Saturday, June 1, 2013

კალა - დასასრული

რას ვიფიქრებდი, თუ 24 წლის მანძილზე, დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარს კახა კალაძე თუ გამიკეთებდა?!
მილანის რიგებში კახა კალაძე 2003 წელს, სერია ა-ს ფინალში მახსოვს. ეს ბოლო ფინალი იყო, რომელიც იტალიის ჩემპიონატში შედგა (მას შემდეგ გამარჯვებული დაგროვილი ქულების ოდენობით ვლინდება). მილანი რომას ეთამაშებოდა. კალას ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და მოედანზე ბოლოსკენ შემოუშვეს.

ფეხბურთის ყურების დღიდან "მილანის" გულშემატკივარი ვარ. ერთ-ერთი მიზეზი,  კახა კალაძის ფაქტორიც იყო. ბედნიერი ვიყავი, როდესაც კალა 90 წუთს თამაშობდა.  ხელზე ყოველთვის ეკეთა სამაჯური საქართველოს დროშის გამოსახულებით, რომელიც ყოველთვის ჩანდა და მეამაყებოდა. ალბათ, იმ დიდ მატჩთაგან, რომლებიც კალას უთამაშია, რომელიმეზე რომ მოვმხვდარიყავი, ყველას სიამაყით ვეტყოდი, რომ კალაძე ჩემი თანამემამულეა.

მე კახა კალაძეს შევხვდი. ოღონდ, გვიან. უკვე მინისტრის რანგში. ვუყრებდი და ჩემი თავის მიკვირდა. კოსტუმში ვერ ამოვიცანი ფეხბურთელი, რომლის ეკრანზე გამოჩენასაც, მსოფლიო დონის მატჩებზე, ნესტასავით გულის ფანცქალით ველოდებოდი. კოსტუმში კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრია, რომელსაც ბატონ კახას ვეძახით და ენერგეტიკაზე ვუსვამთ კითხვას. ერთხელ, სადღაც, თებერვალში, ვერ მოვითმინე და, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ლიფტს რომ ელოდებოდა, ვკითხე, გამოსამშვიდობებელს როდის მართავ-თქო. საორგანიზაციო საკითხებია მოსაწესრიგებელი და აუცილებლად გაგაგებინებთო. ნესტას ხომ ჩამოიყვან-მეთქი. კიო.

ნესტა ვერ ჩამოვიდა (ახლა კანადაში თამაშობს). სხვები ჩამოვიდნენ. ლეგენდები. კახა კალაძე კი, ბატონ კახადან, 90 წუთით ისევ კალად გადაიქცა.
კალად, რომელიც ყველას ძალიან უყვარს;
კალად, რომელმაც ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანებს საქართველო გააცნო;
კალად, რომლის ხსენებაზეც, როგორც ამბობენ, იტალიაში ყველა თბილად გიღიმის და, როგორც მის თანამემამულეს, მაქსიმალურად ცდილობს, პატივი გცეს;
კალად, რომელმაც 2006 წელს, მიუნხენის ბაიერნთან მეოთხედ-ფინალში, ყველა დაიხია და უმაღლესი კლასი აჩვენა. მატჩის დამთავრების შემდეგ კი, საქართველოში გამოფრინდა და ძმა დაკრძალა;
კალად, რომელსაც პატარა ადამიანები იმ ავტოგოლებს ისე ნიშნისმოგებით უხსენებენ, გეგონება, სხვა არაფერი გაეკეთებინოს ამ ქვეყნისთვის;
კალად, რომლის შრომისმოყვარეობაზეც იმდენი ლეგენდა მსმენია, რომ სიამოვნებით ვიხსენებ და რომლებიც, სტიმულს მაძლევს, არ დავნებდე;
კალად, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ფეხბურთელია.

31 მაისს, კალაძემ კიდევ ერთხელ, ამჯერად, ლაივში გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო. ჩვენ საკუთარი თვალით, რამდენიმე მეტრში ვნახეთ, როგორ თამაშობდნენ მის გვერდით ინძაგი, ბობანი, მალდინი, კანავარო და სხვები.. ეს ხალხი მის გამო, რამდენიმე საათით ჩამოვიდა თბილისში. ფეხბურთი ითამაშა, კალა გააცილა და წავიდა. მარტო ფეხბურთელები კი არა, ადრიანო გალიანიც ჩამოვიდა. მილანის ვიცე-პრეზიდენტი.

ღმერთმა უწყის, კიდევ როდის გვეყოლება კალაძისნაირი ფეხბურთელი. მოვესწრები კი ოდესმე ქართველს, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებს?! ძნელია, ცრემლები შეიკავო მაშინ, როდესაც ფეხბურთელი საპატიო წრეს ურტყამს მოედანს. როდესაც ამდენი ადამიანი ტაშს უკრავს მას, ფეხზე უდგება და თან ტირის. ბედნიერი ვარ, რომ კალას თამაშს მოვესწარი.

მეც ვიტირე სტადიონზე. არა იმიტომ, რომ მალდინი ან ინძაგი ვინახე. არამედ, იმიტომ, რომ ჩემ თვალწინ დასრულდა ქართული ლეგენდა. ლეგენდა, სახელად კახა კალაძე.

P.S. დღეიდან კახა კალაძეს კვლავ კოსტუმში ვნახავ. კვლავ ბატონ კახას დავუძახებ, კვლავ ვთხოვ კომენტარებს ენერგეტიკის თემაზე და ისევ ძველებურად გამიკვირდება, რატომ ვერ ვახერხებ ოფიციალური ტანსაცმლის უკან, მილანის მაისურში მოთამაშე კალა ამოვიცნო.

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger