Monday, December 31, 2012

სურვილები 2013 წლისათვის

იმდენი ხანია, ახალი პოსტის ფანჯარა არ გამიხსნია, რომ უცებ, შემეშინდა. :) და რადგან არც შემაჯამებელი პოსტი დამიწერია, ბარემ ყველაფერს ჩავატევ აქ.

მოკლედ, თუ ზამთარს არ ჩავთვლით, რომელიც კოშმარულად ცივი იყო და ასეთადაც დამამახსოვრდა, გასული წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, სიურპრიზებით დატვირთული და საინტერესო.

ჩემი კარლსონი  ყოველი დღის ბოლოს კითხულობს, თუ რით იყო გამორჩეული ის დღე. თუ ვინმე გასულ წელზე მკითხავს, ერთ-ერთი აუცილებლად გამახსენდება ათთვიანი პროგრამა გერმანიაში, რომელშიც ჯერ მოვხვდი და მერე ვეღარ, თუმცა მომავალ წელს იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად გამიმართლებს. საზღვარგარეთ სწავლა ჩემი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ მუღამით ვთქვი უარი ძალიან ბევრ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლებოდა, ჩემს თავს დატეხილიყო.

ამ კუთხით, წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როცა ჩემს თავს რაღაც არ ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საშინელი იმედგაცრუება არ განვიცადო. როცა ამას დავუკვირდი, იმასაც მივხვდი, რომ იღბლიანიც ვყოფილვარ. :)

2012 წელს ყველაზე სიურპრიზებით აღსავსე მაინც დეკემბერი აღმოჩნდა. ამ თვეს მოულოდნელად ვისკუპე საკმაოდ დიდი ნაბიჯით წინ და თან რამდენიმე ფლანგზე ერთდროულად.

შარშან, შარშანწინ, წელს.. გამორჩეულად ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ის პერიოდი მაქვს, როცა ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრების საუკეთესო ეტაპს გავდივარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2013 წლევანდელზე ნაყოფიერი იქნება, თან ჩემი წელია. :)

რაც შეეხება სურვილებს:

1. ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. წელსაც დავრწმუნდი ამაში და, მინდა, რომ ეს მქონდეს. ეს თუ მექნება, მერე ყველაფერი თავისით მოვა. :)

2. მინდა, რომ თავი მოვაბა და წელს მაინც წავიდე სადმე ჯანდაბაში: ევროპასა თუ აზიაში;

3. მანქანის ყიდვა მინდა (თუ მანამდე ვინმემ არ მაჩუქა);

4. პროფესიული კუთხით მინდა, განვვითარდე და ფინანსურადაც რომ უფრო ისა;

5. შარშანდელი სურვილის მიუხედავად, ინგლისური სრულყოფილად არ ვიცი, სამაგიეროდ, სრულყოფილად ვკითხულობ უკვე, ლექსიკონის გარეშე. მინდა, მომავალი წლისთვის საშუალოზე ცოტა კარგად მაინც ვლაპარაკობდე;

6. მინდა, რომ ჩემი ადამიანები კარგად იყვნენ;

7. 2014 წელს მინდა, სხვა ქვეყანაში შევხვდე ახალ წელს და ეს, ალბათ, ყველაზე მნიშნველოვანი სურვილია, რაც ამ ეტაპზე მაქვს.


ექვსსაათ-ნახევრით ადრე, ყველას გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, მიგეღოთ ის, რასაც იმსახურებთ. არც მეტი და არც ნაკლები. :)




 
Powered by Blogger