება კი მაქვს ჰაინრიხ მანის წიგნიდან გამომდინარე, რომელიც ანრი IV-ეს ეხება) და ხელი ჩავიქნიე. ჰოდა, დღეს, 50 წიგნის ფარგლებში, გოლზოურთის "ფორსაიტების საგას" მეორე ნაწილი გამოვიდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ერთი სულ მაქვს, როდის ჩავუჯდები და წლების წინ დაწყებული ამბის დასასრულს გავიგებ.
 
Powered by Blogger