Wednesday, April 17, 2013

რატომ არ უნდა იყოს წიგნი უფასო?


სიტყვა "უფასო" ისეთი ცნებაა, რომელიც, ამა თუ იმ საგნის საჭიროების არსებობა-არარსებობის მიუხედავად, ადამიანს მაინც უნდა. პრინციპით - ოჯახი ხრამია.

ეს პრინციპი უფასო სახელმძღვანელოების შემთხვევაში ცოტა უხეშად ჟღერს, თუმცა თავად გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს ბავშვებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ, ისეთ ასოციაციას მიჩენს, როგორსაც მაგარმანქანიანი ტიპი, რომელსაც უამრავი ვალი, ბანკის კრედიტი და ჩამონგრეული ბინა აქვს, თუმცა პირველად საჭიროებებზე უარს ამბობს და ბოლო მოდელის მანქანის საყიდლად მიდის.

უფასო სახელმძღვანელოები - ეს არის თემა, რომელმაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. მე ამ იდეას არ ვემხრობი. შეიძლება იმიტომ, რომ სულით კაპიტალისტი ვარ (რაც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე). მიმაჩნია, რომ მსგავსი აქცია პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საკუთარი არგუმენტები მაქვს:

  • სასკოლო წიგნები მართლა არანორმალურად ძვირია. რასაც ემატება ის, რომ სახელმძღვანელოები, თითქმის, ყოველ წელს იცვლება (უმეტესად, კიდეც ძვირდება), რაც ორ და მეტშვილიან ოჯახს სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის. რატომ არ შეიძლება, რომ ამ პროექტის ნაცვლად, სამინისტრო დაჯდეს და შეიმუშავოს სახელმძღვანელოების კონცეფცია, რომელიც მშობელს გარანტიას მისცემს, რომ გრიფირებული წიგნები, მინიმუმ, 5 წლით მაინც აღარ შეიცვლება;
  • როგორც გადმოცემით ვიცი, საბჭოთა პერიოდში სკოლის ბიბლიოთეკები კარგად მუშაობდა. ბავშვების დიდი ნაწილი, სწორედ ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობდა, სახლში წაღების უფლებით. ეს ნაწილი რომ ისევ ავამუშავოთ, ეს წიგნები ბიბლიოთეკებს გადავცეთ და, ზოგადად, ზოგად განათლებაზეც ცოტა მეტი რომ ვიფიქროთ, მე მგონი, ეს უკეთესი იქნება;
  • წიგნების უფასოდ დარიგების ნაცვლად, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, სახელმწიფოს მათი ღირებულების დიდი ნაწილი გადაეხადა, ისე, რომ მშობლისთვის წიგნი 2-3 ლარი დარჩენილიყო?
  •  კანონი ზოგადი განათლების შესახებ გვამცნობს, რომ განათლების უფლება ყველა ადამიანს აქვს. სახელმწიფო ზოგად განათლებას სრულად აფინანსებს. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა ვაუჩერი, რომელშიც სასწავლო დაწესებულებაში სიარულის, მასწავლებლის ხელფასისა და სხვა ტიპის ხარჯები შედის, თუმცა კანონი არ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოსწავლეებისათვის წიგნების უფასოდ დარიგების ვალდებულება აქვს;
  • მაშინ, როცა შაშკინი შაშკინობდა, სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება "24 საათის" გამომცემლობას გადაეცა, რამაც წიგნების ფასი გააძვირა და გამომცემლობებსაც მდგომარეობა გაურთულა. ამბობენ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, სამინისტროს დიდი ჯარიმა ეკისრება. ამ სქემას კი სახელმწიფო სხვა ვერაფრით შეებრძოლებოდა, თუ არა სახელმძღვანელოების დარიგებით. სამინისტროს ლოგიკით, გარდა იმისა, რომ სტამბას ფულს სამინისტრო გადაუხდის და არა მშობელი, არაფერი იცვლება და სიტუაციიდან გამოსავალს მე ამ "აღმოჩენაში" ვერ ვხედავ;
  • ისევ თანხებს რომ დავუბრუნდეთ. წლის განმავლობაში, მასწავლებელთა ტრენინგებსა და გადამზადების კურსებზე, ძალიან ბევრი, შესაძლოა, 12 მლნ-ზე მეტიც იხარჯებოდა. პრაქტიკაში ეს ტრენინგები არ მუშაობდა და ფული წყალში (ან ვიღაცების ჯიბეებში) იყრებოდა. თანხების გამოთავისუფლება შესაძლებელია, თუმცა მაინც არასწორად მიმაჩნია,
  • უნდა შევთანხმდეთ, რომ განათლების დღევანდელ სისტემაში სრული ქაოსია. ქაოსია მას შემდეგ, რაც განათლების ესტონური მოდელის გადმოტანა, 5-6 წლის წინ შეჩერდა. ღმერთმა უწყის, ვინ რა წიგნს ბეჭდავს, რა ხარისხით, რა საღებავით, ვინ რა ტრენინგს უტარებს მასწავლებლებს, როგორია მათი განათლებისა თუ ფსიქოლოგიური დონე და ა.შ. ანუ, განათლების სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. უფასო წიგნების დარიგების მაგივრად, ხომ არ სჯობს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივყვეთ და დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც სკოლებშია?
  • როდესაც ჩემი ოპონენტები ირწმუნებიან, რომ სახელმძღვანელოები უფასო კი არ არის, არამედ, მე ვიხდი ჩემი 20%-იანი საშემოსავლოდან, დაწიონ ეს საშემოსავლო 12%-მდე ისევ და იმ დანარჩენი 8%-ით, მინდა წიგნს ვუყიდი ბავშვს, მინდა, ბაღის ქირას გადავუხდი, მინდა, წავალ და ხინკალს შევჭამ სადმე.
    .
  • აბსოლუტურად მესმის ყველა მშობლის, რომელსაც გაუხარდა უფასო სახელმძღვანელოები, ისიც მესმის, რატომ არ მეთანხმებიან. წესით, არც ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ სოციალიზმის გამოვლინებაზე უნდა ვნერვიულობდე, რადგან საკუთარი ჯიბიდან ისეთ უსარგებლო რაღაცას ვაფინანსებ, როგორიც საზოგადოებრივ  მაუწყებელია და ბაღში ბავშვების უფასოდ სიარულსა და უფასო სახელმძღვანელოების ამ უნიკალური იდეის დაფინანსებაზე რაღატომ უნდა ვთქვა უარი?



P.S. ბატონო გიორგი, მესმის, რომ სხვაგან დაფრინავთ, მაგრამ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იქნებ უფრო ღრმად დაფიქრებულიყავით?

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger