Wednesday, February 26, 2014

ევრომაიდანი - ქალაქი ქალაქში


როცა თვითმფრინავი აეროპორტში ეშვება, გული რაღაცნაირად გიცემს. შენ ხომ იმ ქალაქში ხარ, ორი დღის წინ მსოფლიოს რომ რაღაცები უმტკიცა.
-ახლა რა სიტუაციაა? - ვეკითხებით ტაქსის მძღოლს.
- სიმშვიდეა, არაფერი ხდება. ვისაც ეშინოდა, გაიქცა. 

ბინაში გალინა გვხვდება. გულზე უკრაინის დროშა აქვს მიმაგრებული. ამ ნიშნით მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამიანი, რომლისთვისაც ევრომეიდანზე დატრიალებული ტრაგედია სულ ერთი არ არის.

- აუცილებლად უნდა წახვიდეთ მოედანზე (ევრომაიდანს არ ახსენებს) ახლა იქ სიმშვიდეა, ხალხი დაღუპულებს გლოვობს, ყვავილებია, ცრემლები.. თქვენ უკრაინის ისტორიულ მომენტში ჩამოზვედით და ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, - გვეუბნება ემოციურად. 

ჩვენც ვპასუხობთ, რომ ამისათვის სპეციალურად ჩამოვედით (რეალური მიზეზი, მართლაც, მეათეხარისხოვანია ჩვენთვის). გალინას უხარია და ცდილობს, ქართულად რამდენიმე სიტყვა გვითხრას. გამოსდის კიდეც. :)

"ახალი სანაპიროდან" კიევის მაიდნამდე პატარა აღმართია ასავლელი. გზაზე ყვავილებით, გულზე უკრაინის დროშითა და თვალებში ცრემლებით, უამრავი ადამიანი გხვდება. მეიდნის შესასვლელთან მცირე ბარიკადებია. ყვავილები დევს, სანთლებიც ანთია.. 


ერთ-ერთ ჩვენგანს კისერზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული. 

-Привет, сестря, - გვესალმებიან, ღიმილით. ზოგიერთი ხელს გულითადად გვართმევს და "გამარჟობას" გვეუბნება. 

- თქვენ იცით, სამი ქართველი დაიღუპა მაიდანზე, ისინი კი არა, აქ რომ ცხოვრობდნენ, სპეციალურად ჩამოვიდნენ ჩვენს გვერდით დასადგომად, - ემოციურად მეუბნება იგორ იარუშენკო.  ის და მისი ოჯახი, უკვე რამდენიმე თვეა, ევრომაიდანზე ცხოვრობენ. პატარს ჯიხური აქვთ, მაიდნელებს საჭმელს უმზადებენ და ღიმილით სთავაზობენ. 

-მე აქ ვიდექი 2004-შიც, ახლაც, ძველი რევოლუციონერი ვარ ჩემი ოჯახით.  ეს მშვიდობიანი აქცია იყო. რატომ დახოცეს ახალგაზრდები და ბავშვრბი? ესენი ხომ ყველა ახალგაზრდა იყო, უიარაღო სტუდენტები, მეტირება, რომ
 ვიხსენებ, - მეუბნება და ცრემლებს იწმენდს. შემდეგ ცოტა წყნარდება და ცოტა შეშფოთებით მეკითხება, - რა ხდება თქვენთან, ხომ მშვიდობაა? 

- კი, ყველაფერი რიგზეა, - ვპასუხობ. 
- მადლობა ღმერთს, - იღიმის და აფხაზეთის ამბებს იხსენებს. კიდევ უნდა საქართველოში ჩამოსვლა ოჯახთან ერთად. 
- გოგონა, მოდი, გასინჯე სუპი, - მეპატიჟება მისი მეუღლე. 
მადლობას ვუხდი, ვართმევ და ხრეშატიკს მივუყვები. სცენასთან ხალხია შეგროვილი, ჰიმნი ისმის. გარშემო ყველა მღერის, გულწრფელად, პატრიოტულად, მღერის და ტირის, ცრემლებს იწმენდს და ისევ აგრძელებს. 



მაიდანზე ქართველები ბევრნი არიან. არამხოლოდ სპეციალურად მხარდაჭერისათვის ჩასულები, იქ მცხოვრებნიც. ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში გადაგვეყარა. სამი თვეა აქ ვდგავარ, ლვოვიდან ჩამოვედიო. მაიდანი დაშლას არჩევნებამდე არ აპირებსო. ხალხი არც ძველ და არც ახალ ლიდერებს შეცდომას არ აპატიებს, მოთხოვნები იგივე რჩება, იანუკოვიჩი, ჰააგამდე, აქ უნდა მოათრიონ ყურითო. შიდა ამბებზეც გველაპარაკა, აქ ყველაფერი სუფთად არ ყოფილაო. სამივე ლიდერი თავისკენ ექაჩება და ეს ყველაზე საშიშიაო. ამას წინათ ფეხში დავიჭერი, მედ-პუნქტში მივედი, რომელიც ერთ-ერთი პარტიის მიერ იყო მოწყობილი და არ გადამიხვიეს, საშვი არ გაქვსო. დაღუპულები კი, მაგრამ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არავის აქვსო, ხალხი მაიდანზე მოდიოდა, სახლში კი ამბობდა, სამუშაოდ მივდივარ სხვა ქალაქშიო. ბოლოს ისიც მოაყოლა, აგერ, მეხუთე სართულზე ვარ და თუ რამე დაგჭირდათ, ომარ გრუზინი იკითხეთო. 



აქ ღამე განსაკუთრებულია. თავი აპოკალიპსის შემდგომ გადარჩენილთა  თავშესაფარში გგონია. საბურავების, ქვიშის, ხის ბარიკადების დანახვისას გეშინია, რაიმე ეპიდემიამ არ იფეთქოს, მაგრა, ხედავ, როგორ ორგანიზებულად ალაგებენ იქაურობას. კიევი თებერვლის ტრაგედიამ გააერთიანა. ქუჩაში, ყოველ მეორეს გულზე უკრაინის ლენტა აქვს შებმული, უამრავ მიხაკიანსაც შეხვდებით, ევრომაიდნისკენ რომ მიიჩქარის, დაღუპულ გმირთათვის პატივის მისაგებად. 


- ჩაი არ გინდა, გოგონი? ეს ჩვენებური, ბანდაროვული ჩაია, კაზაკური, - მეუბნება შუახნის კაცი.  ჩაიზე უარს არასოდეს ვამბობ, "ბანდაროვსკი" კი განსაკუთრებულია. ევრომაიდანზე მომზადებულ ჩაის სხვა, ემოციური გემო აქვს. 

ოდნავ ქვემოთ პიანინოს ხმა გვესმის. ეს ის ცნობილი პიანინოა, უკრაინის დროშის ფერებში, მისმა ფოტოებმა რომ მსოფლიო მოიარა. 18-20 წლის ბიჭი უზის და საოცრად უკრავს. გარშემო უამრავი ხალხია. აპლოდისმენტებს არ იშურებენ და ეკითხებიან, ვინაა.

- არავითარი კონსერვატორია, მხოლოდ მცირე მუსიკალური სკოლა, - ამბობს მორიდებით და დაკვრას განაგრძობს. ეს ის მცირედია, რაც დაღუპულებთან შედარებით, მას შეუძლია, საკუთარო ქვეყნისათვის გააკეთოს. ისევე, როგორც თითოეულ ადამიანს, ყველა ნაბიჯში დადგმულ ყულაბაში რომ ყრის ფულს, მაიდნელებისათვის სახლიდან ტანსაცმელი, საჭმელი, თბილი შალი და, საერთოდ, ყველაფერი რომ მოაქვს, რაც გააჩნია. ასეთები კიევში ბევრნი არიან. ძალიან ბევრნი.



ყველაზე ემოციური ადგილი ჩვენთვის, მაინც, ქართველების კარავია. "საქართველო თქვენთანაა" - აწერია უკრაინულად. კარვის თავზე წართული დროშა ფრიალებს, ქვემოთ კი დათო ყიფიანის ფოტო დევს. გარშემო, ისევე, როგორც ყველა დაღუპულის ფოტოსთან, უამრავი ყვავილი და სანთელი დევს. იქვე ყულაბა დგას. "დათოს ოჯახისათვის" - აწერია ზედ. თითქმის სავსეა. აქ ხომ ყულაბები იმაზე სწრაფად ივსება, ვიდრე რეალობაში..



დადიხარ წინ და უკან, ხედავ უამრავ ცრემლიან თვალებს, მაიდნელებსაც აწყდები, სამი თვე მართლა ფეხი რომ არ გაუდგამთ აქედან, ხვდები და თვალებში ვერ უყურებ, გრცხვენია. იმის, რომ ახლა, როცა მაიდანზე გამოსვლა უსაფრთხოა, ექსკურსიას იწყობ და მათ ექსპონანტებივით ათვალიერებ. ალბათ, ჩემზე ცუდად გრძნობენ თავს კიეველები ამ ხალხის გამო. ვინ იცის, როცა მათ ბერკუტი ხოცავდა, რომელ უსაფრთხო ადგილას ჰქონდათ თავი შეფარებული. ახლა კი მოდიან, მოაქვთ მიხაკები, სანთლები, საჭმელი და ყველაფერი, რაც გააჩნიათ, მოაქვთ, ცხარე ცრემლით ტირიან და არიგებენ. ასე ინანიებენ, ბოდიშს უხდიან, რომ მძიმე წუთებში არ ეყოთ გამბედაობა, მათ გვერდზე მდგარიყვნენ. 

მითი, რომ კიევში ქართველები ძალიან უყვართ, რეალობაა, რომელიც მაიდნის გარეთაც იგრძნობა. ქუჩაში მოხუცი ქალი დაწვრილებით გვიხსნის, როგორ მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე, ერთი კაცი თავის თავზე იღებს ჩვენს გიდობას პეჩორას ლავრაში და ყველა კუთხე-კუნჭულის ისტორიას გვიყვება, ბულგაკოვის მუზეუმის მეთვალყურე კი ცრემლიანი თვალებით გვიხდის მადლობას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. 

საქართველოში ბევრს, აქაურმა ამბებმა, ცხრა აპრილი გაახსენა. არ მიკვირს - ევრომაიდანი უკრაინის ცხრა აპრილია. გაცილებით დიდი მსხვერპლით, რომლებიც, ფაქტობრივად, იმავე იდეის გამო დაიღუპნენ, რომლისთვისაც 25 წლის წინ, საქართველოში.

ამ იდეას სამშობლო ჰქვია. 



Sunday, February 9, 2014

რამდენიმე მითი ევროპა/ამერიკაში ნამყოფთა შესახებ

ევროპა, ამერიკა, აზია, აფრიკა.. კავკასიის მთების შვილი ქართველებისათვის ყველგან "კარგი პონტია" სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა (ეს ორი და, ნაწილობრივ, თურქეთიც  საზღვარგარეთად არ მიიჩნევა). თუმცა, ადამიანები განსაკუთრებულად შემოგნატრიან როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ანდაც, აშშ-ში იმყოფები. თუ სასწავლებლად მიდიხარ, მამაშენის ფულიანობას აბრალებენ, ხოლო თუ მამა ჯიბეებგაფხეკილი გყავს, ჰორიზონტზე არც საყვარელი შეგენიშნება და ევროპაში სამოგზაუროდ მაინც მიდიხარ - ე.ი. თავად იშოვე ბევრი ფული.
განვითარებული ქვეყნების მოვლას, საზოგადოების მხრიდან, თავისი წნეხი ახლავს. მისი ტარება სუბიექტისათვის ისეთივე აუცილებლობაა, როგორც პოლიტიკოსისათვის თმენის ვალდებულება. გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც ყველა იმ ადამიანს გამოუვლია, ვისაც პასპორტში საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ბეჭედი აქვს ჩარტყმული:

1. საჩუქრები და სუვენირები - ევროპა და ამერიკა ბევრ ადამიანს აღთქმულ მიწად ეჩვენება, ბევრს - გარყვნილების ბუდედ, ბევრსაც - დასვენებისა და გართობის ადგილად, სადაც ყველა ბედნიერია და ყველაფერი კაპიკები ღირს. აბა, ასეთ შემთხვევაში როგორ არ დაგწყდება გული, როცა კარგი ცხოვრების მნახველი მეგობარი უბრალო ბრელოკს ჩამოგიტანს?. დაგწყდება კი არა, ცხვირსაც გემრიელად აიბზუებ, სხვებთან იჭორავებ და აუცილებლად დაიმახსოვრებ იმ დროისათვის, შენკენაც რომ გამოისვრის ფორტუნა; 
შედეგი - დარბიხარ, ცდილობ, ყველასთვის კარგი რამე იყიდო, ამასობაში, საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები გრჩებიან გვერდით. ჩამოტანის შემდეგ, ადრესატი ურეაქციოდ დახედავს, გვერდით გადადებს, მადლობას ცივად მოგიხდის და დააყოლებს, რომ გასულ კვირას, მაგალითად, აჭარის მაღალმთიანეთში სტუმრობისას, საერთოდ არ გახსენებიხარ. 

2. გართობა და ძიგძიგი - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი მეგობარი რამდენი ხნით წავიდა ევროპაში, არც მიზანს, არც ყოველდღიური დატვირთვის ხარისხს. მთავარია, რომ აღთქმულ მიწაზე იმყოფება და თქვენს წარმოდგენებში ისე ერთობა, ყველაფერს იხევს თავზე. ამ წარმოდგენას ის ორიოდე კინკილა ფოტოც ამძაფრებს, რომელსაც შემთხვევითი მოცალეობის ან სასწავლებლის/სამუშაოს/ტრენინგისაკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივი, რომელიმე ღირსშესანიშნაობის სიახლოვეს იღებს. ეს საკმარისია იმისათვის, რათა ფეისბუქის კომენტარებში, პირად მიმოწერასა თუ მეილებში რამდენჯერმე აღუნიშნოთ, რომ ხედავთ, რა მაგარ დროს ატარებს, რომ არაფერი ენაღვლება, რომ აწყობილი აქვს ცხოვრება, რომ მასთან გინდათ და ა.შ. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაქსიმალურად ვუბურღოთ ტვინი ათასი სისულელის კითხვით, რომელზე პასუხსაც გუგლი მარტივად გაგვცემს. აქვე, მაგრად უნდა გავბრაზდეთ, თუ დროზე არ გვიპასუხა.
შედეგი - საუკეთესო მეგობრების ამგვარ დამოკიდებულებას ეწირება ნერვები, ნაცნობების განსაკუთრებულ გააქტიურებას ფბ-ს ჩატში ჭეშმარიტ ელექტრონულ დივაისებსა თუ რესურსებთან, ფეხბურთის ანგარიშებთან თუ ლაურას მაღაზიაში "ალპენ გოლდის" ფასთან დაკავშირებით (თან აუცილებლად დალინკვას რომ გთხოვენ, თვითონ დაგუგვლაზე არ შეიწუხებენ თავებს), დრო, რომელიც არ გაქვს და ნერვები ( ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გგონია, რომ არ იციან სად ხარ და ცდილობ, ნორმალურად უპასუხო. უცებ კი გწერენ, რომ ხედავენ, როგორ მაგარ დროს ატარებ), ხოლო უცნობების უაზრო გამოხტომებზე, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ მოკვდნენ. 

3. ევროპული საღეჭი რეზინი - საზღვარგარეთ მიმავალ მეგობარს აუცილებლად უნდა დააბაროთ რამე. ბუნებრივია, ევროპაში სხვანაირ "ორბიტს" ჰყიდიან, ნუნების საჭრელი აქვთ სხვანაირად გალესილი, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ჭიქაც კი ევროპისათვის ცალკე მზადდება. ჰოდა, მეგობარი რისი მეგობარია, თუ თქვენთვის თავი არ შეიწუხა?. ამ ჯერზე კი შეწუხებას საერთოდ არ სთხოვთ. რა არის მისთვის 12 საათიანი სამუშაო და სალექციო დღის შემდეგ მაღაზიების მოვლა და ნუნების საჭრელის მონახვა? არაფერი. ეგ კი არა, ფრანგული სახის კრემის ყიდვაც არ უნდა გაუჭირდეს. ბუნებრივია, საკუთარი ფულით, რომ ჩამოვა, მერე მისცემთ. თუ არ ჩამოგიტანათ, მის ნამდვილ სახესაც დაინახავთ - ეგეთი ადამიანი მეგობრად არ გამოგადგებათ.  
შედეგი - შესვენებიდან შესვენებამდე სახეახეული დარბიხარ დაბარებული რომ ჯერ მოძებნო, მერე არჩიო, მერე ის იფიქრო, რა მოეწონება, მერე იყიდო, მერე ბარგში ჩატენო, მერე ჩამოიტანო და ბოლოს დაგიწუნოს და ის ეწყინოს, როგორ ვერ გაიაზრე, რა შეიძლებოდა, მას მოწონებოდა და მორგებოდა. 

4. "რა გენაღვლება, ევროპაში/ამერიკაში ხარ ნამყოფი" - ადამიანთა ნაწილს სერიოზულად მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ წასვლით, საკუთარი ცხოვრებისეული მისია შეასრულე და მუდმივრეჟიმიან ნირვანას სიკვდილამდე იმსახურებ. აქედან გამომდინარე, არ ძალუძთ, გაიგონ, რომ შეიძლება, რამე საზოგადოებრივი ან პირადი გაწუხებდეს. ყოველი წაწუწუნების შემდეგ, აუცილებლად მოგიტრიალდებიან და ჩაგაგდებინებენ ხმას სიტყვებით: შენ რა გენაღვლება, მოიარე მთელი ტოკიო და კამპალაო. 
შედეგი - ამ "ვითომ ხუმრობით" ნათქვამზე უკვე ვეღარ კაიფობ.

5. ინგლისური დილის ჩაი - არაამქვეყნიურად მეზარება პროვინციალიზმით დაავადებულ ადამიანთა საზღვარგარეთული ისტორიების მოსმენა და ყოველი მეორე წინადადების დაწყება რეჩებით: "მე რომ ლონდომში ვიყავი".. "ჩვენთან, მალმოში" "პარიზის შემდეგ "ანტრეს" კრუასანებთან შეჩვევა გამიჭირდა" და ა.შ. ამის გაკეთებას თავს მაქსიმალურად ვარიდებ. თუმცა, ადამიანთა ნაწილი, რომლებმაც შენი მოგზაურობოს შესახებ იციან, გამუდმებით, ვითომ ხუმრობით გეკითხებიან,  აქვს თუ არა იგივე გემო ინგლისურ დილის ჩაის საქართველოში, როგორიც მელბურნში. 
შედეგი - იგივე. 

არადა, სინამდვილეში, რეალობა სულ სხვანაირად გამოიყურება. როდესაც ევროპაში სასწავლებად მოდიხარ (არ აქვს მნიშვნელობა 4 თვით თუ 1 წლით), ეს მართლა სასწავლებლად წამოსვლას ნიშნავს. ამ პროცესს თან ახლავს სამეცადინოსთან გათენებული ღამეები (ისე, რომ სახლიდან უნივერსიტეტის იქით გზისა და ქალაქის არსებობის შესახებ, პრაქტიკულად, გადმოცემით იცი), მცირეხნიანი კურსებისას კი, 10-12 საათიანი ინტენსიური სალექციო რეჟიმი. არა, განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაინც მაგაზეა.. 

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი მითები და დამოკიდებულებები საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი და გამოცდილება მალაპარაკებს.



 
Powered by Blogger