Sunday, October 13, 2013

"არა ოკუპაციას" - ქართულად

პირველ კურსზე, როცა ჩემმა ერთმა ლექტორმა თქვა, რუსებს ქართველები მხიარული ხასიათისა და ტაშ-ფანდურის გამო ვუყვარვართ, საბჭოთა კავშირის დროსაც ასე გვიყურებდნენ და ახლაცო, ძალიან გავბრაზდი, თუმცა, ქართველურად, მალევე დამავიწყდა.

მისი სიტყვები პირველად, ორი წლის შემდეგ, 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში გამახსენდა. მაშინ, როდესაც მცხეთაში, ტელევიზორის წინ ვიჯექი და მთელს სამყაროზე გამწარებული ვიკვნეტდი თითებს. თან კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებდი, თბილისში რომ იმართებოდა, რუსთაველზე. ეს ქართველთა მიერ, ომის პროტესტი იყო, ტაშ-ფანდურით გამოთქმული პროტესტი, რომელსაც არც  მატერიალურ და არც ემოციურ დონეზე საერთო არაფერი ჰქონდა ჩემთან და იმ უამრავ ადამიანთან, რომლებსაც დროებით საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

მეორედ ჩემი ლექტორის სიტყვები, ახლახან გამახსენდა, როცა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, აქციები დაიგეგმა. როგორც წესი, კანცელარიასთან დაგეგმილ, ათასკაციან აქციაზე, 100-მდე ძლივს მოვგროვდით. მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და, ჟურნალისტები ჭარბობდნენ (ეს უკანასკნელნი, რა თქმა უნდა, მონაწილეების ნაცვლად, უპირატესობას ნაცნობი სახეების ჩაწერას ანიჭებენ და ამიტომ ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ისინი არიან ორგანიზატორები. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს სინამდვილისგან შორს).

კანცელარიისგან განსხვავებით, ხალხი ჭარბად მოვიდა ვარდების მოედანზე - ლოგიკურია, კონცერტსა და ტაშ-ფანდურზე მისვლა უფრო საინტერესოა: ბევრ ნაცნობს ნახავ, იქვე, კუთხეში ლუდს იყიდი, დალევ, ცოტას წაიცეკვებ, ერთი-ორჯერ, "არა ოკუპაციასო", რიტმში შემოსძახებ და სამშობლოს წინაშე ვალსაც მოიხდი.

ამ დროს ყველა კმაყოფილია: გამომსვლელიც (სადღაც მიეცა საშუალება, გამოსულიყო და დაეკრა, თან პატრიოტიზმშიც ჩაეთვალა), ორგანიზატორიც (შეძლო და მოიყვანა ხალხი ოკუპაციის გასაპროტესტებლად და მასაც პატრიოტიზმში ჩაეთვალა), მომსვლელიც (უკვე აღვნიშნე კონცერტის სიკეთეები და ესეც, უცილობლად, პატრიოტიზმშია ჩასათვლელი).

არადა, სინამდვილეში, არც ერთი ჩვენგანი განვიცდით იმას, რასაც დიცში, დვანში, ხურვალეთში, გუგუთიანკარგში, აძვსა და სხვა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლები განიცდიან. ვუყურეთ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც ვანია გაიძულებს, საკუთარი ხელით აშენებული სახლი დაგანგრევინოს. პერიოდულად, 100 კაცამდე კი ჩადის დვანში და მშვიდობიან აქციას მართავს (რომელიც სულ მგონია, რომ აქცია აქციისთვისაა და ნერვები მეშლება), მაგრამ ბევრს იქ ჩასვლაც კი ეზარება. სამაგიეროდ, კონცერტზე მისვლა ეხალისება.

ზოგი მეტყვის, მეტი არ შეგვიძლია და რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთო. მე, ბუნებრივია, მჯერა ამის და ველოდები, როდის შეიქმნება კლიპები, სიმღერები, ჰიტები ოკუპაციის თემაზე, როდის დაიწერება ლექსები და პოემები, როდის გაიმართება ტურნეები საქართველოს მასშტაბით - მარტო თბილისში ხომ არ უნდა ხალხს მუსიკის მოსმენა და ლუდის დალევა?

და, საერთოდ, პრობლემა არა პროტესტის ფორმაში, არამედ, ნაძალადევ პროტესტშია და მაგას, საერთოდ, ფეისბუქზე ჩუმად ჯდომა სჯობს - საკუთარ თავებს მაინც არ მივაყენებთ შეურაცხყოფას არათუ იმ ადამიანებს, მავთულხლართებით გაყოფილ კარმიდამოში რომ უწევთ ცხოვრება.

P.S. დღეს მშობელი ეჩხუბებოდა 4-5 წლის ბავშვს, აქ იმისთვის მოვედით, რომ რუსული ოკუპაცია გავაპროტესტოთ და რუსულად ნუ მელაპარაკებიო. ისე, გეგონება, თავის დროზე თვითონ არ აუყვანა ბავშვს რუსულენოვანი ძიძა. პარადოკსების ქვეყანაში ვცხოვრობთ და მერე დეფის სიტყვაზე ვღადაობთ, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ კონცერტზე რომ წარმოსთქვა.



3 comments:

Teo seona said...

მართალია ყველაფერი..........

Anonymous said...

და ვარდების მოედანზე გამართულ კონცერტს ვიღაცა გამოშტერებული ახალგაზრდების ჯგუფი კვერცხების სროლით აპროტესტებდა ფანჯრიდან.. რომელიც არც არავინ გააპროტესტა.. :) და რა თქმა უნდა პატრულსაც არაფერი დაუნახავს.. დახუჭული თვალების და ტკიცინა ტვინების ქვეყანა ვართ.. :(

ელენე said...

რა თქმა უნდა ერთის არსებობა მეორეს არ უნდა გამორიცხავდეს, ანუ თუ იმ კონცერტზე ადამიანი მივა ეგ არ უნდა ნიშნავდეს რომ სხა ნაბიჯების გადადგმა აღარ იქნება საჭირო, მაგრამ ზოგს სიმღერა ეხერხება ზოგს წერა.. ხელოვნების ენა ეგ არის და ამ ენამ წესით შემდეგ კიდე უფრო ძლიერ რეაქციამდე უნდა მიგვიყვანოს. ეგ მოხდება თუ არა სხვა საქმეა.. თუმცა ალბათ არ მოხდება რადგან მართალი ხარ რომ აქ ყველას მართლა ტანცაობა და ძიგძიგი ურჩევნია და მეტს არც აპირებს

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger