Tuesday, April 30, 2013

უმანკოების მუზეუმში

როდესაც ფამუქის "უმანკოების მუზეუმის ბოლო გვერდებს კითხულობ, ერთადერთი, რაც იმ წუთას ყველაზე მეტად გსურს, სტამბულში, ჩუქურჯუმას ქუჩაზე ყოფნაა. იმ წითელი სახლის სიახლოვეს, რომელშიც ქემალისა და ფუსუნის ისტორიის დიდი ნაწილი ვითარდება.

მე მგონი, ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც "უმანკოების მუზეუმი" წაიკითხა (დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნის ქართული თარგმანი პირველმა ვიყიდე). მიუხედავად იმისა, რომ ქემალ ბასმაჩი სრული სერიოზულობით აღწერდა, დარწმუნებული ვიყავი, მუზეუმის ისტორია წიგნის შემადგენელი ნაწილი იყო.

მოგვიანებით, როდესაც გავიგე, რომ ფამუქი უმანკოების მუზეუმის გახსნას მართლაც გეგმავდა, არ გამკვირვებია - მე ხომ ორჰან ფამუქის სხვა ნაწარმოებებიც მქონდა წაკითხული და ხომ ვიცოდი, რომ ეს კაცი თავის რომანებში, საკუთარი თავის შემოყვანის დიდოსტატი გახლდათ?!

უმანკოების მუზეუმის გახსნას ორი წლის განმავლობაში ისე ველოდებოდი, როგორც ახლა კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩს (აქ ნესტა მყავს სანახავი).

მუზეუმი გაიხსნა. მე ერთი ოცნება დამემატა. უფრო სწორად, სურვილი, რადგან საქართველოში მცხოვრებისათვის, იოცნებო სტამბულზე - ზედმეტად არაადეკვატურად ჟღერს. სტამბული არ არის ლიმა, სადაც მოხვედრას, ჩემი საყვარელი მესოამერიკული კულტურის გარდა, მარიო ვარგას ლიოსას გამო ვოცნებობ, ის აქვე, სულ რაღაც, 1000 კმ-ზეა. :)

როდესაც სტამბულის მიმართულებით ბილეთის ყიდვა გადავწყვიტე, აია სოფიას, ბოსფორის, სულთანახმედისა და სხვა 4354354 საოცრების ნახვის მაგივრად, "უმანკოების მუზეუმზე" ვფიქრობდი. რამდენიმე თვით ადრე უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორ ჩავიხუტებდი ჩემს წიგნს, როგორ მივცუხცუხდებოდი მუზეუმთან, როგორ ჩამირტყამდნენ ბეჭედს წიგნში, როგორ გამიღიმებდნენ და სტამბულის მუშათა უბნისათვის დამახასიათებელ სახლში შემიძღვებოდნენ.



სამი დღეა, სტამბულში ვარ. აქ ყოფნისას ორი შოკი მქონდა: პირველი იმ მომენტს უკავშირდება, როდესაც მუზეუმის ადგილმდებარეობის დასაზვერად წასულმა, თავი მის წინ ამოვყავი, მეორე კი აია სოფიას, ჟრუანტელმა რომ დამიარა, კინაღამ რომ ავბღავლდი და იქვე დავეცი (ნეტა სხვა რაღაცებშიც შემეძლოს ასე მარტივად თავის ხელში აყვანა).



უმანკოების მუზეუმში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმოდგენილი მქონდა. იქ ფოტოების გადაღება არ შეიძლება,საავტორო უფლებებს იცავენ.

ექსპონანტები წიგნის თავების მიხედვით არის დაყოფილი. უყურებ და ხედავ საყურეს, რომელიც ფუსუნმა ქემალთან ყოფნისას დაკარგა, აგერ, ის ყვითელი ჩანთა და ფეხსაცმელი! აქეთ ის მარგალიტის საყურეებია, ქემალის მამამ რომ ახალგაზრდა საყვარელს აჩუქა. კომშის სახეხი, რომლის გამოც კინაღამ დააპატიმრეს, რა უცნაურად გამოიყურება "მელთემის" ბოთლები, ის ამერიკელი მოდელი კი, მართლა ლამაზი ყოფილა. რა ნერვი ეყო მუზეუმის ავტორს, სიგარეტის ამდენი ნამწვი რომ მოეგროვებინა, ნეტავ როგორია სითხე, რომელიც ერთ დროს ის ყავა გახლდათ და ფუსუნმა რომ არ დალია; ფაიფურის ძაღლები რეალურად როგორი სხვანაირები ყოფილა!..

