Tuesday, December 31, 2013

სურვილები 2014 წლისათვის

გამომდინარე იქიდან, რომ 2013-ის შეჯამება უკვე დავწერე, ცოტა არ იყოს, სინანულით ვემშვიდობები გველის წელს. არ მომბეზრდება გამეორება, რომ ეს წელი ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე დასამახსოვრებელი, ნათელი, ხალისიანი და ბედნიერი იყო. ისეთი იყო, რასაც ინატრებ, ყველაფერი რომ გიხდება. მინდა, 2014-იც ბევრი კარგი ამბით იყოს სავსე. თუმცა, რატომღაც მგონია, მთელი წლის მანძილზე,  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ უნდა მომიწიოს, რაც ცოტა მაფიქრებს. რაღაცების უცებ გადაწყვეტა არ შემიძლია, ეგეც არ იყოს, მიჭირს კიდეც.



2013-ში ამიხდა ყველა ის სურვილი, რაც 2012-ის მიწურულს, რამდენიმე საათით ადრე ჩავიფიქრე. მომავალი წლის სურვილებს რაც შეეხება:

1. მინდა, დროზე დავკვალიანდეთ ან არ დავკვალიანდეთ და სულ კარგად ვიყოთ;

2. ჯანმრთელობის კუთხითაც, მინდა, ყველაფერი კარგად მქონდეს. მინდა, ვისწავლო საკუთარი გონებრივი და ფიზიკური რესურსების სწორად გადანაწილება და არ შევუქმნა პრობლემები ჯანმრთელობას;

3. ჩემები მინდა კიდევ, რომ კარგად იყვნენ;

4. მინდა, პროფესიული კუთხით განვვითარდე. რატომღაც, მგონია, რომ გაყინული ვარ და ეს განცდა ემოციებში მაგდებს;

5. მანქანა მინდა, ვიყიდო, ბოლოსდაბოლოს, სადღაც, ივნისში;

6. ტოეფელს ან აელთისს მინდა, ჯვარი დავწერო, როგორღაც, გერმანულსაც მინდა, საფუძვლიანად მივხედო (თურმე, სულაც არ მცოდნია ცუდად) და სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებიც გადავათვალიერო;

7. მინდა, იტალიას ვეწვიო. :)

8. Rammstein-ის კონცერტი იქნება მოვახელთო სადმე. ნუ, Placebo-საც სიამოვნებით გავიმეორებდი, პოლ მაკარტნიზე რომ აღარაფერი ვთქვა;

9. მინდა, 2014-ში მაინც შევძლო მამაჩემისა და ჩემი ძმისთვის ისეთი საჩუქრების ყიდვა, ერთმანეთში რომ არ გაცვლიან; :)

კიდევ მინდა რაღაცები. უბრალოდ, ახლა ან არ მახსენდება, ან იმდენად პირადულია, რომ დაწერის სურვილი არ მაქვს.
ყველას გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, 2014-ში მიგეღოთ ის, რასაც დაიმსახურებთ.
თქვენი ვასასი, ვასასიკო, ვასიკო, ვასკა, ვასასუნა, ლემური და ა.შ. და ა.შ.  :)

Sunday, December 29, 2013

2013 - ოცნებების ახდენის წელი

- გასული წელი საკმაოდ ემოციური, ბევრი სირთულეებით სავსე გქონდა.
მე: - რას ამბობ, ყველაზე მაგარი წელი მქონდა, ოცნებების ახდენის წელი.
- ... პირველი ნახევარიც?
- მმმმმმმმმმმ. :)
ჰხო, 2013 წლის პირველი ნახევარი იმდენ ერთი-მეორეზე გამაოგნებელ ამბავში გავეხვიე, იმდენ რამეს ვარიდე თავი, იმდენი საქმე ვარჩიე, იმდენი ახლობელი ადამიანი გავდგი განზე, იმდენ მტკივნეული რაღაცა გადავიტანე და თავი ხელში ისე მაგრად ავიყვანე, რომ საკუთარი ემოციური შესაძლებლობებით თავად ვარ გაკვირვებული. მე ყველაფერი ადვილად მავიწყდება. ჰოდა, გასაკვირი არაა, დეკემბერში გაზაფხულის მძიმე ამბები რომ არ მხსომებოდა. :)

2013 ოცნებების ახდენის წელი მქონდა. სტამბოლში ვიმოგზაურე. რთული პერიოდი, პრაქტიკულად, სტამბოლით დასრულდა.

მერე იყო ივნსის შუა რიცხვებში, შუაღამის ორ საათზე მოსული მეილი, რომელიც იუწყებოდა რომ მიმიღეს. მახსოვს, თვალებს არ დავუჯერე, მეორედაც წავიკითხე და ხერხემალი ამიცახცახდა (რეალურად, წელი გამიშეშდა, მღელვარებისგან). იმიტომ, რომ ჟურნალისტიკის საერთაშორისო აკადემიაში მოვხვდი. და, ძალიან ბედნიერი ვარ. <3

შემდეგ თბილისის ლუდის ფესტივალი იყო.. :)

ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოცნებების ასე ადვილად ახდენა შეიძლებოდა. სხვა არაფერი შემიძლია ვუწოდო აგვისტოს მეორე გასვლას სტამბოლში. მიზეზი "პლაცებოს" კონცერტი გახლდათ. დიახსთ, მე მთელი ორი საათი ვუსმინე იმ ჯგუფისა და სოლისტის უმაგრეს კონცერტს, ლაივები რომ მაგრად ჰკიდიათ ხოლმე. ბრაინ მოლკოს ხმისა და სტეფან ოლსდალის საოცარი შესრულების ცოცხლად მოსმენა, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ნამდვილი ფუფუნებაა.

აგვიტოდან ვეგეტარიანელი გავხდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.

უცნაური შეგრძნებაა, როდესაც დილის ათის ნახევარზე იძახებ ტაქსის, სრულიად მარტო მიდიხარ აეროპორტში, ჯდები თვითმფრინავში და მიფრინავ ქვეყანაში, სადაც არასოდეს ყოფილხარ. შუაში ათათურქის უზარმაზარ აეროპორტში ჩერდები, რომლის უკიდეგანობაზეც მითებს ჰყვებიან, მაგრამ შენ მაგარი გოგო ხარ, მშვიდად, რაციონალურად და დალაგებით მოძრაობ. ადვილად აგნებ შესაბამის გეითს, ბოინგის დაშვებისას ბევრ სიმწვანეს, დამბებს და ელბას ხედავ. იცი, რომ ეს აღთქმული ქვეყანა არა, მაგრამ გერმანიაა. კონკრეტულად, ჰამბურგი. "ბითლზების" მეორე სამშობლო, რიპერბანი, ნავსადგური, ნიკოლასის მემორიალი და სასწავლო კურსის პირველი ეტაპის სტარტი. სამი ძალიან საინტერესო კვირა, ბევრი სამეცადინო, საინტერესო ადამიანები და, რაც მთავარია, ინგლისურისა და გერმანული ენის გადასარევი პრაქტიკა. ჰოუმსიკნესის ხსენება დამავიწყდა, ერთ კვირაში რომ დამემართა.
....ისიც უცნაური შეგრძნებაა, როდესაც უკან ბრუნდები, აეროპორტში კაციშვილი არ გხვდება, იძახებ ტაქსის და სრულიად ცარიელ სახლში შედიხარ. ისე, თითქოს, არაფერი.
მმ.. მაგარია სწავლის პროცესი. შემიძლია, დაუსრულებლად ვისწავლო და ვისწავლო. :) რომ ჩამოვედი, აქაც მოვხვდი საინტერესო სალექციო კურსებზე. ყველას დავესწარი. რამდენიმე განსკუთრებულად დამამახსოვრდა. :)

მანქანა ვერ ვიყიდე. უფრო სწორად, არ. ზაფხულს დავუცდი და მერე ვნახოთ. არ მჭირდება, ჯერჯერობით. ჰო, წელს ჩემი ყველაზე ლამაზი და გოგოშკური საფულე მივაკარგე, რომელსაც თან უამრავი კარტა, მათ შორის, მართვის მოწმობაც გაჰყვა და აღსადგენი მაქვს.

რაც შეეხება 2014 წელს.. მინიმუმ, სამი გაჩანჩალება მიწევს საზღვრებს გარეთ. შარშან, მაისში, გული საშინლად მწყდებოდა, Depeche Mode-ს რომ ვერ ვესწრებოდი სტამბოლში. განგებას ემცნო და დეივი ისე ჩაკაიფდა, კონცერტის ჩაშლა აპარატურას დააბრალეს. :) ჰხოდა, სამაგიეროდ, 2014-ში, კიევში მოვუსმენ. კიდევ, აკადემიას დავამთავრებ და მერე მასტერზე ვიფიქრებ.

დიახსთ, 365 დღეში ამდენი რამე მოვასწარი და წლის მიწურილს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. :) 2014 წლის სურვილებს, ტრადიციულად, 31 დეკემბერს ჩამოვწერ.

Saturday, December 28, 2013

0903700009 - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი

- მე ასეთი მეგობრები მყავს. რუტინაში არიან ჩაფლულები და ვერ იცლიან. მაგრამ მე შარშან მოვიცალე სრულიად უცნობი ადამიანისათვის.
- მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?
- რასაც საჭიროდ ჩათვლი. არც მეტი, არც ნაკლები.
ასეთ დროს ყოველთვის ვიბნევი, თავს ვხრი და დამნაშავედ ვგრძნობ. მე არც დევკაცი ვარ, მთების გადაბრუნება რომ შევძლო, არც ყოფილი პრემიერი, საკითხი რომ მარტივად გადავწყვიტო და არც ის ტიპი, ადვილად რომ შემეძლოს დაკიდება.

ბოლო რამდენიმე დღეა, ვერ ვცნობთ. ძალიან ნერვიულობს და ზურიუსისათვის არადამახასიათებელი სერიოზულობით დადის წინ და უკან. :) გეგმებს აწყობს, როგორ შეასრულებს საფინალო ნომერს, როგორ გააკეთებს მხარდამჭერ ვიდეოს და ა.შ. დადის და უსტვენს. ქუჩაში რომ სტვენა-სტვენით მივდივართ, გვაჩერებენ, გვიყურებენ და ა.შ. მიხარია. :) მე ისიც არ ვიცოდი, "ნიჭიერში" გასვლას თუ აპირებდა. აქაურ ამბებს მოწყვეტილმა, შემთხვევითი ფოტოთი გავიგე.

ბევრს ჰგონია, სტვენა ადვილია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ცდა საკმარისია იმის აღმოსაჩენად, რომ სიმღერაზე რთულია და, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საოპერო არიას სტვენ.

30-ში ფინალი გვაქვს. კოსტუმიც ამ დღეებში იქნება მზად და შოუზეც დაიწყებს ფიქრს. დასასტვენთან ერთად, ცოტა რთული დასადგმელია ის, რასაც ასრულებს. არია დამხეცებული აქვს და სახის ახევას ვაპირებო, გვეუბნება. პრინციპში, ასეთ შოუებში ყოველთვის თვითონ შოუს მიმდინარეობა თამაშობს გადამწყვეტ როლს. საკუთარი გამოსვლით გული ისე უნდა აუჩუყო აუდიტორიას, რომ ბალანსიდან 50 თეთრი არ დაენანოს და ცრემლების ყლაპვით დაგიმესიჯოს. თორემ ისედაც ყველამ ვიცით, რომ მსგავს სიტუაციებში ყველაზე მომგებიანად ჯგუფები გრძნობენ თავს. ეს იცის ზურამ და მაგიტომაც აპირებს სახის ახევას. 

გარე პირებისათვის ასეთ შოუში მონაწილეობა საკმარისია სრული ბედნიერებისათვის, მაგრამ ზურიუსი მაგ კატეგორიას არ განეკუთვნება. მისი საკონკურსო ნომრის შესახებ, მხოლოდ, გუშინ გავიგეთ (0903 700 009). ზურა მეცხრე გამოვა.

"ნიჭიერის" მსგავსი შოუების ყურება ადამიანებისათვის ერთგვარი აზარტია. ვსხედვართ ტელევიზორებთან და ვუყურებთ შეჯიბრს. ვიღაცას ვგულშემატკივრობთ, ვიღაც გვინდა, ცუდად გამოვიდეს.. მოკლედ, ფეხბურთს წააგავს. თან ვისი გამარჯვებაც გინდა, ისე ძალიან მოგწონს, რომ გინდა, რამე კეთილი და კარგი ჩაიდინო. ვისაც ზურას უცნაური შესრულება მოგწონთ, მისთვის საახალწლო საჩუქრის გაკეთება ძალიან მარტივად და იაფად შეგიძლიათ. დამერწმუნეთ, ძალიან გაუხარდება.

- სულ მგონია, რომ მარტო ვარ. არავინ მეხმარება.
- რა შეგვიძლია, გავაკეთოთ შენთვის, რა არის ჩვენზე დამოკიდებული?
- რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. არც მეტი, არც ნაკლები. 
მარტო იმიტომ, რომ ასე ძალიან არ ნერვიულობდეს რაღაცებზე და მალე გახდეს ისეთივე არაადეკვატური, მხიარული და, ზოგჯერ, დეგენერატი, როგორიც სინამდვილეშია, ერთ სული მაქვს, როდის ჩაივლის ფინალი.

ჩვენი ზურიკო ნიჭიერი უნდა გახდეს. არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. "ნიჭიერის" არსი უცნაური ადამიანების აღმოჩენა და ადეკვატური შეფასებაა. მე მგონი, ზურა ბალანჩივაძე ამ კატეგორიაში გადის.

Saturday, December 21, 2013

ბავშვები, რომლებსაც სურვილები აუსრულებელი რჩებათ

თეა ჩემი კლასელი იყო. ცხრა წელი გავატარეთ ერთ კლასში, სხვადასხვა მერხთან. მერე გათხოვდა. არა, ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ მეათე კლასში ახალი გადასულები ვიყავით, რომ გათხოვდა. მას მერე არ მინახავს, მხოლოდ გოგოების ჭორაობა მესმოდა.
თითქმის, ათი წელი გავიდა და ახალახან შემხვდა ერთ-ერთ საავადმყოფოში. შეცვლილიყო, თმაზე მელირება ჰქონდა გაკეთებული და 5-6 წლის ბავშვთან ერთად მოდიოდა. ისევ თვითონ მიცნო. ორი სიტყვა გავცვალეთ და ბავშვიც გამაცნო - თემუკა. იქვე, კაფეში ჩამოვსხედით, რომელიც, რატომღაც, კორპუსის შიდა ეზოში მოწყობილ სპორტულ მოედანს გადაჰყურებდა. ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. თემუკა, ერთდროულად, ნაღვლიანი და აღტაცებული თვალებით მიაშტერდა. თეამ კი თვალები დახუჭა.

იუვენილური ართრიტი აქვს, ორი წლის წინ დაგვიდგინესო, მითხრა და სიგარეტი ნერვიულად მოქაჩა. მერე მოჰყვა და მოჰყვა. ისე, როგორც საკუთარი პრობლემების შესახებ ჰყვებიან ადამიანები. ოღონდ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ვიღაც ბიჭის მოწონება, შეყვარებულთან ჩხუბი, სამსახურში ბევრი მუშაობა და ა.შ.

იუვენილური ართრიტი იშვიათ დაავადებებში გადის. იმ კატეგორიაში, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 6-8%- რომ სჭირს. ის ბავშვებს 6 თვიდან 16 წლამდე ასაკში ემართებათ. აზიანებს სახსრებსა და თვალებს. ნელ-ნელა, ბავშვებს მოძრაობა ეზღუდებათ, სახსრები სტკივათ.. თეა ამბობს, ყველაზე საშიში ისაა, ყბის სახსარი არ დაზიანდეს, თორემ  მერე საჭმელსაც ვერ შეჭამსო.

მერე გაიხსენა, ყველაფერი როგორ დაიწყო მაღალი სიცხით, გამონაყარით, სახსრების ტკივილით.. გვეგონა გაცივდა და ვირუსი შეეყარაო. გვიან მიხვდნენ, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო.  მას შემდეგ ექიმებთან გამუდმებით დადიან. ახლა თემუკას სახსრებიდან ნემსით სითხეს უღებენ და სპეციალურ ინექციას უტარებენ. ეს მკურნალობის პირველი ეტაპია; მეორე  სტეროდებზე გადასვლაა, მესამე კი - ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ძვირი ღირს.

არადა, იუვენილური ართრიტისდროს ბავშვის  აქტივობის შენარჩუნება შესაძლებელია.. საქართველოშიც არის ამის არაერთი მაგალითი. არსებობს მკურნალობის სამი გზა: მკურნალობას არასტეროიდული მედიკამენტებით იწყებენ, შემდეგ სტეროდებზე გადადიან, ბოლოს კი იმედად ბიოლოგიური პრეპარატები რჩება. სტეროიდების გამოყენებას ექიმები ერიდებიან. იმიტომ, რომ ბევრი ისეთი გვერდითი მოვლენა აქვს,  როგორიცაა დიაბეტი, ზრდაში ჩამორჩენა.. ბიოლოგიურ პრეპარატს რაც შეეხება, ის ბავშვების მობილური აქტივობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პრქტიკულად, ეხმარება ბავშვებს, სერიოზული დაზიანებების გარეშე მიაღწიონ ზრდასრულ  ასაკს. ივუინელური ართრიტის სამკურნალო ბიოლოგიური პრეპარატები ძვირია  ერთი ოჯახისათვის, მაგრამ ეს თანხა ბევრი არ არისსახელმწიფოსთვის. ამჟამად 14 ბავშვს გადაუდებლად ესაჭიროება  ბიოლოგიური პრეპარატით  მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინვალიდის სავარძელს შეიძლება მიეჯაჭვონ. შემდეგ უკვე მკურნალობა აზრს დაკარგავს.  - მიყვება თეა. თემუკასაც მალე დასჭირდება ბიოლოგიური პრეპარატი. ამ ბავშვებისთვის დილა ყველაზე რთული ყოფილა. უმოძრაოდ ყოფნის შემდეგ მოძრაობა უჭირთ და ტკივილებიც განსაკუთრებით აწუხებთ.



ჰოდა, სახელმწიფოს დახმარებას რაც შეეხება, ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ. ნუსხა 2001 წელს შეადგინეს და ბევრი ისეთი დაავადებაა შესული, რომელიც საქართველოში საერთოდ არ გვხვდება. ისიც აღსანიშნავია, რომ წინა წლების გამოცდილებით, ყოფილა შემთხვევები, როცა თანხა აუთვისებელი დარჩენილა. როგორც ამბობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ თანხები არასწორად ნაწილდება. ამ დროს კი იუვინელური ართრიტით დაავადებული ბავშვები დახმარებას ელოდებიან.

ექიმები ამბობენ, რომ მთავარ პრობლემად ხარისხიანი და სწორი ინფორმაციის ნაკლებობა რჩება. მათი თქმით, ნუსხა თავიდანაა შესადგენი და, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ  ყოველ  დაავადებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტია საჭირო, ზოგჯერ რეაბილიტაცია.......  ზოგადად, მიჩნეულია, რომ იშვიათი დაავადებები ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაფინანსება სრულად სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე.

იშვიათ დაავადებებზე გასულ წელს, ბიუჯეტში 5 მლნ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. მთავრობა ახლაც ამბობს, რომ იშვიათი დაავადებები მომავალი წლის პრიორიტეტებში იქნება გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტი, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია, მთავრობის  მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა კი არის, თუმცა,  როგორც ცნობილია, ძირთადი აქცენტები, კვლავ სოციალურ პროგრამებზე კეთდება.

თეა მშობელთა კავშირშიცაა გაწევრიანებული. 2011 წელს, იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობლებმა გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალებით ეზრუნათ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე დაავადების შესახებ, ისინი პერიოდულად  ხვდებიან სამინისტროს წარმომადგენლებს სრულიად კონკრეტული მიზნით. თუმცა, როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის. სამინისტრო კი ამბობს, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი ოდენობით თანხა. ამიტომ ვერ ხერხდება დაავადებების სრული დაფინანსება. - თუ ცოტა ხანში ბავშვის მკურნალობა არ დამიფინანსეს, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწევს. არ დავუშვებ ჩემი შვილის ინვალიდის ეტლში გადაჯდომას, - მეუბნება თეა. თან ცდილობს, თემუკამ არ შენიშნოს. არ უნდა, ზემდეტად ააღლევოს. არადა, ვხვდები, რომ თემუკას ყველაფერი ესმის და თავს ვაჟკაცურად იკავებს.

ეზოში ბავშვები ისევ თამაშობენ ფეხბურთს. თემუკაც მათ მიშტერებია. ვიღაცას „ბარსელონას“ მაისური აცვია, გოლიც გაიტანა და ჟივილ-ხივილი ატყდა
- ფეხბურთი უყვარს ძალიან. თამაშობდა კიდეც კარგად, მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ ახლა მალე იღლება, ყველა სახსარი სტკივა და ვერ იტვირთება, - ამბობს თეა და თვალებს იწმენდს.

- დედა, მე აუცილებლად გავხდები დიდი ფეხბურთელი. ოღონდ, მანამდე, ეზოში ჩასვლა და ბურთის თამაში უნდა შევძლო. ხომ გავხდები, დედა?
- ჰო, დე, გახდები, - ნაღვლიანად უღიმის თეა.

გულში რაღაც მწყდება. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ თემუკა ფეხბურთელი თუ არა, სხვა პროფესიის ადამიანი გამოვა. ყოველგვარი ტკივილის გარეშე.

Wednesday, December 18, 2013

ვასასობა 2013

ვასასობა მქონდა შარშან, შარშანწინაც და იმის წინაც. წელსაც მაქვს და მომავალ წელსაც მექნება.

ერთხელ საკუთარ აგარაკზეც მოგიწვევთ, რომელიმე თოვლიან კურორტზე. დეკემბრის ბოლო კვირა იქნება. გარეთ ითოვებს, ჩვენ ბუხართან ვიქნებით და გვექნება გლინტვეინი.

წელს ყველაზე შთამბეჭდავი წელი იყო ყველა იმ წელს შორის, რომელიც გამომივლია. წლის ადამიანებს შორის კი, ბლოგერები აღარ ჭარბობენ. სამაგიეროდ, ბევრი ადამიანი შევიძინე, საინტერესო ნაცნობებიც მყავს (მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც კი).

მე ვერასოდეს გავხდები ოპრა უინფრი მარტო იმიტომ, რომ ჩემი რიგითი გადაცემის სტუმრებს მანქანები ჩამოვურიგო, მაგრამ ის ვასასობა, ჩემს საკუთარ აგარაკზე, ჩემი წლის ადამიანების ოცნებების ახდენის ვასასობა იქნება. მანამდე კი, დროს არ დავკარგავ და 2013-ის წილს წავირეპეტიციებ:


#1. წლის (კარლსონის) თანამშრომელი

ადამიანების აღმოჩენა არის ძალიან საინტერესო პროცესი. ერთ-ერთ სპეციფიკურ დაწესებულებაში მხოლოდ ოთხი თვე ვიმუშავე. ამ ოთხი თვის განმავლობაში, თითო დადებულ პოსტზე, აუცილებლად მომდიოდა პმ, სადაც ჩემი "დამხმარე" დანანებით იქნევდა თავს მარჯვნიდან მარცხნივ და მეუბნებოდა, ეჰ, თამარჩიკ, ეგ ასე კი არა, ისე უნდა დაგეწერაო და თან, განმარტებად, იმდენ სამედიცინო ტერმინს აყოლებდა, საბოლოოდ ვიბნეოდი.
ჩვენ ტოლები ვართ და, როგორც 29 მაისს აღმოვაჩინეთ, სულ რაღაც, 1,5 საათით არის ჩემზე უფროსი. გაივლის 43423 წელი და, ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ანგიოქირურგი იქნება. არა იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ეს გარდაუვალია.

 წლის (კარლსონის) თანამშრომელი გურამ მინდიაშვილია. კარლსონის იმიტომ, რომ ისინი დღემდე ერთად მუშაობენ.



#2. წლის (პ)არანორმალური

არათუ წლის, ზოგადად, ეს ადამიანი პარანორმალურია. სანამ პოპულარული გახდებოდა, მანამდე უკვე ვიცოდი, რომ ჩემს წლევანდელ ნუსხაში შემოცუნცულდებოდა. ახლა ცოტა დატვირთული პერიოდი აქვს: ჟურნალისტები, რეპეტიციები, ქუჩაში გაჩერებები და ა.შ. და ა.შ. მაგრამ მაინც ის ზურიკოა, ძალიან რომ მიყვარს, უცებ რომ შეუძლია, იღლიაში ამომიჩაროს, ჟოლოიანი ბლინი შემიჭამოს და ქუთაისიდან "Yesterday" სტვენით გამომიგზავნოს. კიდევ, ის ზურიკოა, 30-ში რომ ყველამ ერთად, მესიჯებით უნდა დავუმტკიცოთ, მისი ზედმეტი, ზოგჯერ, შემაწუხებელი ნიჭიერების რომ გვჯერა.

წლის (პ)არანორმალური - ზურა ბალანჩივაძე. 




#3. წლის ციყვი

ამას წინათ მომეზუზა, დაბადების დღე მაქვს და რა უნდა მაჩუქოო. ვუპასუხე, ბუს კვერცხები-თქო. როგორც მოიზუზა, ისე გაიზუზა. მერე გამახსენდა, რომ ციყვებს ბუს კვერცხები არ უყვართ.

წლის ციყვი - ლამრო მირიანაშვილი.  



