Thursday, June 6, 2013

როდესაც შენი ტოლები იხოცებიან

დაახლოებით, ერთი თვის წინ, როდესაც ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა და სამი ქართველი დაიღუპა, მე და ჩემი ოპერატორი სამინისტროში, ბრიფინგზე წავედით.

თემა ჯერ არ იყო ცნობილი. ყველას ეგონა, რომ კომენტარი პოლიტიკურ ვითარებაზე კეთდებოდა.

ადგილზე მისულებმა თავდასხმის შესახებ შევიტყვეთ. ბრიფინგი რვაზე იყო დანიშნული, თუმცა ერთ საათზე მეტხანს მოგვიწია ლოდინმა. ორივე ვცქმუტავდით და უკმაყოფილებას გამოვთქვამდით - ჩვენ ჩვენს პირად საქმეებზე მიგვეჩქარებოდა.

არეულ გეგმებზე მრავალგზის წუწუნის შემდეგ,  უცებ დამარტყა, რომ მანამ, სანამ ჩვენ ისეთი პრიმიტიული რაღაცების გადადება გვენანებოდა, როგორიც ვიღაცასთან შეხვედრა ან მეგობრებთან ლუდის დალევაა, ჩვენი ტოლები დაიხოცნენ. ადამიანები, რომლებსაც, ჩვენსავით უყვარდათ ლუდი, მეგობრები, ოჯახის წევრები, საღამოობით გარეთ სეირნობა, გვიანობამდე მესიჯობა, ვიღაცებთან ფლირტი და ა.შ.

მაშინ ვიგრძენი, როგორი ამაზრზენი იყო ჩემი საქციელი და იმ დაღუპული სამხედროების შემრცხვა.

დღესაც, სანამ ჩემი პირადი ცხოვრების აბსურდულ დეტალებსა თუ უცნაურ ტიპებზე ვნერვიულობ(დი) და პრიმიტიული რაღაცების გამო მეგონა თავი "უბედური", სანამ იმ დილემას ვწყვეტი, ჩავსულიყავი თუ არა ლუდისა და მიწის თხილის საყიდლად და  The Subway-ს ან Depeche Mode-ს ახალ ალბომს ვუსმენდი, ავღანეთში ჩემი ტოლი შვიდი  ბიჭი დაიღუპა.
(ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ) აქედან სამი გორელი.
ჩვენ 17 წელი ერთ ქალაქში ვცხოვრობდით. საერთო ადგილებში დავდიოდით. შეიძლება, კიდეც შევხვედრილვართ ერთმანეთს, ბევრჯერ. შეიძლება, მაშინაც მინახავს, ომის შემდეგ რომ დავბრუნდით ჩვენს ქალაქში და ყველას რომ ერთმანეთი გვიყვარდა. შეიძლება, ერთად გვისეირნია ჭავჭავაძესა თუ სტალინის მუზეუმის ბაღში, ერთი გამყიდველისგან გვიყიდია მზესუმზირა თუ საღეჭი რეზინი..

შეიძლება, იმათაც ჩემსავით აწუხებდათ პირადი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალები (სიკვდილის წინაშე ხომ ყველა სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა), შეიძლება, ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ოჯახების შექმნას გეგმავდნენ, შეიძლება, ზოგიერთი დედისერთა იყო, ზოგს პატარა შვილი დარჩა, ორსული ცოლი, ანდაც, არავინ - ვერ მოასწრო!

და, აი, ეს ადამიანები, რომლებსაც ისევე უხაროდათ სიცოცხლე, როგორც მე;
იმდენივე უამრავი გეგმა ჰქონდათ, როგორც მე;
სიკვდილი ისევე ცხრა მთას იქით ეგონათ, როგორც მე
რამდენიმე საათის წინ, თვალის ერთ დახამხამებაში დაიხოცნენ.

როგორ უნდა მიხვიდე, მათ ოჯახებში, ადამიანი?
რა უნდა უთხრა?
რით უნდა ანუგეშო?
ის ბიჭები ხომ ავღანეთში კარიერისა და მათხოვრული, საშუალოდ, 1000$-ის გამო წავიდნენ?
1000$-ის გამო.
რეალურად.

ადამიანის სიკვდილი სევდიანია. თუმცა, ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი გკლავს. როდესაც შენი ტოლი იღუპება, ხვდები, რომ ახლოსაა, კუთხეში. და მისი დაცვა სიკვდილისაგან ისევე გინდა, როგორც საკუთარი თავის.

დღეს ვნახე ერთი დაღუპული ჯარისკაცის ფოტო.
რაღაცნაირი თვალები ჰქონია.
სუფთა და ბავშვური.
21 წლის იყო.

ამის შემდეგ, ისეთ უბადრუკ "პრობლემებს" ყურადღება როგორ უნდა მივაქციო?!
აი, როგორ?
როგორ, როცა ჩემი ტოლები იღუპებიან.
ადამიანები, რომლებსაც ისევე უყვარდათ სიცოცხლე, როგორც მე მიყვარს!
და ახლა აღარ არიან.

რა ვიცი. ვის შეუძლია, მათი ოჯახის წევრებს თვალები გაუსწოროს?
ვის?

P.S. ასე მგონია, მათ დაღუპვაში დამნაშავე მეც ვარ.
 
Powered by Blogger