სახლის ბოლო სართულზე, იქ, სადაც ფუსუნისა და ქემალის საწოლი დგას, კედელზე ორჰან ფამუქის ხელნაწერებია განთავსებული. ის თავები, რომლებიც რომანში არ შევიდა, ასევე საკვანძო მომენტებიც. ყველაფერს აწერია როდის, რა მომენტში ქმნიდა. ერთ-ერთ თავზე ორჰან ბეი იმ დღეს მუშაობდა, როდესაც ნობელის პრემია გადასცეს..

უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საყვარელი მწერლის ხელნაწერს უყურებ. შავი კალმით დაწერილს, გადახაზულს, წითელი კალმით შეტანილ შენიშვნებს, მწვანე ფერით გაკეთებულ გადასვლებს... ძალიან რთულია, როცა შენთვის გაუგებარ ენაზეა და ელემენტარულის ამოკითხვადაც ვერ ახერხებ. ძალიან დამწყდა გული, რომ ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. იმიტომ, რომ მისი ხელნაწერების გადაღებაზე, მისთვის ხელის გადასმაზე მეტად, არაფერი მინდოდა..



ორჰან ფამუქი არის მწერალი, რომლიც თურქეთში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ დილაუთენია, მუზეუმში უკვე რამდენიმე ტურისტი იმყოფებოდა. ასაკიანი ხალხი იყვნენ. ვერ იტყოდი, რომ წიგნმა მათზე გავლენა ასაკის გამო მოახდინა (ხშირად ასე მიიჩნევენ მის გავლენას) აღფრთოვანებულები დადიოდნენ და თითოეულ ექსპონანტს გაბრწყინებულები შესცქეროდნენ.

რთულია, წაიკითხო "უმანკოების მუზეუმი" და ქემალთან ერთად არ იგრძნო ყველა დეტალი. მისი წაკითხვის შემდეგ, ჩემმა ბიჭმა მეგობარმა მითხრა, წიგნში ამ კაცს გადმოცემული აქვს აბსოლუტურად ყველა გრძნობა, რაც კი ოდესმე შეუძლია კაცს, ქალის მიმართ განიცადოსო. როცა ეს მითხრა, გული დამწყდა, რომ ამ გრძნობებს ვერასოდეს გამოვცდი. მე ხომ კაცი არ ვარ?!

ძნელია, გადმოვცე ემოციები, რომელიც ამ მუზეუმში სტუმრობისას განვიცადე. ეს სიტყვებით ვერ აღიწერება. სამაგიეროდ, უკვე ვიცი, ერთდროულად როგორი სავსე და ცარიელი ხარ, როდესაც გრძნობ, რომ შენი ერთ-ერთი ოცნება ხდება.






Thursday, April 25, 2013

My lovestories Soundtreacks

ბოლოდან:











აი, რომ ჩამოვალ, ვინც არ მკიდიხართ, ყველანი მაგრად მეკიდებით. <3:Fuckyouall:<3

მეგობრები


სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანები მეგობრებში ეძებენ იმ თვისებებს, რომლებიც მათ არ აქვთ და დანაკლისს მეგობრებით ივსებენ.
რომ დავფიქრდი და ჩემს მეგობრებს გადავავლე თვალი, ზუსტად ასეა. ყველაში არსებობს თვისება, რომელიც მე ძალიან მომწონს და არ მაქვს.
ყველა ადამიანი, გარკვეულწილად, ეგოსიტია. არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად მიფიქრია, რომ მეგობრები არ მყავს, რომ არავის ვადარდებ და ა.შ (მოწყენილობის თხუთმეტწუთიანი შემოტევები), მაგრამ მეგობრების ფასს და მათ ნამდვილობას ადამიანები მაშინ ვიგებთ, როცა გვჭირდება.
ჰოდა..
მე რომ დამჭირდა..
აღმოვაჩინე, რომ ბევრი მეგობარი მყოლია;
ბევრი გულწრფელი მეგობარი.
რომლებსაც ჩემთვის არც დრო დანანებიათ;
არც გარჯა;
არც სისულელეების კეთება;
არც თავზე ხელის გადასმა;
არც მაგარი ჩხუბი და შეჯანჯღარება;
არც გაკრიტიკება და იმის აღნიშვნა, რომ მაგარი გოგო არ ვარ, რადგან გოგო ვარ;
არც სასწაულების ჩადენა;
არც გამხნევება;
მოკლედ, არაფერი დაზარებიათ.
ჰოდა, მივხვდი, რომ ბედნიერი ადამიანი მარტო იმიტომ ვარ, რომ ამდენი მეგობარი მყოლია.
ძალიან მაგარი მეგობარი.

ჰოდა, ძალიან მიყვარხართ.
და გპირდებით, რომ აწი შევეცდები, მხოლოდ მაგარი გოგოსავით მოვიქცე.
იმიტომ, რომ ისა.. :)


Sunday, April 21, 2013

დაიხოცეთ, პეპლებო, დაიხოცეთ!


როდესაც პეპლები კვდებიან..
ნელა, ტანჯვით და მწარედ რომ იხოცებიან;
მერე შიგნიდან ლპებიან, რომ გწამლავენ და რომ ვერ ქრებიან იმიტომ, რომ ამის საშუალებას არ გაძლევენ;
თან თავიდან გაცოცხლებას რომ აპირებენ...
დღეს..
ხვალ..
ზეგ..
მაზეგ თუ როცა იქნება, რომ იცი, რომ გაცოცხლდებიან და შეწყვეტილიდან გააგრძელებენ;
და თავიდან რომ კარგი იქნება;
და მერე რომ უფრო ცუდი იქნება.

რატომ არ უთმობენ ადგილს სხვა პეპლებს?

რა ცუდია, როცა ხვდები, რომ სჯობდა, ძველი პეპლები თავად დახოცილიყვნენ, ის მტკივნეული პეპლები, რომლებაც ძალიან გაგაწვალეს;
დახოცილიყვნენ თავისთვის, წყნარად და მშვიდად, როგორც აქამდე ხდებოდა (მით უმეტეს, თითქმის დახოცილები იყვნენ) და არ ჩაენაცვლებინა პეპლებს, რომლებთან ერთადაც ცხოვრება გაცილებით გართულდა;
პეპლებს, რომლებთან გამკლავებაც ნამდვილ გამოცდად იქცა;
პეპლებს, რომლებსაც არ გეგმავდი;
პეპლებს, რომელთა გაჩენაც წარმოუდგენლად გეჩვენებოდა;
პეპლებს, რომლებიც ყველა შენს სტერეოტიპს არღვევდნენ;
პეპლებს, რომლებმაც, თითქმის, ყველა შეხედულება გადააფასეს;
პეპლებს რომლების გასაჩენადაც ყველაფერი გააკეთეს;
და მერე გააფუჭე(თ)ს.

დაიხოცეთ რა, პეპლებო.
ან ადგილი სხვას დაუთმეთ.
იმათ, რომლებიც ასე მწარედ არ დაიხოცებიან.
იმათ, რომელთა გამჩენსაც მეტი გამბედაობა ექნება;


დაიხოცეთ რა, პეპლებო, მალე დაიხოცეთ.
მშვიდად ძილი მინდა;
კუჭის ტკივილი - აღარ.




Wednesday, April 17, 2013

რატომ არ უნდა იყოს წიგნი უფასო?


სიტყვა "უფასო" ისეთი ცნებაა, რომელიც, ამა თუ იმ საგნის საჭიროების არსებობა-არარსებობის მიუხედავად, ადამიანს მაინც უნდა. პრინციპით - ოჯახი ხრამია.

ეს პრინციპი უფასო სახელმძღვანელოების შემთხვევაში ცოტა უხეშად ჟღერს, თუმცა თავად გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს ბავშვებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ, ისეთ ასოციაციას მიჩენს, როგორსაც მაგარმანქანიანი ტიპი, რომელსაც უამრავი ვალი, ბანკის კრედიტი და ჩამონგრეული ბინა აქვს, თუმცა პირველად საჭიროებებზე უარს ამბობს და ბოლო მოდელის მანქანის საყიდლად მიდის.

უფასო სახელმძღვანელოები - ეს არის თემა, რომელმაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. მე ამ იდეას არ ვემხრობი. შეიძლება იმიტომ, რომ სულით კაპიტალისტი ვარ (რაც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე). მიმაჩნია, რომ მსგავსი აქცია პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საკუთარი არგუმენტები მაქვს:

  • სასკოლო წიგნები მართლა არანორმალურად ძვირია. რასაც ემატება ის, რომ სახელმძღვანელოები, თითქმის, ყოველ წელს იცვლება (უმეტესად, კიდეც ძვირდება), რაც ორ და მეტშვილიან ოჯახს სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის. რატომ არ შეიძლება, რომ ამ პროექტის ნაცვლად, სამინისტრო დაჯდეს და შეიმუშავოს სახელმძღვანელოების კონცეფცია, რომელიც მშობელს გარანტიას მისცემს, რომ გრიფირებული წიგნები, მინიმუმ, 5 წლით მაინც აღარ შეიცვლება;
  • როგორც გადმოცემით ვიცი, საბჭოთა პერიოდში სკოლის ბიბლიოთეკები კარგად მუშაობდა. ბავშვების დიდი ნაწილი, სწორედ ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობდა, სახლში წაღების უფლებით. ეს ნაწილი რომ ისევ ავამუშავოთ, ეს წიგნები ბიბლიოთეკებს გადავცეთ და, ზოგადად, ზოგად განათლებაზეც ცოტა მეტი რომ ვიფიქროთ, მე მგონი, ეს უკეთესი იქნება;
  • წიგნების უფასოდ დარიგების ნაცვლად, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, სახელმწიფოს მათი ღირებულების დიდი ნაწილი გადაეხადა, ისე, რომ მშობლისთვის წიგნი 2-3 ლარი დარჩენილიყო?
  •  კანონი ზოგადი განათლების შესახებ გვამცნობს, რომ განათლების უფლება ყველა ადამიანს აქვს. სახელმწიფო ზოგად განათლებას სრულად აფინანსებს. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა ვაუჩერი, რომელშიც სასწავლო დაწესებულებაში სიარულის, მასწავლებლის ხელფასისა და სხვა ტიპის ხარჯები შედის, თუმცა კანონი არ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოსწავლეებისათვის წიგნების უფასოდ დარიგების ვალდებულება აქვს;
  • მაშინ, როცა შაშკინი შაშკინობდა, სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება "24 საათის" გამომცემლობას გადაეცა, რამაც წიგნების ფასი გააძვირა და გამომცემლობებსაც მდგომარეობა გაურთულა. ამბობენ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, სამინისტროს დიდი ჯარიმა ეკისრება. ამ სქემას კი სახელმწიფო სხვა ვერაფრით შეებრძოლებოდა, თუ არა სახელმძღვანელოების დარიგებით. სამინისტროს ლოგიკით, გარდა იმისა, რომ სტამბას ფულს სამინისტრო გადაუხდის და არა მშობელი, არაფერი იცვლება და სიტუაციიდან გამოსავალს მე ამ "აღმოჩენაში" ვერ ვხედავ;
  • ისევ თანხებს რომ დავუბრუნდეთ. წლის განმავლობაში, მასწავლებელთა ტრენინგებსა და გადამზადების კურსებზე, ძალიან ბევრი, შესაძლოა, 12 მლნ-ზე მეტიც იხარჯებოდა. პრაქტიკაში ეს ტრენინგები არ მუშაობდა და ფული წყალში (ან ვიღაცების ჯიბეებში) იყრებოდა. თანხების გამოთავისუფლება შესაძლებელია, თუმცა მაინც არასწორად მიმაჩნია,
  • უნდა შევთანხმდეთ, რომ განათლების დღევანდელ სისტემაში სრული ქაოსია. ქაოსია მას შემდეგ, რაც განათლების ესტონური მოდელის გადმოტანა, 5-6 წლის წინ შეჩერდა. ღმერთმა უწყის, ვინ რა წიგნს ბეჭდავს, რა ხარისხით, რა საღებავით, ვინ რა ტრენინგს უტარებს მასწავლებლებს, როგორია მათი განათლებისა თუ ფსიქოლოგიური დონე და ა.შ. ანუ, განათლების სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. უფასო წიგნების დარიგების მაგივრად, ხომ არ სჯობს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივყვეთ და დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც სკოლებშია?
  • როდესაც ჩემი ოპონენტები ირწმუნებიან, რომ სახელმძღვანელოები უფასო კი არ არის, არამედ, მე ვიხდი ჩემი 20%-იანი საშემოსავლოდან, დაწიონ ეს საშემოსავლო 12%-მდე ისევ და იმ დანარჩენი 8%-ით, მინდა წიგნს ვუყიდი ბავშვს, მინდა, ბაღის ქირას გადავუხდი, მინდა, წავალ და ხინკალს შევჭამ სადმე.
    .
  • აბსოლუტურად მესმის ყველა მშობლის, რომელსაც გაუხარდა უფასო სახელმძღვანელოები, ისიც მესმის, რატომ არ მეთანხმებიან. წესით, არც ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ სოციალიზმის გამოვლინებაზე უნდა ვნერვიულობდე, რადგან საკუთარი ჯიბიდან ისეთ უსარგებლო რაღაცას ვაფინანსებ, როგორიც საზოგადოებრივ  მაუწყებელია და ბაღში ბავშვების უფასოდ სიარულსა და უფასო სახელმძღვანელოების ამ უნიკალური იდეის დაფინანსებაზე რაღატომ უნდა ვთქვა უარი?



P.S. ბატონო გიორგი, მესმის, რომ სხვაგან დაფრინავთ, მაგრამ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იქნებ უფრო ღრმად დაფიქრებულიყავით?

Friday, April 12, 2013

როდესაც ადამიანებს ყველაფერი უკუღმა ესმით



რატომ ხდება, რომ როცა ადამიანისათვის კარგი გინდა და შენიშვნას აძლევ, ჩხუბს გიწყებს და გეუბნება, რომ უსამართლო ხარ?

რატომ გამოდის ყოველთვის ისე, რომ ასეთი ადამიანები კეთილ სურვილებს ვერ გიგებენ, ამის კონფლიქტი წარმოიქმნება და მერე სულ კარგავ?

რატომ ბრაზდებიან შენიშვნაზე და ჩხუბის დროს წამოძახილზე, რომ როცა რამეს ვაკეთებთ, საერთო პროდუქტი რომ კარგი გამოვიდეს, იძულებული ვარ, მის მაგივრადაც მე ვიფიქრო?

რატომ გეუბნებიან ამ დროს, რომ პრობლემები მუშაობისას მხოლოდ შენთან ექმნებათ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთობლივ ნამუშევრებს სიამოვნებით აჩვენებენ ხოლმე საქმის ექსპერტებს?!

რატომ შემოდიან გაცნობის პირველივე დღიდან ფამილარულ ურთიერთობში, როცა მეორე მხრიდან ამის სურვილი არ ჩანს და მერე რატომ ეშინიათ აღიარებების, როცა სათქმელს პირველად შენ ამბობ?

რატომ იწყებს კამათს ყოველთვის პირველი და მერე ცუდი შენ გამოდიხარ?

როდესაც პროვოცირებას იწყებს და ადეკვატურად პასუხობ, რატომ გეუბნება, რომ შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე და ეს კარგა ხნის წინ ქენი?

რატომ არის მისთვის მეგობრობის განმსაზღვრელი ის, რომ სულ კუდს უნდა აქიცინებდე და ეუბნებოდე, როგორი ნიჭიერი, ჭკვიანი და გადასარევია და როცა მის ამ პირობებს არ აკმაყოფილებ, საშინელი არსება ხდები?

და, საერთოდ, რა დავუშავე?!

P.S. ბლოგი პირადიაო და პირად საკითხზე იმდენი ხანია არ დამიწერია, ერთიანად აღმომხდა.


 
Powered by Blogger