#4. წლის მეგზურები

წელს ორჯერ ვიყავი სტამბოლში (მომავალ წელსაც წავალ და სულ ვივლი აწი). პირველად დიდი ხნის ნაცნობებთან ერთად, მეორედ, "პლაცებომ" გაგვაერთიანა სამნი. თან საფუძვლიანად. ერთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდი, მეორე - ფბ-დან გავიცანი. დიდი მეგობრობა არც ერთთან მაკავშირებდა და, ცოტა არ იყოს, ვღელავდი. როცა ადამიანებს არ იცნობ, ცოტა ძნელია, მათთან ერთად ცხოვრება და ეს გასაგებიცაა. მაგრამ ეს იყო ყველაზე მაგარი მოგზაურობა და შთამბეჭდავი 4 დღე, რომელიც აეროპორტში, რეგისტრაციის გავლისას დაიწყო, რეგისტრატორმა საეჭვოდ რომ ამოგვხედა და, ეს კარელიძე-კარანაძე სად შეიყარეთო, დაინტერსდა.  ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, მოგვწონს ერთნაირი რაღაცები, აღმოგვაჩნდა 563453 საერთო თემა და სტამბოლიდან, "პლაცებოთი" გადარევის გარდა, ორი საუკეთესო მეგობრით დავბრუნდი, რომლებსაც, ასე მგონია, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.


წლის მეგზურები - რუსკა გიორგაძე და გიორგი კარანაძე.




# 5. წლის დამაზღნარებელი

ისტორიულად, მარტი-აპრილი რთული პერიოდი მაქვს. არც 2013 ყოფილა გამონაკლისი. ჰოდა, ტოტალური დაუზღნარებლობისა და ხერხემლის ცახცახის ფონზე, გამომეცხადა ფეისბუქის PM-ში და ისე მიმაზღნარა, მას შემდეგ ყველაფერი დავიკიდე და დაზღნარებული დავდივარ. :) ხშირად ამბობს, რომ ოფიციალურად მიშვილა და სადღაც მართალიცაა ცოტა. :)

წლის დამაზღნარებელი - ფიქრია გოგინაშვილი. <3




#6. წლის დასაზღნარებელი

კვირაში ერთხელ მივიწრები და ვიკითხავ, დაზღნარდა თუ არა. სინამდვილეში, ნანუკას არაფერი სჭირს დასაზღნარებელი, ძალიან ზღნარი გოგოა. იმდენად, მე რომ ავაფორიაქებ ხოლმე მიჭრით.

წლის დასაზღნარებელი - ნანუკა ავალიანი. 




#7. წლის შეწყნარებული

ის სულ პირველ ნუსხაში მოხვდა. როგორც დანარჩენების დიდმა ნაწილმა, პოსტი ხუმრობად აღიქვა და, საბოლოოდ, ბექასთვის მასთან გატანებული დამადასტურებელი მოწმობები დღემდე მჩხაპნელთან ინახება. მას შემდეგ იყო სინანულის 3 წელი და ახლა, 2013-ში, შეწყნარებულად ვაცხადებ. :D

წლის შეწყნარებული - ჰექსე.




# 8. ლანისტერების გოგო

ის არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელსაც "Games of Thrones"-ზე აქვს გაჭედილი, თუმცა ნამდვილად პირველია, რომელიც საკუთარ თავს ლანისტერების შთამომავლად მიიჩნევს. ასევე პირველია, რომელიც მეხვეწება, დაჯექი და მომიყევი, რა ხდება მესამე-მეოთხე ტომებშიო (სხვები ყურებზე ხელს იფარებენ, რაიმე საკრალური არ წამოგცდესო) და მე ყოველ ჯერზე მეზრება. :D ის არც სერსეია, არც ტირიონი და, მით უმეტეს, არც ჯეიმი. ის ტაივინ ლანისტერის მეოთხე შვილია და ქართულად სალომე ჰქვია.

ლანისტერების გოგო - სალომე ბენიძე. 





#9. მშიერი მონსტრი

ხშირად მეძახის ქერას, თუმცა სინამდვილეში თვითონაა ქერაც და, ბონუსად, ცისფერთვალებაც. გულისამაჩუყებელი ორი მომენტი მახსოვს: ერთი, როგორ გააკეთა ჩემთვის მაკარონი ცალკე, შენ კვერცხს მარტო თქვეფ და არ ჭამო და მეორე: ღამის 11-ზე მისულს როგორ გადმომღრიალა ფანჯრიდან, საათზე მაინც დაიხედე, რომელზე ბრუნდები სახლშიო (რის შემდეგაც ჩუმად ავიძურწე და ზღნარად მივჯექი კუთხეში ლემურის თვალებით). :) შემიძლია, საათობით ვუსმინო, როცა სერიოზულად ლაპარაკობს. მშიერი კიდევ მტერმა ნახა და ელაპარაკა!.

მშიერი მონსტრი - დავით-მიხეილ შუბლაძე. 


მოკლედ, ვასასობა 2013-ის ნომინაციათა ნაწილს დასრულებულად ვაცხადებ.


  •  ოფიციალური ნაწილი თავისი After Party-თ გაიმართება შაბათს, 28 დეკემბერს, City-Time-ში 20:00-დან. მისამართია მაჩაბლის #1.
თუ ვინმეს მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პმ  მომწერეთ, რათა დამსახურებული ატრიბუტები ახალ წლამდე გადმოგცეთ.

P.S, წინა წლების მსგავსად, დასწრება ახლაც თავისუფალია მათთვისაც, ვისაც მოსვლა უნდა, თუმცა ნომინანტებში ვერ მოხვდა. პრინციპში, რიგგარეშე დამსწრეები ყოველ ჯერზე საინტერესონი არიან ხოლმე და ყველას გამოჩენა მიხარია. :) 

Tuesday, December 3, 2013

უმოქმედობა

ამას წინათ ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ როცა თავს კარგად ვგრძნობ, უმოქმედო ვხდები. უფრო სწორად, ჩემი ტვინი ითიშება.

ტვინი კარგა ხანია, ერორს მიგდებს. არც წიგნის კითხვა მინდა, არც მუშაობა, არც ტვინის ჭყლეტვა, არც მეცადინეობა.. უბრალოდ, კარგად ვარ. იმდენად კარგად, რომ არ მინდა, მყუდროება უცხო რაღაცებმა დამირღვიოს. ვიცი, რომ ხანდახან რესტარტი საჭიროა. მაგრამ როცა ეს პროცესი 4-5 თვე გრძელდება, მგონი, ცოტა საგანგაშოა. მით უმეტეს, კარგად ყოფნის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს იმ ფრონტზე, რომელშიც გარკვევა ბოლო წერტილი იქნება ჩემის სრული ადამიანური იდილიისათვის.

დღეს ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, ინდიფერენტულობა აბსოლუტურად ყველასა და ყველაფრის მიმართ, არა კარგად ყოფნით, არამედ, გადაღლილობით იყოს გამოწვეული. იმ მუდმივი სტრესით, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრია, დღე-ღამეში 5-6 საათი მშფოთვარე ძილით მაშინ, როცა ორგანიზმისათვის რვასაათიანი ძილია აუცილებელი..

ძალიან მშურს ადამიანების, რომლებმაც იციან, როგორ დაისვენონ. როგორ გადაარესტარტონ ტვინი ისე, რომ სიცოცხლისუნარიანები დაბრუნდნენ ყოველდღიურ რუტინაში. იმ ადამიანებისაც მშურს, რომლებსაც ათასი პრობლემისა და ტვინსაჭყლეტის მიუხედავად, შეუძლიათ, ბალიშზე თავი დადონ და მაშინვე ღრმა, მშვიდ ძილს მიეცნენ.

არადა, ზამთარი ხომ იმისათვის არსებობს, შეძვრე ბუნაგში, ღრმად გაეხვიო საბანში და იძინო გაზაფხულამდე?!.

P.S. ნეტა კვირაში ერთხელ მაინც ვნახულობდე ისეთ ჰარმონიულ სიზმრებს, ბავშვობაში რომ მესიზმრებოდა.

Tuesday, November 19, 2013

Hiddenseek, Food for U და Startup Weekend Tbilisi-ს ფინალი

StartUp weekend-ზე უკვე დავწერე წინა პოსტში, ისიც დავწერე, ვინ იყო ჩემი ფავორიტი და, საერთოდ, რა ღონისძიებაა ეს, მაგრამ გამარჯვებულსა და კონკურსის ბოლო დღეზე არაფერი მითქვამს.

სამდღიანი ღონისძების ფარგლებში, უამარავი საინტერესო იდეა იქნა განხილული, მათგან ნაწილი ნახევარფინალში გადავიდა. უკვე კვირას, თავისუფალ უნივერსიტეტში, 2 საათიდან,  მწვრთნელებთან ერთად ამ იდეების სრულყოფა და საპრეზენტაციოდ მომზადება დაიწყო.

აშკარად ჩანდა, შიდაგანხილვის პროცესი იმდენად საინტერესო მიმდიანრეობდა, რომ ფინალური ღონისძიება დაგეგმილზე ორი საათით გვიან დაიწყო. მე რომ მივედი, გუნდები უკვე ნახევარფინალურ განხილვებში იყვნენ და ვერ გავიგე, თუ პარასკევის შემდეგ, ვის მიეცა აგრარულ უნიში საფინალო პრეზენტაციის მომზადების საშუალება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდა, როცა ფინალისტებში ნინა და გივიც აღმოვაჩინე თავისი ოფლაინ ლექსიკონით.


მოკლედ რომ ვთქვათ, ფინალში 10 გუნდი გადავიდა (წესით, ცხრა უნდა ყოფილიყო, თუმცა ჟიურიმ გამონაკლისი დაუშვა). თითოეულ გუნდს, დამსწრეებისა და ჟიურისათვის საკუთარი იდეის წარსადგენად, 10 წუთი მიეცა. ამის შემდეგ, კითხვები მოდიოდა.

ანონიმური შეთავაზებები ფეისბუქით, ონლაინ რესტორნების ქსელი, კულინარიისა თუ ფასდაკლების საიტი.. მოკლედ, 10 ძალიან საინტერესო იდეა იქნა შემოთავაზებული. გუშინდელი პრეზენტაციებისას კიდევ ერთხელ მივხვდი, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას, როგორ წარადგენ შენს პროდუქტს. მაგალითად, შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეს, მაგრამ ვერ მიიტანო მომხმარებლამდე და პირიქით.
პრეზენტატორების შორის, თავიდანვე დამამახსოვრდა რიგით მეორე გუნდი, რომელსაც ფეისბუქზე ანონიმური შეთავაზებების პროექტი, სახელწოდებით, Hiddenseek ჰქონდა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ FB იუზერებს, ამ აპის საშუალებით, შეუძლიათ, კონკრეტულ ივენთზე მონიშნონ ადამიანები, რომლებთან ერთადაც სიამოვნებით წავიდოდნენ. მოკლედ, ამის უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა ეს უფრო დახვეწილია. პრეზენტაცია დამამახსოვრდა იმდენად, რამდენადაც პრეზენტატორმა დიანმიურად წარადგინა პროექტი, იყო უშუალო, რაც არ მოგაწყენდა.

ათი იდეის მოსმენა, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ცოტა არ იყოს, დამღლელი კია, თან ამ პროცესმა, 2 საათამდე გასტანა. ზოგადად, ძალიან ვბრაზდები, როცა ლაპარაკში ხელოვნურად ბევრ ბარბარიზმს ურევენ. პრეზენტატორთა აბსოლუტური უმრავლესობაც, ქართული სიტყვების ნაცვლად,  უხვად ხმარობდა ინგლისურს. იმდენად უხვად, რომ უკვე გამაღიზიანებელიც იყო. მესმის, რომ არსებობს გარკვეული სიტყვები, რომლებიც ინგლისურად უკეთ ჟღერს და ქართულზე ნათლად გამოხატავს სათქმელს, თუმცა რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ თუ ხუთისტყვიან წინადადებაში სამ ინგლისურ სიტყვას იტყვიან, უფრო საქმიანი, ინტელექტუალური და დახვეწილები გამოჩნდებიან, ჩემამდე არ დადის.

ათივე იდეის წარდგენის შემდეგ, ჟიური ცოტა ხნით გავიდა სათათბიროდ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი გამარჯვებულის ნაცვლად, მათ პირველ და მეორე ადგილების დაწესება გადაწყვიტეს. პირველ ადგილზე hiddenseek გავიდა, რომლებმაც iPad Air-ები მიიღეს საჩუქრად, მეორე ადგილზე კი, პროექტი Food for U, რომელიც კვების ინდუსტრიას შესახებაა.



მოკლედ, StartUp weekend-ის ყველაზე საინტერესო ნაწილი ისაა, რომ ორივე გამარჯვებულმა გუნდმა ჩაწერა ვიდეო საკუთარი იდეის შესახებ და გადაგზავნა უკვე გლობალური Startup Weekend-ის ღონისძიების კანდიდატად. სადაც, თუ მსაჯებს მოეწონათ, უკვე რეგიონულ ღონისძიებაში მიღებენ მონაწილეობას. რომ შევაჯეროთ, ეს ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდა დეველოპერებს, IT სპეციალისტებსა თუ ინტერნეტტექნოლოგიებით დაინტერესებულ ტიპებს, რომ თავისი იდეებით, საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.


პირველი StartUp Weekend-ი თბილისში, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ვიცი, შემდეგი ღონისძიებებიც იგეგმება და, ვნახოთ, იქნება, იმ გუნდებიდან რომელიმე, ისეთი მაგარი პროდუქტის შემქნელი აღმოჩნდეს, მთელი თუ არა, ნახევარი მსოფლიო მაინც რომ აალაპრაკოს.  J

Saturday, November 16, 2013

ოფლაინ-ლექსიკონი და შიდასამსახურებრივი ჩატი ანუ, SWT Tbilisi

გივიმ და ნინამ ერთი საინტერესო იდეის შესახებ მითხრეს, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ეს არის უცხო ენათა ლექსიკონი, რომელიც ოფლაინ რეჟიმშიც მუშაობს. ეს უკანასკნელი, ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კიდევ რა გიჭირს, გაჭირვებით თუ კარგად, Tbilisi loves you მაინცაა ქალაქში და, გარკვეულ ადგილებში, ინტერნეტით სარგებლობა შეგიძლია, მაგრამ როცა უცხოეთში ხარ, ამის შანსი ნაკლები გაქვს. არადა, ლექსიკონი იქ უფრო გჭირდება.

მოკლედ, ოფლაინ ლექსიკონის იდეამ, როგორც იტყვიან, „დამაბა“.

მოგვიანებით, ნინა და გივი, ლიბერთი ბანკში, Startup Weekend-ის ფარგლებში ვნახე. მონაწილის ბეჯები ეკეთათ. მითხრეს რომ თავისი იდეა მოიტანეს და გამარჯვების იმედიც აქვთ (პრინციპში, მეც. ოფლაინ ლექსიკონი, მინიმუმ, მომდევნო ერთი წლის მანძილზე, მართლა ძალიან მჭირდება). გამარჯვების იმედი, მათ გარდა, რამდენიმე ათეულ ჯგუფს აქვს,  რომლებმაც საკუთარი იდეები ჟიურის წევრებს წარუდგინეს.
თვითონ Startup Weekend-ს რაც შეეხება, ალბათ, ზოგმა არ იცის, რომ ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. თბილისში პირველად მოეწყო. ლიბერთი ბანკის, Smartex ჯგუფისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით. ეს ღონისძიება ახალგაზრდა დეველოპერებს, IT სპეციალისეტებს და, ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტტექნოლოგიები აინტერესებთ, საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები ძალიან მაგარ მენეჯერებს წარუდგინონ, რჩევები მიიღონ და მერე საკუთარი ბიზნესიც დაიწყონ.


ღონისძიება სამდღიანია. ჯეერ ჯგუფები შეირჩა იდეების მიხედვით, მერე მათ პრეზნეტაცია მოახდინეს ჟიურის წევრებთან, შემდეგი ეტაპი მუშაობაა მენტორებთან და ბოლოს, გამარჯვებული ერთი გუნდი გამოვლინდება. სხვათაშორის, startup weekend-ის საერთაშროსო ფორმატი, საუკეთესო იდეების აუცილებლად დაფინანსებას არ გულისხმობს, თუმცა საქართველოში ეს გამონაკლისი იქნებაო, Smartex-ში ამბობენ და მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნება გამარჯვებული.


სხვათაშორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 400-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა და, ამ გლობალური პროექტის ფარგლებში, სადღაც, 4300-მდე ახალი ბიზნესი დაიწყო.
გამიხარდა, რომ რატომღაც, პირველი ეტაპიდან მივადევნე ამ ღონისძიებას თვალი. მართლა ძნელია, 2 წუთში საკუთარი ბიზნესიდეა საუკეთესოდ წარუდგინო ისეთ ჟიურის, რომლის წევრებიც ლადო გურგენიძე, გიორგი ახალაია (USAID), ქეთი ბოჭორიშვილი (ეკონომიკის სამინისტრო) თუ სხვები არიან, მაგრამ მონაწილეებს აშკარად ეტყობოდათ, რომ კარგად მოემზადნენ. 2 წუთი აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემნაირ ადამიანსაც, რომელიც საერთოდ არაა საქმის კურსში, ადვილად გაეგო რას გვთავაზობს intra-chat-ი, მეგობრების ანონიმურად მიპატიჟების სერვისი, wishmaster-ი და სხვები. მოკლედ, წარმოდგენილი იდეებიდან, ძალიან ბევრი საჭირო, კომფორტული და ისეთია, რომლებიც ბევრ მომხმარებელს გაუადვილებს ცხოვრებას. სხვათაშორის, გუშინდელ პრეზენტაციას უმარავი ადამიანი ესწრებოდა. როგორც აღმოჩნდა, Smartex-მა გადაწყვიტა, ე.წ. Crowdfunding ექსპერიმენტის ჩატარება. ანუ, მოიწვიეს ბევრი სტუმარი (მათ შორის, ბევრი წარმატებული ბიზნესმენი ვიცანი), რომლებსაც, იდეის მოწონების შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლიათ, ინვესტიცია თავად განახორციელონ.




 პრეზენტაციების პირველი ეტაპი გუშინ გაიმართა. დღეს დილიდან, მონაწილეები თავისუფალ უნივერსიტეტში არიან შეკრებილები და კონსულტაციებს მენტორებთან გადიან. მათ შორის არიან გივი და ნინაც. ხვალ აუცილებლად ვაპირებ წასვლას, გამარჯვებულის გამოვლინებას ვერ გამოვტოვებ. ჰოდა, იმედი მაქვს, მანამდე შერჩეულ ცხრა ფინალისტში, მათ პროექტსაც ვიხილავ. J

Tuesday, November 12, 2013

ოცნება, რომელიც აუხდენელი დამრჩა

13 წელია, მის  შესახებ ვიცი.
ათი წლის ვიყავი, რომ ვნახე. ევროპის ჩემპიონატზე, 2000 წელს. მხრებამდე თმები ჰქონდა. ერთნაირები იყვნენ დაცვაში ის, მალდინი და კანავარო.

ეს იყო დაცვა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. პოპულარობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არასოდეს აკლდა არც მალდინის და არც კანავაროს, თუმცა ნესტა იმ იშვიათ გამონაკლისს განეკუთვნებოდა, რომელიც თავის საქმეს უმაღლეს დონეზე, ყოველგვარი საყოველთაო აჟიოტაჟის გარეშე აკეთებდა.

სანდროს გარშემო არ მახსოვს სკანდალები. იშვიათი იყო მისი უხეში თამაში (თითქმის, ოცწლიანი კარიერის მანძილზე, წითელი ბარათი მხოლოდ ორჯერ აქვს მიღებული). არ მეგულება "ლაციოს" ან "მილანის" ფანი, რომელსაც, მოედანზე 13 ნომრის დგომისას, მოწინააღმდეგის გოლის შიში ჰქონოდა.
აბა, როგორ შეიძლება, ნებისმიერი დონის თავდამსხმელის გეშინოდეს მაშინ, როცა დაცვაში ალესანდრო ნესტა დგას?!


თამაშის განსაკუთრებული მანერა - თავაწეული, ზედმიწევნით დახვეწილი, ელეგანტური, მაღალი ტექნიკა და სუფთა ვარდნები. ეს ალესანდრო ნესტას სტილია. სწორედ ამით დამამახსოვრა პირველად თავი.

სანდრო ყოველთვის უკანა პლანზე იდგა. მაშინაც, თუ თამაშის მოგებაში უდიდეს როლს ასრულებდა, მაშინაც, თუ გმირი ხდებოდა და მაშინაც, როცა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც გოლი გაჰქონდა.

მახსოვს ჩემი პირველი პლაკატი, რომელიც ოთახში მქონდა გაკრული. რონალდინიოს, დელ-პიეროს, პიპოსა თუ რინიოს პლაკატების ცვენა რომ იყო, სანდროსი ვერ ვიპოვე და სპეციალურად შევუკვეთე, რომ ჩამოეტანათ. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ოთახში რომ გავაკარი და ყოველ დილით, თვალის გახელისთანავე, სანდროს ვუყურებდი.

საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია 2006 წელს, როდესაც სანდრო იტალიის ნაკრებთან ერთად, აგერ, კუთხეში იყო ჩამოსული, ვერ წავედი და ვერ ვნახე. მატჩსაც ტელევიზორში ვადევნე თვალი. არადა, ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი შანსი იყო. შანსი იმისა, რომ ლაივში მენახა სანდროს თამაში მოედანზე.

პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერას სდევს თან, ტრავმებია. ნესტაც გაწვალებული იყო ტრავმებით. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ხერხემალზე გაკეთებული საკმაოდ მძიმე ოპერაცია, იმდენად მძიმე, რომ აღარავის ეგონა, თუ, უკვე ვეტერანი სანდრო, მოედანზე გასვლას შეძლებდა.

მან შეძლო.
შეძლო ცხრათვიანი პაუზის შემდეგ.
შეძლო ისე, როგორ მანამდე:
უზადოდ, სუფთად, აუღელვებლად, დახვეწილად, თითქოს არაფერი მომხდარა..
შეძლო ისე, რომ ნებისმიერ ახალგაზრდა მცველს შეშურდებოდა;
ვუყურებდი ამ, მართლაც, გმირული დაბრუნების შემდეგ მოედანზე და, მოწინააღმდეგის თავდამსხმელისათვის, მის მიერ ართმეულ ყოველ ბურთზე ვრწმუნდებოდი, რომ 13 წლის წინ, როცა ფეხბურთის არსში გარკვევას ვიწყებდი, კაშკაშა ვარსკვლავებში წყნარად, უხმაუროდ მოთამაშე გენიალური მცველი აღმოვაჩინე. ფეხბურთელი, რომლის გენიოსობის შესახებ გარშემომყოფებიც დარწმუნებულები იყვნენ, პატივს სცემდნენ და თავადაც იცოდა, ოღონდ თავში ავარდნის გარეშე.

ნესტა იმ იშვიათი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არასოდეს ეჯიბრებოდა სხვებს რეკლამების კოლექციების დაგროვებაში, არასოდეს ისწრაფვოდა მედიის გადამეტებული ყურადღების დასამსახურებლად. არა იმიტომ, რომ უინტერესო იყო ცნობილ ფეხბურთელებზე მონადირე სპორტული ფირმების, პეროგარჭობილი მოდელიერებისა თუ რეიტინგებზე დახამებული მედისასაშუალებებისათვის, უბრალოდ, მას ეს არ სჭირდებოდა.

ნესტას თავისი წილი ფანები ყოველთვის ჰყავდა. ისეთივე კუთხეში მდგარი, ხელიხელშეტყუპებული და გულაჩქროლებულები, როგორიც მე ვიყავი, კვირიდან კვირამდე მისი თამაშის მოლოდინში რომ ვცქმუტავდი.


მახსოვს სანდროს ბოლო თამაში მილანში. აი, ზეე, სანდრო, რინიო, პიპო, ერთად რომ წავიდნენ (იმავე დღეს ჯენოადან წავიდა კალაც). ბანერიც მახსოვს, "მადლობა, ნესტა", ცრემლებიც სანდროს თვალებზე, დამალვას რომ ცდილობდა, კამერებიც მახსოვს, აქცენტი პიპოსა და რინიოზე რომ იყო გაკეთებული და სანდროს მხოლოდ აქა-იქ თუ მოვკარი რამდენჯერმე თვალი. მახსოვს, ჯერ რომ რაღაც მომებჯინა ყელში, მერე თვალები ცრემლებით რომ ამევსო, მერე ჩუმად მოწმენდა რომ დავიწყე, ბოლოს რომ ავზლუქუნდი და ზლუქუნი ქვითინში გადამეზარდა.

ბუნებრივია, მე არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი მსოფლიოში იმ დღეს, იმ წუთებში..
ღმერთმა უწყის, რამდენი ფანი ტიროდა იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომლებსც ეს ფეხბურთელები, წლების მანძილზე გვჩუქნიდნენ..

...მერე სანდრო კანადაში წავიდა, მონრეალში. 14 ნომერი მაისური მისცეს. იქ მისი თამაში ერთი-ორჯერ ვნახე.
რავი..
ვერაფერი..
კარიერის დასრულებაზე თქვა ამ ზაფხულს, მომავალი სეზონი ჩამთავრდება და წავალო, მაგრამ ადრე მოიყვანა სისრულეში. 20 ოქტომბერს ბოლო მატჩი ჩაატარა.

ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვუყურებ მისი თამაშების ჩანაწერებს.
ძალიან მენატრება მოედანზე.
აი, 2 წელი გავიდა და, დღესაც, მილანის დაცვაში,13 ნომერში გამოწყობილ, თავაწეულ, მშვიდ და ამაყად მოთამაშე სანდროს ვეძებ. იმისათვის, რომ ჩვენი კარის დაცულობაში ეჭვი არ მეპარებოდეს, იმისათვის, რომ გული ისევე ამიჩქროლდეს, როგორც 13 წლის მანძილზე მემართებოდა.

არა, ასეთი ფეხბურთელები არ უნდა ბერდებოდნენ. ეს ხომ უსამართლობაა?!

ნათქვამია, გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, რადგან ისინი შეიძლება ახდესო. ჩემი პირველი (და, იმედია, უკანასკნელი) აუხდენელი ოცნება ნესტას უკავშირდება. მინდოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენახა მისი თამაში მოედანზე.

ალესანდრო ნესტა, ჩემთვის, თვით სერ პოლ მაკარტნიზე დიდი კერპია. ჰოდა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე შევხვდები სადღაც კალიფორნიაში (იქნებ, რომში?!), იქვე გული გამისკდება მღელვარებისაგან, თუმცა მანამდე აუცილებლად მოვასწრებ ხელის ჩამორთმევას და იმის თქმას, თუ როგორ შეცვალა ჩემი ბავშვობა მისმა პლაკატებმა, გაღვიძებისთანავე რომ პირველი მხვდებოდა თვალში, კვირიდან კვირამდე მისი თამაშის მოლოდინებმა და იმ დღემ, როცა 2006 წელს, თბილისში ჩამოსული ნესტას სანახავად ვერ წავედი.

P.S. ეს პოსტი, იდეაში, 20 ოქტომბერს მომზადდა. სამწუხაროდ, აქამდე რედაქტირება ვერ შევძელი. იმედი მაქვს, იმ ემოციის ნახევარი მაინც გადმოვეცი, რასაც სახელი და გვარი - ალესანდრო ნესტა იწვევს ჩემში.

Saturday, November 2, 2013

კუთხე


როდესაც სკოლაში, გაკვეთილზე მოუსვენრობისათვის მასწავლებელი მსჯიდა და კუთხეში მაყენებდა, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, როგორ კომფორტს განვიცდიდი. თვალებს დავხუჭავდი, ზურგს უკან ხმები მესმოდა და, ვცდილობდი, წარმომედგინა ჩემი კლასელებისა და მასწავლებლის ყოველი მოქმედება ისე, თითქოს, კეფაზე თვალი მქონდა, ციკლოპივით.

ჩემი დაწყებითის მასწავლებელი ისე გარდაიცვალა, რომ მასთან კუთხისადმი ჩემს სიყვარულზე საუბარი ვერ მოვასწარი. პრინციპში, ამის სურვილი არც არასოდეს გამჩენია. ხომ წინასწარ ვიცოდი, რასაც მეტყოდა. უარესში კი, წერილს დამიწერდა და დედასთან გამომატანდა, რომლის წაკითხვის შემდეგ, დედა სკოლაში მოვიდოდა და მასთან საუბარი ჩვენი გაკვეთილის 10-15 წუთს წაიღებდა.

სინამდვილეში, კუთხეები მთელი სამყაროა. სამყარო, რომელიც გიცავს და თან საშუალებას გაძლევს, გაიგო ყველაფერი, რაც გაინტერესებს, უსმინო და უყურო გულის ფანცქალით ადამიანებსა თუ მოვლენებს, რომლებიც, როგორც გამომძიებელი პუარო იტყოდა, შენს თავში მოთავსებული, ნაცრისფერი ნივთიერების ხვეულებში ჩვეულებრივზე დიდ ადგილს იკავებს, შექმნა დამჯერი პოზა და დარჩე შეუმჩნეველი.

კუთხეები ყველანაირი მიყვარს. გეომეტრიულიც კი (ეს დიდად გასაკვირი არაა, მათემატიკაზე ხომ ყოველთვის ჭკუა მეკეტებოდა). განსაკუთრებით, მართი კუთხე. ჰო, სიმარტივის გამო. :)

მიყვარს ოთახის კუთხეებიც. ცენტრში დგომას ვერ ვიტან. ვერც ჯდომას.  გამუდმებით, დაუცველობის შეგრძნება მაწუხებს. მირჩევნია, კედელთან მორიდებით ავიტუზო, ან კუთხეში მივჯდე ჩემთვის - აქ ხომ თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობ.  :)

არაკომფორტული კუთხეები არ არსებობს. ის ხომ შესაძლებლობას გაძლევს, იყო წყნარად, შეუმჩნევლად, უსმინო ვიღაცებს უსასრულოდ და უთვალთვალო ისე, რომ თვითონ ვერ გხედავდნენ. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ილუზიაა, თუმცა ადამიანები ისედაც გამუდმებულ ილუზიაში ვცხოვრობთ და ასეთი პატარა ტყუილის გამო არ ღირს განწყობის გაფუჭება.

საზოგადოდ მიღებული აზრით, კუთხეში ჩამოჯდომა ერთგვარი მორჩილების გამოხატვაა, აქ ხომ ურჩებს ძალით სვამენ, თავისით კი მხოლოდ დამჯერი ბავშვები სხდებიან. მთელი  ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კუთხიდან არაჩვეულებრივად ახერხებ გააკონტროლო ყველა მხარე, ყველა მოქმედება, ყველა გამოხედვა, შეშმუშვნა და ა.შ.

ჰოდა მაშინ, როცა გგონიათ, რომ მარტო ხართ, როცა სახლში დაბრუნებულები დღის მანძილზე მორგებულ ნიღაბს მოიხსნით სახიდან, მე დავისხამ ჭიქაში ჩაის, შემოვიხვევ პლედს, ჩამოვჯდები კუთხეში, გიყურებთ და გისმენთ უსასრულოდ. თან გავიღიმები ისე, როგორც ყოველთვის ვიღიმი და მე ძალიან მომწონს.

ალბათ, თქვენც. :)


Saturday, October 26, 2013

შიში

ადამიანის ცხოვრება მუდმივი სტრესია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შიში.
ერთმა მითხრა წლების წინ, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის, რომ მოკვდავია და შიშით გული მისდისო.
ჰოდა, მთელი ცხოვრება მართლა იმის მეტს არაფერს ვაკეთებთ, ის შიში რომ დავძლიოთ, ბედნერებაში რომ გვიშლის ხელს.
მაგალითად
სიახლეების,
ადამიანური ურთიერთობების,
მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის,
ახლობელი ადამიანების სიკვდილის,
საყვარელი ადამიანის დაკარგვის,
პასუხისმგებლობის აღების
და კიდევ უამრავი სხვა შიში.

არადა, სიახლეებიც ხდება,
ვერც ადამიანურ ურთიერთობებს გაექცევი,
მატერიალური კეთილდღეობებიც მიდის და მოდის,
ახლობლებიც კვდებიან,
საყვარელ ადამიანებსაც ვკარგავთ - ზოგჯერ აზრიანად, ზოგჯერ - უაზროდ,
პასუხისმგებლობასაც ვიღებთ;
ეს ყველაფერი გადაგვაქვს, მაგრამ მაინც გვეშინია.

შიში ძალიან ცუდი რაღაცაა.
იმდენად ცუდი, რომ განვითარებაში გვიშლის ხელს.
არამარტო პროფესიულში, ადამიანურშიც.

და ზოგ ადამიანს ისეთი მარტივი შიში ახასიათებს, 100 წელი რომ ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება მას ასეთი მარტივი რაღაცა აფრთხობდეს;
არადა, სწორედ ეგეთ ადამიანებს აქვთ ხოლმე აკვიატებული შიშები, რომელთა მოშორებაზეც ნაწილი მხოლოდ ოცნებობს, ნაწილი კი მათ გადალახვას ცდილობს.

ყველაზე ძნელად მოსაშორებელი შიში, მაინც, ე.წ. "წინა მწარე გამოცდილებაა".
როცა თავიდან იწყებ რაღაცას და თან შიშთ გული გიკანკალებს, რომ არ განმეორდეს ის, რაც წინ ან იმის წინ მოხდა;
იმიტომ, რომ სულ გგონია, ყოველ ჯერზე "ამას არ იმსახურებ" იმიტომ, რომ შენ არასოდეს არაფერს იწყებ. უბრალოდ, სხვებს არ ჰყოფნით საქმის ბოლომდე მიყვანის (ზოგს არც დაწყების) გამბედაობა იმიტომ, რომ მათ თვალში ან ძალიან მაგარი ტიპი ხარ, ან - აბსურდული და, ზოგჯერ, დაუშვებელი რაღაცების ეშინიათ. :)

შიში ცუდი რაღაცა კია, მაგრამ, რეალურად, ის ერთადერთია, რომელიც სტიმულს გვაძლევს, გამუდმებით ვებრძოლოთ საკუთარ თავს და ვაჯობოთ.

P.S. არადა, ის, რისიც გვეშინია, ზოგჯერ სულაც არაა ისეთი მონსტრული, ძილს რომ გვიფრთხობს და მოსვენებას გვიკარგავს. :)


Sunday, October 13, 2013

"არა ოკუპაციას" - ქართულად

პირველ კურსზე, როცა ჩემმა ერთმა ლექტორმა თქვა, რუსებს ქართველები მხიარული ხასიათისა და ტაშ-ფანდურის გამო ვუყვარვართ, საბჭოთა კავშირის დროსაც ასე გვიყურებდნენ და ახლაცო, ძალიან გავბრაზდი, თუმცა, ქართველურად, მალევე დამავიწყდა.

მისი სიტყვები პირველად, ორი წლის შემდეგ, 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში გამახსენდა. მაშინ, როდესაც მცხეთაში, ტელევიზორის წინ ვიჯექი და მთელს სამყაროზე გამწარებული ვიკვნეტდი თითებს. თან კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებდი, თბილისში რომ იმართებოდა, რუსთაველზე. ეს ქართველთა მიერ, ომის პროტესტი იყო, ტაშ-ფანდურით გამოთქმული პროტესტი, რომელსაც არც  მატერიალურ და არც ემოციურ დონეზე საერთო არაფერი ჰქონდა ჩემთან და იმ უამრავ ადამიანთან, რომლებსაც დროებით საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

მეორედ ჩემი ლექტორის სიტყვები, ახლახან გამახსენდა, როცა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, აქციები დაიგეგმა. როგორც წესი, კანცელარიასთან დაგეგმილ, ათასკაციან აქციაზე, 100-მდე ძლივს მოვგროვდით. მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და, ჟურნალისტები ჭარბობდნენ (ეს უკანასკნელნი, რა თქმა უნდა, მონაწილეების ნაცვლად, უპირატესობას ნაცნობი სახეების ჩაწერას ანიჭებენ და ამიტომ ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ისინი არიან ორგანიზატორები. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს სინამდვილისგან შორს).

კანცელარიისგან განსხვავებით, ხალხი ჭარბად მოვიდა ვარდების მოედანზე - ლოგიკურია, კონცერტსა და ტაშ-ფანდურზე მისვლა უფრო საინტერესოა: ბევრ ნაცნობს ნახავ, იქვე, კუთხეში ლუდს იყიდი, დალევ, ცოტას წაიცეკვებ, ერთი-ორჯერ, "არა ოკუპაციასო", რიტმში შემოსძახებ და სამშობლოს წინაშე ვალსაც მოიხდი.

ამ დროს ყველა კმაყოფილია: გამომსვლელიც (სადღაც მიეცა საშუალება, გამოსულიყო და დაეკრა, თან პატრიოტიზმშიც ჩაეთვალა), ორგანიზატორიც (შეძლო და მოიყვანა ხალხი ოკუპაციის გასაპროტესტებლად და მასაც პატრიოტიზმში ჩაეთვალა), მომსვლელიც (უკვე აღვნიშნე კონცერტის სიკეთეები და ესეც, უცილობლად, პატრიოტიზმშია ჩასათვლელი).

არადა, სინამდვილეში, არც ერთი ჩვენგანი განვიცდით იმას, რასაც დიცში, დვანში, ხურვალეთში, გუგუთიანკარგში, აძვსა და სხვა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლები განიცდიან. ვუყურეთ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც ვანია გაიძულებს, საკუთარი ხელით აშენებული სახლი დაგანგრევინოს. პერიოდულად, 100 კაცამდე კი ჩადის დვანში და მშვიდობიან აქციას მართავს (რომელიც სულ მგონია, რომ აქცია აქციისთვისაა და ნერვები მეშლება), მაგრამ ბევრს იქ ჩასვლაც კი ეზარება. სამაგიეროდ, კონცერტზე მისვლა ეხალისება.

ზოგი მეტყვის, მეტი არ შეგვიძლია და რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთო. მე, ბუნებრივია, მჯერა ამის და ველოდები, როდის შეიქმნება კლიპები, სიმღერები, ჰიტები ოკუპაციის თემაზე, როდის დაიწერება ლექსები და პოემები, როდის გაიმართება ტურნეები საქართველოს მასშტაბით - მარტო თბილისში ხომ არ უნდა ხალხს მუსიკის მოსმენა და ლუდის დალევა?

და, საერთოდ, პრობლემა არა პროტესტის ფორმაში, არამედ, ნაძალადევ პროტესტშია და მაგას, საერთოდ, ფეისბუქზე ჩუმად ჯდომა სჯობს - საკუთარ თავებს მაინც არ მივაყენებთ შეურაცხყოფას არათუ იმ ადამიანებს, მავთულხლართებით გაყოფილ კარმიდამოში რომ უწევთ ცხოვრება.

P.S. დღეს მშობელი ეჩხუბებოდა 4-5 წლის ბავშვს, აქ იმისთვის მოვედით, რომ რუსული ოკუპაცია გავაპროტესტოთ და რუსულად ნუ მელაპარაკებიო. ისე, გეგონება, თავის დროზე თვითონ არ აუყვანა ბავშვს რუსულენოვანი ძიძა. პარადოკსების ქვეყანაში ვცხოვრობთ და მერე დეფის სიტყვაზე ვღადაობთ, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ კონცერტზე რომ წარმოსთქვა.



Monday, September 16, 2013

Reeperbahn - ბო*ებისა და ბითლზების ქუჩა

ჰამბურგში, სენტ პაულის უბანში არის ერთი ქუჩა, რომლის გამოც ხალხი ამ ქალაქში დადის.

პაბები, ლუდი, სტრიპტიზ-კლუბები, როკი, როკენროლი, ცოცხალი შესრულება, რეკორდები, სექს-შოპები, პრონოკინოთეატრები, კაბინები, მეძავები, მაღაზიები, კლუბები... რიპერბანზე ყველაფერია. ყველაფერი, რაც შეიძლება ღამე ინატრო. აქ ცხოვრება საღამოს ათზე იწყება და გათენებამდე გრძელდება. ადგილი, რომელიც ღამე საოცრად ბრწყინავს, დღე ერთი უღიმღამო ქუჩაა - ნაგვით, ბომჟებითა და ლუდის სუნით აქოთებული ტროტუარებით.

თუმცა რიპერბანზე არის ადგილები, რის გამოც ერთ, ბევრისათვის არქაულ ჯგუფზე შეყვარებული მსოფლიოს, ალბათ, მესამედი მაინც, გულისფანცქალით მოდის. მათთვის რიპერბანი მხოლოდ წითელი ფარნების ქუჩა არაა. ეს ის ადგილია, სადაც "ბითლზმა" ფეხი აიდგა, აქ ის კლუბებია, სადაც დაკვრა დაიწყეს, აქ ის ჰაუპტბანჰოფია, სადაც მათი პირველი ლეგენდარული ფოტოებია გადაღებული, აქ ბითლზების მოედანია, სადაც მათი მონუმენტი დგას, ეს ის ადგილია, სადაც მთვრალ, ბითლომან ირლანდიელებს შეიძლება გადაეყარო, რომლებსაც უკვირთ, როგორ უნდა იყო ბითლზის ფანი ისე, რომ პოლ მაკარტნი არ გყავდეს ნანახი, ამ დროს პასუხის გაცემას ერთ-ერთი გასწრებს და თანმხლებებს უნმარტავს, რომ საქართველოში ცხოვრობ. მერე ლუდზე რომ გეპატიჟებიან, მერე ხელს მაგრად რომ გართმევენ და nice to meet you-ო რომ გეუბნებიან ისე, როგორც ბითლომანები ეუბნებიან ერთმანეთს...

რიპერბანი სენტ პაულის მეტროს ამოსასვლელიდან იწყება. დაბნელებისთანავე თითქმის, ყველაფერი წითლად ინთება და ბრჭყვინავს. ყველაფერი ისეა, როგორც ჰიმნში, მზე ღამით რიპერბანიდან ანათებსო. გემრიელი ლუდი ყველგან შეგიძლია, დალიო. სხვათაშორის, იაფად - გერმანიაში ხომ ლუდი ისედაც ცენტები ღირს? 

წითელი ფარნების უბნად რიპერბანი როდის იქცა, ჰამბურგელებს არც ახსოვთ. ქუჩა ახლოსაა ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგომთან. გადმოცემის თანახმად, მეზღვაურები საქონლის გასაყიდად, ლუდისა და ქალებისათვის აქ მოდიოდნენ.  ქუჩის სახელიც სწორედ მეზღვაურებისგან წარმოსდგება (reepe გერმანულად თოკს ნიშნავს). 



აქაურობა სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც გაფრთხილებენ, აქ საღამოს მარტო არ გამოხვიდე და უფრო შაბათ საღამოს მოერიდე წანწალსო. ქუჩის დასაწყისშივე გხვდება დიდი სექსშოპი (ასეთი მთელს ქუჩაზე უამრავია), სტრიპტიზ-ბარების შესასვლელთან კი კაცები დგანან, რომლებსაც ფულს იმაში უხდიან, რომ კლიენტები შეიპატიჟონ. 


გერმანიაში, ისე, როგორც საღად მოაზროვნე ერებს შეეფერებათ, პროსტიტუცია ლეგალიზებულია (რაც, თავის მხრივ, კლიენტისა და მეძავის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიუჯეტში გადასახადს ნიშნავს). რიპერბანზე მეძავებს მრავლად შენიშნავთ. მათი ცნობა ჩაცმულობასა და ვიზუალზე, უმეტესად, რთულია, თუმცა რიგითი მოსეირნეებისაგან წელზე ჩამოსაკიდი ჩანთით გამოარჩევთ, რომელიც ფულის შესანახად ჰკიდიათ და ტრადიციის ერთგვარი ნაწილია. მათი თავშეყრის მთავარი ადგილი, პოლიციასთანაა. ეს ლეგენდარული შენობაა, სადაც გერმანელები ყველაფერ პროპაგანდულს იღებენ და რომლის კედლებიც ბითლზის წევრებს, თითო-ოროლა დღით, არაერთხელ უხეხიათ. 




პოლიციის ამ შენობის გვერდით პატარა ასახვევია, სადაც რიპერბანის ყველაზე საინტერსო ნაწილში, ნამდვილ წითელი ფარნების ქუჩაზე გადიხარ. ეს პატარა მონაკვეთი ჩახერგილია და პოლიცია იცავს. ყველაფერი მკაცრად კონტროლდება: ვიტრინებში მსხდომი მეძავების ნახვა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ქალების შესვლა აქ ყოველთვის შეზღუდული იყო, თუმცა განსაკუთრებული ზომები "ფემენის" თავდსხმის შემდეგ მიიღეს, რაც მისი წევრები "ცეცხლოვან ქუჩაზე" შეიჭრნენ და ყველაფერი დალეწეს. ხალხმრავლობა აქაც 10 საათიდან იწყება. 


რიპერბანი დიდი არაა, თუმცა მის ბოლოში ყველაზე საინტერესო ადგილია. ბითლზის მოედნიდან, სადაც ლეგენდარული ლივერპულელების მონუმენტი დგას დიდი თავისუფლება იწყება. 

Die Grosse Freiheit #7 ის ქუჩაა, სადაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერია. ყველაფერი "Kaiserkeller"-ისა და "Indra"-ს ჩათვლით. ასევე მონუმენტით დამწვარი "star club"-ის ადგილას. ყველა იმ უდიდესი მუსიკოსის სახელით, რომელიც ჰამბურგმა მსოფლიოს აჩუქა. 


გროსე ფრაიჰაიტზე ნახავთ სტრიპტიზ-კლუბებს, სექს-შოპებს, მთვრალ ხალხს, კინო-თეატრებს, სადაც მხოლოდ პორნო გადის და, რაც ყველაზე მთავარია, ეკლესიას, რომლის საათიც, მშვიდი გუგუნით მოუწოდებს ხალხს ლოცვისკენ. 



 უამრავ ხალხში, გულაფანცქალებული იმ წარსულის შესახვედრად მიდიხარ, რომელიც   ორჯერ შენი ტოლია. კაიზერკელერში შესვლა ფასიანია, თუმცა გიმართლებს. დღეს დახურული ფართი აქვთ და, ნახევრად მუზეუმად ქცეულ ღამის კლუბში, ბილეთის გარეშე ძვრები. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბითლზის პირველი აფიშა და ბიჭების პირველი გიტარა ნახო, კედელზე რომ ამაყად იწონებს თავს. ბარში  ალბათ, ინტერიერი შეცვლილია. ის ახლა ღამის კლუბია და ვერაფრით ხვდები, სად შეიძლება ყოფილიყო სცენა. სადაც 16-17 წლის პოლი, ჯორჯი და ჯონი ღამეებს ათენებდნენ, შემდეგ კი ტუალეტის სუნში, გვერდით მდებარე მიწურში იძინებდნენ. ბარში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ მათი დიდების ამსახველი, 50 წლის წინანდელი აფიშები, პოსტერები, დისკები და ფოტოები გამოუფენიათ. 


ბარის მენეჯერი მეუბნება, რომ ფართი დახურულია და უნდა გავიდე. მეც მოვდივარ და ინდრასკენ ვაგრძელებ. დაკეტილია, ალბათ, კვირაა და თანაც, რიპერბანული სისხლსავსე ცხოვრებისათვის საათ-ნახევრით ადრე. კლუბის შესასვლელში დაფაა, წარწერით, რომ ინდრა ბარია, სადაც 1960 წლის 17 აგვისტოს, მეპატრონემ ოთხ ცინგლიან ბიჭს ალმაცერად შეხედა, თუმცა ბარში დაკვრის ნება დართო, ცხოვრებაში პირველი კონტრაქტიც დაუდო და მათი დიდი კარიერაც დაიწყო. 




 უცნაურია შეგრძნება, როცა ამ ადგილებიდან მოდიხარ და ფიქრობ, როგორ ტკეპნიდნენ აქაურობას მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მუსიკოსები, ცდილობ, ბოლომდე არ აღიქვა, სად მოხვდი, რა ნახე, რის გამო დადიხარ რიპერბანზე თითქმის ყოველდღე, იმიტომ, რომ აღქმის შემთხვევაში, შეიძლება, ფეხები უცებ გაფშიკო, ან შუა ქუჩაში ისტერიკა დაგემართოს. :)

გროსე ფარენჰაიტიდან მეორე მხარეს გადადიხარ და რიპერბანს ზემოთ მოუყვები. მთვრალი ხალხი, მეძავები, ხმაური..  ამ ყველაფრის პარალელურად, რიპერბანზე ხალხი  ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით სამსახურში დადიან, ჰყავთ ბავშვები და არც ხმაური აწუხებთ და არც უხერხულობა. ეს ყველაფერი ჰამბურგის კულტურაა. ნაწილი, რის გარეშეც ქალაქი თავის ხიბლს დაკარგავდა.
მოდიხარ, გარემოს, მინიმუმ, მეოცედ ათვალიერებ და ხვდები, რომ ყველაზე ცოდვიან ქუჩაზე ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ჰანს ალბერმა თქვა, რიპერბანზე შუაღამისას მარტო არავინ რჩებაო...





Thursday, August 29, 2013

პირადი პოსტების ერთი თვე

ჯონ ლენონის "Mind Games" მახსენდება ხშირად. მართალია, ეს სიმღერა ორ ადამიანზეა, მაგრამ, ცალ-ცალკეც, ჩვენ ყველა ვახტებით ბარიერებს, ვთესავთ მარცვლებს და ჩვენს წილ ომშიც ვართ ჩართულები (პარტიზანულში, ბუნებრივია). ყველა ვიბრძვით საკუთარი თავის წინააღმდეგ, ვცდილობთ, რაღაცები დავძლიოთ იმიტომ, რომ მერე ჩვენზევე მოპოვებული გამარჯვებით დავტკბეთ.

ერთი ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა ამას წინათ, ადამიანები ერთმანეთთან ყოველთვის პერფორმანსებს ვდგამთო. სინამდვილეში, პრობლემა არა ერთმანეთთან, არამედ, საკუთარ თავთან პერფორმანსების დადგმაა, რომელიც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასებაში გვიშლის ხელს.

ჩემი წილი პერფორმანსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ზედმეტად განვიცდი და ვნერვიულობ. ნუ, ეს პოზაა ასეთი, სინამდვილეში მაგარი გოგო ვარ. ისეთი, რომ ვაანალიზებ, საკუთარ თავთან მეც კი ვკომპლექსდები. :)
ჰოდა, პოზაზე ვამბობდი:
ახლაც ვნერვიულობ.
უნდა ავბარგდე,
ჩავბარგდე და სრულიად მარტო წავბარგდე სხვა ქვეყანაში (აეროპორტში გამცილებელიც არავინ მყავს);
ისეთში, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და რომელიც, ჩემი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, ერთგვარი, სატრანზიტო გასასვლელი უნდა იყოს.

ვნერვიულობ რთულ და მარტივ რაღაცებზე:
  • გადაჯდომისას დელიში არ გავფრინდე;
  • ენა (რომელსაც არ ვბრდღვნი) არ დამებას;
  •  გადავახტე ჩემს წილ პატარა ბარიერს და ჩემს მეორე მეს დავუმტკიცო, რომ პირველი მე სჯობნის;
  • უკან დაბრუნებული აღმოვჩნდე სასწავლო კურსში, რომელიც ჩემი იურიდიული ბეგრაუნდისათვის იქნება მისწრება. 
  • ვნერვიულობ, როგორი ხალხი დამხვდება იქ;
  • ვინ იქნებიან;
  • როგორი ქალაქია ბითლზების მეორე სამშობლო, მოვეწონები, ნეტა? :)
  • Das Messer ხომ იქნება იქაური წიგნების მაღაზიებში შვიდი წლის ოცნება რომ ავიხდინო და ტილ ლინდემანის ლექსები ჩავბღუჯო?.
  • იქნება, ჰაინრიხ მანის "ანრი IV"-ის მეორე ნაწილიც ვიპოვო..
ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ეტაპები. ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგი - ნაკლებად; ზოგი - გარდამტეხი, ზოგი - ჭკუაზე მოსასვლელი..

აქ რაღაცებს არეულს ვტოვებ (არეულს რა, უკეთესადაც შეიძლებოდა). ალბათ, ამ მცირე ხნის მანძილზე, ყველა ცალ-ცალკე დავკვალიანდებით და ოქტომბრდან ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო სამი თვის განმავლობაში, სხვა რაღაცებთან ერთად, იმასაც მივხვდი, რომ სიბოროტეა, ადამიანს არათუ წლებს, არამედ, ერთ დღეს მაინც აკარგვინებდე შენ გამო მაშინ, როცა იცი, რომ არაფერი გამოვა.

გადავწყვიტე, ბლოგი გავაცოცხლო. ყოველი შემთხვევისათვის, მომდევნო სამი კვირის მანძილზე მაინც. იმედია, დრო მომცემს ამის საშუალებას და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ერთ საათს ყოველთვის გამოვნახავ, რომ ჩამოვჯდე ძილის წინ და ჰამბურგის შთაბეჭდილებები მოვყვე.
ჩემთვის ეს საინტერესო იქნება.
მისურვეთ წარმატებები!. <3



Sunday, August 18, 2013

Placebo-ს პლაცებო

ყველაფერი როდის დაიწყო, ამაზე ერთხელ უკვე დავწერე. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ჯგუფს ლაივში მოვუსმენდი, მაგრამ როდის - დაახლოებითი წარმოდგენაც მიჭირდა.

ახლაც, როდესაც სურვილის ახდენა შევძელი, კონცერტიც ჩატარდა, ხმაც დავკარგე, ყელიც მტკივა და გადაღებულ ვიდეოებსაც ისტერიულად ვუყურებ, მაინც არ მჯერა, რომ ჩემგან 20-30 მეტრში ბრაიან მოლკო იდგა, ეწეოდა, მღეროდა და იმ იშვიათი მომენტის შემსწრე ვიყავი, როცა ლაივებზე მისთვის დამახასაიათებელი, ჩვეული უჟმურობაც არ ეტყობოდა.

.... Placebo-ზე წასვლა ჯერ კიდევ შარშან, კიევში მინდოდა, თუმცა ბანალური მიზეზის გამო ვერ მოვახერხე. ერთადერთი, რაც იმ პერიოდში შემეძლო, ვიჯექი, ვუყურებდი ვიდეოებს, რომლებსაც ჯგუფი იუთუბის ოფიციალურ გვერდზე ტვირთავდა და ბოღმით ვსკდებოდი იმ ადამიანების გამო, ვინც დასწრება მოახერხა.

ვოდაფონის ფესტივალის დახურვაზე "Placebo"-ს გამოსვლის შესახებ ინფორმაცია, ჯგუფმა, ოფიციალურ ტვიტერზე, ასე, მარტში დადო. ჯერ aww რეაქცია მქონდა, მერე ვიფიქრე, ხომ არ წავიდე-თქო, შემდეგ, გადავწყვიტე, რატომაც არა-მეთქი და ზუსტად ორ თვეში, ბილეთიც მქონდა.

ბევრისგან გამიგია, რომ საყვარელი ჯგუფის ლაივის მოსმენას მარტო ამჯობინებდნენ. ამ ფენომენს ვერასოდეს ვხვდებოდი, თუმცა კონცერტისას სრული იზოლირება დამემართა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ორივე მეგობარი  ერთად ვიდექით, ლაივი მე მაინც მარტომ მოვისმინე. თურმე, საყვარელი ჯგუფის ცოცხლად მოსმენა ისეთივე ინტიმური ყოფილა, როგორც, მაგალითად, ჰიგიენური საკითხები.

უცნაური შეგრძნებაა, როცა შენგან რამდენიმე მეტრში დგანან ტიპები, რომლებიც ისეთ მუსიკას ქმნიან, ყველა სინგლი რომ იცი და მოგწონს (ჩემთვის ასეთები მხოლოდ The Beatles და Placebo არიან), როცა ლაივში უსმენ ხმას, რომლის დიაპაზონი და ჟღერადობა ჯანდაბამდე სიფართოვისაა, როცა უყურებ, როგორ ეწევა კონცერტისას სიგარეტზე და შესვენებისას როგორ ითხოვს, მოუკიდონ და მოაწოდონ, როცა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უჟმურ მუსიკოსს გაღიმებულს ხედავ. როცა სიმღერებს პუბლიკას ამღერებს და იმ იშვიათ გამონაკლისს უშვებს, Line up-ში გაწერილ სიმღერებზე მეტს რომ მღერის.

Placebo-ს ბევრი ლაივი მაქვს ნანახი. მათგან უმეტესობაზე, ბრაიანი სიმღერით თავს დიდად არ იკლავს (იმპროვიზაციებზე ხომ საუბარიც ზედმეტია). ამიტომ, დიდი იმედები არც აქ მქონდა, თუმცა არ ვიცი, რა "ხოდზე" იყო სტამბულში. ტიპს თავი და ხმა არ დაუზოგავს, ყველა სიმღერაში აკეთა თავისი საფირმო გადასვლები ხმით, რამდენიმე მაგარი იმპროც დადეს. მათ შორის "Meds" და "Every me and every u" იყო ჩახოცვამდე სასწაული.

კიდევ, ძალიან უცნაურია მომენტი, როდესაც საყვარელი ჯგუფის პირველად ნახვას ელოდები და არ იცი, რა რეაქცია გექნება. რეაქცია არ მახსოვს, მაგრამ გარშემომყოფი შენნაირი ფანებისაგან მუხტი იმდენად დიდია, რომ გიყოლიებს, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ. თან ინდივიდუალური ხარ, თან მასის ნაწილი. აბსოლუტურად ყველა სიმღერას ვიმღერე ბრაიანთან ერთად (უფრო სწორად, ის მღეროდა და მე ვკიოდი), შედეგი - წასული ხმა და ყელის საშინელი ტკივილია, რომელიც დღითიდღე ძლიერდება. :)

ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი, რომელიც კონცერტზე დაიდო, თურქებს უკავშირდება. დაახლოებით, 1 წუთის განმავლობაში, კონცერტის ყველა მონაწილე ყვიროდა:  "Her yer taksim her yer direnis" ("ყველგან ტაქსიმია, ყველგან წინააღმდეგობაა"). ეს ძალიან სპონტანურად მოხდა, დაიწყო ერთმა კაცმა და მთელი პარკი ჰყვა (ნეტა ოდესმე თუ მოხდება მსგავსი რამ საქართველოში?!). ამ მომენტში ყველაზე უკეთ გავიაზრე ბოლო პერიოდში სტამბულში მიმდინარე ამბები და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს, გეზი პარკის ამბების მონაწილე ვიყავი. :)

ცხოვრებაში პირველად დავესწარი ასეთ კონცერტს და მივხვდი, რას გულისხმობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მუსიკა მშვიდობაა, მუსიკა ადამიანებს აერთიანებს და აახლოებს, მუსიკას ენა არ სჭირდება, რომ მუსიკას შეუძლია, უფრო მეტი აკეთოს, ვიდრე პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა..

კიდევ იმას მივხვდი, რომ ამ კონცერტისათვის 1700 კმ-ის გავლა ნამდვილად ღირდა. მეტისაც, თუ საჭირო გახდებოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ კიდევ მოვხვდები Placebo-ს ლაივზე. იმიტომ, რომ Placebo-ს ნამდვილად აქვს პლაცებოს ეფექტი. მასზე დამოკიდებული კი მას შემდეგ უფრო ხდები, რაც ცოცხალ შესრულებას მოუსმენ.

მანამდე კი, Placebo-ს შემდეგ გაჩერებამდე, კიდევ Depeche Mode-ა....



Tuesday, August 13, 2013

Istanbul Calling

სტამბული მეძახის:
ძველი უბნებით,
ვიწრო ქუჩებით,
აზიისათვის დამახასიათებელი, ფერადი სახლებით,
ადგილობრივებით, საღამოობით სახლის წინ ნარდს რომ თამაშობდნენ,
მსუქანი კატებით,
კატისსუნიანი ქუჩებით,
თავისებური სიმშვიდით,
იმ კიბეებით, შემთხვევით რომ აღმოვაჩინე, ბოსფორს რომ გადაჰყურებს და ულამაზესი რომაა მზის ჩასვლა მანდედან;
იმ ტიპებით,  მაგ კიბეებზე რომ ისხდნენ, ლუდს სვამდნენ, გიტარას უკრავდნენ და ყველაფერი ეკიდათ.


სტამბული მიხმობს:

აია სოფიათი - მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ მეორედ ნახვაზე ჩემს ორგანიზმში ჩაბუდებულ ჭიანჭველებს;
უმანკოების მუზეუმით - ჩუქურჯუმაზე კიდევ ერთხელ გავივლი, ალბათ;
ისტაკლალით - ტურისტების ქუჩად რომ არის ქცეული;
ტაქსიმით - მთელი სტამბულის ცენტრი რომაა;
გალათას კოშკით;


სტამბული მომენატრა:

უგემური სიმინდებით - რომ იცი, რომ საზიზღრობაა, მაგრამ მაინც რომ ჭამ;
ბლითებით, რომლების ჭამაც მხოლოდ დილის ექვს საათზე, მაშინ შეიძლება, როცა ახალი გამომცხვარია;
ჩორბათი - თურქეთში განსხვავებულია;
ბოსფორზე ახალდაჭერილი თევზის სენდვიჩით, რომელსაც რამდენჯერმე გავსინჯავ;
გამჭვირვალე ჭიქაში დასხმული ჩაით და კუბიკებიანი შაქრით;
ხორციანი საზიზღრობებით, რომლებზეც გული მერევა;
სულთანახმედით, რომელიც დიდად ვერ დავამუღამე;
ევროპული ნაწილით - რომელიც არ მინახავს;
იმ ქართველი ტიპით, ჩვენს გვერდით მაღაზიაში რომ მუშაობდა;
გამყიდველებით, თურქულის მეტი რომ არაფერი იციან;
სტარბაქსის ყავით - ყველა ნაბიჯზე რომაა გახსნილი;




სტამბული მეძახის:
ვოდაფონის ფესტივალით, რომლის დასკვნით კონცერტსაც აპრილიდან ველოდები;
"პლაცებოთი" - ვერ წარმოვიდგენდი, ასე მალე თუ ამიხდებოდა;
"ოქროს რქით" - რომელსაც, ახლაც ვერ ვნახავ - დამეზარება;
დოლმაბახჩეთი - აპრილში რომ სპეციალურად შემოვინახე;
აკვარიუმით - რომელიც ზედმეტად კარგიაო, ამბობენ;
პრინცის კუნძულებით - დრო თუ მექნება, გადავალ.


ჰოდა:
დროა, ჩავალაგო ბარგი;
გავასუფთავო ნაგავისგან iტექნოლოგიები;
დავტენო ქინდლი;
მოვიკიდო რუკზაკი;
წავიდე აეროპორტში;
ჩავჯდე თვითმფრინავში;
დაშვებამდე ვუყურო, როგორ ათენდება თავზე სტამბულს;
გადავჯდე ავტობუსში;
წამოვიდე ტაქსიმზე;
ვჭამო დილის ექვს საათზე ახალგამომცხვარი ბლითი;
მოვძებნო ახალი ბინა;
ფეხით ვიბოდიალო ბევრი;
დაველოდო 16 აგვისტოს საღამოს;
და მეც ჩავიდინო პაატარა "შინაგანი აქტი" :)

Istanbul Calling.


Friday, July 19, 2013

თბილისის ლუდის ფესტივალი - შემდგომი შთაბეჭდილებები

ზარი დედისგან:- სად ხარ?
-ლუდის ფესტივალზე (თან მომზადებული ვარ, რომ უნდა მითხრას, სახლში დროზე ადი ან მსგავსი).
- აბა შენ იცი, ბევრი ლუდი დალიე. ჩემ მაგივრადაც, ხომ იცი, როგორ მიყვარს. - ოოო.. <3
ლუდისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ წინა პოსტში უკვე მოგახსენეთ. მიუხედავად ამისა, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი.

რაც არ უნდა მაგარ ივენთზე მოხვდეს, გამორიცხულია, ყველა ადამიანი კმაყოფილი დარჩეს. ასე ხდებოდა ლუდის ფესტივალებზეც, თუმცა ფაქტი ყოველთვის ფაქტად რჩება - ილანძღებიან, თუმცა ბოლოს ყველა იქით გარბის.

წინა ფესტივალებზე არ ვყოფილვარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წინა შაბათ-კვირა არაჩვეულებრივად გავატარე. :)

გამომდინარე იქიდან, რომ არც ლუდისა და არც სხვა ალკოჰოლური სასმელების დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, გრადუსისათვის რამდენიმე ყლუპი მყოფნის (პრინციპში, ჩემი გრადუსი არაფერია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც იქ შემომხვდა).

ფესტივალზე ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ლუდის ვარდების მოედანზე ყიდვას, სმარტში გადასვლა ამჯობინა. მიზეზი ლუდის ხარისხთან ერთად (ქართულ ლუდებზე ხომ ყოველთვის ქილიკით ლაპარაკობენ), ის რიგებიც გახლდათ, რომელიც, სადღაც, ათი საათიდან დაგროვდა. საღამოს, როცა მე და ჩემი მეგობრები ლუდის საათ-ნახევრიან რიგში კინაღამ გავწყდით, სხვებს მივბაძეთ და სმარტში გადავედით. :)

ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ლუდი გაცილებით, უკეთესი იყო. არც თბილი იყო და არც ბევრი ქაფი ჰქონდა. რიგების გამო, მე მხოლოდ თავიდან მოვახერხე EFES-ის დაგემოვნება (არჩევანის საშუალება თუ არსებობს, ქართულ/საქართველოში ჩამოსხმულ ლუდებს შორის, სწორედ მას ვამჯობინებ).

ლუდის ფესტივალი, არტ-გენი და მსგავსი შეკრებები არ არსებობს უცნაურად ჩაცმული ადამიანების გარეშე. ხანდახან მგონია, რომ ისინი სპეციალურად ამ დღისათვის ირგებენ "სტრანნ" იმიჯს.  პრინციპში, ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ მაინც. :)

ერთადერთი, რამაც ლუდის ფესტივალზე შემაწუხა, ეს იყო არანორმალურად ბევრი ხალხი, პატარა სივრცეში თავმოყრილი. სულ მგონია, რომ მსგავსი ფესტივალები ცოტა მოშორებით უნდა იმართებოდეს, ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ადგილი იქნება.

რაც შეეხება ფესტივალის მეორე დღეს, "შინამდე" დარჩენა ვერ გავქაჩე, თუმცა იმდენი მოვახერხე, რომ ლუდის ხუთი ტალონი დამრჩა. :)

მანამდე, რატომღაც, მეგონა, საქართველოს რეგიონებში ერთდროულად იმართებოდა ფესტივალი და გული დამწყდა ტალონების გამო. ვიფიქრე, სხვისთვის მაინც მომეფიქრებინა ჩუქება-მეთქი. მაგრამ როგორც მოგვიანებით გავარკვიე, რეგიონებში ფესტივალი სხვადასხვა შაბათ-კვირას იმართება. ასე რომ, ჩემი ტალონები გამოუსადეგარი სულაც არ არის. გორში ჩავუსაფრდები ფესტივალს და დედას დავპატიჟებ ლუდზე. იმიტომ, რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე მის მაგივრად დალევა, ფიზიკურად, ვერ შევძელი. :)

Thursday, July 11, 2013

თბილისის ლუდის ფესტივალი

ალკოჰოლური სასმელის მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ. მაშინაც კი, როდესაც უნივერსიტეტში მეგობრები ლექციების შემდეგ აქეთ-იქით დავწანწალებდით, სხვები რომ ლუდს იღებდნენ, მე ფანტას ვეძალებოდი ქილაში. :)

ლუდი მოგვიანებით გავსინჯე. ახლაც ვსვამ, მეტ-ნაკლები სიხშირით, მაგრამ არ მიყვარს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მინდოდა, ლუდის ფესტივალზე მოვხვედრილიყავი. ოქტობერფესტამდე, თბილისში.

ლუდის ფესტივალი აგერ უკვე მეოთხედ იმართება, თუმცა მე წელს პირველად ვაპირებ წასვლას. შარშან და შარშანწინ გული დამწყდა რომ არ ვიყავი. მართალია, ბევრი ბუზღუნებდა რაღაც-რაღაცებზე, მაგრამ საბოლოოდ, ფესტივალზე ყველა იყო, მაინც კარგად გაერთნენ და იმხიარულეს.

ჰოდა, წელს გადავწყვიტე, წინა დაკარგული წლები ავინაზღაურო და მინდა, ფესტივალისათვის დათმობილი ორივე სრული დღე, ვარდების მოედანზე გავატარო.

როგორც ვიცი, ფესტივალის გახსნა შაბათს, 4 საათზე იგეგმება. რუსთაველიდან ფეხით მსვლელობა მოეწყობა ვარდების მოედნამდე და ჯერ იქ იქნება ხალისობა. :) მერე კონცერტებიც იგეგმება და ა.შ.

ყველაზე საინტერესო რაც არის, ესაა ლუდი. რატომღაც, საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ გერმანიაში ოქტობერფესტზე, ლუდი უფასოა. ეს მაშინ, როცა ძალიან ძვირი ღირს. შარშან და იმის წინ, ბევრს გამოუთქვამს უკმაყოფილება ლუდის ფასთან დაკავშირებით (არადა, მიზერული ფასი ღირდა). თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუდი იყო თბილი, ქაფის გარეშე, უგემური და ა.შ. და ა.შ.

წელს ყველაფერი იქნება განსხვავებულად. ანუ, ფულის მაგივრად ლუდი კუპონებზე გაიცემა. ერთი კუპონი 1.5 გელა ღირს. ყველა ლუდს სხვადასხვა ფასი აქვს.თანაც, კუპონები ერთ ადგილზე არ გაიყიდება და იქ ზედახორა არ გაჩნდება.

იქნებიან პრომო გოგონები, რომლებიც აქეთ-იქით იმოძრავებენ და კუპონის ყიდვის საშუალება სხვადასხვა ადგილას იქნება. ლუდის ფასს რაც შეეხება, შარშან ერთი ლუდი ღირდა 1 გელა, მაგრამ წელს ბევრი სახეობის ლუდია ჩართული ფესტივალში და ფასებიც განსხვავებულია. სხვათაშორის, შეგიძლიათ, Beerfest-ის ბლოგზე თავად ნახოთ მსოფლიოში ათი საუკეთესო ფესტივალი და მათი ფასები, შეადაროთ და დარწმუნდეთ, რომ წელს ლუდი სულაც არ ღირს ძვირი.

რაც შეეხება წუწუნს იმის შესახებ, რომ ფესტივალში მხოლოდ ქართული ლუდები მონაწილეობენ და მხოლოდ ნატახტარია, სიმართლე რომ ვთქვა, მიზეზს ვერ ვხვდები. მე სხვა ლუდებიც მაქვს გასინჯული (თურქულ EFES-ს მართლა არაფერი შეედრება ოღონდ რაც აქამდე გამისინჯავს საქართველოში), მაგრამ  მათ შორის, ნატახტარს ყოველთვის ვამჯობინებ. იმიტომ, რომ რბილი და რაღაცნაირი გემო აქვს. 

ჰხოდა, მე, პირადად, ძალიან ველოდები შაბათ-კვირას. ბოლობოლო, იმას მაინც გავიგებ და დავინახავ საკუთარი თვალით, რაზეც წინა წელს წუწუნებდნენ. რადგან მე ლუდი დიდად არ მიყვარს, უფრო მეტად, ლაინ აფს და მუსიკას ველოდები, რომელიც ფესტივალზე იქნება. 

ალბათ, რადგან ახალი ვარ ფესტივალზე, საინტერესო იქნება ჩემი შემაჯამებელი პოსტიც. პირველ რიგში, ჩემთვის. :)

ჰოდა, ველოდები ლუდის ფესტივალს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მაგრად ვაპირებ გართობას და მხიარულებას. 

Monday, June 17, 2013

Digital Summer Event by Liberty Bank

თურმე, 14 ივნისს ბლოგინგის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა რადიო "აჭარას" პირდაპირ ეთერში ჩამრთეს, მომილოცეს და ბლოგზე მალაპარაკეს.

საღამოს "ვიტამინში" ავედით. Liberty Bank-მა Digital Summer მოაწყო და თავისი პროდუქცია წარმოგვიდგინა.

ჩემთვის ბანკი ყოველთვის ნიშნავდა დაწესებულებას, რომელიც ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს, რაც ფულის ტრადიციული გზით მომოცვლას, ხელფასებს, გადარიცხვებს და ა.შ. ეხება. აქამდე მხოლოდ ერთადერთი ბანკი იყო, რომელთანაც სადაზღვევო კომპანიას ვაკავშირებდი და ისიც იმიტომ, რომ, ფერების მიხედვით, აშკარად ეტყობოდა შვილობილი კომპანიობა.

რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, აქამდე მის სახელთან მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს ვაკავშირებდი ("სმარტივი", "ფორტუნა ბარათი"), სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ახალი ბარათები, რაიმე განსხვავებულსა და განსაკუთრებულს არ სთავაზობდა მომხმარებელს. იმიტომ, რომ არ დავინტერესებულვარ მათი სერვისებით.

Digital Summer-ზე კი ერთბაშად იმდენი რამე გავიგე, ცოტა გაკვირვებული დავრჩი და ბანკის საქმიანობასაც სხვანაირად შევხედე.

მაგალითად, ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ჩემი საყვარელი Swoop-ი, რომლიდანაც არცთუ მცირე რაოდენობის შენაძენი მაქვს გაკეთებული, ლიბერთი ბანკის პროდუქტი იყო.

არც eMoney-ს შესახებ ვიცოდი, რომელიც, ჯერ კიდევ, 2007 წელს შექმნილა და პირველია, რომელიც ელექტრონულ ფულს უშვებს (ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ონლაინ არის შესაძლებელი. შეგვიძლია ონლაინ შოპინგი და სხვადასხვა ტრანზაქციების განხორციელება), მისი შექმნა კი სრულიად უფასო ყოფილა და ნებისმიერ ჩვენგანს, სმარტივის გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია.

არც MyPhone-ს შესახებ ვიცოდი, რომლის საშუალებითაც, როუმინგთან შედრებით, 90%-ით იაფს იხდი დარეკვაში და ზარებს ინტერნეტით ახორციელებ (დიდი ალბათობით, ამ სექტემბერს გერმანიაში სწორედ MyPhone-ს გამოვიყენებ).

პრეზენტაციებს თავად ლადო გურგენიძე აკეთებდა. სამი ბლოგერი ვიყავით მოწვეულები, დანარჩენები, ლიბერთის პარტნიორები და მოწვეული სტუმრები იყვნენ. ივენთზე ახალი პროდუქტების პრეზენტაციაც  შედგა. მათ შორის Paystore-ც იყო. როგორც მისმა წარმომადგენლებმა და ლადო გურგენიძემ აგვიხსნეს, ეს არის ონლაინ მაღაზია, რომელიც ფეისბუქშია ჩაშენებული და შესაძლებლობას გვაძლევს, ფეისბუქიდან გაუსვლელად ვიშოპინგოთ. :D



კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მათთვის, ვისაც ID ბარათი აქვს. ამ ბარათების გამოსვლისას თავიდანვე ხომ იყო ცნობილი, რომ მომხმარებელს შეეძლო, რამდენიმე ბარათი გაეერთიანებინა (ვიზა ბარათი, მართვის მოწმობა, დაგროვების ქულები) .. როგორც გურგენიძემ თქვა, ამ ეტაპზე ლიბერთი ბანკი პირველია, რომელიც მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ID ბარათით გამოიტანოს თანხა ბანკომატიდან..

ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც დამამახსოვრდა. სხვათაშორის, არც ის ვიცოდი, რომ ევროპაბეთი და აჭარაბეთი ლიბერთის პარტნიორები იყვნენ.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ცოტა უცნაურად მომეჩვენა ამდენი პროდუქტი, რომლებსაც ერთი ბანკი აერთიანებს. საინტერესოა, რომ პარტნიორთა უმეტესობას, ლოგოებში ლიბერთის ფერები აქვს გამოყენებული. რაც კარგია იმისათვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, ვისთან უწევს კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობა სხვადასხვა კომპანიებთან, ბანკის კლიენტისათვის გარკვეულ ოპერაციებს უფრო აადვილებს.

არ ვიცი, მე მრჩება შთაბეჭდილება თუ ასეა, მაგრამ ლიბერთი ბანკი უფრო ნაკლებად ჩანს, ვიდრე სხვა ბანკები. თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს ლიბერთის მართლაც, კარგი პროდუქტების შესახებ.

საღამოს შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ამ პროდუქტებისა და საქმიანობის შესახებ, საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობაა საჭირო.

P.S. საღამოს ბოლოს იყო ფოკუსები დათო რობაქიძისგან და კარაოკე. ორივეგან სასაჩუქრე ბარათები გათამაშდა, სამწუხაროდ, მე ვერაფერი მოვიგე.. :D





 
Powered by Blogger