Saturday, April 26, 2014

წვიმა, ჰამბურგის ნოსტალგია და რომანტიული მე

მთელი დღე წვიმს. ასეთი ამინდი ბევრს ძილს ანდომებს, ბევრს - სმას, ზოგი ლონდონს ადარებს და ქოლგით ხელში დახტის გუბეებზე. მე ლონდონში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ამინდები ჰამბურგს მაგონებს.

მიუხედავად საშინელი ნოსტალგიისა, ჰამბურგში გატარებულმა დრომ დამაფიქრა იმ სიძნელეებზე, საკუთარ თავში რომ მაქვს გადასალახი. აბა, როგორ გინდა იცხოვრო ჩრდილოეთში, ქალაქში, სადაც წელიწადის 3/4 წვიმს, როცა მზე, სითბო და კარგი ამინდი გაბენდიერებს?. თურმე, "ჰოუმსიკნესიც" გადასალახი მქონია. ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთ კვირაში ბღავილით გავსკდებოდი, სახლში მინდა-მეთქი. აბა, ერთი წლით, ანდაც, სამუდამოდ, როგორ უნდა გავძლო წვიმების დედაქალაქში? :)

ოღონდ ვერც მაშინ და ვერც ახლა, ზუსტად ვერ ვაანალიზებ, თითქმის, ყოველდღიური კონტაქტის მიუხედავად, კონკრეტული ადამიანი მენატრებოდა, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ უბრალოდ, შეჩვეული გარემო.

მახსოვს, როგორი სიხარულით მოვდიოდი აეროპორტში,  მაგრამ ისიც ზუსტად ვიცოდი, როგორ მომენატრებოდა იქაურობა. ასეცაა. ჰამბურგს პატარა ადგილი უკავია სადღაც, ჩემი ცნობიერების კუნჭულში და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მეწურება. ასეთ წვიმიან ამინდებში კი ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, როგორ გამოვდივარ ლუდვიგ-ერჰარდშტრასედან ფეხით, ჰამბურგის ძველ ბაზარზე, როგორ გავივლი იმ ლამაზ ხიდებს, დამბებზე რომაა გადებული და რატჰაუსთან გავალ. მანდედან მონკებერგშტრასე იწყება. იქ ერთი პატარა, მყუდრო და გემრიელი კაფეა. ბერლინა და ცხელი შოკოლადი შეგიძლია დალიო მეორე სართულზე, ფანჯარასთან მოკალათდე და წვრილ წვიმას უყურო. ჰამბურგში უცნაური წვიმა იცის. არა ისეთი ჩვენთან რომაა, შხაპუნა და მსხვილი. წვრილად ცრის. ისე, თითქოს, არ წვიმს. მაგრამ გადიხარ თუ არა გარეთ, საშინლად სველდები..

მონკებერგზე, მაღაზიებისა და მყუდრო კაფეების გარდა, ერთი ძველი ეკლესია დგას. აქვეა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ჰაუპტბანჰოფი - ევროპის მატარებელთა ქსელის მთავარი გადაკვეთის წერტილი. მხოლოდ მისი ნახვა ღირს ერთ რამედ.. :)

ჰაუპტბანჰოფიდან ორ ან სამ გაჩერებაში, სანტ-პაულიზე ამოდიხარ. თუმცა სანამ მეტრომდე მიხვალ, ტაილანდური საკვები უნდა გასინჯო. მეხორცე გერმანიაში ხომ ეს ერთადერთი საჭმელია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ეკარები და არც ისე საშინელია.
ჰო, სანტ-პაულიდან ლეგენდარული რიპერბანი იწყება. აქ აწყვეტილი ხმაური, ღრიალი, ლუდის სმა და წიოკი, პარასკევი საღამოდან პიკს აღწევს. თუ ჰამბურგში ჩადიხარ, ღამე აუცილებლად უნდა გაათენო ქალაქის ყველაზე აყროლებულ ქუჩაზე, ჯერ თურქულ ბარებში უნდა ჭამო, კლუბებშიც უნდა შეხვიდე, ვიღაცებმა ლუდზე დაგპატიჟონ, მერე გარეთ გამოხვიდე და გული აგერიოს. უნდა უყურო, როგორ სკდებიან ქუჩაში რწყევით გერმანელები, ისიც არ უნდა გამოგრჩეს, როგორ მიდის გაწევ-გამოწევა, ან როგორ იგერიებენ მეძავები აბეზარ, მთვრალ კლიენტებს.

ამასობაში, შაბათი ღამე კვირა დილად უნდა დაგათენდეს და იქვე, ელბეს სანაპიროზე ჩახვიდე. ფიშმარკეტი მხოლოდ კვირას, დილის ექვსიდან რვამდე იხსნება. ლუდი უნდა იყიდო, შენობაში როკენროლი იცეკვო, თევზი თუ გიყვარს, ოჯახში ისიც უნდა გააყოლო, მხოლოდ იმ გამყიდველისგან, რომელიც უკეთესად შემგთავაზებს პროდუქტს.ხილის კალათაც არ უნდა დაგავიწყდეს. უკანა გზაზე კი ფრიმარკეტზე უნდა ამოიარო, პირდაპირ რიპერბანზე რომ არის გახსნილი.

ფრიმარკეტი მეორადი ნივთების ბაზრობაა. პირადად მე, ჩემი პირველი სეკენდჰენდ ნივთები მანდ ვიყიდე, ბეგბედერის "39.9 ევრო" (იგივე "99 ფრანკი"), ტყავის სამაჯური, რომელსაც პრაქტიკულად, არ ვიშორებ და ქამარი. რონი როჰასი ამბობს, როცა სამოგზაუროდ დავდივარ, ყოველთვის მიმაქვს იმ ქალაქიდან რაიმე ნივთი. ოღონდ არა სუვენირი, არამედ ნამდვილი. ისეთი, როგორიც ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის არის დამზადებულიო. იმასაც ამბობს, რომ ასეთი ნივთები მხოლოდ მეორადების ბაზრობებზე იყიდება. როცა საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად წავიყვან მშრალ ხიდზე, სადაც მხოლოდ არყის ჭიქებსა და გრაფინს ვაყიდინებ, საბჭოურს. 
 ფრიმარკეტის შემდეგ ყოველთვის ვიჭედები, ვდგავარ ხოლმე წარმოსახვაში სანტ-პაულისა და ლუდვიგ ერჰარდშტრასეს გზაჯვარედინზე და დაუსრულებლად ველოდები მწვანეს ანთებას. მერე თვალებს ვახელ და ფანჯრიდან ისევ კორპუსებს ვხედავ. ქვემოთ წყალი ნიაღვარად მოდის.


ჩემს უტყუარ ინტუიციას თუ ვენდობით, ჰამბურგში ისევ დავბრუნდები. წინასწარ წარმოვიდგენ, როგორი ემოცია მექნება ნაცნობი ქუჩების გავლისას. ალბათ, ვიტირებ. ბოლო პერიოდი ხომ ყველაფერზე ისტერიულად და უმიზეზოდ მიჩუყდება გული.  ჰაილიგ მიშელის ეკლესიაშიც შევალ, ყოველდღე რომ მის გვერდით დავიდიოდი და ვერც ერთხელ მოვაბი თავი, შიგნიდან მენახა. ვნახავ დასრულებულ ფილარმონიასაც, იქ კონცერტს დავესწრები და თანმხლებს მოვუყვები, როგორი იყო ელბეზე მოლივლივე, ნახევრად ამოყვანილი ეს უზარმაზარი სივრცე. მომინდება, რომ ყველას მოვუყვე, როგორ დავბრუნდი იმ ბედნიერი სექტემბრის შემდეგ და როგორ ორმაგად ბედნიერი ვარ..



3 comments:

Sophie שרה Golden said...

Zalian chkvianuria rame nivtis yidva, rogoric sheni samajuria, magalitad, vidre suveniris.

Hamburg-shi ar vyofilvar jer.

"Berlina"-shi funtusha Berliner-s gulisxmob? :-D Lecker.

vasasi said...

ჰო, სოფ, მაგას ვგულისხმობ. ცოტა ზედმეტად ტკბილი კია, მაგრამ გემრიელი. :)))
ბერლინში ჩამოვდივარ ივნისის დასაწყისში, ერთი კვირით და თუ გეცლება, გნახავ... :* :* :*

ჰამბურგი კიდევ, ძალიან ლამაზი ქალაქია. ძალიან,... <3

Anonymous said...

Fantastic goods from you, man. I've understand your stuff previous to and you are just too great.
I really like what you've acquired here, certainly like what you are stating and the way in which
you say it. You make it entertaining and you still care for to keep it wise.
I can not wait to read much more from you. This is really a tremendous site.


Here is my website - wow language translation addon

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger