Saturday, March 23, 2013

ბავშვები შიმშილით კვდებიან

ადამიანისათვის გარდაცვალებაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. სხვების სიკვდილს იმიტომ განვიცდით, რომ ქვეცნობიერად ვიცით, ჩვენც იგივე მოგველის და ეს ამბავი მოსალოდნელს გვახსენებს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განვითარების მიუხედავად, ადამიანები შიმშილით ყოველდღიურად იხოცებიან, თუმცა მხოლოდ ვიცით. იმიტომ, რომ ეს ჩვენგან შორს ხდება, მაგრამ როდესაც როდესაც ბავშვი შიმშილით ჩვენ გვერდით კვდება, შინაგანი განგაშის ზარები გვერთვება.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ერთი წლის გოგიტა აბაშიძის ამბავმა უამრავი ადამიანი შეძრა. გაიმართა აქცია პარლამენტთან, ხვალ თბილისში იგეგმება იგივე. კონკრეტული ადრესატი არ არსებობს - აქციის მონაწილეები პროტესტს ყველას, მათ შორის, საკუთარ თავებსაც უცხადებენ.

ამ საყოველთაო მოძრაობის შემხედვარეს, შესაძლოა, ბევრ ადამიანს თვალზე ცრემლი მოადგეს ისევე, როგორც მოერიათ ბრაზი, როცა ბავშვის სიკვდილის მიზეზი გაიგეს. ისინი გავლენ გარეთ, გამოთქვამენ პროტესტს (გააპროტესტებენ, ზოგადად), შეაგინებენ მთავრობას, თითს დაუქნევენ გულგრილ მეზობლებს, დაცლიან უარყოფით ენერგიას, ამის შემდეგ, ფეისბუქს დაბრუნებულები, ისე გულგრილად აუვლიან newsfeed-ში გამოჩენილ, ლეიკემიით, კიბოთი, გადაუდებელი ოპერაციის საჭიროებისა თუ სხვა ათასი გაჭირვების მქონე ბავშვების ფოტოს, რომ მათი ბედით არც არასოდეს დაინტერესდებიან.

გულწრფელად გამოტყდით, თქვენ, ვინც დღეს ბავშვის შიმშილით სიკვდილმა აღგაშფოთათ, თქვენ, ვინც თუ რჩენა არ შეუძლიათ, რას აჩენენ ლოგიკის წინააღმდეგნი ხართ, თქვენ, ვინც ამ ბავშვის პრობლემის შესახებ თუნდაც, ნახევარი წლით ადრე იცოდით, ფეისბუქში რომ გოგიტა აბაშიძის ფოტო გამოჩენილიყო, თავისი პრობლემის აღწერით, რამდენი თქვენგანი გადარიცხავდა ოჯახის დასახმარებლად ფულს ან მიუტანდა საჭმელს ბავშვს?

P.S. ამ მედიასაშუალებებში ბავშვის ერთადერთი ფოტოს გამოჭენება რომელ მორალს ექვემდებარება, იქნებ ამიხსნას ვინმემ.


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger