Tuesday, November 12, 2013

ოცნება, რომელიც აუხდენელი დამრჩა

13 წელია, მის  შესახებ ვიცი.
ათი წლის ვიყავი, რომ ვნახე. ევროპის ჩემპიონატზე, 2000 წელს. მხრებამდე თმები ჰქონდა. ერთნაირები იყვნენ დაცვაში ის, მალდინი და კანავარო.

ეს იყო დაცვა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. პოპულარობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არასოდეს აკლდა არც მალდინის და არც კანავაროს, თუმცა ნესტა იმ იშვიათ გამონაკლისს განეკუთვნებოდა, რომელიც თავის საქმეს უმაღლეს დონეზე, ყოველგვარი საყოველთაო აჟიოტაჟის გარეშე აკეთებდა.

სანდროს გარშემო არ მახსოვს სკანდალები. იშვიათი იყო მისი უხეში თამაში (თითქმის, ოცწლიანი კარიერის მანძილზე, წითელი ბარათი მხოლოდ ორჯერ აქვს მიღებული). არ მეგულება "ლაციოს" ან "მილანის" ფანი, რომელსაც, მოედანზე 13 ნომრის დგომისას, მოწინააღმდეგის გოლის შიში ჰქონოდა.
აბა, როგორ შეიძლება, ნებისმიერი დონის თავდამსხმელის გეშინოდეს მაშინ, როცა დაცვაში ალესანდრო ნესტა დგას?!


თამაშის განსაკუთრებული მანერა - თავაწეული, ზედმიწევნით დახვეწილი, ელეგანტური, მაღალი ტექნიკა და სუფთა ვარდნები. ეს ალესანდრო ნესტას სტილია. სწორედ ამით დამამახსოვრა პირველად თავი.

სანდრო ყოველთვის უკანა პლანზე იდგა. მაშინაც, თუ თამაშის მოგებაში უდიდეს როლს ასრულებდა, მაშინაც, თუ გმირი ხდებოდა და მაშინაც, როცა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც გოლი გაჰქონდა.

მახსოვს ჩემი პირველი პლაკატი, რომელიც ოთახში მქონდა გაკრული. რონალდინიოს, დელ-პიეროს, პიპოსა თუ რინიოს პლაკატების ცვენა რომ იყო, სანდროსი ვერ ვიპოვე და სპეციალურად შევუკვეთე, რომ ჩამოეტანათ. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ოთახში რომ გავაკარი და ყოველ დილით, თვალის გახელისთანავე, სანდროს ვუყურებდი.

საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია 2006 წელს, როდესაც სანდრო იტალიის ნაკრებთან ერთად, აგერ, კუთხეში იყო ჩამოსული, ვერ წავედი და ვერ ვნახე. მატჩსაც ტელევიზორში ვადევნე თვალი. არადა, ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი შანსი იყო. შანსი იმისა, რომ ლაივში მენახა სანდროს თამაში მოედანზე.

პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერას სდევს თან, ტრავმებია. ნესტაც გაწვალებული იყო ტრავმებით. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ხერხემალზე გაკეთებული საკმაოდ მძიმე ოპერაცია, იმდენად მძიმე, რომ აღარავის ეგონა, თუ, უკვე ვეტერანი სანდრო, მოედანზე გასვლას შეძლებდა.

მან შეძლო.
შეძლო ცხრათვიანი პაუზის შემდეგ.
შეძლო ისე, როგორ მანამდე:
უზადოდ, სუფთად, აუღელვებლად, დახვეწილად, თითქოს არაფერი მომხდარა..
შეძლო ისე, რომ ნებისმიერ ახალგაზრდა მცველს შეშურდებოდა;
ვუყურებდი ამ, მართლაც, გმირული დაბრუნების შემდეგ მოედანზე და, მოწინააღმდეგის თავდამსხმელისათვის, მის მიერ ართმეულ ყოველ ბურთზე ვრწმუნდებოდი, რომ 13 წლის წინ, როცა ფეხბურთის არსში გარკვევას ვიწყებდი, კაშკაშა ვარსკვლავებში წყნარად, უხმაუროდ მოთამაშე გენიალური მცველი აღმოვაჩინე. ფეხბურთელი, რომლის გენიოსობის შესახებ გარშემომყოფებიც დარწმუნებულები იყვნენ, პატივს სცემდნენ და თავადაც იცოდა, ოღონდ თავში ავარდნის გარეშე.

ნესტა იმ იშვიათი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არასოდეს ეჯიბრებოდა სხვებს რეკლამების კოლექციების დაგროვებაში, არასოდეს ისწრაფვოდა მედიის გადამეტებული ყურადღების დასამსახურებლად. არა იმიტომ, რომ უინტერესო იყო ცნობილ ფეხბურთელებზე მონადირე სპორტული ფირმების, პეროგარჭობილი მოდელიერებისა თუ რეიტინგებზე დახამებული მედისასაშუალებებისათვის, უბრალოდ, მას ეს არ სჭირდებოდა.

ნესტას თავისი წილი ფანები ყოველთვის ჰყავდა. ისეთივე კუთხეში მდგარი, ხელიხელშეტყუპებული და გულაჩქროლებულები, როგორიც მე ვიყავი, კვირიდან კვირამდე მისი თამაშის მოლოდინში რომ ვცქმუტავდი.


მახსოვს სანდროს ბოლო თამაში მილანში. აი, ზეე, სანდრო, რინიო, პიპო, ერთად რომ წავიდნენ (იმავე დღეს ჯენოადან წავიდა კალაც). ბანერიც მახსოვს, "მადლობა, ნესტა", ცრემლებიც სანდროს თვალებზე, დამალვას რომ ცდილობდა, კამერებიც მახსოვს, აქცენტი პიპოსა და რინიოზე რომ იყო გაკეთებული და სანდროს მხოლოდ აქა-იქ თუ მოვკარი რამდენჯერმე თვალი. მახსოვს, ჯერ რომ რაღაც მომებჯინა ყელში, მერე თვალები ცრემლებით რომ ამევსო, მერე ჩუმად მოწმენდა რომ დავიწყე, ბოლოს რომ ავზლუქუნდი და ზლუქუნი ქვითინში გადამეზარდა.

ბუნებრივია, მე არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი მსოფლიოში იმ დღეს, იმ წუთებში..
ღმერთმა უწყის, რამდენი ფანი ტიროდა იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომლებსც ეს ფეხბურთელები, წლების მანძილზე გვჩუქნიდნენ..

...მერე სანდრო კანადაში წავიდა, მონრეალში. 14 ნომერი მაისური მისცეს. იქ მისი თამაში ერთი-ორჯერ ვნახე.
რავი..
ვერაფერი..
კარიერის დასრულებაზე თქვა ამ ზაფხულს, მომავალი სეზონი ჩამთავრდება და წავალო, მაგრამ ადრე მოიყვანა სისრულეში. 20 ოქტომბერს ბოლო მატჩი ჩაატარა.

ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვუყურებ მისი თამაშების ჩანაწერებს.
ძალიან მენატრება მოედანზე.
აი, 2 წელი გავიდა და, დღესაც, მილანის დაცვაში,13 ნომერში გამოწყობილ, თავაწეულ, მშვიდ და ამაყად მოთამაშე სანდროს ვეძებ. იმისათვის, რომ ჩვენი კარის დაცულობაში ეჭვი არ მეპარებოდეს, იმისათვის, რომ გული ისევე ამიჩქროლდეს, როგორც 13 წლის მანძილზე მემართებოდა.

არა, ასეთი ფეხბურთელები არ უნდა ბერდებოდნენ. ეს ხომ უსამართლობაა?!

ნათქვამია, გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, რადგან ისინი შეიძლება ახდესო. ჩემი პირველი (და, იმედია, უკანასკნელი) აუხდენელი ოცნება ნესტას უკავშირდება. მინდოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენახა მისი თამაში მოედანზე.

ალესანდრო ნესტა, ჩემთვის, თვით სერ პოლ მაკარტნიზე დიდი კერპია. ჰოდა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე შევხვდები სადღაც კალიფორნიაში (იქნებ, რომში?!), იქვე გული გამისკდება მღელვარებისაგან, თუმცა მანამდე აუცილებლად მოვასწრებ ხელის ჩამორთმევას და იმის თქმას, თუ როგორ შეცვალა ჩემი ბავშვობა მისმა პლაკატებმა, გაღვიძებისთანავე რომ პირველი მხვდებოდა თვალში, კვირიდან კვირამდე მისი თამაშის მოლოდინებმა და იმ დღემ, როცა 2006 წელს, თბილისში ჩამოსული ნესტას სანახავად ვერ წავედი.

P.S. ეს პოსტი, იდეაში, 20 ოქტომბერს მომზადდა. სამწუხაროდ, აქამდე რედაქტირება ვერ შევძელი. იმედი მაქვს, იმ ემოციის ნახევარი მაინც გადმოვეცი, რასაც სახელი და გვარი - ალესანდრო ნესტა იწვევს ჩემში.
 
Powered by Blogger