Saturday, November 2, 2013

კუთხე


როდესაც სკოლაში, გაკვეთილზე მოუსვენრობისათვის მასწავლებელი მსჯიდა და კუთხეში მაყენებდა, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, როგორ კომფორტს განვიცდიდი. თვალებს დავხუჭავდი, ზურგს უკან ხმები მესმოდა და, ვცდილობდი, წარმომედგინა ჩემი კლასელებისა და მასწავლებლის ყოველი მოქმედება ისე, თითქოს, კეფაზე თვალი მქონდა, ციკლოპივით.

ჩემი დაწყებითის მასწავლებელი ისე გარდაიცვალა, რომ მასთან კუთხისადმი ჩემს სიყვარულზე საუბარი ვერ მოვასწარი. პრინციპში, ამის სურვილი არც არასოდეს გამჩენია. ხომ წინასწარ ვიცოდი, რასაც მეტყოდა. უარესში კი, წერილს დამიწერდა და დედასთან გამომატანდა, რომლის წაკითხვის შემდეგ, დედა სკოლაში მოვიდოდა და მასთან საუბარი ჩვენი გაკვეთილის 10-15 წუთს წაიღებდა.

სინამდვილეში, კუთხეები მთელი სამყაროა. სამყარო, რომელიც გიცავს და თან საშუალებას გაძლევს, გაიგო ყველაფერი, რაც გაინტერესებს, უსმინო და უყურო გულის ფანცქალით ადამიანებსა თუ მოვლენებს, რომლებიც, როგორც გამომძიებელი პუარო იტყოდა, შენს თავში მოთავსებული, ნაცრისფერი ნივთიერების ხვეულებში ჩვეულებრივზე დიდ ადგილს იკავებს, შექმნა დამჯერი პოზა და დარჩე შეუმჩნეველი.

კუთხეები ყველანაირი მიყვარს. გეომეტრიულიც კი (ეს დიდად გასაკვირი არაა, მათემატიკაზე ხომ ყოველთვის ჭკუა მეკეტებოდა). განსაკუთრებით, მართი კუთხე. ჰო, სიმარტივის გამო. :)

მიყვარს ოთახის კუთხეებიც. ცენტრში დგომას ვერ ვიტან. ვერც ჯდომას.  გამუდმებით, დაუცველობის შეგრძნება მაწუხებს. მირჩევნია, კედელთან მორიდებით ავიტუზო, ან კუთხეში მივჯდე ჩემთვის - აქ ხომ თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობ.  :)

არაკომფორტული კუთხეები არ არსებობს. ის ხომ შესაძლებლობას გაძლევს, იყო წყნარად, შეუმჩნევლად, უსმინო ვიღაცებს უსასრულოდ და უთვალთვალო ისე, რომ თვითონ ვერ გხედავდნენ. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ილუზიაა, თუმცა ადამიანები ისედაც გამუდმებულ ილუზიაში ვცხოვრობთ და ასეთი პატარა ტყუილის გამო არ ღირს განწყობის გაფუჭება.

საზოგადოდ მიღებული აზრით, კუთხეში ჩამოჯდომა ერთგვარი მორჩილების გამოხატვაა, აქ ხომ ურჩებს ძალით სვამენ, თავისით კი მხოლოდ დამჯერი ბავშვები სხდებიან. მთელი  ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კუთხიდან არაჩვეულებრივად ახერხებ გააკონტროლო ყველა მხარე, ყველა მოქმედება, ყველა გამოხედვა, შეშმუშვნა და ა.შ.

ჰოდა მაშინ, როცა გგონიათ, რომ მარტო ხართ, როცა სახლში დაბრუნებულები დღის მანძილზე მორგებულ ნიღაბს მოიხსნით სახიდან, მე დავისხამ ჭიქაში ჩაის, შემოვიხვევ პლედს, ჩამოვჯდები კუთხეში, გიყურებთ და გისმენთ უსასრულოდ. თან გავიღიმები ისე, როგორც ყოველთვის ვიღიმი და მე ძალიან მომწონს.

ალბათ, თქვენც. :)


 
Powered by Blogger