Tuesday, April 30, 2013

უმანკოების მუზეუმში

როდესაც ფამუქის "უმანკოების მუზეუმის ბოლო გვერდებს კითხულობ, ერთადერთი, რაც იმ წუთას ყველაზე მეტად გსურს, სტამბულში, ჩუქურჯუმას ქუჩაზე ყოფნაა. იმ წითელი სახლის სიახლოვეს, რომელშიც ქემალისა და ფუსუნის ისტორიის დიდი ნაწილი ვითარდება.

მე მგონი, ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც "უმანკოების მუზეუმი" წაიკითხა (დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნის ქართული თარგმანი პირველმა ვიყიდე). მიუხედავად იმისა, რომ ქემალ ბასმაჩი სრული სერიოზულობით აღწერდა, დარწმუნებული ვიყავი, მუზეუმის ისტორია წიგნის შემადგენელი ნაწილი იყო.

მოგვიანებით, როდესაც გავიგე, რომ ფამუქი უმანკოების მუზეუმის გახსნას მართლაც გეგმავდა, არ გამკვირვებია - მე ხომ ორჰან ფამუქის სხვა ნაწარმოებებიც მქონდა წაკითხული და ხომ ვიცოდი, რომ ეს კაცი თავის რომანებში, საკუთარი თავის შემოყვანის დიდოსტატი გახლდათ?!

უმანკოების მუზეუმის გახსნას ორი წლის განმავლობაში ისე ველოდებოდი, როგორც ახლა კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩს (აქ ნესტა მყავს სანახავი).

მუზეუმი გაიხსნა. მე ერთი ოცნება დამემატა. უფრო სწორად, სურვილი, რადგან საქართველოში მცხოვრებისათვის, იოცნებო სტამბულზე - ზედმეტად არაადეკვატურად ჟღერს. სტამბული არ არის ლიმა, სადაც მოხვედრას, ჩემი საყვარელი მესოამერიკული კულტურის გარდა, მარიო ვარგას ლიოსას გამო ვოცნებობ, ის აქვე, სულ რაღაც, 1000 კმ-ზეა. :)

როდესაც სტამბულის მიმართულებით ბილეთის ყიდვა გადავწყვიტე, აია სოფიას, ბოსფორის, სულთანახმედისა და სხვა 4354354 საოცრების ნახვის მაგივრად, "უმანკოების მუზეუმზე" ვფიქრობდი. რამდენიმე თვით ადრე უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორ ჩავიხუტებდი ჩემს წიგნს, როგორ მივცუხცუხდებოდი მუზეუმთან, როგორ ჩამირტყამდნენ ბეჭედს წიგნში, როგორ გამიღიმებდნენ და სტამბულის მუშათა უბნისათვის დამახასიათებელ სახლში შემიძღვებოდნენ.



სამი დღეა, სტამბულში ვარ. აქ ყოფნისას ორი შოკი მქონდა: პირველი იმ მომენტს უკავშირდება, როდესაც მუზეუმის ადგილმდებარეობის დასაზვერად წასულმა, თავი მის წინ ამოვყავი, მეორე კი აია სოფიას, ჟრუანტელმა რომ დამიარა, კინაღამ რომ ავბღავლდი და იქვე დავეცი (ნეტა სხვა რაღაცებშიც შემეძლოს ასე მარტივად თავის ხელში აყვანა).



უმანკოების მუზეუმში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმოდგენილი მქონდა. იქ ფოტოების გადაღება არ შეიძლება,საავტორო უფლებებს იცავენ.

ექსპონანტები წიგნის თავების მიხედვით არის დაყოფილი. უყურებ და ხედავ საყურეს, რომელიც ფუსუნმა ქემალთან ყოფნისას დაკარგა, აგერ, ის ყვითელი ჩანთა და ფეხსაცმელი! აქეთ ის მარგალიტის საყურეებია, ქემალის მამამ რომ ახალგაზრდა საყვარელს აჩუქა. კომშის სახეხი, რომლის გამოც კინაღამ დააპატიმრეს, რა უცნაურად გამოიყურება "მელთემის" ბოთლები, ის ამერიკელი მოდელი კი, მართლა ლამაზი ყოფილა. რა ნერვი ეყო მუზეუმის ავტორს, სიგარეტის ამდენი ნამწვი რომ მოეგროვებინა, ნეტავ როგორია სითხე, რომელიც ერთ დროს ის ყავა გახლდათ და ფუსუნმა რომ არ დალია; ფაიფურის ძაღლები რეალურად როგორი სხვანაირები ყოფილა!..

სახლის ბოლო სართულზე, იქ, სადაც ფუსუნისა და ქემალის საწოლი დგას, კედელზე ორჰან ფამუქის ხელნაწერებია განთავსებული. ის თავები, რომლებიც რომანში არ შევიდა, ასევე საკვანძო მომენტებიც. ყველაფერს აწერია როდის, რა მომენტში ქმნიდა. ერთ-ერთ თავზე ორჰან ბეი იმ დღეს მუშაობდა, როდესაც ნობელის პრემია გადასცეს..

უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საყვარელი მწერლის ხელნაწერს უყურებ. შავი კალმით დაწერილს, გადახაზულს, წითელი კალმით შეტანილ შენიშვნებს, მწვანე ფერით გაკეთებულ გადასვლებს... ძალიან რთულია, როცა შენთვის გაუგებარ ენაზეა და ელემენტარულის ამოკითხვადაც ვერ ახერხებ. ძალიან დამწყდა გული, რომ ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. იმიტომ, რომ მისი ხელნაწერების გადაღებაზე, მისთვის ხელის გადასმაზე მეტად, არაფერი მინდოდა..



ორჰან ფამუქი არის მწერალი, რომლიც თურქეთში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ დილაუთენია, მუზეუმში უკვე რამდენიმე ტურისტი იმყოფებოდა. ასაკიანი ხალხი იყვნენ. ვერ იტყოდი, რომ წიგნმა მათზე გავლენა ასაკის გამო მოახდინა (ხშირად ასე მიიჩნევენ მის გავლენას) აღფრთოვანებულები დადიოდნენ და თითოეულ ექსპონანტს გაბრწყინებულები შესცქეროდნენ.

რთულია, წაიკითხო "უმანკოების მუზეუმი" და ქემალთან ერთად არ იგრძნო ყველა დეტალი. მისი წაკითხვის შემდეგ, ჩემმა ბიჭმა მეგობარმა მითხრა, წიგნში ამ კაცს გადმოცემული აქვს აბსოლუტურად ყველა გრძნობა, რაც კი ოდესმე შეუძლია კაცს, ქალის მიმართ განიცადოსო. როცა ეს მითხრა, გული დამწყდა, რომ ამ გრძნობებს ვერასოდეს გამოვცდი. მე ხომ კაცი არ ვარ?!

ძნელია, გადმოვცე ემოციები, რომელიც ამ მუზეუმში სტუმრობისას განვიცადე. ეს სიტყვებით ვერ აღიწერება. სამაგიეროდ, უკვე ვიცი, ერთდროულად როგორი სავსე და ცარიელი ხარ, როდესაც გრძნობ, რომ შენი ერთ-ერთი ოცნება ხდება.






7 comments:

boloblogi said...

მკითხველის ბლოგზე დავტოვე კომენტარი, მაგრამ ამ პოსტსაც ვერ ჩავუარე გულგრილად :) ზუსტად ასე ვიყავი მეც, სტამბულში ყველაზე მეტად 2 რამის გამო მივიჩქაროდი: არქივის კონცერტი და უმანკოების მუზეუმი... დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო. იმდენად სავსე ვიყავი ემოციით, რომ მაშინ ენერგია არ მეყო დასაწერად, მაგრამ ახლა თქვენმა პოსტებმა თავიდან გამიცოცხლა ის შეგრძნებები

gijmaj said...

ღია ბარათები არ იყიდებოდა ექსპონატების გამოსახულებით? ეს ერთგვარი კომპენსაცია იქნებოდა... ამიშების მუზეუმშიც ანალოგიურად აკრძალული იყო ფოტოების გადაღება. არადა ისეთი უზარმაზარი და შთამბეჭდავი ნახატი იყო მთელი დარბაზის კედელზე... სამაგიეროდ გარეთ სუვენირების მაღაზიაში შეიძლებოდა ბართების, ბრელოკების, წიგნების და ა.შ. ყიდვა...

სალლო.მე . said...

ვერ ვიტყვი რომ მშურს, რომ მოახერხე მუზეუმის ნახვა, უბრალოდ გული მწყდება, რომ მე ვაპირებდი და ვერ მივაღწიე მუზეუმამდე სტამბულში ყოფნის დროს (ავად გახდომის გამო).
ძალიან მიხარია, რომ შენ ეს მოახერხე, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით ძალიან აღფრთოვანებული შეგრძნებები დაგიტოვა ამ წიგნმა. მე დამღალა.

i'm so happy for you, როგორც იტყვიან :)

Da-v-iD said...

მშვენიერია. მომწონს მომწონს ეგ ღოღიალ-წანწალი. ბევრი, ბევრი პოსტიიიიი :)

Lord Vader said...

ზუსტად ვაპირებდი მეკითხა შენმა ვოიაჟმა როგორ ჩაიარა-თქო...

Lord Vader said...

სალლო.მე ვგულისხმობდი :)

Anonymous said...

ძალიან მიხარია, რომ ამ წიგმნა ესეთი ემოციები გამოწვია ქართველი მკითხველის გულში. მეც მერგო ბედნიერება ჩავსულიყავი ამ ზეშესანიშნავ და ისტორიულ ქალაქში, სადაც იმდენი რამ არის სახანავი, რასაც ალბად მთელი ცხოვრება ვერ მოასწრებ. მიხარია, რომ ვეწვიე უმანკოების მუზეუმს და განვიცადე ის ბედნიერება და სიხარული, რასაც ქემალ ბეი განიცდიდა ფუსუნის დანახვისას...ყველას ვისაც საშუალება გაქვთ და ფიქრობთ თუ რომელ ქალაქს ეწვიოთ, გირჩევთ წახვიდეთ სტამბოლში და დაათვლიეროთ ის აუარცხელი ღირშესანიშნაობების სიმდიდრე, რომლითაც ესე უხვად არის დატვირთული ქალაქი....

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger