Friday, July 19, 2013

თბილისის ლუდის ფესტივალი - შემდგომი შთაბეჭდილებები

ზარი დედისგან:- სად ხარ?
-ლუდის ფესტივალზე (თან მომზადებული ვარ, რომ უნდა მითხრას, სახლში დროზე ადი ან მსგავსი).
- აბა შენ იცი, ბევრი ლუდი დალიე. ჩემ მაგივრადაც, ხომ იცი, როგორ მიყვარს. - ოოო.. <3
ლუდისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ წინა პოსტში უკვე მოგახსენეთ. მიუხედავად ამისა, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი.

რაც არ უნდა მაგარ ივენთზე მოხვდეს, გამორიცხულია, ყველა ადამიანი კმაყოფილი დარჩეს. ასე ხდებოდა ლუდის ფესტივალებზეც, თუმცა ფაქტი ყოველთვის ფაქტად რჩება - ილანძღებიან, თუმცა ბოლოს ყველა იქით გარბის.

წინა ფესტივალებზე არ ვყოფილვარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წინა შაბათ-კვირა არაჩვეულებრივად გავატარე. :)

გამომდინარე იქიდან, რომ არც ლუდისა და არც სხვა ალკოჰოლური სასმელების დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, გრადუსისათვის რამდენიმე ყლუპი მყოფნის (პრინციპში, ჩემი გრადუსი არაფერია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც იქ შემომხვდა).

ფესტივალზე ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ლუდის ვარდების მოედანზე ყიდვას, სმარტში გადასვლა ამჯობინა. მიზეზი ლუდის ხარისხთან ერთად (ქართულ ლუდებზე ხომ ყოველთვის ქილიკით ლაპარაკობენ), ის რიგებიც გახლდათ, რომელიც, სადღაც, ათი საათიდან დაგროვდა. საღამოს, როცა მე და ჩემი მეგობრები ლუდის საათ-ნახევრიან რიგში კინაღამ გავწყდით, სხვებს მივბაძეთ და სმარტში გადავედით. :)

ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ლუდი გაცილებით, უკეთესი იყო. არც თბილი იყო და არც ბევრი ქაფი ჰქონდა. რიგების გამო, მე მხოლოდ თავიდან მოვახერხე EFES-ის დაგემოვნება (არჩევანის საშუალება თუ არსებობს, ქართულ/საქართველოში ჩამოსხმულ ლუდებს შორის, სწორედ მას ვამჯობინებ).

ლუდის ფესტივალი, არტ-გენი და მსგავსი შეკრებები არ არსებობს უცნაურად ჩაცმული ადამიანების გარეშე. ხანდახან მგონია, რომ ისინი სპეციალურად ამ დღისათვის ირგებენ "სტრანნ" იმიჯს.  პრინციპში, ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ მაინც. :)

ერთადერთი, რამაც ლუდის ფესტივალზე შემაწუხა, ეს იყო არანორმალურად ბევრი ხალხი, პატარა სივრცეში თავმოყრილი. სულ მგონია, რომ მსგავსი ფესტივალები ცოტა მოშორებით უნდა იმართებოდეს, ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ადგილი იქნება.

რაც შეეხება ფესტივალის მეორე დღეს, "შინამდე" დარჩენა ვერ გავქაჩე, თუმცა იმდენი მოვახერხე, რომ ლუდის ხუთი ტალონი დამრჩა. :)

მანამდე, რატომღაც, მეგონა, საქართველოს რეგიონებში ერთდროულად იმართებოდა ფესტივალი და გული დამწყდა ტალონების გამო. ვიფიქრე, სხვისთვის მაინც მომეფიქრებინა ჩუქება-მეთქი. მაგრამ როგორც მოგვიანებით გავარკვიე, რეგიონებში ფესტივალი სხვადასხვა შაბათ-კვირას იმართება. ასე რომ, ჩემი ტალონები გამოუსადეგარი სულაც არ არის. გორში ჩავუსაფრდები ფესტივალს და დედას დავპატიჟებ ლუდზე. იმიტომ, რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე მის მაგივრად დალევა, ფიზიკურად, ვერ შევძელი. :)

2 comments:

Teonala said...

ასეთი სახის ივენთები უმეტესობა თბილისელისთვის უბრალოდ ნაცნობების ნახვის საშუალებაა და მეტი არაფერი. ბოლო პერიოდში ერთადერთი მართლა კარგი ივენთი იყო მცხეთის ფესტივალი ოაზისი.

mecmikvarkhar said...

ჰო, წელს მთელს საქართველოშია :) თან სხვადასხვა ვიკენდზე, დღეს რუსთავია, მერე გორი და თელავი, მერე ქუთაისი, ზუგდიდი -ფოთი, და ბოლოს ბათუმი :) სურათების გადაღება მიყვარს ფესტივალზე განსაკუთრებით

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger