Friday, January 4, 2013

ფარული რეკლამა, ჩინური ბორდელები თუ ჟურნალისტური გამოძიება?


თავის დროზე მოცლილმა მკვლევარებმა იკვლიეს, იკვლიეს და დაადგინეს, რომ სექსი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სიტყვაა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვირტუალური სივრცე იქნება თუ რეალური. სიუჟეტები სექსის თემაზე ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს, თუმცა ეს დადებითი იქნება თუ უარყოფითი, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიაწვდის ჟურნალისტი საზოგადოებას მასალას.

საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც სექსის საკითხი ტაბუირებულია, სადაც საზოგადოება პროსტიტუციას ძალიან ხისტად უყურებს, თუმცა, ამავდროულად, მისი ინტენსიური მომხმარებელია, ეს თემა უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ქართული მედიაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, ამგვარი თემების გაშუქებას და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეთიკის სტანდარტებსაც არღვევენ, გამოხმაურება ყოველთვის მაღალია და რეიტინგებზეც დადებითად აისახება.

პროსტიტუციისა და ბორდელებისადმი საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის დამოკიდებულების ნათელ მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი „შევარდნები“ მახსენდება. მახსენდება, საინფორმაციოების მთავარ გამოშვებებში ტოპ ნიუსებად გაშვებული შიშველი ადამიანების კადრები, ცემა, ტყეპა, მორალის კითხვა ტელეეთერიდან და ამ ყველაფერზე საზოგადოების რეაქცია, რომელიც ოქრუაშვილსა და ტელევიზიებს, რომლებიც ამ კადრებს უშვებდნენ ეთერში, უფრო და უფრო მეტად აღმერთებდა - ესენი ქართველობის სადარაჯოზე იდგნენ?!

ბორდელების გაშუქების თემა მეტად დელიკატური საკითხია. მაგალითად, მედიაში პერიოდულად ჩნდება გონიოს თემა. მისი წარმოჩენის კუთხე სხვადასხვაგვარია: ზოგი ერის გარყვნაზე საუბრობს, ზოგი აქცენტს აქ მომუშავე უცხოელებზე აკეთებს, ზოგიერთი კი იმით ინტერესდება, მომსახურე პერსონალი, შემთხვევით, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხომ არაა. მოკლედ, ყველგან არსებობს კუთხე. თუმცა გუშინ, „მეცხრე არხის“ ეთერით, ქართული საზოგადოებისათვის ესოდენ სენსიტიურ თემაზე გასულ სიუჟეტში, საკითხის თავი და ბოლო ვერ გავიგე.

საქმე ეხება ჩინური და ტაილანდური მასაჟის სახლებს, რომლებიც თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მდებარეობს (პრინციპში, რა აზრი აქვს მისამართების დამალვას, სიუჟეტსა და ქუდში ხომ ისინი ზუსტად არის დასახელებული). სამწუთიანი მასალის  მთავარი პათოსი ბორდელების არსებოობაა და თანაც ქალაქის ცენტრში, საკვანძო ფიგურად რჩება ვარდისფერხალათიანი ქალი, რომელიც ქუჩაზე გადარბის და, ჟურნალისტის მიხედვით, საროსკიპოში მყოფ კოლეგებს აფრთხილებს. იმას, რომ ეს დაწესებულებები ბორდელებია, ფარული ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომელშიც გაურკვეველი ინგლისური ისმის და განმარტებისათვის, არც ტიტრები ახლავს.   

ამ სიუჟეტს, ჟურნალისტური გამოძიება ჰქვია.

ნებისმიერ, თუნდაც, ნიუსური ტიპის სიუჟეტში, ყოველთვის არსებობს მთავარი თემა, რომლის გადმოცემასაც მთელი მასალა ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, მიჭირს მთავარი თემის გამოყოფა: იყო ეს ზოგადად ბორდელების არსებობაზე, მასაჟის ცენტრების სახელით შენიღბულ ჩინურ ბორდელებსა თუ, ერთ-ერთი რესპოდენტისა არ იყოს, იმაზე, რომ ბოლოსდაბოლოს, აქ საქართველოა?! არადა, ჟურნალისტური გამოძიება, გამიგია, რომ სხვანაირად კეთდება.

 სიუჟეტში ნახსენებია, რომ სექსულური მომსახურების ფასი, აქ 60 ლარიდან იწყება, რაც ბორდელის პირობებში, საკმაოდ იაფია. თუ „ჟურნალისტურ გამოძიებაზე“ ვსაუბრობთ, უფრო საინტერესო ხომ არ იქნებოდა, მაყურებლის ტაბუირებული თემით „აგდების“ ნაცვლად, პრობლემა უფრო ღრმად გამოგვეკვლია და აქ დასაქმებული გოგონების ბედით დავინტერესებულიყავით? მაგალითად, გამოგვეკითხა გოგონები (იდეაში, ამის შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო), იქნებ, საერთოდაც, ტრეფიკინგთან გვაქვს საქმე, რომელიც გაცილებით რეზონანსული თემა და სერიოზული დანაშაულია?

მე აბსოლუტურად არავის პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, მაგრამ სამწუხაროდ, ჟურნალისტთა უმეტესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ თემების სიღრმისეულად დანახვას არ ცდილობენ და არც აინტერესებთ. სწორედ ჩვენი ზედაპირულობის გამო გვეპარება უამრავი თემა თვალთახედვის არეალიდან და აქცენტს ბანალურ მიმართულებებზე ვაკეთებთ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თორემ ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ჩინურ და ტაილანდურ მასაჟის ცენტრებსა თუ აბანოებში, მასაჟის გარდა, უმეტესად, სექსსაც გთავაზობენ. აქვე ერთი საინტერესო შენიშვნა: სიუჟეტში ამ დაწესებულებებს ჟურნალისტი დაბეჯითებით უწოდებს საროსკიპოებს, თუმცა დამასაბუთებელი მყარი მტკიცებულება არ აქვს და ესეც პრობლემაა.

ამას გარდა, აღსანიშნავია წამყვანის ტონი, რომელსაც სიუჟეტის წარდგენისას იყენებს. წამყვანი ქუდის ბოლოს ნიშნისმოგებით აცხადებს, რომ მეცხრე არხის მიერ აღმოჩენილი არალეგალური ბორდელებით, სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. „უკანონო, არაოფიციალურ ბორდელებს“ ხშირად ახსენებენ სიუჟეტშიც. საინტერესოა მაშინ, როცა საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, როგორ შეიძლება, ბორდელი ლეგალური იყოს?

საბოლოო ჯამში, საინტერესოა, რა იყო სიუჟეტის მიზანი:

ა) უნდოდათ, მაყურებლისათვის ეჩვენებინათ, რომ ბორდელები და ბოზებში სიარული ქიხია;
ბ) მისამართების ჩამოთვლიდან გამომდინარე, ეს იყო ფარული რეკლამა;
გ) სიუჟეტში იყო ჩადებული მესიჯი, სახელწოდებით: „ქართველობას გვართმევენ“.

მე ჩემი მეოთხე ვარიანტიც მაქვს, თუმცა უკვე აღვნიშნე, რომ არავის პროფესიონალიზმში არ მეპარება ეჭვი.  

3 comments:

გიო said...

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ჟურნალისტებზე წარმოდგენა დიდი ხანია დამეკარგა, მედიაში რეკლამა კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზზებზე უნდა იყოს ლაპარაკი.. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისში არასრულლოვანთა პროსტიტუცია, პირდაპირ რომ ვთქვა, ''ყვავის'', ჯობია ხალხი დაფიქრდეს, რატომ მივედით აქამდე.. თუმცა ჟურნალისტები ამ თემას უფრო სკანდალურად გააშუქებდნენ, თან ისე,ერთი სიუჟეტით რომ უნდათ ხოლმე დამნაშავის პოვნა.. მოკლედ, ცუდადაა საქმე რა..

tamara said...

კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რატომ არ ვუყურებ ტელევიზორს და აღარ ვეცნობი პრესას...
არ ვიცი, როდის აღმოვაჩინე, რომ პრესა - ჭორებზე, ხოლო ტელევიზია ყურით მოთრეული არგუმენტების იმედად მუშაობს თურმე. ჰოდა, ავიხვიე თვალები და დავიცე ყურები.
სირცხვილია!
უშეცდომო არავინაა, მაგრამ შეცდომებს და ზოგჯერ, არაპროფესიონალიზმსაც თან ერთვის უტაქტობა და არაეთიკურობა, რაც არ ისწავლება და სწორედ ეს არის ცუდი. არის მომენტები, როცა ყოველივე ეს აქტუალობას კარგავს და მხოლოდ სინდისის ხმის დაგდებაც საკმარისია, რომ რაღაც საშინელებები აღარ აკეთოს ჟურნალისტმა თუ ნებისმიერმა მოკვდავმა. მოკლედ, პრობლემა - ძველი, საიმედო - არაფერი....

Vnebebi.com said...

ეხლაც გაიხსნა ელბაქიძეზე არა?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger