Monday, September 16, 2013

Reeperbahn - ბო*ებისა და ბითლზების ქუჩა

ჰამბურგში, სენტ პაულის უბანში არის ერთი ქუჩა, რომლის გამოც ხალხი ამ ქალაქში დადის.

პაბები, ლუდი, სტრიპტიზ-კლუბები, როკი, როკენროლი, ცოცხალი შესრულება, რეკორდები, სექს-შოპები, პრონოკინოთეატრები, კაბინები, მეძავები, მაღაზიები, კლუბები... რიპერბანზე ყველაფერია. ყველაფერი, რაც შეიძლება ღამე ინატრო. აქ ცხოვრება საღამოს ათზე იწყება და გათენებამდე გრძელდება. ადგილი, რომელიც ღამე საოცრად ბრწყინავს, დღე ერთი უღიმღამო ქუჩაა - ნაგვით, ბომჟებითა და ლუდის სუნით აქოთებული ტროტუარებით.

თუმცა რიპერბანზე არის ადგილები, რის გამოც ერთ, ბევრისათვის არქაულ ჯგუფზე შეყვარებული მსოფლიოს, ალბათ, მესამედი მაინც, გულისფანცქალით მოდის. მათთვის რიპერბანი მხოლოდ წითელი ფარნების ქუჩა არაა. ეს ის ადგილია, სადაც "ბითლზმა" ფეხი აიდგა, აქ ის კლუბებია, სადაც დაკვრა დაიწყეს, აქ ის ჰაუპტბანჰოფია, სადაც მათი პირველი ლეგენდარული ფოტოებია გადაღებული, აქ ბითლზების მოედანია, სადაც მათი მონუმენტი დგას, ეს ის ადგილია, სადაც მთვრალ, ბითლომან ირლანდიელებს შეიძლება გადაეყარო, რომლებსაც უკვირთ, როგორ უნდა იყო ბითლზის ფანი ისე, რომ პოლ მაკარტნი არ გყავდეს ნანახი, ამ დროს პასუხის გაცემას ერთ-ერთი გასწრებს და თანმხლებებს უნმარტავს, რომ საქართველოში ცხოვრობ. მერე ლუდზე რომ გეპატიჟებიან, მერე ხელს მაგრად რომ გართმევენ და nice to meet you-ო რომ გეუბნებიან ისე, როგორც ბითლომანები ეუბნებიან ერთმანეთს...

რიპერბანი სენტ პაულის მეტროს ამოსასვლელიდან იწყება. დაბნელებისთანავე თითქმის, ყველაფერი წითლად ინთება და ბრჭყვინავს. ყველაფერი ისეა, როგორც ჰიმნში, მზე ღამით რიპერბანიდან ანათებსო. გემრიელი ლუდი ყველგან შეგიძლია, დალიო. სხვათაშორის, იაფად - გერმანიაში ხომ ლუდი ისედაც ცენტები ღირს? 

წითელი ფარნების უბნად რიპერბანი როდის იქცა, ჰამბურგელებს არც ახსოვთ. ქუჩა ახლოსაა ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგომთან. გადმოცემის თანახმად, მეზღვაურები საქონლის გასაყიდად, ლუდისა და ქალებისათვის აქ მოდიოდნენ.  ქუჩის სახელიც სწორედ მეზღვაურებისგან წარმოსდგება (reepe გერმანულად თოკს ნიშნავს). 



აქაურობა სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც გაფრთხილებენ, აქ საღამოს მარტო არ გამოხვიდე და უფრო შაბათ საღამოს მოერიდე წანწალსო. ქუჩის დასაწყისშივე გხვდება დიდი სექსშოპი (ასეთი მთელს ქუჩაზე უამრავია), სტრიპტიზ-ბარების შესასვლელთან კი კაცები დგანან, რომლებსაც ფულს იმაში უხდიან, რომ კლიენტები შეიპატიჟონ. 


გერმანიაში, ისე, როგორც საღად მოაზროვნე ერებს შეეფერებათ, პროსტიტუცია ლეგალიზებულია (რაც, თავის მხრივ, კლიენტისა და მეძავის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიუჯეტში გადასახადს ნიშნავს). რიპერბანზე მეძავებს მრავლად შენიშნავთ. მათი ცნობა ჩაცმულობასა და ვიზუალზე, უმეტესად, რთულია, თუმცა რიგითი მოსეირნეებისაგან წელზე ჩამოსაკიდი ჩანთით გამოარჩევთ, რომელიც ფულის შესანახად ჰკიდიათ და ტრადიციის ერთგვარი ნაწილია. მათი თავშეყრის მთავარი ადგილი, პოლიციასთანაა. ეს ლეგენდარული შენობაა, სადაც გერმანელები ყველაფერ პროპაგანდულს იღებენ და რომლის კედლებიც ბითლზის წევრებს, თითო-ოროლა დღით, არაერთხელ უხეხიათ. 




პოლიციის ამ შენობის გვერდით პატარა ასახვევია, სადაც რიპერბანის ყველაზე საინტერსო ნაწილში, ნამდვილ წითელი ფარნების ქუჩაზე გადიხარ. ეს პატარა მონაკვეთი ჩახერგილია და პოლიცია იცავს. ყველაფერი მკაცრად კონტროლდება: ვიტრინებში მსხდომი მეძავების ნახვა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ქალების შესვლა აქ ყოველთვის შეზღუდული იყო, თუმცა განსაკუთრებული ზომები "ფემენის" თავდსხმის შემდეგ მიიღეს, რაც მისი წევრები "ცეცხლოვან ქუჩაზე" შეიჭრნენ და ყველაფერი დალეწეს. ხალხმრავლობა აქაც 10 საათიდან იწყება. 


რიპერბანი დიდი არაა, თუმცა მის ბოლოში ყველაზე საინტერესო ადგილია. ბითლზის მოედნიდან, სადაც ლეგენდარული ლივერპულელების მონუმენტი დგას დიდი თავისუფლება იწყება. 

Die Grosse Freiheit #7 ის ქუჩაა, სადაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერია. ყველაფერი "Kaiserkeller"-ისა და "Indra"-ს ჩათვლით. ასევე მონუმენტით დამწვარი "star club"-ის ადგილას. ყველა იმ უდიდესი მუსიკოსის სახელით, რომელიც ჰამბურგმა მსოფლიოს აჩუქა. 


გროსე ფრაიჰაიტზე ნახავთ სტრიპტიზ-კლუბებს, სექს-შოპებს, მთვრალ ხალხს, კინო-თეატრებს, სადაც მხოლოდ პორნო გადის და, რაც ყველაზე მთავარია, ეკლესიას, რომლის საათიც, მშვიდი გუგუნით მოუწოდებს ხალხს ლოცვისკენ. 



 უამრავ ხალხში, გულაფანცქალებული იმ წარსულის შესახვედრად მიდიხარ, რომელიც   ორჯერ შენი ტოლია. კაიზერკელერში შესვლა ფასიანია, თუმცა გიმართლებს. დღეს დახურული ფართი აქვთ და, ნახევრად მუზეუმად ქცეულ ღამის კლუბში, ბილეთის გარეშე ძვრები. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბითლზის პირველი აფიშა და ბიჭების პირველი გიტარა ნახო, კედელზე რომ ამაყად იწონებს თავს. ბარში  ალბათ, ინტერიერი შეცვლილია. ის ახლა ღამის კლუბია და ვერაფრით ხვდები, სად შეიძლება ყოფილიყო სცენა. სადაც 16-17 წლის პოლი, ჯორჯი და ჯონი ღამეებს ათენებდნენ, შემდეგ კი ტუალეტის სუნში, გვერდით მდებარე მიწურში იძინებდნენ. ბარში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ მათი დიდების ამსახველი, 50 წლის წინანდელი აფიშები, პოსტერები, დისკები და ფოტოები გამოუფენიათ. 


ბარის მენეჯერი მეუბნება, რომ ფართი დახურულია და უნდა გავიდე. მეც მოვდივარ და ინდრასკენ ვაგრძელებ. დაკეტილია, ალბათ, კვირაა და თანაც, რიპერბანული სისხლსავსე ცხოვრებისათვის საათ-ნახევრით ადრე. კლუბის შესასვლელში დაფაა, წარწერით, რომ ინდრა ბარია, სადაც 1960 წლის 17 აგვისტოს, მეპატრონემ ოთხ ცინგლიან ბიჭს ალმაცერად შეხედა, თუმცა ბარში დაკვრის ნება დართო, ცხოვრებაში პირველი კონტრაქტიც დაუდო და მათი დიდი კარიერაც დაიწყო. 




 უცნაურია შეგრძნება, როცა ამ ადგილებიდან მოდიხარ და ფიქრობ, როგორ ტკეპნიდნენ აქაურობას მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მუსიკოსები, ცდილობ, ბოლომდე არ აღიქვა, სად მოხვდი, რა ნახე, რის გამო დადიხარ რიპერბანზე თითქმის ყოველდღე, იმიტომ, რომ აღქმის შემთხვევაში, შეიძლება, ფეხები უცებ გაფშიკო, ან შუა ქუჩაში ისტერიკა დაგემართოს. :)

გროსე ფარენჰაიტიდან მეორე მხარეს გადადიხარ და რიპერბანს ზემოთ მოუყვები. მთვრალი ხალხი, მეძავები, ხმაური..  ამ ყველაფრის პარალელურად, რიპერბანზე ხალხი  ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით სამსახურში დადიან, ჰყავთ ბავშვები და არც ხმაური აწუხებთ და არც უხერხულობა. ეს ყველაფერი ჰამბურგის კულტურაა. ნაწილი, რის გარეშეც ქალაქი თავის ხიბლს დაკარგავდა.
მოდიხარ, გარემოს, მინიმუმ, მეოცედ ათვალიერებ და ხვდები, რომ ყველაზე ცოდვიან ქუჩაზე ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ჰანს ალბერმა თქვა, რიპერბანზე შუაღამისას მარტო არავინ რჩებაო...





7 comments:

Rode De said...

წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი ხარ!
ძალიან კარგი პოსტია :)

babisa said...

საინტერესოა უთუოდ მანდ ბოდიალი
მარა "ბითლზის მოედანი", "ბითლზის ქუჩა" ჯობია მგონი :P

vasasi said...

არა, ბითლზის მოედანია და არა ქუჩა. :)
ქუჩას რიპერბანი ჰქვია.
გერმანულად, ბითლზების მოედანს Beatles-Platz ჰქვია
ასე რომ, სჰეცდომა არ მომსვლია. :)

babisa said...

მმ სათაურში წერია ბითლზების ქუჩა და ტექსტში ნახსენებია ბითლზების მოედანი, ანუ ორივე- ამიტომ მეც ორივე მათგანი ჩავსვი ბრჭყალებში.
რაც შეეხება შეცდომას, მგონია, შეცდომაა როცა ჯგუფ ბითლზ-ს უწოდებენ ბითლზებს. თუ მრავლობითია საჭირო - ანუ ინგლისურის კალკირება, იქნება ბითლები, რადგან ბითლზ ისედაც მრავლობითშია :) სულ ეს იყო

Sophie שרה Golden said...

კარგია, ახალ რაღაცებს რომ ნახულობ. განსაკუთრებით გერმანია ძალიან საინტერესო და კონტროვერსიული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, ჩემი აზრით. რამდენადაც მთელი ისტორიის მანძილზე ჯერ ბარბაროსები იყვნენ და მერე ნაცისტები, ახლა იმდენად ტოლერანტები და ჰუმანურები გახდნენ, კაცი ვერ შეედრებათ. საინტერესო ფსიქოლოგიის ერია.

"გერმანიაში, როგორც საღად მოაზროვნე ერებს..." ;)
მდა.
პროსტიტუციის ლეგალიზაცია საღად მოაზროვნეს არ ნიშნავს. შეიძლება შენთვის სულ ერთია, მაგრამ ყველა დანარჩენი მცნებაც (რაც დარჩა და თუ დარჩა, საერთოდ) თუ დააკანონეს, უსაღესი აზროვნება იქნება ხო? მოკალი, თუ ეს შენთვის ან საზოგადოებისთვის მიუღებელია, ან მოიპარე, რა მოხდა... :დ ერთადერთი მოგება სახელმწიფოს აქვს, რომ ამისგან გადასახადებს ხვეტს გემოზე.

როგორც ყოველთვის, მოვალ და აგირევ ხოლმე აქაურობას, მაგრამ მოკლე კომენტარები და აუ რა მაგარია, ხომ იცი, არასაღი აზროვნების შედეგია ;) ;დ

წარმატებებსა და დროის ნაყოფიერად გატარებას გისურვებ ამ საღად მოაზროვნე ბუნდესრესპუბლიკაში!!!

გურამი said...

მომხრე ვარ გახდეს ლეგალური პროსტიტუცია და ინდ.მეწარმეებად გაფორმდნენ. :D ან ახალი რაღაც შემოიღონ და ჯანმრთელობის დაზღვევა ქონდეთ მეძავებს და თუ სცემენ - პოლიციამაც არ დაუმატოს. ეს პროფესია ყველა დროში და ყველგან იყო, მისი აკრძალვით არაფერი გამოვა.

ხოდა ასეთი საერთო და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად ყოველ დღე რომ აღწერო რა მოხდა, რა ნახე და ასე შემდეგ - მაგარი რეპორტაჟი იქნება და ბლოგის მკითხველი შენი ხედვით იმოგზაურებდა.

თორემ ნეხვატკა დამრჩა. :(

vasasi said...

რა ვიცი, გურამ.. რამდენად საინტერესოა ჩემი ჰამბურგული ამბები..

პრინციპში, მეტი არც არაფერი ყოფილა. :) ჰამბურგს არ გავცდენილვარ, პრაქტიკულად და მანდ მეტი არც არაფერია პრინციპში სანახავი. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger